პოსტსაბჭოთა სივრცეში არჩევნების გაყალბების საკვანძო კომპონენტი ძლიერი ოპონენტების გამოჩენის შესაძლებლობის გამორიცხვაა

პოსტსაბჭოთა სივრცეში არჩევნების გაყალბების საკვანძო კომპონენტი ძლიერი ოპონენტების გამოჩენის შესაძლებლობის გამორიცხვაა

კვირას რუსეთში არჩევნები ჩატარდა. შედეგი ისეთი იყო, როგორსაც უმეტესობა ელოდა. საარჩევნო თაღლითობების, რუსეთის ჩრდილო კავკასიის რეგიონიდან ხმების საერთო ჯამის გაბერვის და არჩევნების ჩვეული დარღვევების შესახებ უამრავი ცნობის ფონზე, ვლადიმერ პუტინმა მარჯვედ მოახერხა გამარჯვება. ოფიციალური ცნობების თანახმად, პუტინმა ხმების 63 პროცენტი მიიღო, რაც უფრო მაღალი მაჩვენებელია, ვიდრე ამას ზოგიერთი ელოდა. მაგრამ ის ფაქტი, რომ პუტინს მეორე ადგილზე გასული კანდიდატისგან, გენადი ზიუგანოვისგან უზარმაზარი მაჩვენებელი, სრული 45 პროცენტი აშორებს, ნაკლებ გაოცებას იწვევს.

ისევე, როგორც ბევრ სხვა არადემოკრატიულ ქვეყანაში, რუსეთის პოლიტიკური, სამართლებრივი და მედიაგარემო, ისეთია, რომ პოლიტიკური ოპოზიციისთვის უკიდურესად რთულია პოლიტიკურ სცენაზე გამოჩენა და იმდენად გაძლიერება, რომ ქვეყნის ლიდერებს სერიოზული კონკურენცია გაუწიონ. აი ამ მიზეზის გამო, არჩევნებს ასეთ ქვეყნებში ცვლილება ვერ მოაქვთ, თუმცა, მათ შეიძლება მოჰყვეს ისეთი ცვლილებები, რომელიც პოლიტიკურ ხდომილებათა პრინციპს შეცვლის და, მიუხედავად საარჩევნო გამარჯვებისა, საგრძნობლად დაასუსტებს ლიდერს. აი ასეთი რამ შეიძლება დაიწყოს რუსეთში.

პუტინის მსგავსი რეჟიმები და საბჭოთა კავშირის ყოფილ ტერიტორიაზე მოქმედი ბევრი სხვა რეჟიმი, გაყალბებას მხოლოდ საარჩევნო დღისთვის როდი იტოვებენ. გაყალბების პროცესი, მისი დიდი წილი უფრო ადრე იწყება, მაგრამ საკვანძო კომპონენტი ამ პროცესში ძლიერი ოპონენტების გამოჩენის შესაძლებლობის გამორიცხვაა. აი სწორედ ეს უადვილებთ იმის მტკიცებას, რომ, კი, შესაძლოა ლიდერმა გაყალბებით გაზარდა საარჩევნო შედეგების რიცხვი, მაგრამ მისი პარტია კვლავაც პოპულარულია ამომრჩევლებში. ის ფაქტი, რომ არსებული ლიდერების ოპონენტთაგან არც ერთი არ შეიძლება სერიოზულად განიხილებოდეს შესაძლო პრეზიდენტად ან პრემიერ-მინისტრად და მათ ამომრჩევლების მნიშვნელოვანი ნაწილი არ უჭერს მხარს, არც გასაოცარია და არც დემოკრატიის დასტური. მაგრამ ლიდერების მხარდაჭერაც იშვიათადაა ძალიან ღრმა, რადგან ეფუძნება შედარებას მათსა და სხვა იმ კანდიდატებს შორის, რომელთა გამარჯვება ძალიან ნაკლებადაა სავარაუდო.

პუტინის ტიპის ლიდერებისთვის მთავარი პოლიტიკური ამოცანა ის კი არ არის, რომ სამართლიანად ან უსამართლოდ გაიმარჯვოს არჩევნებში, არამედ ის, რომ ნებისმიერი ხერხით უზრუნველყოს ერთი რამ – არ გამოჩნდეს ძლიერი ოპონენტი. ეს კი ძირითადად ასე ხდება – უნდა შეიქმნას ისეთი პოლიტიკა ქვეყანაში, რომ პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა მიიღონ მხოლოდ სუსტმა ადამიანებმა, ისეთებმა, რომელთაც ნაკლებად აირჩევენ, ისეთებმა, რომელთაც ნაკლებად შეუძლიათ რეალური კამპანიის წარმოება. ეს არის მთავარი პრობლემა ნახევრად ავტორიტარული ლიდერებისთვის, მაგრამ ქვეყნებში, სადაც სახელმწიფო აკონტროლებს რესურებს და არ არსებობს დამოუკიდებელი კერძო სექტორი, ეს პრობლემა ჩვეულებრივ რთული მოსაგვარებელი არ არის. ის, რომ პუტინს ძლიერი ალტერნატივა არ ჰყავს, ერთ რამეს ნიშნავს – ის, რაც არჩევნებზე ხდება, მეორეხარისხოვანი მნიშვნელობისაა. ის ფაქტი, რომ პუტინის მოწინააღმდეგეები არჩევნებში იყვნენ წარსულის პერსონაჟები, ადამიანები, რომელთა ოპოზიციური და პოლიტიკური პოზიცია საეჭვოა და კანდიდატები, რომელთა შესახებ ცოტამ თუ იცოდა რაიმე, თავისთავად ამჟღავნებს რუსეთის პოლიტიკური სისტემის არადემოკრატიულ არსს.

მეტსაც გეტყვით, თუ არ არსებობს ძლიერი ოპნენტი, არადემოკრატიულმა ლიდერებმა სამართლიანი არჩევნების სასარგებლოდ შეიძლება გარკვეული დათმობები გააკეთონ, რადგან წაგების შანსი ნებისმიერ შემთხვევაში ძალიან მცირეა. პუტინს შეეძლო და, ალბათ, უნდა გამოეყენებინა ნაკლები თაღლითობა ამ ბოლო არჩევნებში, რადგან სერიოზული ოპონენტის არსებობა, მისი გამარჯვების გარანტია იყო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სამართლიანი არჩევნების ჩატარებისკენ მიმართული ძალისხმევა, როდესაც არ განიხილება უფრო ფართო კონტექსტი, ან ამ კონტექსტის განხილვა იწყება შედარებით გვიან, დემოკრატიის საბოლოო მდგომარეობაზე ძალიან მცირე ასახვას ჰპოვებს. იმას, თუ რამდენად უპრობლემოდ ჩატარდა საარჩევნო დღე, და იმასაც კი, რომ არჩევნებამდე, თვეების მანძილზე ნაკლებ ზეწოლას ჰქონდა ადგილი, დიდი მნიშვნელობა არა აქვს, თუ პრეზიდენტმა ისე იმოქმედა საარჩევნო სივრცეზე, რომ უზრუნველყო ძლიერი და ჭეშმარიტი ოპოზიციის არარსებობა.

რუსეთი უჩვეულოდ დიდი ქვეყანაა, უჩვეულო თავისი სიმდიდრითა და როლით, რომელსაც მსოფლიოში ასრულებს. მაგრამ თავისი საშინაო პოლიტიკური სისტემით, განსაკუთრებით პოსტ-საბჭოთა კონტექსტში, ის ნაკლებად უჩვეულოა. ის, რომ რუსეთის პოლიტიკურ სისტემაში კონკურენცია არ არსებობს, ის, რომ რუსეთის ხელმძღვანელობა ყველაფერს აკეთებს სერიოზული ოპოზიციის განვითარების აღსაკვეთად, უფრო ფართო პოლიტიკური გარემოს ამსხაველი ფაქტია. ეს ფაქტი ადასტურებს იმას, რომ რეგიონის უდიდეს ნაწილში დემოკრატია არ არსებობს. პუტინის მსგავს ძალისხმევას, რომლის მიზანიც პოლიტიკურ არენაზე სხვა ლეგიტიმური კანდიდატის არსებობის აღკვეთაა, ყოფილ საბჭოთა კავშირში ლიდერების უმეტესობა მიმართავს. მაგრამ თუ ერთხელაც ეს ძალისხმევა მარცხით დამთავრდა და ასეთი ოპნენტი გამოჩნდა, დინამიკა შეიძლება ძალიან მალე შეიცვალოს. რუსმა ხალხმა, თავისუფალი მედიის, სამართლიანი არჩევნებისა და ლეგიტიმური ოპონენტის არარსებობის პირობებში პუტინს ხმების 63 პროცენტი მისცა. თუნდაც ერთი ფაქტორი რომ განსხვავებული ყოფილიყო, პუტინი გასულ კვირას ბევრად უფრო რთულ ვითარებაში აღმოჩნდებოდა.
foreignpress.ge