ნინო ბურჯანაძემ „ქართულ ოცნებასა“ და „სახალხო კრებას“ შორის მშვენიერი ელენეს როლი შეასრულა. მის გარეშე არც მოლაპარაკებები წარმოებს და არც - ურთიერთშეთანხმება. რატომ არის „სახალხო კრებისა“ და ნინო ბურჯანაძის სახელი ერთმანეთისგან განუყოფელი?! ამის შესახებ „სახალხო კრების“ წევრებს სხვადასხვა პოზიცია აქვთ. „სახალხო კრების“ ერთ-ერთი ლიდერის, ნონა გაფრინდაშვილისთვის, ადამიანური ერთგულება ერთ-ერთი უპირველესი ღირებულებაა. „სახალხო კრების“ წარმომადგენელ ირაკლი ბათიაშვილის შეფასებით კი, ნინო ბურჯანაძესთან თანამშრომლობის საკითხზე „ქართული ოცნების“ კრიტიკული დამოკიდებულება არც პოლიტიკურ და არც ზნეობრივ ჩარჩოებში არ ჯდება. ხოლო მსახიობ სოსო ჯაჭვლიანისთვის ბურჯანაძისადმი ერთგულება მორალის ამბავია. ის, რომ ნინო ბურჯანაძისა და „სახალხო კრების“ სახელები ერთმანეთისგან განუყოფელი იყო, ამის შესახებ სასტუმრო „ძველ თბილისში“ „სახალხო კრების“ წევრების გაერთიანებულ შეხვედრაზე ერთი თვის წინაც გაცხადდა. მაშინ „სახალხო კრების“ წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკურ საქმიანობაში ხელს არ შეუშლიდნენ და მესამე პოლიტიკურ ცენტრს არ შექმნიდნენ, თუმცა ნინო ბურჯანაძის გარეშე არავის დაელაპარაკებოდნენ. დღეს „ქართული ოცნების“ მისამართით „სახალხო კრების“ გზავნილი უფრო მკვეთრია: ისინი ნინო ბურჯანაძის გარეშე „ქართულ ოცნებასთან“ მოლაპარაკებებს არ აპირებენ. ასეთი კატეგორიულობის გამო ხომ არ მოიჭრა „სახალხო კრებამ“ მისასვლელი გზა „ქართულ ოცნებასთან“? როგორ მოხერხდება მათი შემდგომი თანამშრომლობა?! მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა „სახალხო კრების“ წევრების მიმართ პატივისცემა უშუალოდ დაადასტურა და 26 მაისის მონაწილეებს გმირები უწოდა (ნინო ბურჯანაძის გამოკლებით, რომელსაც პოლიტიკოსისთვის აუცილებელი პასუხისმგებლობა დააკისრა), ზოგიერთებში მოლოდინი გაჩნდა, რომ ივანიშვილისა და „სახალხო კრების“ პოზიციები უფრო დაახლოვდებოდა. თუმცა, დღეს „სახალხო კრებამ“ ოპოზიციურ პარტიებს ქვეყნის გადასარჩენად გაერთიანებისა და ერთიანი ფრონტის შექმნისკენ მოუწოდა. აშკარაა, რომ „კრების“ აღმასრულებელი საბჭოს წევრებმა ეს განცხადება, პირველ რიგში, „ქართული ოცნების“ მისამართით გაავრცელეს. კრების წევრების აზრით, დღეს ოპოზიციურ ძალებს შორის დაპირისპირებისა და ხელოვნური ბარიერების შექმნის დრო არ არის. მეტიც, რეალურად ყველა ოპოზიციური ძალის მიზანი დამნაშავე რეჟიმთან და არა პოლიტიკურ კონკურენტებთან ბრძოლა უნდა იყოს, რითაც 2012 წლის საპარალმენტო არჩევნებში ხელისუფლების დამარცხება და კონსტიტუციური უმრავლესობის მოპოვება უნდა მოხერხდეს და მომდევნო ექვსი თვის ვადაში ახალი საპარლამენტო არჩევნები უნდა გამოცხადდეს. რაც შეეხება ირაკლი ბათიაშვილს, მისი აზრით, ნინო ბურჯანაძეს კრების საქმიანობაში უზარმაზარი წვლილი აქვს შეტანილი და მის გარეშე კრების მუშობა არც მოიაზრება, ხოლო საკითხის ასე დაყენება განსაცვიფრებელია. „სახალხო კრების“ ერთ-ერთი ლიდერი ნონა გაფრინდაშვილი აცხადებს, რომ პოლიტიკურ კოალიცია „ქართულ ოცნებასთან“ მოლაპარაკებები ნინო ბურჯანაძის გარეშე არ შედგება - „ჩვენ ერთი მთლიანობა ვართ და არავის არაფერს შევეხვეწებით“, -აღნიშნა „სახალხო კრების“ ერთ-ერთმა ლიდერმა. ამასთან, გაფრინდაშვილმა ბიძინა ივანიშვილთან ვიზიტის დეტალებიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ ბიზნესმენისა და „სახალხო კრების“ წევრების შეხვედრიდან კარგი განწყობით წამოვიდა. მით უფრო, რომ შეხვედრის შემდეგ ურთიერთობა ახალი ეტაპიდან უნდა დაწყებულიყო. Presage.tv-ის შეკითხვაზე, თუ რას ეფუძნება ნონა გაფრინდაშვილის კატეგორიულობა, როცა ნინო ბურჯანაძის გარეშე „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობა არ წარმოუდგენია, „სახალხო კრების“ ერთ-ერთ ლიდერი ნონა გაფრინდაშვილი აცხადებს: „ორი წლის განმავლობაში თუ ვიყავით ადამიანთან, იმას უნდა ვუღალატოთ?! ორი წელია, ნინო ბურჯანაძესთან ერთად ვართ „სახალხო კრებაში“, როგორ ფიქრობთ, როგორ ვუღალატებთ?! ჯერ ერთი, ამას ვერც ვერავინ გვეტყვის, მეორეც, ასეთი რამ ბიძინა ივანიშვილს ჩემთან საუბარში არ უთქვამს. პირველ რიგში, ჩვენ ჩვენს თავს უნდა ვცეთ პატივი, მე არასდროს მოღალატე არ ვყოფილვარ და მომავალშიც არავის მოღალატე არ ვიქნები“. ამასთან, ნონა გაფრინდაშვილი აცხადებს, რომ „სახალხო კრების“ წევრებს შორის ერთგულება უმაღლეს დონეზეა აყვანილი. მისი თქმით, კრების წევრები ერთმანეთს ენდობიან, ასევე, იციან, რასაც აკეთებენ და ვინ რისი გამკეთებელია. მეტიც, თუ დღეს შეიძლება, ვინმე პოლიტიკოსად იწოდებოდეს, ნონა გაფრინდაშვილისთვის ასეთი ნინო ბურჯანაძეა. „დარწმუნებული უნდა ვიყო ამა თუ იმ პოლიტიკოსში, რომ ის არავის გაურიგდება და ბოლომდე იბრძოლებს რეჟიმის წინააღდეგ. ასეთია ნინო ბურჯანაძე. ამიტომაც ვარ მისი ერთგული. შინაარსიდან გამოდის ეს ყველაფერი“, - გვითხრა ნონა გაფრინდაშვილმა. თუ ვის ინტერესშია, რომ ნინო ბურჯანაძე არ იყოს „ქართული ოცნების“ გვერდით, ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემას ნონა გაფრინდაშვილი არ აპირებს. მოტივად ასახელებს, რომ არავისთან პოლემიკაში შესვლა არ სურს. როგორ ესახება „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობის გაგრძელება, როცა ბიძინა ივანიშვილი ბურჯანაძესთან თანამშრომლობას არ აპირებს, გაფრინდაშვილი აღნიშნავს: „ყველასთან ვაპირებთ თანამშრომლობას, ვისაც ხელისუფლებასთან ბრძოლა სურს, ყველა ოპოზიციონერს შევთავაზეთ ერთიანი ფრონტის შექმნის იდეა. ეს არ ნიშნავს კოალიციაში შესვლას. იმდენი უბედურება ხდება ქვეყანაში, რომ შეიძლება, ამ კუთხით ებრძოლო ამ ხელისუფლებას“. იმ შემთხვევაში, თუ საქვეყნო საქმე ნინო ბურჯანაძის გარეშე „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობას მოითხოვს, ნონა გაფრინდაშვილი მაინც საკუთარ პოზიციაზეა და აცხადებს: „დღევანდელი გადმოსახედიდან, ამის შედეგი საპირისპირო იქნება და ეს მარჩიელობას ემსგავსება“. მსახიობი და რეჟისორი სოსო ჯაჭვლიანი ნინო ბურჯანაძისადმი დამოკიდებულებას იმით ხსნის, რომ 26 მაისს ისინი ნინო ბურჯანაძესთან ერთად იდგნენ. ამდენად, მათი ურთერთობის გაგრძელება მორალის ამბავია. „ეს გუნდია და, როცა გუნდურობას ვახსენებთ, რომელ დაპირიპირებაზეა საუბარი?! 26-ში ერთად გავუძელით იმ საშინელებას. ამდენად, ესაა მორალი და სიმართლე. კატეგორიულად ვერავინ დაგვიყენებს საკითხს, რომ ამა თუ იმ ადამიანთან ერთად არ დავდგეთ ან დავდგეთ. კატეგორიულობას ვერავინ მოგვთხოვს, უფალი კი არაა?!“ - აცხადებს სოსო ჯაჭვლიანი Presage.tv-სთან საუბარში. მისივე თქმით, „სახალხო კრების“ წევრების „მილიარდი“ მათივე მორალია. ამ საკითხთან დაკავშირებით Presage.tv „ქართული ოცნების“ პრესსპიკერს, მაია ფანჯიკიძეს ესაუბრა. მისი თქმით, ნინო ბურჯანაძესთან დაკავშირებით, ძალიან მკაფიოა ბიძინა ივანიშვილის პოზიცია. „ბატონი ბიძინა „სახალხო კრების“ წარმომადგენლებს შეხვდა, რადგან მიაჩნია, რომ ისინი საქართველოსთვის დამსახურებული მოღვაწეები არიან. სხვათაშორის, მათთან ძალიან კარგი და გულთბილი შეხვედრა ჰქონდა. რაც შეეხება ნინო ბურჯანაძესთან პოლიტიკურ თანაშრომლობას, ეს ბატონმა ბიძინამ გამორიცხა. არასდროს არ უთქვამს, რომ პოლიტიკური თანამშრომლობა ნინო ბურჯანაძესთან შედგება. სამწუხაროა, თუკი ეს აღმოჩნდება ბარიერი იმისთვის, რომ „ქართულ ოცნებას“ ჰქონდეს გარკვეული სახის ურთიერთობა „სახალხო კრებასთან“, - აცხადებს მაია ფანჯიკიძე. ამასთან, „ქართული ოცნების“ პრესსპიკერი „სახალხო კრების“ წევრების წინადადებასაც ეხმაურება, რომელიც ოპოზიციის ერთიანი ფრონტის შექმნას გულისხმობს. მაია ფანჯიკიძის თქმით, ამ რეჟიმის დამარცხება იოლია თუ არა, ეს ძალიან მალე, ოქტომბერში გამოჩნდება და „ქართული ოცნების“ წევრები დარწმუნებულნი არიან, რომ მათი პოლიტიკური ძალა ამას შეძლებს. რაც შეეხება ერთიან ოპოზიციურ ფრონტს, მაია ფანჯიკიძის აზრით, ყველა ოპოზიციური პარტიის ხელოვნური გაერთიანება ყველა ამომრჩევლის ხმის მექანიკურ გაერთიანებას არ მოგვცემს. სწორედ ამის გამო „ქართულმა ოცნებამ“ ზოგიერთ ოპოზიციურ პარტიასთან ურთიერთობა გამორიცხა და მათ ეს პოზიცია არ შეუცვლიათ. შეკითხვაზე, „სახალხო კრების“ მხრიდან დღეს გაკეთბული განცხადების შემდეგ „კრების“ წევრები რა სახით ითანამშრომლებენ ბიძინა ივანაშვილთან, მაია ფანჯიკიძე აცხადებს: „არ ვიცი, ალბათ, ეს მათ უნდა ჰკითხოთ. ჩვენი მხრიდან კეთილი ურთიერთობის სურვილი ყოველთვის არსებობდა და არსებობს. „სახალხო კრების“ ცალკეული წევრები ისტორიაში ძალიან დამსახურებული ადამიანები არიან: ცნობილი რეჟისორები, მსახიობები... ქალბატონი ნონა, მე-20 საუკუნის ყველაზე დიდი მსოფლიო მოჭადრაკეა. დასანანი იქნება, თუკი მათთან ურთერთობის საშუალება არ იქნება“, - აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ. |