ის დიდია, მდიდარი და გვერდითაა, მაშინ რატომ არ მონაწილეობს უფრო აქტიურად რეგიონის ცხოვრებაში? არა, საუბარი არ არის რუსეთზე – ამიერაკავკასიური დრამის მთავარ გმირზე, არამედ ქვეყანაზე, რომელსაც ზოგიერთები იმედისმომცემ მსახიობად მიიჩნევენ, მსახიობად, რომელიც კულისებიდან გამოსვლას ელოდება, კერძოდ თურქეთზე.
კონფერენციაზე „თურქეთის პროგრამა ამიერკავკასიაში: სახელმწიფო და არასამთავრობო სტრუქტურების როლი“, რომელიც თბილისში Eurasia Partnership Foundation-ის და ეკონომიკური და სოციალური კვლევების თურქული ფონდის (TESEV) * ხელშეწყობით გაიმართა, მეცნიერები, ანალიტიკოსები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ყოფილი დიპლომატები რეგიონში თურქეთის, როგორც სამშვიდობო ძალის როლის გააქტიურების შესაძლებლობას განიხილავდნენ. მაგრამ ნუ გვექნება მოლოდინი, რომ ანკარა უმალ შეეცდება ამ შესაძლებლობის გამოყენებას. როგორც საქართველოს ერთ-ერთმა წარმომადგენელმა აღნიშნა, ამიერკავკასიაში თურქეთის როლთან დაკავშირებით პასუხებზე მეტი კითხვები არსებობს. დღევანდელ დღეს, რეგიონში მისი სულ უფრო მზარდი როლის მიუხედავად, „თურქეთი არ სარგებლობს სრულად თავის პოლიტიკური წონით“, – აღნიშნავს ევროკავშირის ყოფილი სპეციალური წარმომადგენელი რეგიონში პიტერ სემნები. მიზეზი ბევრია: ეს არის, როგორც ახლო აღმოსავლეთსა და ირანში საყურადღებო საგარეოპოლიტიკური ასპექტები, ასევე ნაციონალისტური ტენდენციების ზრდა ქვეყნის შიგნით (და სომხეთთან თანამშრომლობასთან დაკავშირებული თანმდევი პრობლემები) და იმავდროულად ანკარას სურვილი არ გააღიზიანოს რუსეთი, რომელიც ამიერკავკასიას ისევ თავის უკანა ეზოდ მიიჩნევს. თავის როლს აქ უფრო რაციონალური შეხედულებებიც ასრულებს: სსრკ-ს დანგრევიდან 20 წლის შემდეგ, თურქები მაინც შედარებით ნაკლებად იცნობენ ამიერკავკასიას, ამბობს ცენტრ TESEV-ის საგარეოპოლიტიკური პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილე აიბარს გორგულუ. მთლიანობაში ეს იმას ნიშნავს, რომ მართალია ანკარა „მინიშნებას აკეთებს“ იმაზე, რომ სურს შუამავლობა კონფლიქტების დარეგულირების პროცესში სეპარატისტულ ტერიტორებთან, კერძოდ კი აფხაზეთთან, მთიან ყარაბახთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით, მაგრამ ჯერ-ჯერობით ის არ პირებს ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმას, აცხადებს საერთაშორისო კრიზისების ჯგუფის ევროპული პროგრამის სტამბულის ოფისის დირექტორი საბინა ფრეიზერი. თუმცა თურქეთის ელჩს საქართველოში ლევენტ მურატ ბურჰანს უფრო ზომიერი დიპლომატიური პოზიცია აქვს. დაასახელა რა ამიერკავკასია „პრიორიტეტულ მიმართულებად“ „თურქეთის საქმიანობაში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებისთვის“ „მთელ მიმდებარე ტერიტორიაზე“, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ანკარა „არ პირებს საკუთარი თავით ჩაანაცვლოს სხვა პროცესები“ იმ გზების ძიებისას, რომლებმაც რეგიონალური კონფლიქტები უნდა დაარეგულიროს. რესპუბლიკა არ აპირებს არც რომელიმე საერთაშორისო მოთამაშის განდევნას და მის ჩანაცვლებას. „რუსეთის აქტიური მონაწილეობის გარეშე ამ პრობლემების მოგვარება ძალიან რთული იქნება“, – დარწმუნებულია ელჩი, რომელმაც ევროკავშირი დაასახელა ამიერკავკასიაში ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ მოთამაშედ, „ნომერ პირველ კანდიდატად“ ზემოთაღნიშნულ სამ კონფლიქტთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარების როლისთვის. „ჩვენ თანამშრომლობა გვჭირდება პროცესის ყველა მონაწილესთან“, – ამბობს იგი, „თუკი ეს ასე არ იქნება, ჩვენ წინსვლას ვერ შევძლებთ“. მიუხედავად ამისა, ზოგიერთი მიმომხილველის აზრით, თურქეთს საქმის წინ წაწევა თავადაც შეუძლია. ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის კონფლქიტების პრევენციის ცენტრის დირექტორის მოადგილე პასკალ ჰეიმანმა თურქეთს მოუწოდა „ახალი ინიციატივებისკენ, რომლითაც შეავსებს ჟენევის პროცესს [რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომთან დაკავშირებულ საერთაშორისო მოლაპარაკებებს] და მოიძიოს ურთიერთქმედების გზები „აღნიშნულ ტერიტორიებთან“ (ანუ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან) ოფიციალური აღიარების გარეშე. საერთაშორისო კრიზისების ჯგუფის წარმომადგენლის საბინა ფრეიზერის აზრით, თანამშრომლობის გააქტიურებასთან ერთად, თურქეთმა ყურადღება უნდა მიაქციოს მის პოტენციურ კულტურულ როლს რეგიონში, ასევე საკუთარ ამოცანად უნდა აქციოს რეგიონალური მოთამაშეების დაცვა ისეთ საერთაშორისო ორგანიაციებში, როგორიცაა ჩრდილოატლანტიკური შეთანხმების ორგანიზაცია. მაგრამ უკანა პლანზე კიდევ ერთი ასპექტია, რომელიც TESEV-ის წარმომადგენელმა აიბარს გორგულუმ დაახასიათა როგორც „რგოლი, რომელიც აკლია“ თურქეთის პოლიტიკას ამიერკავკასიაში – სომხეთი. ლევენტ მურატ ბუჰრანის თქმით, მართალია, ერევანთან ურთიერთობის ნორმალიზება ანკარას „დღის წესრიგში რჩება“, თუმცა „ჩვენ საპასუხო ნაბიჯებსაც ვიმედოვნებთ…, მაგრამ ამ მხრივ განსაკუთრებულ წინსვლას ვერ ვამჩნევთ“. ნორმალიზების საქმეში პროგრესის არარსებობა შეიძლება ნიშნავდეს მის არარსებობას მთიანი-ყარაბახის კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებშიც, რომელიც სომხეთს და თურქეთის ახლო მოკავშირე აზერბაიჯანს შორის მიმდინარეობს, განაცხადა მან. მართალია, მსგავსს არგუმენტს კონფერენციის ყველა მონაწილე დაეთანხმა, თუმცა არავის უთქვამს დარწმუნებით, რომ თურქეთი ოდესმე შეიძლება შეუერთდეს ყარაბახის მოლაპარაკებებში საერთაშორისო შუამავლების გუნდს, მიუხედავად იმ იმედებისა, რომელიც აზერბაიჯანს აქვს. და მაინც, ბურჰანის თქმით, „თურქეთს არ სჭირდება თურქულ-სომხური ურთიერთობებების ნორმალიზების პროცესი იმის დასამტკიცებლად, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ მშვიდობას, უსაფრთხოებას და სტაბილურობას ჩვენს რეგიონში“. თუმცა, კონფერენციის ზოგიერთი მონაწილის აზრით, მშვიდობა, უსაფრთხოება და სტაბილურობა საკუთარ კართან იწყება. „ჩვენ საკუთარ თავზეც უნდა ვიმუშაოთ“, – მიაჩნია თურქული გამოცემა Turkish Policy Quarterly-ს რედაქტორს და საზოგადოებრივი ორგანიზაცია Turkish Policy Quarterly-ს კავკასიის მიმართულების კოორდინატორ დიბა ნიგარ გოკსელს. *კონფერენცია ჩატარდა „ღია საზოგადოების“-ს (OSF) ფონდების ხელშეწყობით. EurasiaNet.org ფუნქციონირებს „ღია საზოგადოების“ ცენტრალურევრაზიული პროექტის ეგიდით. OSF ფინანსურ მხარდაჭერას უწევს ასევე ზემოთხსენებულ ორგანიზაციებს: საერთაშორისო კრიზისების ჯგუფს და TESEV-ს ცენტრს. foreignpress.ge |