მელიქიშვილი არ იგინებოდა, მაჭავარიანი იწყევლება

მელიქიშვილი არ იგინებოდა, მაჭავარიანი იწყევლება

შეცვლილი პოლიტიკური ფონის გათვალისწინებით, ხელისუფლება აქტიურ წინასაარჩევნო რეჟიმში იმყოფება. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენმდივნის პოსტზე მიხეილ მაჭავარიანი დანიშნეს. მან ამ თანამდებობაზე ზურაბ მელიქიშვილი შეცვალა.

„მელიქიშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურ მდივნად ოთხი წლის განმავლობაში მუშაობდა. ამ ხნის განმავლობაში პარტიამ მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია, როგორც საპარლამენტო, ასევე თვითთმართველობისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში. ჰქონდა მნიშვნელოვანი წინსვლა საერთაშორისო ასპარეზზე: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ევროპის სახალხო პარტიის (EPP) წევრი გახდა“, - აცხადებენ „ნაციონალური მოძრაობაში“.

ვიცე-სპიკერი გიგი წერეთელი ამბობს, რომ მიხეილ მაჭავარიანს, „როგორც „მოქალაქეთა კავშირის“ გენერალურ მდივანს რეფორმებსა და რეფორმისტულ მიმართულებზე მუშაობის დიდი გამოცდილება გააჩნია“. წერეთელს „პარტიულ საქმიანობაში უფრო ეფექტური მენეჯერი, ვიდრე მაჭავარიანია, იშვიათად უნახავს“.

რაც შეეხება მმართველი პარტიის გენმდივნობის კუთხით მის მიერ „მოქალაქეთა კავშირში“ განვლილ პერიოდს, ამასთან დაკავშირებით წერეთელი აცხადებს, რომ „ცხოვრებისეული გამოცდილება ყველას გამოადგება“:

„მიხეილ მაჭავარიანი პარტიულ საქმიანობაში ძალიან გამოცდილია. მან პარტიული საქმიანობა და ბევრი ის დეტალი, თუ როგორ უნდა იმუშაოს სტრუქტურებმა, ძალიან კარგად იცის. მაჭავარიანი „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს ხელმძღვანელი იყო და პრაქტიკულად, მთელს საორგანიზაციო საქმიანობას გენერალურ მდივანთან ერთად ის წარმართავდა.

იმის გათვალისწინებით, რომ ამ პოსტზე დანიშვნა როტაციული წესით ხდება, პირველ რიგში, მაჭავარიანი დაინიშნა. რაც შეეხება „მოქალაქეთა კავშირში“ მის გენმდივნობას, მაშინ ჩვენი გუნდი, მათ შორის მეც და მიხეილ მაჭავარიანიც რეფორმატორ და პროგრესულ ფრთას წარმოვადგენდით. სწორედ ამ პროგრესის გამო შევეჯახეთ რეგრესულ ძალებს და ამიტომ მოხდა ჩვენი ოპოზიციაში გადანაცვლება“.  

თავის მხრივ, ოპოზიციონერი დეპუტატი ჯონდი ბაღათურია მიხეილ მაჭავარიანის დანიშნვას მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს და გაყალბებული არჩევნების ორგანიზების საქმეში მის „დიდოსტატობას“ უკავშირებს. ამ კონტექსტში ბაღათურია კიდევ ერთ მიზეზს ასახელებს და აცხადებს, რომ „ოპოზიციის მიმართ აგრესიის გამოჩენაში მაჭავარიანმა სააკაშვილის წინაშე საპარლამენტო კასტინგი მოიგო“:

„მაჭავარიანმა ოპოზიციის ლანძღვა-გინებასა და აგრესიაში უმრავლესობის ყველა წარმომადგენელს აჯობა და ბოლო დროს წყევლაზეც კი გადავიდა. ზურაბ მელიქიშვილი სხვებთან შედარებით მაინც უფრო ტაქტიანი, კორექტული დეპუტატი და უფრო კულტურული კაცია, რომელიც არ იწყევლება, არ იგინება და არ უზრდელობს. ამიტომ ბუნებრივია, მას პარტიის გენმდივნის პოსტიდან გადააყენებდნენ. ამასთან, როცა მიხეილ სააკაშვილი ფრაქცია „მოქალაქეთა კავშირის“ თავმჯდომარე იყო, მაჭავარიანი პარტიის გენერალური მდივანი გახლდათ. ეს ტრანსფორმირებული ძველი „მოქალაქეთა კავშირია“ და მთავარი აქ მაინც ორი მომენტია - მაჭავარიანის მიერ არჩევნების ძალიან მაღალი ცოდნა და აგრესია, რომელსაც ის საპარლამენტო მუშაობისა და დებატების დროს იჩენს, განსაკუთრებულად ჩემს მიმართ“.

პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილის შეფასებით კი, დებატებისას „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი გენერალური მდივნის გაწითლების საფრთხე გაცილებით ნაკლებია:

„ჩემი აზრით, ბატონმა მიხეილმა მშობლიური პარტიისგან დაფასება დაიმსახურა. ის უფრო აღმატებული სახე შეიძლება, იყოს პარტიისთვის, ვინაიდან მისი პირადი გამოცდილება საარჩევნო ტექნოლოგიებში მმართველ პარტიას შესაძლებლობას აძლევს მომავალ არჩევნებზე უფრო მშვიდად წარსდგეს. თუმცა საუბარი იმაზე, რომ მისი წინამორბედი სამართლიანობასთან უფრო ახლოს დგას, მიხეილ მაჭავარიანისთვის ვერაფერი კომპლიმენტია“.

მისივე აზრით, ამ ცვლილების ერთ-ერთი მიზეზი დებატებში მაჭავარიანის გამოცდილებაცაა: „მიხეილ მაჭავარიანი ტელეკამერებთან უკეთ გრძნობს თავს, მას ამის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, რის შედეგადაც მისთვის უფრო მარტივია სახის კუნთების და ფერის დამორჩილება. მისი გაწითლების საფრთხე ნებისმიერი დებატებისას გაცილებით ნაკლებია“.

მაჭავარიანის გენმდივნად დანიშვნას სიციალურ ქსელში შემდეგი გამოხმაურება მოჰყვა:

„მაჭავარიანის უნარი, კოორდინირებული და ორგანიზებული მოქმედებები აწარმოოს არჩევნებზე, უნდა იქნეს გამოყენებული; კარგია, რომ დაინიშნა“;

„იქნებ გოგორიშვილი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დანიშნოთ და სიყალბის მქმნელთა სრული თაიგული გვექნება“;

„მაჭავარიანი ნაციონალური მოძრაობის გვირგვინია“;

„არჩევნების გაყალბების დრო დადგა, მოემზადეთ ხალხო!“;

„კარგია, ასეთებს რომ წამოსწევენ საარჩევნოდ. ხალხი კიდევ უფრო კარგად დაინახავს ყველაფერს“;

„რა ასწავლა ასეთი ამ შევარდნაძემ? არა, რა – კომუნისტებზე მაგრები ალბათ დედამიწაზე არ ყოფილა არავინ“;

„მაჭავარიანისნაირების დრო წავიდა, ფაფუ“;

„აბა ვისი დროა ახლა?“;

„ყველაზე მეტად მაინტერესებს, საჩხერეში მაჟორიტარად ვის წარადგენენ“;

„გოგორიშვილიც დაჭირდებათ საარჩევნოდ და წინ წამოსწევენ ახლა. ხათუნიზმის აღზევებასთან გვაქვს საქმე“;

„მაჭავარიანი გენსეკია? ანუ ვითომ ბრეჟნევია? მოქალაქეთა კავშირის თანამედროვე სახე“;

„სამშობლოს თავი შესწირა. მთელი ცხოვრება არ გინდა, ხან ედიკას შეუძვრე და ხან მიშას? შემდეგ ხელისუფლებასთანაც შეეცდება ამას“;

ცნობისათვის:

მიხეილ მაჭავარიანი 1995-1996 წლებში „მოქალაქეთა ახალგაზრდული კავშირის“ მთავარი მდივანი, ხოლო 1996 წლის ივნისიდან 1999 წლის დეკემბრამდე „მოქალაქეთა კავშირის“ გენერალური მდივანი გახლდათ.

1984 წელს დაამთავრა თბილისის I საშ. სკოლა.

1986 წელს გაწვეულ იქნა სამხედრო სავალდებულო სამსახურში.

1991 წელს წარჩინებით დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის ნიადაგმცოდნეობის ფაკულტეტი და მიენიჭა ნიადაგმცოდნე-აგროქიმიკოსის კვალიფიკაცია.

1991-1995 წლებში მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის ნიადაგმცოდნეობის კათედრაზე ლაბორანტად.

1995 და შემდეგ 1999 წელს არჩეულ იქნა საქართველოს პარლამენტის წევრად.

1999 წლის დეკემბრიდან 2001 წლის აგვისტომდე იყო საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრი. გადადგა საკუთარი განცხადებით.

2001-2002 წლებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი.

2002-2003 წლებში იყო თბილისის სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი.

2003 წლის 2 ნოემბრიდან კვლავ არჩეულია სამგორის მაჟორიტარ დეპუტატად.

2004 წლის 23 აპრილიდან არის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე.