რუსეთის ფედერაციის ყოფილი და მომავალი პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის არჩევა, უიმედო განცდებს ბადებს იმის თაობაზე, რომ შარშან რუსეთში ხანმოკლე და იმედისმომცემი პოლიტიკური სიმხნევის პერიოდი ფუჭი იყო. მან თავისას მიაღწია – შეცვალა თავისი პროტეჟე დიმიტრი მედვედევი და დაიბრუნა კრემლში ძალაუფლება, ავტორიტარიზმის განმტკიცებისა და პოლიტიკური სტაგნაციის გაძლიერებისთვის.
მაგრამ ეს შეიძლება ბოლო გამარჯვებად იქცეს როგორც პუტინისთვის, ასევე „პუტინიზმისთვის“. მომავალი რუსეთში მზარდ საშუალო კლასზეა დამოკიდებული, რომელიც მსოფლიოში ინტეგრირებულია და კრემლის კორუმპირებული პოლიტიკის მიერ გაუცხოვებულია.
პირველად, საბჭოთა კავშირში, როგორც სტუდენტი-ასპირანტი 1979 წელს მოვხვდი. უმალ შემზარა იმან, თუ როგორი თავჩაქინდრულები დადიოდნენ საბჭოთა მოქალაქეები. ეს დაშინებული და დათრგუნული ადამიანები იყვნენ, რომელთა უმრავლესობას ჯერ კიდევ ახსოვდა სტალინიზმის რეპრესიები და სისატიკე. რეპრესიები დიდ ისტორიულ ჩრდილს ტოვებს.
როდესაც პუტინი ხელისუფლებაში მოვიდა, მან ხელახლა აღადგინა სახელმწიფოს დესპოტური ძალაუფლება – სასამართლო ორგანოებს დამოუკიდებლობა წაართვა, დაიწყო გუბერნატორების დანიშვნა და მოსახლობას მათი არჩევის საშუალება ჩამოართვა, მთლიანად დახურა დამოუკიდებელი ტელევიზია. ზოგიერთმა ჟურნალისტმა, რომელიც ხელისუფლებას დაუპირისპირდა, მაგალითად ანა პოლიტკოვსკაია, ამისთვის ყველაზე მაღალი ფასი გადაიხადა.
მაგრამ ეს ზეწოლა სახელმწიფოს მხრიდან არ იყო საბჭოთა დროის ანალოგიური – არც ძალადობის ხარისხით, და არც იმით, თუ რამდენად აღწევდა ის მოსახლოების საერთო მასებამდე. დღეს უკვე ცოტას თუ ახსოვს ის საშინელი დღეები. მეტიც, ვიდრე ტელევიზია კრემლის იდეების პროპაგანდას ეწეოდა, ინტერნეტი ისეთ ადგილად იქცა, სადაც ალტერნატიული შეხედულებების გამოთქმა შეიძლება.
2007 წელს, სახელმწიფო მდივნის რანგში მოსკოვში ვიზიტის დროს ახალგაზრდა მეწარმეებს შევხვდი. მე წუხილი გამოვთქვი დამოუკიდებელი მედიის არ არსებობის გამო. ერთმა ახაგაზრდამ რეპლიკით მიპასუხა: „ვინ უყურებს დღეს ტელევიზორს? ჩვენ ყველანი ინტერნეტში ვართ“.
მას ისიც შეეძლო ეთქვა, რომ ყველა მათგანი რუსეთის გარეთ მუშაობდა – მსოფლიოს იურიდიულ, კონსალტინგურ და ფინანსურ ფირმებში. მათგან ნახევარზე მეტს განათლება უცხოეთში, ევროპისა და აშშ-ს პრესტიჟულ ბიზნეს-სკოლებში ჰქონდათ მიღებული.
ეს ახალგაზრდები რუსეთის მოსახლეობის შედარებით მცირე პროცენტს წარმოადგენენ. მაგრამ გაიხედეთ თქვენს გარშემო მოსკოვში, სანქტ-პეტერბურგში ან ვლადივოსტოკშიც კი: ყველგან იზრდება ურბანული საშუალო კლასი – მათ აქვთ საკუთარი, Ikea-ს ავეჯით გაწყობილი ბინები და ბავშვებს „მაკდონალდსში“ ართობენ. ისინიც შეეჩვივნენ ნორმალურ ცხოვრებას და მომავალთან დაკავშირებული სხვა გეგმები აქვთ.
პუტინმა საკუთარი ლეგიტიმაცია კეთილდღეობასა და წესრიგზე დააფუძნა, მაგრამ, როგორც ჩანს არ ესმის, რომ მოსახლეობა, რომელიც წარმატებას აღწევს, პატივისცემასაც მოითხოვს. თავისი განცხადებით, რომ ის კვლავ გახდებოდა პრეზიდენტი და მოგვიანებით დეკმებერში გაამრთული პარლამენტის არჩევენების შედეგების ფალსიფიკაციით, მან რუს ხალხს შეურაცხყოფა მიაყენა. ბევრს მობეზრდა ის პოლიტიკური სისტემა, რომელიც ბუნებრივი რესურსების სინდიკატივით უფრო ფუნქციონირებს, ვიდრე როგორც სახალხო მთავრობა.
ჯერ-ჯერობით უცნობია, ცვლილებები რევოლუციური თუ ევოლუციური გზით განხორციელდება. თუკი ხელისუფლება გაითვალისწინებს შარშანდელ გაკვეთილს და მოკრძალებულ რეფორმებს მაინც განახორციელებს, ის საკუთარ ხალხს უზარმაზარ საჩუქარს გაუკეთებს, რაც რუსეთის ისტორიაში ჯერ არ მომხდარა: მშვიდობიანი გარდაქმნებს. თუკი ის ამას არ გააკეთებს, კონფლიქტი გარდაუვალია. ხოლო რევოლუციის რუსული გამოცდილება – უსიამოვნო სანახაობაა.
ბევრი რამ იმაზეა დამოკიდებული, თუ ვინ ისარგებლებს გარდაქმნების სურვილით. იმ ფონზე, როდესაც ყოველდღიური საპროტესტო აქციები მინელდა, საჭიროა პოლიტიკურ ორგანიზებასთან დაკავშირებული რთული სამუშაოს დაწყება. ამ მხრივ ლიბერალურმა და „მემარჯვენე“ ძალებმა (როგორც მათ უწოდებენ), რუსეთის მოქალაქეების კონკრეტული ეკონომიკური და სოციალური პრობლემები უნდა გადაწყვიტონ. ძალიან ხშირად მოძრაობები ყალიბდებოდა ძლიერი პიროვნებების ირგვლივ, ხოლო ხალხის მისწრაფებები მინიმალურად იყო გათვალისწინებული. ამჯერად ლიბერალებს უკვე ჰყავთ მზა ელექტორატი მზარდ საშუალო კლასსა და მის ახლგაზრდა ლიდერებში. მათ ხელიდან არ უნდა გაუშვან ეს შესაძლებლობა.
სხვა შემთხვევაში გარდაქმნათა სტანდარტი შეიძლება რადიკალმა ნაციონალისტებმა და ხელახლა გამხნევებულმა კომუნსტებმა განსაზღვრონ, რომლებმაც შეიძლება გამოიყენონ მზარდი უკმაყოფილება, მაგრამ ჩაანაცვლონ ის ქსენოფობიით და საბოლოო ჯამში, დემოკრატიული პრინციპების უარყოფით.
შეგვიძლია თუ არა ჩვენ შედეგზე რაიმენაირი ზეგავლენა? გარკვეული დოზით, თუმცა, გავლენის ეს ხარისხი უმნიშვნელოა. რა თქმა უნდა, ჩვენ უფრო ხშირად უნდა ვილაპარაკოთ ადამიანის უფლებების პატივისცემაზე და კანონის უზენაესობაზე. უდაოა, რომ ნავთობის დაბალი ფასები კრემლს იოლ ფულს ხელიდან გამოაცლის, რომელზეც ყვავის კორუფცია, ჩინოვნიკების პირადი კეთილდღეობა და ავტორიტარიზმი. ეს კიდევ ერთი ძლიერი არგუმენტია ჩრდილოეთ ამერიკის მნიშვნელოვანი ენერგეტიკული რესურსების განვითარების სასარგებლოდ.
რუსეთს, რომელიც სრულად იყენებს თავის ადამიანურ რესურსს, და არა მხოლოდ დედამიწის წიაღში არსებულ რესურსებს, რეალური წვლილის შეტანა შეუძლია უფრო მშვიდობიანი და ბედნიერი სამყაროს შექმნაში. მედვედევმა ერთხელ მითხრა: „რუსეთში საუკეთესო ინჟინრები არიან პროგრამული უზრუნველყოფის და მათემატიკის განვითარებისთვის“. მე თავი შევიკავე და არ ვუპასუხე: „დიახ, მაგრამ ყველა მათგანი პალო-ალტოში ან თელ-ავივში მუშაობს“. თუკი ისინი მოსკოვში დასაქმდებიან და საკუთარ მომავალს მას დაუკავშირებენ, რუსეთის ეს მოქალაქეები შეძლებენ სიტუაციის უკეთესობისკენ შეცვლას. ჩვენ შეგვიძლია ამ ადამიანებთან საჯარო და კერძო კავშირების განვითარება. ეკონომიკის დივერსიფიკაციას ხელს შეუწყობს ასევე რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებაც, რომელსაც ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ.
საუკუნეების განმავლობაში, რუსეთის, როგორც დიდი ზესახელმწიფოს სტატუსი, დიდწილად, სამხედრო ძლიერებას, ბუნებრივ რესურსებს, მეზობლების დაშინებას და გარე სამყაროსადმი უნდობლობას ეფუძნებოდა. ამერიკის საგარეო პოლიტიკამ – „გადატვირთვაა“ ეს თუ არა – ვერ შეცვალა ის, რადგან ეს პოზიცია რუსეთის საშინაო პოლიტიკის ხასიათს ეფუძნება. როგორი სიახლე იქნებოდა, რომ კრემლის ძლიერება მისი ხალხის კრეატიულობას ეფუძნებოდეს – არც თუ უცნაური იდეაა ერისთვის, რომელმაც საოცარ სიმაღლეებს მიაღწია ხელოვნებასა მეცნიერებაში მისი რთული ისტორიის განმავლობაში.
რუსების ახალმა თაობამ მკაფიოდ გამოხატა ის, რომ ხელისუფლებისგან პატივისცემას ითხოვს – შესაძლოა დაჟინებულად კი, რომ ხელისუფლებამ ჯერ უნდა მიიღოს მათი თანხმობა იმაზე, რომ ისინი მართოს. ჩვენ დაინტერესებულები ვართ მათ წარმატებაში და ჩვენი მოვალეობაა მათ ამის მიღწევაში დავეხმაროთ.
კონდოლიზა რაისი – აშშ-ს სახელმწიფო მდივანი 2005-2009 წლებში.
foreignpress.ge