„ნაციონალებს კონსულტაციას უწევდა რუსული პიარკომპანია, რომელსაც თვითონ რუსეთი უხდიდა ფულს“

„ნაციონალებს კონსულტაციას უწევდა რუსული პიარკომპანია, რომელსაც თვითონ რუსეთი უხდიდა ფულს“

საქართველომ საერთაშორისო სივრცე დიდი ხანია გაარღვია, მაგრამ საზოგადოებისთვის ნაკლებად არის ცნობილი, რომ მას შემდეგ, რაც ქვეყანამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა, და მანამდეც, საქართველოს ხელისუფლება მეტ-ნაკლები დოზით ყოველთვის იყენებდა უცხოური ლობისტური კომპანიების მომსახურებას. რა მდგომარეობაა დღეს, რა მიზნებისთვის იყენებენ ქართული პოლიტიკური პარტიები ლობისტური კომპანიების მომსახურებას და ამ საკმაოდ ძვირადღირებული მომსახურების სანაცვლოდ რას იღებს ქვეყანა? შევეცადეთ ამ კითხვებზე პასუხი პიარის ქართველი სპეციალისტებისგან მიგვეღო.

 რისთვის არის საირო ლობისტური კომპანიები

ყველა თანხმდება, რომ ლობირება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი ამბიციური და განვითარებადი ქვეყნებისთვის, რომელთაც შედარებით გამოუცდელი დიპლომატიური კორპუსი ჰყავს.  

პოლიტიკური კონსულტანტი ვალერიან გორგილაძე ამბობს, რომ ლობისტური ინსტიტუტი ყველაზე წარმატებულად აშშ-ში მუშაობს. მართლაც, როდესაც ასეთ ქვეყნებს სჭირდებათ ურთიერთობები აშშ-ს კონგრესთან, სახელმწიფო დეპარტამენტთან და ა.შ.  უღირთ, გავლენიანი კომპანიებისთვის ფულის გადახდა, იმისთვის, რომ მათ ნაცვლად გარკვეული საკითხები მოაგვარონ.

„ლობიზმი  წმინდა ამერიკული ფენომენია, ვგულისხმობ იმას, რომ არც ერთ ქვეყანაში ეს ინსტიტუტი არ არის ისეთი გავლენიანი, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში. ლობისტური საქმიანობა წარმოადგენს ამერიკის პოლიტიკური ცხოვრების არსს და ეს არ არის გასაკვირი.

ზესახელმწიფოს გააჩნია უამრევი ბერკეტი, შესაძლებლობა და რესურსი იმისათვის, რათა მოახდინოს უმნიშვნელოვანესი და ხშირად გადამწყვეტი გავლენა პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ, კულტურულ, სოციალურ, სამხედრო, სამეცნიერო პროცესებზე, როგორც შიგნით ასევე ამერიკის შეერთებული შტატების გარეთ,“- ამბობს ვალერიან გორგილაძე.

ცნობილია, რომ ამჟამად მიხეილ საკაშვილის პიარზე  რამდენიმე უცხოური ლობისტური კომპანია მუშაობს, როგორც ევროპის, ასევე აშშ-ს მიმართულებით. ქართული ხელისუფლების წარმომადგენლები არც მალავენ, რომ საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე ეფექტური პიარი სჭირდება. თუმცა იქამდე, ვიდრე ბიზნესიდან პოლიტიკაში გადასული ბიძინა ივანიშვილი ლობისტურ კომპანიებს დაიქირავებდა, საქართველოს ხელისუფლებას არც კი უხსენებია, რომ მას დიდი ხანია, საკმაოდ მჭიდრო ურთიერთობა აქვს მსგავს კომპანიებთან.

როგორც პიარ-კომპანია „ჯეპრას“ ხელმძღვანელი სოსო გალუმაშვილი განმარტავს,  „ევროპისა და აშშ-ს კონკრეტული ლობისტური კომპანიები ინფორმაციის მიწოდებას უმარტივებენ გარკვეულ წრეებს ამა თუ იმ ქვეყანაში. იმისათვის, რომ რომელიმე კონგრესმენს შეხვდე, აქედან დარეკვით არაფერი არ გამოვა. აუცილებელია, რომ რომელიმე ორგანიზაციამ ეს შეხვედრა მოგიგვაროს, მიაწოდოს ინფორმაცია შენს შესახებ. ლობისტური ორგანიზაციები, პოლიტიკურ პარტიებს კომუნიკაციის გაადვილებაში ეხმარებიან. გარდა ამისა, ლობისტურ ორგანიზაციებს ჰყავთ თავიანთი გარკვეული პიარ დეპარტამენტები, რომლის მეშვეობითაც (ადგილობრივ მედიაში) პოლიტიკოსების ხედვების, გარკვეული მესიჯების მიწოდება ხდება ადგილობრივი საზოგადოებისა თუ გადაწყვეტილების მიმღები პირებისთვის“.

ლობიზმის თემაზე საქართველოში  საუბარი განსაკუთრებით აქტიურად მას შემდეგ დაიწყო, რაც აშშ-ს პრეზიდენტ ბარაქ ობამასა და საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა დაიგეგმა. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ეს შეხვედრა ლობისტური კომპანიების ეფექტური მუშაობის შედეგიც იყო. 

„ჩვენმა ხელისუფლებამ დიდი ხანია, რაც დაამყარა მჭიდრო კონტაქტი ამერიკის ისტებლიშმენტთან და შესაბამისად, არც ლობისტური კომპანიების დაქირავება გაუჭირდებოდა. ის შთამბეჭდავი მიღება, რომელიც მოუწყვეს საქართველოს პრეზიდენტს ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში და ანაპოლისის სამხედრო-საზღვაო აკადემიაში, პენტაგონიდან - ანაპოლისში ვერტმფრენით თავისი გადაფრენებით, ბუნებრივია, არის  ამ ლობისტური ჯგუფების მიერ მომზადებული და განხორციელებული პიარ ღონისძიებები,“- აცხადებს ვალერიან გორგილაძე.

სინამდვილეში რას გასცემს და სანაცვლოდ რას იღებს საქართველო ლობისტურ ჯგუფებთან მჭიდრო თანამშრომლობით, ბოლომდე ცნობილი არ არის. ზედაპირზე დევს ინფორმაცია, რომელიც ბევრს არაფერს გვეუბნება. ცნობილია, რომ ლობისტური კომპანიები ხელს უწყობენ საქართველოს, როგორც რეფორმატორი ქვეყნის, წარმოჩენას საერთაშორისო ასპარეზზე. ამას ემატება სატელევიზიო რეკლამებიც,მსოფლიოს წამყვან ტელეკომპანიებში. თუმცა, ჯამში  ვიღებთ სურათს, რომელიც ქართული რეალობისგან  განსხვავებული, თუმცა საკმაოდ საინტერესო და შთამბეჭდავია.

ხელისუფლება საქართველოს ლობირების აუცილებლობას იმით განმარტავს, რომ უცხოეთში საქართველოს დემოკრატიულ  და განვითარებულ ქვეყნად წარმოჩენა აუცილებელია  უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად.

საქართველოს, როგორც რეფორმატორი და კორუფციასთან ბრძოლაში წარმატებული ქვეყნის წარმოჩენით, მთავრობა დასავლელი დონორების მოზიდვასაც ცდილობს.

ასეთ პიარსიც შეიძლება მოიძებნოს ჭეშმარიტების მარცვალი, მაგალითად, თუკი საერთაშორისო ორგანიზაციები, იქნება ეს „მსოფლიო ბანკი“ თუ „აზიის განვითარების ბანკი“, დაინახავენ, რომ ქვეყანა ადმინისტრირებასა და კორუფციასთან  ბრძოლაში წარმატებულია, ასკვნიან, რომ აქ ჩადებული თანხა უფრო ეფექტიანი იქნება, ვიდრე იმ ქვეყნებში, სადაც კორუფციის მაჩვენებელი მაღალია. ეს მედლის ერთი მხარეა, თუმცა არსებობს მეორე მხარეც, რომელზეც ხმამაღლა არ საუბრობენ.

ყველა აღიარებს, რომ ქვეყნის დემოკრატიული მიღწევების წარმოჩენა ასევე ხელს უწყობს დასავლეთში პოლიტიკური მხარდამჭერების მოპოვებას. თუმცა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ უცხოეთშიც ამჩნევენ, რომ ხშირად ეს არის არა საქართველოს, არამედ საქართველოს პრეზიდენტის პიარი, სადაც მიხეილ სააკაშვილი წარმოჩენილია დემოკრატ და რეფორმატორ ლიდერად.

ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე თვლის, რომ ისეთმა სიუჟეტებმა, რომელიც საქართველოს პოპულარიზაციას უწევს, თავისი როლი შეასრულა, იმატა საქართველოს იმიჯმაც საერთაშორისო არენაზე.

„ამბობენ, რომ რეფორმების ქვეყანაა და ა.შ. მაგრამ ამავე დროს ეს არ უშლის ხელს იმას, რომ შეიქმნას თავად სააკაშვილის იმიჯიც. ყველა იმ კომპონენტში, სადაც საქართველოს მიმართ გამოხატული არის სიმპათია, ამას უშუალოდ ემატება პრეზიდენტის მიმართ სიმპათიაც. უშუალოდ გამოკვეთილია ის აზრი, რომ ამგვარ რეფორმებში პრეზიდენტია წამყვანი. ასე, რომ ამ შემთხვევაში ორი კურდღელი ერთად არის მოქცეული ხაფანგში“- მიიჩნევს რამაზ საყვარელიძე.

ასეთ შემთხვევაში კონკრეტული მიზანიც იკვეთება - ძალაუფლების რაც შეიძლება დიდხანს შენარჩუნება.

დღეს, ქართულ ტელევიზიებში გაშუქებული მოვლენების მიხედვით, სააკაშვილს ვაშინგტონი პომპეზურად ხვდება და  დემოკრატიას, ლამის, მისგან სწავლობენ. ბუნებრივია, ეს შიდა მოხმარების პიარია, რომელიც ქართველი პოტენციური ამომრჩევლისთვის არის განკუთვნილი. თუმცა ქართული ნაციონალური არხების თავგადაკლული მცდელობაც რომ გამოვრიცხოთ, ამერიკის შეერთებული შტატების ლოიალური დამოკიდებულება საქართველოს ხელისუფლებისადმი ისედაც შესამჩნევია.

თუმცა, ლობისტური კომპანიების აქტიური მხარდაჭერის მიუხედავად, შესაძლოა, საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან სხვა განწყობებსაც გადავაწყდეთ. მაგალითად, აშშ-სგან განსხვავებით, ევროპა ბოლო დროს საქართველოს ხელისუფლების მიმართ საკმაოდ კრიტიკულია, შეგვიძლია გავიხსენოთ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის დასკვნა, ვენეციის კომისიის დასკვნები და განცხადებები, სადაც საარჩევნო და სასამართლო სისტემების მწვავე კრიტიკაა.

„ის ფაქტი, რომ ევროპა, ინარჩუნებს უფრო დიდ სკეპტიციზმს სააკაშვილის მიმართ, ვიდრე ამერიკული ელიტა, ესეც გასაგებია. წლების განმავლობაში სწორედ ამერიკა წარმოადგენდა სტრატეგიულ პარტნიორს, ერთადერთ მძლავრ მოკავშირეს და საიმედო პრომოუტერს ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გაწევრიანების საქმეში,  ჩვენი პოლიტიკური ელიტისათვის.

ასევე, ჩვენი ისტებლიშმენტი ხშირად არ მალავდა დაუფარავ ირონიას  „ბებერი ევროპული დემოკრატიების“ მიმართ, მათი „განსაკუთრებულად თბილი ურთიერთობების“ გამო რუსეთის ფედერაციასთან. შემდეგ ევროპა მოულოდნელად აღმოჩნდა რუსულ - ქართული კონფლიქტის მოდერატორად და ამ ფაქტმა, რა თქმა უნდა კიდევ უფრო გაარღმავა ურთიერთ სკეპტიციზმი განსაკუთრებით საქართველოსა და საფრანგეთ-გერმანიას შორის. ზოდადად, ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთერთი სუსტი წერტილი, სწორედ მისი ვექტორების მცირე დივერსიფიკაშია“- მიიჩნევს ვალერიან გორგილაძე.

ქართველი თუ არაქართველი ექსპერტები, ხელისუფლების წარმომადგენლები ლობისტურ კომპანიებთან მჭიდრო ურთიერთობას იმითაც ხსნიან, რომ რუსეთი საკმაოდ აქტიურად არის დაკავებული ანტიქართული პროპაგანდით, ამიტომაც შემხვედრი ნაბიჯების გადადგმა აუცილებელია. ამის გარდა რუსეთისგან თავის დასახსნელად და ნატოსთან დასაახლოებლად აუცილებელია დასავლეთის მხარდაჭერა, ეს კი ლობისტების დახმარების გარეშე საკმაოდ რთულია.   

 „საკითხი სწორად არის დასმული, მაგრამ რაც შეეხება ნატოს, საქართველოსთვის პრობლემა არის ის, რომ ის ხალხი, ვინც გადაწყვეტილებებს ღებულობს, ამ პიარის ზეგავლენის ქვეშ ასე ადვილად ვერ მოექცევა. პიარით იმ პრობლემებს, რომელიც ჩვენს ნატოში გაწევრიანებას უშლის ხელს საეჭვოა, რომ მოევლოს“- მიიჩნევს რამაზ საყვარელიძე.

რა თანხები იხარჯება ლობისტურ მომსახურებაზე

ბოლო  რამდენიმე წელია, ოპოზიციური სპექტრი დროგამოშვებით აკეთებს განცხადებებს,  რომ საქართველოს მთავრობა ამერიკის შეერთებულ შტატებში თავისი ინტერესების გამტარებელ ლობისტებს მილიონებს უხდის. როგორც ვალერიან გორგილაძე განმარტავს,  „ლობისტური საქმიანობა უამრავ კომპონენტს მოიცავს. ეს შეიძლება იყოს საინფორმაციო კამპანიის უზრუნველყოფა დასავლურ მედიაში, კონგრესმენების და სენატორების რეკრუტირება გარკვეული ინტერესების ლობირებაში, შეხვედრების მოწყობა მაღალი დონის მოხელეებთან, ფინანსური წყაროების მოზიდვა და კონკრეტული პროექტების დაფინანსების წყაროს მოძიება. ამ ამოცანების გადასაწყვეტად შეიძლება დაიხარჯოს მრავალი მილიონი დოლარი“.

 „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ მოძიებული ინფორმაციით, ამერიკაში ქართული ინტერესების  ლობირებისთვის ფულის ხარჯვა 90-იანი წლებიდან დაიწყო. საქართველომ ლობისტური გარღვევა 1991 წლის 3 ივნისს სცადა. ვინმე ჯონ ადამსს საქართველოს მთავრობისთვის კონსულტაცია უნდა გაეწია საზოგადოებრივი ურთიერთობების საკითხებზე, ვაჭრობის, ტურიზმისა და სხვა სფეროებში. თუმცა ამ მომსახურებისთვის საქართველოს მაშინდელ მთავრობას ფული არ გადაუხდია.

პირველი ფასიანი მომსახურება საქართველოს მთავრობას Capitol Advisors-მა გაუწია. ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართველ თანამდებობის პირთა შეხვედრების ორგანიზებასა და აშშ-ში აქტიური ჩართულობის ადვოკატირებისთვის 1998-2001 წლებში მას ხელისუფლებამ 100 000 დოლარი გადაუხადა.

ცოტა უცნაურია, მაგრამ მთავრობის გარდა, ამერიკის შეერთებულ შტატებში თავის ინტერესებს თურმე, საქართველოს რკინიგზაც იცავდა. მას 2002 წლის 28 იანვრიდან 2003 წლის 30 სექტემბრამდე Swidier Berlin Shereff Friedman, Harbour Group-ისთვის 425.000 დოლარი აქვს გადახდილი.

ასევე, საქართველოს რკინიგზამ კონსულტაციების გაწევაზე, აშშ-ში კანონების ლობირებაზე, მედიასტრატეგიის გაწევასა და საჯარო პოლიტიკაზე 2003 წლის24 იანვრიდან 2004 წლის 28 თებერვლამდე Hogan and Hartson-ს 360 000 დოლარი  გადაუხადა.

საბოლოოდ, საქართველოს მთავრობამ, ეროვნული უშიშროების საბჭომ, ასლან აბაშიძემ და ცოტნე ბაკურიამ (დემოკრატიული აღორძინების კავშირი), ასევე  მაია თოფურიამ (პარტია „სამართლიანობა“), ამერიკაში თავისი ინტერესები ლობირებისა და სხვა სახის მომსახურებისთვის 2000 წლიდან 2010 წლის 26 იანვრამდე 3.270350 დოლარი გადაიხადეს (ამ თანხაში რკინიგზის ინტერესების დაცვისთვის გადახდილი თანხაც იგულისხმება).

საერთაშორისო გამჭვირვალობის კვლევის თანახმად, უახლესი კონტრაქტი საქართველოს მთავრობამ გასული წლის 22 იანვარს Gephardt Group Govemment Affairs-თან გააფორმა. 436 000 დოლარს საქართველოს მთავრობა ამერიკის შეერთებულ შტატებში ლობირებისა და სამთავრობო ურთიერთობების მომსახურების გაწევისთვის იხდის.

უცხოურ მედიას თუ დავუჯერებთ, სააკაშვილი მილიონებს ხარჯავს საკუთარ ლობისტურ მანქანაზე ვაშინგტონში. მისთვის  5-ზე მეტი ლობისტური კომპანია მუშაობს, მათ შორის, დემოკრატიული პარტიის ფლაგმანები  ჯონ პოდესტა და დიკ გეპჰარდი, აგრეთვე ჯონ მაკკეინის მარჯვენა ხელი - რენდი შუნემანი. ამერიკულ გაზეთებში დაბეჭდილი სტატიების თანახმად, ეს ადამიანები პრაქტიკულად ყოველდღიურ კავშირში არიან საქართველოს საელჩოსთან  და თბილისიდან ჩამოსულ სტუმრებთან. მილიონობით დოლარი იხარჯება წვეულებებზე, სადაც საჭირბოროტო საკითხები წყდება.

ერთ-ერთი ამერიკული გაზეთი(The Hill), რომელიც ძირითადად ამერიკის კონგრესის თემატიკას აშუქებს, იმ კომპანიების სიას აქვეყნებს, რომლებიც საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობენ. სტატიაში ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობამ  300 ათასი აშშ დოლარიანი კონტრაქტი გააფორმა ლობისტურ ფირმა Public Strategies-სთან. კონტრაქტის ხანგრძლივობა ექვსი თვეა.

სტატიის თანახმად, საქართველოს საკითხებზე ამ ფირმაში იმუშავებს რამდენიმე გავლენიანი პირი დემოკრატიული პარტიიდან, მათ შორის ჯეფ ელერი, რომელიც პრეზიდენტ კლინტონის დროს თეთრი სახლის მედიაკამპანიას კურირებდა და რობერტ ლუდკე, რომელიც წარსულში დემოკრატიული პარტიის პოლიტიკური კომიტეტის საბიუჯეტო და საგადასახადო საკითხების ანალიტიკოსი იყო.

აღნიშნული გაზეთის ინფორმაციის თანახმად, ამის გარდა, საქართველომ 11 თვის ვადით დაიქირავა ორი კონსულტანტი - დენიელ კუნინი, რომელიც წლების განმავლობაში სააკაშვილის მრჩეველი იყო და გრეგორი მანიატისი. კონტრაქტის ღირებულება დაახლოებით 470 ათასი აშშ დოლარია და ამ თანხას, გაზეთის ცნობით, კუნინი და მანიატისი გაიყოფენ. ამის გარდა, უკვე არსებობს ფირმა Glover Park Group-თან დადებული კონტრაქტი, რომელიც საქართველოს მთავრობამ უფრო ადრე დაიქირავა.

იმის მიუხედავად, რომ აშშ-ში ამ თემას ნამდვილად არ ადევს გრიფით „საიდუმლო“, საქართველოს პრეზიდენტი უცხოურ მედიასთან საუბარშიც უარყოფს, რომ ლობირებაზე სოლიდურ თანხებს ხარჯავს. მაგალითად, ორიოდე წლის წინ BBC-ის ერთ-ერთ გადაცემაში პრეზიდენტმა სააკაშვილმა კითხვას, სადაც საუბარი იყო, იმაზე, თუ რა მიიღო საქართველოს აშშ-სგან ლობირებაში დახარჯული უამრავი ფულის საპირწონედ, სააკაშვილმა ასე უპასუხა: „ახლა ისე ლაპარაკობთ, როგორც ბატონი პუტინი. რა მილიონობით დოლარი? რა ლობისტები? ... ჩვენ არ გვაქვს მილიონები, რომ რამეში დავხარჯოთ, განსაკუთრებით ლობირებაში“.

რატომ გაურბის სააკაშვილი ფინანსებზე საუბარს, მარტივი ასახსნელია, ის ბიუჯეტის თანხებს იყენებს, თანაც ისე, რომ საზოგადოებას არანაირ განმარტებას არ აძლევს, რითია გამოწვეული ამ ფულის ხარჯვის აუცილებლობა.

საქართველოს მთავრობას ეროვნული უშიშროების საბჭოს მეშვეობით, ამჟამად სამი მოქმედი კონტრაქტი აქვს ვაშინგტონში განთავსებულ ლობისტურ ფირმებთან, მათ შორის Podesta Group-თან, Orion Strategies-ისთან და გრეგორი მანიატისთან (Ithaca Group). ამ კონტრაქტების საერთო მოცულობა 840,000 აშშ დოლარს შეადგენს.

ლობისტების მომსახურებით სარგებლობს ბიძინა ივანიშვილიც, მან აშშ-ს დედაქალაქ ვაშინგტონში განთავსებული  ლობისტური კომპანია BGR Goverment Affairs LLC დაიქირავა. ზემოხსენებული ფირმა BGR Group–ის შვილობილია და ევროპაში საქმიანობს. იგივე კომპანია დაიქირავა ზაფხულში ირაკლი ალასანიას პარტიამ. BGR Goverment Affairs-ის მიერ აშშ–ის იუსტიციის დეპარტამენტში წარდგენილი დოკუმენტების თანახმად, გაწეული მომსახურეობისთვის ფირმა ყოველთვიურად 25 000 აშშ დოლარს მიიღებს.

მოკლედ,საქართველოს მთავრობისა და ლობისტური კომპანიების ურთიერთობაზე უცხოურ პრესაში საკმაოდ ბევრი იწერება. ჟურნალ-გაზეთები სარგებლობენ ინფორმაციით, რომელიც აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის მიერ პერიოდულად ქვეყნდება, საქართველოსგან განსხვავებით, მსგავსი ინფორმაცია აშშ-ში საჯაროა.

საფრთხეები

უამრავი ფულის ხარჯვა ცალკე თემაა, მაგრამ  შეგვიძლია თუ არა, ფაქტობრივად, ქვეყნის ბედი ვანდოთ თუნდაც ძალზე გავლენიან კომპანიებს და ხომ არ არის საჭირო გარკვეული სიფრთხილე ლობისტების შერჩევისას. როგორც ვალერიან გორგილაძე ამბობს, „ნებისმიერი ჯგუფი, კორპორაციები თუ სახელმწიფოები ლამობენ ამ ბერკეტების და რესურსების დაუფლებას. ბევრი კომენტატორისთვის ლობისტური საქმიანობა სხვა არაფერია თუ არა პოლიტიკური კორუფციის ლეგალური ინსტიტუციონალიზაცია.

არის შემთხვევები,როდესაც სხვადსხვა ლობისტური ჯგუფის საქმიანობა პირდაპირ საფრთხეს  უქმნიდა ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ უსაფრთხოებას. ამ ფაქტებს, სხვათაშორის, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მოხსენებებში წააყდებით. მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, ლობისტური საქმიანობა იმიტომაც არის დაშვებული და ლეგალური, რომ არ იქცეს კორუფციის წყაროდ და მისი საქმიანობა იყოს გამჭვირვალე, ტრანსფარანტული და შესაბამისად, ექვემდებარებოდეს კონტროლს“.

ამ კუთხით საყურადღებოა ჟურნალ „ატლანტიკში“ გამოქვეყნებული ერთ-ერთი სტატია, სადაც ნათქვამია, რომ საქართველო ლობისტური კომპანიების დახმარებით ცდილობს აშშ-სთან სამხედრო თანამშრომლობის განახლებას. სტატიის თანახმად, მარტო გასულ წელს ოფიციალურმა თბილისმა 4 ლობისტურ კომპანიას 1,5 მილიონი დოლარი გადაუხადა, თუმცა ვაშინგტონის თანხმობას იარაღის მიწოდებაზე ვერ მიაღწია. ეს გაცილებით მეტია, რასაც მისი მსგავსი ქვეყნები ხარჯავენ. ამერიკული იარაღის მიღების სურვილს პრეზიდენტი სააკაშვილი რუსული საფრთხის არსებობით ხსნის. წერილში ნათქვამია, რომ ამ კამპანიაში აქტიურად მონაწილეობს სენატორი ჯონ მაკკეინი, ხოლო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ბლოკავს საქართველოსთვის იარაღის მიწოდების მცდელობებს... 

თუ ამ სტატიას რუსული ლობის დაკვეთად ჩავთვლით, საქართველოს პრეზიდენტის მაკკეინთან და ზოგადად, ასე ვთქვათ, ომის აპოლოგეტ  „ნეოკონსერვატორებთან“ თბილი დამოკიდებულება, მაინც გაცხადებულია. არ არის გამორიცხული, ამგვარი დამოკიდებულებით ვინმემ ისარგებლოს და საქართველოს მთავრობას შეიარაღების მიღების მცდელობა დასწამოს, თუმცა ჯონ მაკკეინის მარჯვენა ხელის - რენდი შუნემანისა და მიხეილ სააკაშვილის მეგობრულ დამოკიდებულებაზე უცხოურ მედიაში უკვე რამდენიმე წელია  მიდის ლაპარაკი.

რამაზ საყვარელიძე: „საფრთხე ყოველთვის არის. ამიტომაა, რომ ძალიან დიდ სიფრთხილეს ირჩევენ ხოლმე პიარკომპანიის შერჩევისას. ასევე ძალიან დიდი სიფრთხილით არჩევენ იმ ქვეყანასაც, საიდანაც სახელმწიფო პიარის იმპორტს ახდენს.

რა თქმა უნდა, არ შეიძლება ამ საკითხში დაუდევრობა, თუმცა ასეთი დაუდევრობა იმ ჯგუფს, რომელიც დღეს ხელისუფლებაშია, გამოვლენილი აქვს იქამდე, ვიდრე ხელისუფლებაში მოვიდოდა. ვინც ყურადღებით ადევნებს თვალს ქართულ პოლიტიკურ პროცესებს, ემახსოვრება „მოქალაქეთა კავშირი“, რომლის ძირითადი ბირთვიც დარჩა „ნაციონალურ“ ხელისუფლებაში.  მათ კონსულტაციას უწევდა რუსული პიარკომპანია, თანაც ისე, რომ ამ კომპანიას თვითონ რუსეთი უხდიდა ფულს. გარკვეული სკანდალის ფორმა მაშინ ამ ფაქტმა შეიძინა, მაგრამ უფრო ღრმა ანალიზის საგანი არ გამხდარა.

რა თქმა უნდა ეს, რბილად რომ ვთქვათ, დაუდევრობა იყო, რადგან როდესაც პიარკომპანია იწყებს მუშაობას, მის წინაშე საიდუმლოება არ უნდა არსებობდეს და შესაბამისად, ყველა ფაქტი, რაც სახელმწიფოში ხდება, მნიშვნელოვანია, გინდ სტატისტიკური და გნებავთ სხვა სახის, იხსნება ხოლმე პიარკომპანიების წინ.

ამ შემთხვევაში ასეთი ნაბიჯი გადადგა დღევანდელმა სახელისუფლებო გუნდმა და არ არის გამორიცხული, ასეთი დაუდევრობა გამოიჩინონ, მაგალითად იმ საკითხშიც, ვინ აირჩიონ - „ნეოკონები“, „დემოკრატები“ თუ სხვა?

რა თქმა უნდა, ყველა ლობისტური და პიარკომპანია თავისდა უნებლიედ ატარებს გარკვეულ პოლიტიკურ კონცეფციას. ისეთ ქვეყნებში, სადაც ორფრთიანი პოლიტიკური სპექტრია წამყვანი, მაგალითად, დემოკრატები და კონსერვატორები. პიარკომპანიის არჩევისას არ ირჩევენ ისეთ კომპანიას, რომელსაც მოწინააღმდეგე ფრთასთან აქვს ნამუშევარი, რადგან პიარს აკეთებენ ადამიანები, და ადამიანი ასეა თუ ისე, ექვემდედბარება პოლიტიკურ გავლენებს. აქედან გამომდინარე, თუ დაუდევრობას გამოიჩენს ეს ხელისუფლება, გასაკვირი არ იქნება“.

ლობისტური კომპანიები ზოგჯერ იმ ქვეყნებისთვისაც წარმოადგენენ გარკვეულ საფრთხეებს, სადაც ისინი საქმიანობენ. არის შემთხვევები, როდესაც საფრთხის გამომწვევი სხვა ქვეყნებისთვის ხდებიან. ამერიკა თუ ცდილობს, ინფორმაციის გახსნილობით საფრთხეები თავიდან აიცილოს, საქართველოში სრული ბუნდოვანებაა. ვინ რას და რისთვის აკეთებს, ვის რჩევას იზიარებს და ეს ყველაფერი რას ემსახურება, ხშირად გაურკვეველია.

ჯერაც პასუხგაუცემელია განსაკუთრებით ოპოზიციური სპექტრის გააქტიურების დროს ხელისუფლება პერიოდულად რატომ  ავრცელებს ხოლმე ინფორმაციას ტერაქტების მცდელობის, ჯაშუშური ქსელების გამოვლენის შესახებ.

ალბათ, ყველას ახსოვს „ოპერაცია ენვერი“, რასაც საზოგადოების ნაწილი ღიმილით შეხვდა, რადგან შსს-ს მიერ შეთხზულ მორიგ ისტორიად ჩათვალა. ექსპერტთა ნაწილი თვლის, რომ მსგავსი ინფორმაცია ძირითადად, გარე მოხმარებისთვის არის განკუთვნილი და გარკვეულ მიზნებს ემსახურება.

ასეთი აზრიც კი გაჩნდა, რომ შესაძლოა ეს იყოს იმ ლობისტური კომპანიების კონსულტაციის შედეგი, რომელიც, თითქოს, ამერიკული შეიარაღების მიღებაში ეხმარება საქართველოს მთავრობას. შესაძლოა, მსგავს ფაქტებს, ან ყოველი არჩევნების წინ რუსეთის თავდასხმის საფრთხეს სულ სხვა დატვირთვაც ჰქონდეს, თუნდაც იმიტომ, რომ მსგავსი ფაქტებით ტირაჟირება ძირითადად, წინასაარჩევნო პერიოდში ხდება ხოლმე. მრავალი ვარაუდის გამოთქმა შეიძლება, თუ რას ემსახურება ამგვარი კამპანიები, ან ვის რჩევას ასრულებს საქართველოს მთავრობა.

რამაზ საყვარელიძე თვლის, რომ როდესაც ზუსტი ინფორმაცია არ არსებობს, ძნელია დასკვნები გამოიტანო.

„რა თქმა უნდა, იქნებოდა გარე მომხმარებლისთვის გამიზნული, თუ ის ბომბები პიარბომბები იყო და არა რეალური, თუმცა რუსული თემის ასე პედალირებაც არის პიარკამპანია და არა რეალობა. კარგად ვიცით, რომ რუსული ბიზნესი საქართველოში ფართედაა შემოჭრილი და მათ განვითარებას სულაც არ უშლის ხელს ანტირუსული რიტორიკა.

ასე რომ, ისეთი ანტირუსებიც არ ვართ როგორადაც ვაჩვენებთ. რატომ გვინდა მსოფლიოს დავანახოთ ჩვენი ანტირუსული პოლიტიკა, ნაწილობრივ პიარის ხასიათს ატარებს. ხელისუფლებას მიაჩნია რომ თუ ანტირუსულ პროპაგანდას აირჩევს, უფრო ყურადღებით მოეკიდებიან ის ქვეყნები, რომლებიც რუსეთთან არიან დასპირისპირებული. ამავე დროს, ამ ბიზნესების განვითარებით თვითონ რუსეთი დაწყნარებული ეყოლება. ეს ამ პატარა ქვეყნის პოლიტიკური მანევრების სტილია,“ - მიიჩნევს რამაზ საყვარელიძე.

უცხოური მედიის ყურადრების ცენტრში კიდევ ერთი ფაქტი მოექცა, სიღატაკეში მყოფი ქვეყნისთვის ახალი ქალაქის აშენება, სააკაშვილის ახირებადაც მოინათლა, მაგრამ მას შემდეგ, რაც „ლაზიკას“ თემა გააქტიურდა, გაჩნდა მოსაზრება, რომ შესაძლოა მართლაც აშენდეს ქალაქი, სადაც აშშ-ს შეიარაღება განთავსდება. ამ ყველაფრის უზრუნველსაყოფად კი, საქართველოს აშშ-ში გარკვეული ჯგუფი ლობირებს.

 თუმცა, რამაზ საყვარელიძე თვლის, რომ ეს ის შემთხვევაა, როდესაც პიარის ფარგლებს ვცდებით და პოლიტიკაში გადავდივართ.

„ერთ-ერთ მოტივად გაისმა შეიარაღება, გაისმა ჰოსპიტალების თემაც და აშ. თუმცა ეს პიარს აღარ მიეკთვნება, ეს უკვე რეალური პოლიტიკის კომპონენტია. პიარი ის პროცესია, რომელიც ამომრჩევლისთვის არის განკუთვნილი, ან იმისთვის, ვისზედაც გინდა ფსიქოლოგიური შთაბეჭდილება მოახდინო, აქ იგულისხმება პარტნიორი ქვეყანაც. მაგრამ როდესაც ასეთი გადაწყვეტილებები მწიფდება, აქ უკვე ფსიქოლოგია აღარ არის,  უკვე პოლიტიკაა. მაგალითად, თუ გადაწყდა რომ ამა თუ იმ უბანში, ამ შემთხვევაში „ლაზიკას“ ვულისხმობ, განლაგდეს ჯარები, ეს უკვე პოლიტიკური გადაწყვეტილებაა“.

ალბათ, მსგავს თემებს ხელისუფლება სამომავლოდ უფრო მეტ ყურადღებას დაუთმობს, თუმცა ჯერ არჩევნები გვაქვს ჩასატარებელი, ოპოზიცია გვპირდება, რომ ხელისუფლებას ღირსეულ წინააღმდეგობას გაუწევს. ასე რომ, შესაძლოა, ხელისუფლების მხრიდან სიურპრიზებსაც ველოდეთ.

ორთაბრძოლა აშშ-ში

არჩევნები ვახსენეთ, იმ საფრთხეებსაც რომ დავანებოთ თავი, რაც შესაძლოა, ლობისტების არასწორად შერჩევით შეექმნას ქვეყანას, რჩება შთაბეჭდილება, რომ დასავლეთში მოგებული საინფორმაციო ომის გარეშე ქართველ პოლიტიკოსებს სამშობლოში პოლიტიკური წარმატების შანსი ნაკლებად აქვთ. საამისოდ კი ყველაფერთან ერთად უზარმაზარი ფულადი რესურსებიც არის საჭირო.

ვალერიან გორგილაძე მიიჩნევს, რომ  მართალია ეს მოსაზრება ფართოდ არის გავრცელებული, მაგრამ მაინც მცდარია. გორგილაძეს ამის დასტურად  „ვაშინგტონ პოსტის“ ის სარედაქციო წერილი მოჰყავს, რომელიც 6 თებერვალს გამოქვეყნდა.

„ვახდენ ამ წერილის ბოლო აბზაცის ციტირებას - „მაგრამ ჩვენ გვჯერა, რომ ქართველმა პრეზიდენტმა ობამას ეს ნათქვამიც გაიგონა: „ჩვენ ველით სამართლიან და თავისუფალ არჩევნებს“ და იმას, რომ „საქართველოში განხორციელდება ძალაუფლების ოფიციალური გადაცემა“. თუ ვაშინგტონი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაასკვნის, რომ ეს მოთხოვნები არ შესრულდა, საქართველოს დიდი პრობლემები ელის იმისდა მიუხედავად, გაიმარჯვებს ობამა არჩევნებში, თუ არა“.

ამით მინდა ვთქვა ის, რომ ვერც ერთი ლობისტი მსოფლიოში ვერ აიძულებს ამერიკის პრეზიდენტს შეხვედრას სხვა ქვეყნის მეთაურთან, თუ, პირველს არ აქვს ამის სურვილი და შესაბამისი ინტერესი. ბუნებრივია, რომ პრეზიდენტ ობამას ჰქონდა თავისი სათქმელი და ეს სათქმელი გააჟღერა ბრიფინგზე, რომელიც გაიმართა ორმხრივი შეხვედრის შემდეგ. ამასთან ერთად, „ვაშინგტონ პოსტი“, რომელიც  წარმოადგენს კერძო საკუთრებაში არსებულ მედია-საშუალებას, არსებითად, ასახავს ამერიკული ისტებლიშმენტის კონსოლიდირებულ პოზიციას ამ თუ იმ საკითხთან დაკავშირებით. შესაბამისად, ობამას საკვანძო ფრაზა „ძალაუფლების ფორმალურ გადაცემასთან“ დაკავშირებით, იყო ახსნილი იმგვარად, რომ არავის ჰქონოდა სხვა ინტერპრეტაციის შესაძლებლობა, მათ შორის ლობისტების მეშვეობით,“- აცხადებს გორგილაძე.

რამაზ საყვარელიძის აზრით კი არ უნდა დავივიწყოთ, რომ ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და საქართველოს ისტორიისთვის ახალი არ არის, რომ რიგ შემთხვევებში, გარკვეული საკითხები წყდებოდა თეირანში, რიგ შემთხვევებში - რუსეთის კარზე და ა.შ.

„საერთოდ პატარა ქვეყნების ბედიღბალი გახლავთ ასეთი, მაგრამ ნუ გაგვიკვირდება, რომ დრონი კი იცვლებიან, მაგრამ პრინციპები, ფიზიკა პოლიტიკური ურთიერთობებისა, რომ ძალა განსაზღვრავს ბევრ რამეს, არ იცვლება. ამიტომ, თუ შევაფასებთ, რამდენად ვართ დამოკიდებული ამერიკაზე აღმოჩნდება, - დღეს რომ ამერიკა არ იყოს, ჩვენ შეიძლება შიმშილით მოვკვდეთ და ამ ფონზე უფრო გასაგები გახდება. იმასაც რომ დავანებოთ თავი, რომ იგივე ამერიკაა, რომელიც სამხედრო თვალსაზრისით, საერთაშორისო პოლიტიკურ არენაზე და ა.შ. ხშირად გვეხმარება, ცხადი გახდება, რომ საქართველოს არ აქვს დიდი არჩევანი იმაში, თუ როგორ მოიქცეს. თუ არც აშშ მოინდომა, არც რუსეთი, არც სხვა და იქონია ის პოლიტიკა, რაც ჰქონდა, მაგალითად ცხონებულ გამსახურდიას, როდესაც ის თვლიდა, რომ საქართველო საქართველოსთვის და კავკასიური სახლის იდეით გამოდიოდა, ქვეყანა იზოლაციაში მოექცევა და პრობლემებს ვერ გადაჭრის,“ - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

ასეა თუ ისე, საქართველოს ლიდერობის მსურველთა პირველი დუელი თეთრ სახლში მაინც შედგა.

 აშშ-ს წამყვან გაზეთებში ბიძინა ივანიშვილის ღია წერილი გამოქვეყნებამ, რომელიც აშშ-ში პრეზიდენტ სააკაშვილის ვიზიტს დაემთხვა, საქართველოს მმართველი პარტიის გაღიზიანება გამოიწვია, თანაც იმდენად, რომ სააკაშვილმა „ვაშინგტონ პოსტს“ „პრავდაც“ კი უწოდა. სწორედ იმ პერიოდში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ივანიშვილი ცდილობდა იმ ლობისტურ კომპანიასთან მოლაპარაკებასაც, რომელიც სააკაშვილის მთავრობას ემსახურება. ინფორმაციის ჭეშმარიტების დადგენა ამ შემთხვევაში ნაკლებად მნიშვნელოვანია, მთავარია, რომ ცალ კარში თამაშის ეპოქა დასრულდა და დასავლეთისთვის ინფორმაციის მიწოდების საშუალება ალტერნატიულ პოლიტიკურ ცენტრსაც მიეცა. მანამდე ქართულ ოპოზიციას მსგავსი შესაძლებლობები არ ჰქონია და ალბათ, არც მიეცემოდა, რომ არა ივანიშვილის ფინანსური რესურსები.   

„მაგასაც უნდა შევეჩვიოთ, რომ დროთა განმავლობაში, არავის, არც ერთ ქვეყანაში არ სჭირდება პროლეტარიატი, რომელიც თუკი რევოლუცია არ მოახდინა, პოლიტიკაში არ მიდის.

არაბულ ქვეყნებში ვხედავთ ასეთ სურათს, სადაც ქუჩაა გადამწყვეტი. ჩვეულებრივ, ნორმალურ პირობებში ქუჩა არ არის გადამწყვეტი. გადამწყვეტია ხალხის ნება, ასეთ რეჟიმს უკვე დიდი ფული სჭირდება და ამიტომ, ღატაკი და კარგი კაცი, რომელსაც არაფერი არ გააჩნია (მე არ ვამბობ , რომ ეს ევროპული დემოკრატიის დიდი პლიუსია), სამწუხაროდ, პოლიტიკურ პროცესებში ვერ ღებულობს მონაწილეობას და საზოგადოებას  ვერ სთავაზობს საკუთარ თავს იმიტომ, რომ შეთავაზებასაც ფული უნდა,“- აცხადებს რამაზ საყვარელიძე.   

ლობიზმი საქართველოში

იმის მიუხედავად, რომ ლობისტური კომპანიები ძირითადად ამერიკის შეერთებულ შტატებში ბინადრობენ, მსგავსი გამოცდილება საქართველოსაც აქვს.

„კანონი ლობისტური საქმიანობის შესახებ“ პარლამენტმა 1998 წელს მიიღო. მალე გამოჩნდნენ პირველი ლობისტებიც. მათი პირველი კლიენტები უცხოური კომპანიები იყვნენ.

სოსო გალუმაშვილი იხსენებს, რომ ერთ-ერთი ასეთი ძალიან საინტერესო კომპანია იყო „პირველი ლობი“, რომლის დამფუძნებლებიც იყვნენ ირაკლი მელაშვილი და ნიკო ორველაშვილი. ძალიან საინტერესოდ მუშაობდნენ, „მაგრამ 2003 წლის შემდეგ ასეთმა ორგანიზაციებმა აზრი დაკარგეს, რადგან როდესაც მთელი პარლამენტი ერთი ხელის აწევით იმართებოდა, იქ რომელიმე ლობისტურ კომპანიას არაფერი ესაქმებოდა,“- ამბობს სოსო გალუმაშვილი.

კომპანია „ბაგრატიონთან“ წარმატებული თანამშრომლობის შემდეგ ,,პირველ ლობს“ ინტერესების დაცვა კომპანია „ეი-ი-ეს თელასმაც“ მიანდო, თუმცა თანამშრომლობა დიდხანს არ გაგრრძელებულა, რადგან „ეი-ი-ეს თელასმა“ საქართველო მალე დატოვა. ვარდების რევოლუციის შემდეგ კი ლეგალური ლობიზმი აღარავის დასჭირვებია.

„ეს ინსტიტუტი ისეთ საზოგადოებებსა და ისეთ ქვეყნებში არსებობს, სადაც დემოკრატიაა, პლურალიზმი და თუნდაც პარტიებს შორის კონკურენციაა. ქვეყანაში, სადაც მხოლოდ ერთი პოლიტიკური პარტია და ავტორიტარული რეჟიმია, შეუძლებელია, ლობისტურმა ორგანიზაციამ გარკვეული საქმიანობა გასწიოს. ასეთი კომპანია იქ მუშაობს, სადაც კონკურენციაა არა მხოლოდ სახელმწიფო, არამედ კერძო სექტორშიც,“-ამბობს სოსო გალუმაშვილი.

 ლეგალური ლობიზმის განვითარების ნაცვლად, ლობირებამ კვლავ კულუარებში გადაინაცვლა და ახლა მხოლოდ ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირებს საკუთარი ახლობლების ლობირება შეუძლიათ. ეს ყველაფერი კი ერთი ფინალით სრულდება - ბიზნესის კეთების უფლების სანაცვლოდ, საჭიროა სრული მზადყოფნა, როცა პარტიას სჭირდება ფული თუ ამომრჩევლის ხმები.

რაც შეეხება პოლიტიკოსებს, მათი ლობირება ერთადერთ შემთხვევაში ხდება, და ისიც ფარულად, შედეგად „ნაციონალურ მოძრაობას“ ახალი სატელიტი პარტია გამოეჩეკება - ხოლმე. თუმცა, ლობირებაზე როგორ უნდა ვილაპარაკოთ, როცა პიარ-კომპანიებსაც აღარ აქვთ სრულფასოვანი მუშაობის შანსი.  

„პიარკომპანიებს გარკვეული პრობლემები შეექმნათ ვარდების რევოლუციის შემდეგ და თითქმის ყველა პიარკომპანიამ, რომელიც მანანმდე პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობდა, ამ ტიპის თანამშრომლობისგან თავი შეიკავა.

გვახსოვს, როდესაც ასლან აბაშიძეს,  გარკვეული ჯგუფი ემსახურებოდა, აქ იმდენად რთული პირობები შეუქმნეს, როგორც მუშაობისთვის, ასევე ცხოვრებისთვის, რამდენიმე მათგანი იძულებული გახდა სხვა ქვეყანაში წასულიყო.

აქედან გამომდინარე, ყველა პიარკომპანია იკავებს თავს პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობაზე, ან ამას ღიად და დეკლარირებულად არ აცხადებს. დღეს ეს კომპანიები ძირითადად, ბიზნესს ემსახურებიან,“ - აცხადებს სოსო გალუმაშვილი.

სოსო გალუმაშვილმა ის სქემაც დაგვიხატა, რაც დღეს  ქართულ ბაზარზე მოქმედებს. მოკლედ რომ ვთქვათ, „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს უცხოელი კონსულტანტები. ადგილობრივ ბაზარზე მათ ემსახურება თვითონ ნაციონალური მოძრაობის პიარტექნოლოგებისგან  შემდგარი ჯგუფი, რომლებიც თავის მხრივ, სხვადასხვა პიარკომპანიებში თუ სხვადახვა ორგანიზაციებში მუშაობენ. ჰყავთ პიარჯგუფები, რომლებიც უცხოელი ექსპერტების რჩევების იმპლემენტაციას ახდენენ. რა გაპიარდეს, ამას არა პიარჯგუფები გეგმავენ, არამედ ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლება და პირადად მიხეილ სააკაშვილი.

როგორც ჩანს, პრეზიდენტმა და მთავრობამ გადაწყვიტეს, რომ საქართველოში ერთი კაცის ლობირება და გაპიარებაც საკმარისია, ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც და სააკაშვილი 50-წლიანი მმართველობის შესახებ მესიჯი, რაც საზოგადოებამ ხუმრობად აღიქვა, ასეთ პირობებში, მართლაც რეალურ მიზნებს უნდა ისახავდეს.