სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, ვახტანგ გომელაურის ინფორმაციით, უსაფრთხოების გამკაცრებული ზომების ფარგლებში უკვე რამდენიმე ათეულ პირს საქართველოში შემოსვლის უფლება არ მიეცა.
ამის შესახებ გომელაურმა ჟურნალისტებს უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. მისივე განმარტებით, მაქსიმალური კონტროლია დაწესებული, რომ საქართველოს გამოყენება ტრანზიტული მიზნით არ მოხდეს და ჩვენი ქვეყნის გავლით კონკრეტული პირები სირიაში არ მოხვდნენ.
"საბჭოს სხდომაზე განვიხილეთ თუ რა ღონისძიებები იქნა გატარებული პარიზში მომხდარი ტერაქტების შემდეგ. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილებები და დღეს დილიდან საზღვრებზე უკვე გამკაცრდა ქვეყანაში შემოსვლა სხვადასხვა ქვეყნიდან, ძირითადად აზიური და აფრიკული სახელმწიფოებიდან. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ტრანზიტად არ გამოიყენონ ჩვენი ქვეყანა და საქართველოს გავლით არ მოხვდნენ სირიაში და არ მიიღონ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა. რამდენიმე ათეული ადამიანი უკვე დავბლოკეთ, ასევე გამკაცრებულია კონტროლი გამშვებ პუნქტებზე", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თქმით, მისი უწყება კოორდინირებულად მუშაობს შს სამინისტროსთან.
"კოორდინირებული მუშაობა შედგა შს სამინისტროსთან. ეს გრძელდება და დღეს კიდევ დაიგეგმა, რომ უფრო გამკაცრდება ზომები სტრატეგიული ობიექტების, უსაფრთხოების დაცვისა და სხვა მიმართულებით. გამკაცრება დავიწყეთ იმ დილითვე, როცა საფრანგეთში ტერაქტი მოხდა, თუმცა ახლა დამატებითი ღონისძიებები გატარდება", - აღნიშნა გომელაურმა.