დიდი შანსია პუტინი მოკლან?

დიდი შანსია პუტინი მოკლან?

პროფესია „რუსეთის პრეზიდენტი,“-  მსოფლიოში ერთ-ერთი  ყველაზე საშიში პროფესიაა.  ყოველ შემთხვევაში, ცოტა თუ მოიძებნება ისეთი ვისი მოკვლაც,  11 წლიანი მუშაობის განმავლობაში 13-ჯერ სცადეს. როგორც ამერიკელი ექსპერტები  თვლიან რუსეთის პრეზიდენტი პუტინი მსოფლიო ლიდერების სიაში, მოსალოდნელი სასიკვდილო საფრთხის მიხედვით მეორე ადგილზე იმყოფება.

„კაგებეს“ ყოფილმა აგენტმა, სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ვლადიმერ პუტინმა  პოლიტიკური კარიერა 1999 წელს, პრეზიდენტ ბორის ელცინის დროს დაიწყო. იმ დროს ქვეყანას ტერორისტული აქტების ტალღამ გადაუარა, რომელიც ჩეჩენმა სეპარატისტებმა მოაწყვეს. ახალმა პრემიერ-მინისტრმა მაშინ კამპანია დაიწყო, რამაც საფუძველი ჩაუყარა მის პოპულარობას და გავლენას რუსეთის მოქალაქეებზე.

„ჩვენ (ტერორისტებს) ყველგან გავანადგურებთ“, პირობა დადო პუტინმა 1999 წლის სექტემბერში სამხედრო ოპერაციების დაწყების წინ. რვა თვის განმავლობაში პატარა სეპარატისტული რესპუბლიკა სასტიკად იბომბებოდა. გაეროს მონაცემებით, რუსეთის არმიის მიერ წარმოებულ ბრძოლებში ათასობით ადამიანი დაიღუპა. უცხოეთის მთავრობებმა, ასევე უფლებადამცველებმა დაგმეს ეს სასტიკი აქცია, თუმცა პუტინს წარბიც არ შეუხრია და ოპერაცია არ შეუწყვეტია. 2000 წლის თებერვალში ჩეჩნეთის დედაქალაქი გროზნო დაეცა. მაგრამ რუსეთის არმიის ამ გამარჯვებას კავკასიაში მშვიდობა არ მოჰყოლია; სეპარატისტების მოძრაობა რეგიონის ისლამისტთა პარტიზანულმა ომმა შეცვალა. ამასობაში, ბორის ელცინი ხელისუფლებას ჩამოშორდა. პუტინი კი დროებით პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებდა, სწორედ ამ დროს მოხდა მასზე პირველი თავდასხმის მცდელობა.

მაშინ, ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის უფროსი  სერგეი დევიატოვი ამბობდა, რომ პუტინის მოკვლას პეტერბურგში  ანატოლი სობჩაკის დაკრძალვაზე აპირებდნენ და ის ორ სნაიპერს უნდა განეხორციელებინა.

თავდასხმის მეორე მცდელობა იალტაში დსთ-ს არაფორმალურ სამიტზე  2000 წლის 18-19 აგვისტოს იგეგმებოდა. თავდასხმის დეტალები ამჯერადაც უცნობია თუმცა, როგორც გაირკვა თავდამსხმელთა შორის ოთხი  ჩეჩენი ტერორისტი იმყოფებოდა.

ამავე წელს, მოხდა კიდევ რამდენიმე ინციდენტი, რომელიც პირდაპირ კავშირში იყო რუსეთის პრეზიდენტის უსაფრთხოებასთან, თუმცა ამ ფაქტების ტერორთან დაკავშირებაზე მაშინ თავი შეიკავეს.

პრეზიდენტზე თავდასხმის შემდეგ მცდელობად კი 2001 წლის  9 იანვარს ბაქოში მომხდარი ინციდენტი ითვლება.  როგორც  შემდეგ აზერბაიჯანის ეროვნული უშიშროების მინისტრმა ნამიკ აბასოვმა განაცხადა, პრეზიდენტზე თავდასხმის მცდელობა მომზადებული იყო ერაყის მოქალაქის კანან როსტამის მიერ.  

სხვათა შორის, რუსეთისგან განსხვავებით სადაც ყველა თავდასხმა პრეზიდენტზე დღემდე გაურკვეველია, აზერბაიჯანში ეს ფაქტი გამოძიებული იქნა, სასამართლო პროცესიც შედგა და დამნაშავეს 10-წლიანი პატიმრობაც მიესაჯა. 

მეოთხე თავდასხმა ვლადიმერ პუტინზე, 2001 წლის 16-17 ოქტომბერს იგეგმებოდა, პრეზიდენტის ირანში ვიზიტის დროს. ოთხი ტერორისტი  მანქანის აფეთქებას ცდილობდა,  როდესაც მათ გვერდზე პრეზიდენტის ესკორტმა ჩაიარა. რა მოხდა მაშინ, ესეც გაურკვეველი დარჩა.

მეხუთე თავდასხმა 2009 წლის თებერვალში მოხდა.  როცა ვლადიმიროვის ოლქის მცოვრები 38 წლის მამაკაცი, ივან  ზაიცევი თავისივე ავტომანქანით ცდილობდა გაერღვია კრემლის ჭიშკარი, რომ პრეზიდენტი მოეკლა.

კრემლის მისადგომებთან გამოჩენილი „ჟიგულის“ მძღოლი ამტკიცებდა, რომ რუსეთის პრეზიდენტი იყო.  ის დაცვამ, მალე  მილიციის განყოფილებაში წაიყვანა. თავდამსხმელი ფსიქიატიული საავადმყოფოს პაციენტი აღმოჩნდა.

როგორც,  გაირკვა  ეს მეორე მცდელობა იყო 38 წლის ზაიცევისა, კრემლში შეეღწია. პირველად ის ამას ერთი წლის წინ შეეცადა, როცა დაცვას განუცხადა, რომ  „პრეზიდენტია“ და კოლეგა „პრეზიდენტთან“ საიდუმლო საქმეებზე  უნდა ესაუბრა.

 საბოლოოდ ზაიცევი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოათავსეს.  ექიმებმა დაადასტურეს, რომ ზაიცევმა აღიარა, თითქოს, მართლაც აპირებდა პუტინის მოკვლას, რადგან მას ძმა მოუკლეს, რომელსაც თავი მოჰკვეთეს და სწორედ ამიტომ, შურისძიებას პუტინისთვის თავის მოკვეთით გეგმავდა.

შემდეგი, მეექვსე მცდელობა ამავე წელს განხორციელდა, წინა შემთხვევისგან განსხვავებით პუტინის მოკვლის მსურველმა არა თუ კრემლს არამედ, პირდაპირ პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრებს მიაკითხა. სწორედ აქ, მან თავი საკუთარი იარაღით მოიკლა.   გარდაცვლილის იდენტიფიცირება, რამდენიმე, დღე ვერ ხერხდებოდა, რადგან ტყვია მან პირდაპირ შუბლში დაიხალა. შემდეგ  ჟურნალისტებისგან გაჟონა ინფორმაციამ, რომ ეს პიროვნება 76 წლის  მოსკოველი მამაკაცი სერგეი რომაშკინი იყო. ამბობდნენ, რომ მას თითქოს  არავინ ჰყავდა და  დიდი ხანის წინ  ფსიქიატრიულ  საავადმყოფოში, შიზოფრენიის დიაგნოზით იყო რეგისტრირებული.

თავდასხმის მეშვიდე მცდელობა 2002 წლის ნოემბერში მოხდა. მომდევნო თავდამსხმელს შემდეგნაირი გეგმა ჰქონდა შემუშავებული,-პრეზიდენტთან მოლაპარაკებისთვის შესულიყო და შემდეგ მისთვის  ესროლა. 45 წლის ვლადიმირ შიროკოვი,   ФСБ-ს შენობასთან მივიდა და განაცხადა, რომ ის დანაღმული მაქანით იყო და თუ პრეზიდენტთან არ შეიყვანდნენ მანქანას ააფეთქებდა.

მოლაპარაკებამ შედეგი ვერ გამოიღო, საათისა და 50 წუთის შემდეგ შიროკოვი მიხვდა, რომ კოვზი ნაცარში ჩაუვარდა და ხელისუფლებას ჩაბარდა. 

როგორც წესი, შიროკოვიც ფსიქიატრიული საავადმყოფოს პაციენტად შერაცხეს და მაშინვე კლინიკაში დააბრუნეს, თუმცა დღემდე უცნობია, თუ  რომელ კლინიკაში წაიყვანეს ის და რა ბედი ეწია მომავალში.

პუტინზე თავდასხმის მერვე მცდელობა  2003 წლის თებერვალში განხორციელდა. ამჯერად „ტერორისტებმა“  ახალი ტაქტიკა შეიმუშავეს. ყაზახისტანის საფოსტო ყუთში ჩააგდეს კონვერტი, რომელიც პრეზიდენტის სახელზე იყო გაგზავნილი. კონვერტში რაღაც საეჭვო წარმოშობის ფხვნილი ეყარა. იმავე დღეს, აღმოაჩინეს კიდევ ერთი წერილი, კონვერტს გარეკანზე ეწერა,- „მოსკოვი. კრემლი. ვლადიმერ პუტინს.“

შემდეგ გაირკვა, რომ წერილი  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, მეორე ჯგუფის ინვალიდმა გააგზავნა.  ვინ იყო ის და რა ბედი ეწია შემდეგ, რათქმაუნდა,  უცნობია.

მეცხრე მცდელობა 2003 წლის ოქტომბერში იყო და მასში თავად ФСБ-ის თანამშრომლებიც იყვნენ ჩართული.  მაშინ ხმამაღლა აცხადებდნენ, რომ სკოტლენდ იარდმა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მკვლელობის გეგმა გაშიფრა. მასში კი,  ბიზნესმენი ბორის ბერეზოვსკის სახელი ფიგურირებდა.

თავდასხმის მეათე მცდელობა 2008 წლის მარტში იყო დაგეგმილი და ის არჩევნების დღეს უნდა განხორციელებულიყო.  ორგანიზატორებმა დაიქირავეს ბინა, სადაც იარაღი ჰქონდათ შენახული. მისია 24 წლის ტაჯიკი წარმოშობის ახალგაზრდას, შახველად ოსმანოვს უნდა შეესრულებინა.

ოსმანოვს, პუტინი და მედვედევიც უნდა მოეკლა. სროლა მაშინ განხორციელდებოდა, როდესაც ისინი წითელ მოედანზე საზეიმო კონცერტზე გავიდოდნენ.  ФСБ-ს თანამშრომლებმა თავდამსხმელი გეგმის განხორციელებამდე, ცოტა ხნით ადრე დააკავეს. რა ბედი ეწია მას და მის თანამზრახველებს, ისევ უცნობია.

მეთერთმეტე მცდელობა 2009 წლის აგვისტოში მოხდა.  დაცვის წევრებმა დააკავეს ადამიანი, რომელიც კრემლში შესვლას მანქანით ცდილობდა და თავს რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლად ასაღებდა. კაცი პოლიციაში გადაიყვანეს, სადაც მას მოულოდნელი შეტევა დაემართა, ნერვიულობის ნიადაგზე ცუდად გახდა და ჰოსპიტალიზებული იქნა.  ვინ იყო ეს კაცი და რომელ საავადმყოფოში წაიყვანეს ის უცნობია.

მეთორმეტე მცდელობა  2011 წლის ივლისში მოხდა, ამჯერად 30 წლის მამაკაცი, კრემლში შესვლას ცდილობდა, თითქოს მას რაღაც გადასახადები ჰქონდა გადასახდელი. რა უნდოდა და სად წავიდა ეს კაცი, ასევე  უცნობია.  თუმცა ეს ფაქტი  პრეზიდენტზე თავდასხმის მცდელობად შეფასდა.

ბოლო, მეცამეტე მცდელობა 2012 წლის თებერვალში იგეგმებოდა, ამჯერად უკრაინისა და რუსეთის სპეცსამსახურებმა, ტერორისტების გეგმა ჩაშალეს.   უკრაინის ქალაქ  ოდესაში დააკავეს საერთაშორისო ძიებაში მყოფი „ბანდიტები“. მათი ჩვენებით ირკვევა, რომ ისინი გეგმის განხორციელებას, მოსკოვში 4 მარტის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ აპირებდნენ. რუსეთის პირველი არხის ინფორმაციით, ტერორისტები „კავკასიის იმარათის” ხელმძღვანელის დოკუ უმაროვის წარმომადგენელთა ინსტრუქციებით მოქმედებდნენ.

როგორც ვხედავთ,  რუსეთის პრეზიდენტმა თავდასხმის 13 მცდელობა უკვე გადაიტანა. ეს არაფერია ფიდელ კასტროს მონაცემებთან შედარებით, რომელიც  100  თავდასხმას ცოცხალი გადაურჩა.

***

ჯერ კიდევ 2006 წელს ამერიკულმა ჟურნალმა „საგარეო პოლიტიკა“ შეადგინა იმ მსოფლიო  ლიდერების სია, რომელთაც ყველაზე დიდი შანსია აქვთ, შემდეგი ათი წლის განმავლობაში მოკლან. როგორც უკვე  აღვნიშნეთ, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ამ სიაში მაშინ მეორე ადგილზე იყო,  პირველს  ავღანეთის პრეზიდენტი კარზაი იკავებდა, მესამეს კი,  ვენესუელის  ლიდერი უგო ჩავესი. ამავე სიაში იყო ნომერ პირველ ტეროტისტად შერაცხული ბინ ლადენი.

ჟურნალმა პუტინის ამ სიაში მოხვედრის ანალიზი შემდეგნაირად გააკეთა:

რატომ მოკლავენ? - პუტინის სასტიკი პოლიტიკის გამო ჩეჩნეთში,  თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მუსულმანური სამყარო, რუსეთის პრეზიდენტს ვერ იტანს და მის მიმართ მხოლოდ სიძულვილი ამოძრავებთ.

ვინ მოკლავს? -ჩეჩენი ან ისლამური ექსტრემისტები.

როგორ მოკლავენ?-კამიკაძე ტერორისტების დახმარებით, შესაძლოა თავდასხმით, ამ ათი წლის განმავლობაში,  პუტინის ვიზიტზე,  რუსეთის რომელიმე შორეულ რეგიონში.

აღსანიშნავია, რომ დღეს ამ ჟურნალის გამოქვეყნებულ სიას ბინ ლადენი უკვე დააკლდა, კიდევ ერთი ფიგურა პაკისტანის ყოფილი პრეზიდენტი პერვეზ მუშარაფი კი უკვე მეთოთხმეტედ გადაურჩა სიკვდილს