ჯონდი ბაღათურია: კასტინგებზე მე რა მინდა - პოდიუმზე სიარულს გოკა გაბაშვილი და აკო მინაშვილია შეჩვეული

ჯონდი ბაღათურია: კასტინგებზე მე რა მინდა - პოდიუმზე სიარულს გოკა გაბაშვილი და აკო მინაშვილია შეჩვეული

ფრაქცია ,,ერთობა სამართლიანობისთვის“ წევრს და ,,ქართული დასის“ ლიდერს, ჯონდი ბაღათურიას პრეზიდენტისა და მისი ოჯახის წევრების კორუფციაში მხილება ივანიშვილამდე მისასვლელ კასტინგად ჩაუთვალეს.  მიუხედავად ამისა, ,,ეს კაცი ორი კვირაა ჩემი ლანძღვითაა დაკავებული. მიტინგებზე ავსებს დეკლარაციებს და ამტკიცებს, რომ კანონიერადაა გამდიდრებული,“- აცხადებს ბაღათურია და პრეზიდენტთან ტელედებატებში ამ საკითხის გასარკვევად მზადყოფნას აცხადებს.

კიდევ რა მამხილებელი დოკუმენტების გამომზეურება სურს პრეზიდენტის წინააღმდეგ, აღიქვა თუ არა მან მუქარად პრეზიდენტის პარლამენტში სტუმრობისას მის მიმართ გაკეთებული განცხადებები და რატომ ჩაუთვალეს მას სააკაშვილის მხილება, ივანიშვილთან მისასვლელ კასტინგად, presage.tv,,ერთობა სამართლიანობისთვის“ წევრს, ჯონდი ბაღათურიას ესაუბრა.

ჯონდი ბაღათურია: რაც პარლამენტიდან გაიქცა, მას შემდეგ, პრეზიდენტი ძალიან განერვიულებულია. ძირითადად ჩემი ლანძღვითაა დაკავებული, დადის მიტინგებზე ავსებს დეკლარაციებს და ამტკიცებს, რომ კანონიერადაა გამდიდრდა და კორუმპირებული არაა. ამიტომ მათ მოედანზე, პრეზიდენტის პირად საკუთრებაში მყოფ ტელეკომპანია რუსთავი2-ის პირდაპირ ეთერში, მზად ვარ წარვსდგე პრეზიდენტთან ერთად და პირდაპირ ეთერში დავუმტკიცო, რომ უკანონოდ გამდიდრდა, რომ მიითვისა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება, რომ დაანგრია ქვეყნის ეკონომიკა  და სწორედ, პრეზიდენტია სათავე და წყარო, სიმბოლო ქვეყანაში კორუფციისა.

გჯერათ, რომ მიიღებს თქვენს გამოწვევას?

პრეზიდენტს თუ თავის მართლების სურვილი აქვს, იმართლოს თავი და დაამტკიცოს თავის სიმართლე. მას საშუალებას ვაძლევ, რომ ეს თქვას პირდაპირ ეთერში და არა მიტინგებზე წივილ-კივილით. წინაღმდეგ შემთხვევაში, პრეზიდენტის საქციელი პატარა ბავშის საქციელს გაქვს, რომელიც ეზოში დამარცხდება, სახლში მამიკოსთან გარბის და ფანჯრიდან გულზე მოსული უწმაწურ სიტყვებს ისვრის. ორი კვირააა კაცი, მიტინგებზე ხან რას მეძახის და ხან რას. სააკაშვილი დამარცხებულია, ეს ბრძოლა მან უკვე წააგო, მაგრამ ჩირგვებში ჯდომას და იქიდან კენჭების სროლას სჯობს თავი იმართლოს.

პრეზიდენტის პარლამენტის სტუმრობისას თქვენი მისამართით ერთგვარი მუქარა გაისმა, თქვენ აღიქვით ეს მუქარად?

პრეზიდენტის საქციელი სამარცხვინო და სასაცილო  იყო. ამაზე ცალსახად, საზოგადოებამ შეფასება გააკეთა. რა თქმა უნდა, მუქარა იყო და მუქარად მივიღე. ახლაც დარბის და იმუქრება ჩირგვებიდან. ყველაზე კარგად და მარტივად პრეზიდენტს, რაც გამოსდის ეს გაქცევაა. მოვუწოდებ, მუქარას თავი დაანებოს და ისე მოიქცეს როგორც პრეზიდენტს შეეფერება.

ფრაქცია „ერთობა სამართლიანობის“  სამთავრობო საათის გამართვას ითხოვს, თუმცა უმრავლესობის წარმომადგენლების განცხადებით, მოთხოვნა სამრთლიანობის ფარგლებს ცდება და ამბობს, რომ სამთავრობო საათით პარლამენტში თეატრის მოწყობა გსურთ...

ცისკარშვილი, მაჭავარიანი, გაბაშვილი, მინაშვილი ჩემს ლანძღვასა და ჩემზე თავდასხმაში ერთმანეთს ეჯიბრებიან იმისთვის, რომ პრეზიდენტის კეთილგანწყობა დაიმსახურონ . დიდი ხანია ვამჩნევ, რომ ჩემი ლანღვა ერთგავარად მოდაშია,  სწორედ იმიტომ, რომ პრეზიდენტმა ვინმე შეაქოს. მათ ნათქვამს მნიშვნელობას არ ვანჭებ.  რაც შეეხება სამთავრობო საათს, ჩვენ ვითხოვთ შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო ბერაბიშვილისა და იუსტიციის მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის სტუმრობას. მათთან ბევრი შეკითხვა დაგვიგროვდა, ჩამოყალიბებული გვაქვს 10 კითხვა და პასუხის გაცემას ვითხოვთ. აუცილებელია პასუხები გასცენ პრეზიდენტისა და მისი ოჯახის წევრების კორუფციაში მონაწილეობის შესახებ წარმოდგენილ დოკუმენტებზე, ძალოვანი სტრუქტურების მაღალჩინოსანთა მიერ ჩადენილ დანაშაულზე, მათ შორის ქიმერიძის მკვლელობაზე, ჟურნალისტის სოფო ნიკოლეიშვილის დაპატიმრებაზე, გირგვლინის საკითხთან დაკავშირებით შეჩერებულ გამოძიებაზე და ასე შემდეგ.

პრეზიდენტის მხილება,  ხელისუფლების წარმომადგენლებმა  ივანიშვილთან მისასვლელ კასტინგად ჩაგითვალეს...

კასტინგებზე მე რა მინდა? კასტინგებზე და პოდიუმებზე სიარულს გოკა გაბაშვილი  და აკო მინაშვილია შეჩვეული.  მათ სხვა ვერაფერი მოიფიქრეს და ამას ამბობენ. ეს სრულიად უპასუხიმგებლო და არასერიოზული შეფასებაა. არაადეკვატური პასუხია იმ მამხილებელ დოკუმენტებზე, რომელიც პრეზიდენტის და მისი ოჯახის წევრების კორუფციაში მონაწილეობას ადასტურებს.  რა პასუხია კასტინგი და პოდიუმი, რა კავშირი აქვს ამას იმ უმაღლესი დონის კორუფციასთან, რომელსაც სახელმწიფოში აქვს ადგილი ვერ ვხვდები.