კონტროლის პალატამ ლანჩხუთში ოპოზიცია დააწიოკა, „გურია ნიუსის“ ჟურნალისტს გამგეობის შენობაში არ უშვებენ

კონტროლის პალატამ ლანჩხუთში ოპოზიცია დააწიოკა, „გურია ნიუსის“ ჟურნალისტს გამგეობის შენობაში არ უშვებენ

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის მესამე სართულზე, სადაც ამ წუთებში კონტროლის პალატა ლანჩხუთელებს კითხვას, გურიის რეგიონალური გაზეთის, „გურია ნიუსის“ ჟურნალისტს ლალი იმედაიშვილს არ უშვებენ.

აღნიშნული შენობის მესამე სართულზე გამგებლის და პრესცენტრის ოთახებია განთავსებული. როგორც გვითხრეს მესამე სართულს პოლიცია აკონტროლებს. გამგეობის პრესამსახურის ხელმძღავნელის, ეთერ ჭყონიას თქმით, მისთვის უცნობია რატომ არ უშვებენ ჟურნალისტ შენობის მესამე სართულზე. მისივე ინფორმაციით, გამგეობამ კონტროლის პალატას მოთხოვნისამებრ ორი ოთახი დაუთმო.

„სხვა დანარჩენის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს“, - აღნიშნა ჩვენთან საუბრსას ჭყონიამ.

თუ რატომ არ უშვებენ ადმინისტრაციულ შენობაში ჟურნალისტს არ იცის გურიის გუბერნატორმა, ვალერი ჩიტაიშვილმა. ჩიტაიშვილის განცხადებით, მისთვის მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ კონტროლის პალატა გასაუბრებას აწარმოებს ლანჩხუთელებთან:

„არ მაქვს ინფორმაცია, რომ იქ ჟურნალისტებს არ უშვებენ“, - გვითხრა გუბერნატორმა.

„პოლიტიკური სუბიექტების მოჩვენებითი, თვალთმაქცური გარიგების გზით დაფინანსების ფაქტზე ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს, რასთან დაკავშირებითაც დაბარებული ხართ ახსნა-განმარტების მისაცემად“, - ასეთი უწყებები მიუვიდათ ლანჩხუთელ ოპოზიციონერებს გუშინ.

„რესპუბლიკური პარტიის“ ლანჩხუთის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, რომან ბიწაძის ინფორმაციით, დასაკითხთთა შორის ისეთი პირებიც არიან, რომლებსაც პოლიტიკასთან შეხება არა აქვთ.

ჩვენი ინფორმაციით, დაკითხვები რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდება, თუმცა იქიდან გამოსული ადამიანები კომენტარებს არ აკეთებენ.

ხვალ კონტროლის პალატა ჩოხატაურში გადმოინაცვლებს და ადმინისტრაციულ შენობაში იმ ჩოხატაურელებს დაკითხავს, რომლებსაც პოლიტიკასთან შეხება აქვთ. თუმცა, როგორც გავარკვიეთ, ლანჩხუთის მსგავსად კონტროლის პალატამ, ჩოხატაურშიც ისეთი პირები დაიბარა, რომლებსაც პოლიტიკასთან შეხება არ ააქვთ.