ჯანდაცვის მინისტრის ადგილზე ზურაბ ჭიაბერაშვილის კანდიდატურას განიხილავენ

ჯანდაცვის მინისტრის ადგილზე ზურაბ ჭიაბერაშვილის კანდიდატურას განიხილავენ

Presage.tv-ის ინფორმაციით, მთავრობაში ცვლილებები იგეგმება. უკვე გადაწყვეტილია, რომ შეიცვლება ჯანდაცვის მინისტრი და მას ზურაბ ჭიაბერაშვილი ჩაანაცვლებს, რომელიც ამჟამად შვეიცარიის კონფედერაციაში, ლიხტეშტაინის სამთავროში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩია. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ კი ოთარ თოიძის გადაყვანას გეგმავენ, რომელიც ამჟამად პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეა.

ამ ინფორმაციას ხელისუფლებაში ჯერჯერობით არ ადასტურებენ და მხოლოდ იმას ამბობენ, რომ „მთავრობა ცოცხალი ორგანიზმია და ზოგადად ცვლილებები ცუდი არ არის“. თუმცა, ფაქტია, რომ ეს ძალზე ზოგადი პასუხია და საინტერესო ის არის, სამთავრობო ცვლილებები ახლა რატომ გაახსენდათ.

არჩევნების წინ სამთავრობო ცვლილებები, მით უმეტეს საზოგადოებისთვის მგრძნობიარე სფეროებში მოსალოდნელია, რადგან ეს არის ერთ-ერთი კარგი საშუალება იმისთვის, რომ მოსახლეობას აჩვენო, ხელისუფლება როგორ ზრუნავს საზოგადოებაზე.

ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი სამთავრობო კულუარებში იმაზე საუბრობენ, რომ ჯანდაცვის მოქმედი მინისტრით უკმაყოფილო პირადად პრეზიდენტია. თუკი იმ ფაქტსაც გავითვალისწინებთ, რომ ბოლო პერიოდში სააკაშვილს თავსგადამხდარი კურიოზები, დაწყებული საავადმყოფოების გახსნისას პრეზიდენტისთვის საწოლში პიჯაკიანი „პაციენტის“ დახვედრებით და აპარატურის ერთი საავადმყოფოდან მეორეში ტარებით, სწორედ ჯანდაცვის სფეროს უკავშირდება.

სხვა საკითხია, ეს ყველაფერი რამდენად არის უშუალოდ ურუშაძის დანაშაული, მაგრამ ფაქტია, რომ ამით პრეზიდენტი საკმაოდ განაწყენებულია და სადაც საშუალება მიეცემა, ყველგან ამაზე ლაპარაკობს. მთავარი კი ის არის, რომ დღეს ჯანდაცვის და სოციალურ საკითხებში პრობლემა იმდენად თვალში საცემია, რომ ხელისუფლებამ რაც არ უნდა ილაპარაკოს ეკონომიკურ წინსვლასა და ქვეყანაში ევროპული ცხოვრების დონის არსებობით, ცხადია, ეს მოსახლეობისთვის ვერანაირად ვერ იქნება დამაჯერებელი.

სამთავრობო წრეებში კი იმასაც ამბობენ, რომ პრეზიდენტი ამ პრობლემების არსებობას ურუშაძის ცუდ მენეჯერობას უკავშირებს და გადაწყვეტილი აქვს, რომ ეს პრობლემა მის ადგილას „კარგი მენეჯერის“ მოყვანით მოხსნას.

ასეთი „კარგი მენეჯერი“ კი, ზურაბ ჭიაბერაშვილი აღმოჩნდა, რომელიც ახლა შვეიცარიაში საქართველოს ელჩია.

როდის მოხდება ეს სამთავრობო ცვლილება, ძნელი სათქმელია. თუმცა, საგულისხმოა ისიც, რომ ბოლო პერიოდში ჯანდაცვის მინისტრის მოხსნის აუცილებლობაზე „ქრისტიან-დემოკრატებიც“ ალაპარაკდნენ და გამორიცხული არ არის, რომ ეს თემა აქტუალური ხელისუფლებამ სწორედ მათი მეშვეობით გახადა.

რაც შეეხება ოთარ თოიძის მინისტრის მოადგილედ გადაყვანას, მოულოდნელი არც ეს იქნება, რადგან არჩევნების წინ, როგორც წესი, სააკაშვილის ერთგული დეპუტატების სამთავრობო სტრუქტურებში დასაქმება ხდება.