პუტინის ძალაუფლება: Déjà Vu კავკასიისთვის

პუტინის ძალაუფლება: Déjà Vu კავკასიისთვის

სხვა რაღა უნდა ითქვას რუსულ გაზაფხულზე: ”ასიმეტრიული” საარჩევნო კამპანია, ჭორები ბოტოქსის შესახებ, პატარა საარჩევნო მაგია და აი, ვლადიმერ პუტინი ისევ კრემლის ბოსია. პუტინი გამარჯვებას დიდწილად კავკასიას უნდა უმადლოდეს და აი ახლა ის მილოცვებს იმ ქვეყნებიდან და ტერიტორიებიდან იღებს, რომელიც რუსეთს ეკუთვნის, რუსეთის მიერაა დაპყრობილი, ან რუსეთით არიან შეპყრობილნი.

ჯერ ჩრდილოეთზე შევჩერდეთ, სადაც ცეცხლოვანმა ძლიერმა კაცმა რამზან კადიროვმა, თავისი პატრონის მხარდასაჭერად საარჩევნო უბანთან იცეკვა კიდეც. ჩეჩნურმა ჩა-ჩა-ჩამ, როგორც ჩანს, იმუშავა. წინასწარი მონაცემებით, პუტინმა რუსეთის ფედერალურ საზღვრებში ყველაზე მეტი ხმა ხისტად მართულ ჩეჩნეთში მიიღო და ყველაზე ნაკლები – სკეპტიკურად განწყობილ მოსკოვში.

სამხრეთ კავკასიის სამხრეთ ქედზე, სეპარატისტულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, რომლებიც რუსეთს საიმედოდ ჰყავს მოქცეული საკუთარ მკლავებში, დარეგისტრირებული რუსი ამომრჩევლების 90 პროცენტმა ხმა პუტინს მისცა. ამ ტერიტორიების სეპარატისტ მმართველებს, რომლებიც ეგზისტენციალურად არიან დამოკიდებულნი მოსკოვზე, ცეკვა არ გაუმართავთ, მაგრამ ხმა პუტინს მისცეს და თავის ელექტორატსაც იგივე ნაბიჯისკენ მოუწოდეს.

სეპარატისტული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტმა ალექსანდრე ანქვაბმა, რომელიც თავისი ჩეჩენი კოლეგისგან განსხვავებით აცხადებს, რომ დამოუკიდებელ სახელმწიფოს მართავს (თუმცა ჯიბეში რუსული პასპორტი უდევს), თქვა, რომ მისთვის ბედნიერებაა ვლადიმერ ვლადიმეროვიჩისთვის ხმის მიცემა.

რაც შეეხება არასადავო ქვეყნებს, ყველაზე მეტად პუტინის დაბრუნებით სომხეთმა გაიხარა, სომხეთმა, რომელიც რუსეთისგან დიდძალ პოლიტიკურ და სამხედრო დახმარებას იღებს. მოიწონა რა პუტინის გამარჯვება, პრეზიდენტმა სერჟ სარგისიანცმა დაწერა, რომ მოუთმენლად ელის ეკონომკური კავშირების გაღრმავებას, ანუ უფრო მეტ ფულს მოდევნო წლებში. მან აგრეთვე, როდესმე ახლო მომავალში, პუტინი სომხეთში მიიწვია.

რუსეთისადმი ნაკლებად მეგობრულად განწყობილი ქვეყნის, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, საბაზისო პროტოკოლურ წესებს დიდად არ გადაუხვია მილოცვისას რუს კოლეგას წარმატება და ჯანმრთელობა უსურვა. აგრეთვე იმედი გამოთქვა, რომ მათი ტრანს-მთიანი მეგობრობა გაღრმავდება.

გასაოცარი არ არის, რომ პუტინს საქართველოდან სასიყვარულო ბარათები არ მისვლია, საქართველოდან, რომელიც პუტინმა საარჩევნო კამპანიისას არაერთხელ გამოიყენა საფრთხობელად. მართალია, თბილისმა გააუქმა სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის, მაგრამ ერთმნიშვნელოვნად ცხადყო, რომ მას პუტინი ნებისმიერ სტატუსში სძაგს – როგორც პრემიერ-მინისტრის, ასევე პრეზიდენტის რანგში. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო კალანდაძემ 5 მარტს განაცახადა, რომ საქართველოს არ გააჩნია არავითარი ილუზია რუსეთში დემოკრატიის წინსვლასთან ან თბილისსა და მოსკოვს შორის კავშირების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით.

თუ ეს განცხადებები, მილოცვები და საარჩევნო შედეგები რაიმეს გვეუბნება, გვეუბნება იმას, რომ პუტინის მმართველობის (სულ ცოტა) მომავალი ექვსი წლის განმავლობაში კავკასიის ქედის ორივე მხარეს ბევრი არაფერი შეიცვლება.
foreignpress.ge