რეჟისორი გოგი ქავთარაძე Presage.tv-სთან საუბარში ბიძინა ივანიშვილისა და სახალხო კრების წევრების შეხვედრას იხსენებს, რომელმაც ბოლო დროს ასეთი აჟიოტაჟი გამოიწვია. გოგი ქავთარაძის თქმით, იგი სახალხო კრების წევრების სახელით ვერაფერს იტყვის, მაგრამ პირადად „ქართულ ოცნებასთან“ ითანამშრომლებს.
ბიძინა ივანიშვილთან სახალხო კრების წევრების შეხვედრის შემდეგ როგორი შთაბეჭდილება დაგრჩათ? შემდგომი შეხვედრების შესახებ თუ მოილაპარაკეთ?
- რაც დევს „ქართული ოცნების“ საიტზე, ასეთი იყო ჩვენი შეხვედრა. არ დამალულა არაფერი.
თქვენი სუბიექტური აზრი გვაინტერესებს, ამ შეხვედრის შემდეგ როგორი შთაბეჭდილებით წამოხვედით?
- საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დამრჩა, იმედიანი.
ბიძინა ივანიშვილი „სახალხო კრებასთან“ თანამშრომლობის სურვილს გამოთქვამს?
- ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ჩვენთან თანამშრომლობის სურვილი არ გამოთქმულა. ჩვენი შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა, ნორმალური შეხვედრა იყო, არასდროს ერთმანეთი არ გვინახავს, პირველად ვნახეთ ერთმანეთი და საუბრის ბოლოს მე აღვნიშნე, თუ ჩვენ რამეში ვჭირდებით „ქართულ ოცნებას“, ჩვენ თქვენს გვერდით ვიქნებით-თქო. ეს არის, რისი თქმაც შემიძლია.
შემდგომში შეხვედრები თუ გაგრძელდება?
- მე მგონი, გაგრძელდება. თუმცა, როდის არ ვიცი. ასე საკითხი არც დამდგარა, აქ ხაზგასმული იყო ჩვენი ერთად შეხვედრა. ორივე მხარემ საერთო საქმის კეთების მზადყოფნა გამოვთქვით.
და მაინც, ამ შეხვედრას აჟიოტაჟი მოჰყვა. „სახალხო კრების“ წევრებმა შეხვედრის სრული მასალის ჩვენება მოითხოვეს, მაშინ, როცა კადრები „ქართული ოცნების“ პრესსამსახურმა გაავრცელა, რომელიც, ცხადია, ამ შეხვედრის ამსახველ იმ მონაკვეთს აჩვენებდა, რომელსაც საჭიროდ ჩათვლიდა.
- ვერ გეტყვით. იცით რა, პირადად არ მომისმენია, რომ ზუსტი კომენტარი გავაკეთო.
სახალხო კრების აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ ნონა გაფრინდაშვილმა მთლიანი ჩანაწერის და არა მხოლოდ - ბიძინა ივანიშვილის საუბრის ტექსტის გამოქვეყნება მოითხოვა.
- მე მგონი, ალბათ, იმიტომ, რომ მთლიანად არ იყო ჩანაწერი გაკეთებული, რაღაცები არასწორად გაშუქდა. ამიტომ ქალბატონმა ნონამ აღნიშნა, იმისთვის, რომ ჩვენ არ დაგვბრალდეს, თითქოს სუბიექტურად ან დამახინჯებულად გადმოვეცით ჩვენი შეხვედრის შინაარსი, მოდით, აჩვენეთ მთლიანობა, და მერე ვილაპარაკოთო.
ასეთი აზრიც გავრცელდა, რომ ნინო ბურჯანაძემ საყვედური უთხრა „სახალხო კრების“ წევრებს, თუ რატომ დატოვეს უპასუხოდ ბიძინა ივანიშვილის მხრიდან მის მიმართ გამოთქმული შენიშვები.
- არა, მე მგონი, ეს არ არის სამართლიანი, რადგან ქალბატონმა ნონამ, განსაკუთრებით, ბატონმა რეზო ესაძემ მამაცურად დაიცვეს ქალბატონი ნინოს პოზიცია, არ მიიღეს რაღაც შენიშვნები, ალბათ, ამის გამო მოითხოვეს შეხვედრის სრული ჩანაწერის გამოქვეყნება.
მეთანხმებით, რომ „ქართულ ოცნების“ პრესცენტრი შეხვედრის რომელ მონაკვეთსაც უნდოდა, იმ მონაკვეთს გამოამზიურებდა?
- შესაძლოა, ეგრეც იყოს. ამ შემთხვევაში, ქალბატონ ნონას სურვილი აქვს, მთლიანად გადმოეცათ ჩანაწერი და მე მგონი, „ქართულ ოცნებასაც“ ეძლევა საშუალება, დამალული არაფერი იყოს. იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის დროსაც დამალული არაფერი არ ყოფილა. ამიტომ სწორი იქნება, თუ ჩანაწერს მთლიანად გადასცემენ.
„ქართულ ოცნებასთან“ ნინო ბურჯანაძის გარეშე თუ ითანამშრომლებთ, თუ ბურჯანაძე „სახალხო კრებისთვის“ განუყოფელია?
- მაგას მართლა ვერ გეტყვით, რადგან ასეთი თანამშრომლობა ქალბატონ ნინოსა და ბატონ ბიძინაზეა დამოკიდებული.
იმ შემთხვევაში, თუ არ შედგა ეს თანამშრომლობა? ცნობილია, რომ ბიძინა ივანიშვილს ბურჯანაძესთან თანამშრომლობა არ სურს, რაც „სახალხო კრების“ წევრებთან შეხვედრის დროსაც დააფიქსირა.
- მას გარკვეული მოსაზრებები აქვს. ამიტომ, მე მგონია, შესაძლოა, რაღაც მაინც მოხდეს, ან ამჯერად ბიძინა ივანიშვილის პოზიცია ცოტა მწვავედ გამოჩნდა, მაგრამ, მე მგონი, ამ მხრივ შეიძლება, რაღაც მაინც შეიცვალოს. ზუსტად არ ვიცი.
თუკი საქვეყნო საქმე „ქართულ ოცნებასთან“ თქვენს თანამშრომლობას მოითხოვს, მაშინ ნინო ბურჯანაძე უფრო პრიორიტეტული იქნება თქვენთვის, თუ „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობა? „სახალხო კრების“ სახელით რისი თქმა შეგიძლიათ?
- ერთი რაღაც უნდა გითხრათ. თქვენ კითხულობთ, „ქართულ ოცნებასთან“ ჩვენი თანამშრომლობა შედგება თუ არა?! როდესაც „სახალხო კრების“ წევრები შევიკრიბეთ, ბატონმა ბიძინამ ერთი ძალიან სერიოზული განცხადება გააკეთა და გვითხრა, თქვენ ახლა ჩემი სტუმრები ხართ და ჩემთან მობრძანდით, მე ყოველგვარი პარტიული კუთვნილების გარეშე მინდა თქვენთან ინდივიდუალური შეხვედრაო. მას პირადად სურდა შეხვედრა, ინდივიდუალურად, და არა პარტიული, ან საზოგადოებრივი დატვირთვით, ან თუნდაც „ქართული აკადემიის“, „სახალხო კრების“ სახელით. თავიდანვე აღინიშნა, რომ იმ წუთში მისთვის იქ იყვნენ მხოლოდ და მხოლოდ ქალბატონი ნონა, ბატონი რეზო, თქვენი მონა-მორჩილი, ნუკრი ქანთარია, ლუკა კურტანიძე, სოსო ჯაჭვლიანი. ამას მიაქციეთ ყურადღება.
მაგრამ, თუკი საქვეყნო საქმე მოითხოვს, ნინო ბურჯანაძესთან ამჯობინებთ, თუ მის გარეშე ითანამშრომლებთ „ქართულ ოცნებასთან“?
- პირადად მე თუ მეკითხებით, მე ვითანამშრომლებ „ქართულ ოცნებასთან“, მაგრამ დანარჩენებსაც ინდივიდუალურად შეიძლება ჰკითხოთ. მე გელაპარაკებით ჩემი მოსაზრების თაობაზე და არ გამოვრიცხავ, ჩემი მეგობრები სხვანაირად ფიქრობდნენ.
თქვენი გადაწყვეტილების გამო რომ განაწყენდეს ნინო ბურჯანაძე?
- რატომ უნდა განაწყენდეს?
რომ მის გარეშე თანამშრომლობთ „ქართულ ოცნებასთან“.
- რატომ უნდა განაწყენდეს? არ განაწყენდება. როგორც თქვენ გეუბნებით, ისე ყველას ვეტყვი, რომ ეს არის ჩემი ინდივიდუალური აზრი და ნაბიჯის გადადგმა.
ამის შესახებ თუ იცის ნინო ბურჯანაძემ?
- ალბათ, იცის. თუმცა ასეთნაირად საკითხი დაყენებული არ ყოფილა, ბატონ ბიძინას ჩვენთვის თანამშრომლობა არ შემოუთავაზებია. პირიქით, საუბრის ბოლოს პირადად მე, ხაზს ვუსვამ - მხოლოდ მე ვთქვი, რომ, თუ საჭირო იქნება, თქვენ გვერდით დავდგები-თქო. ბატონი ბიძინასგან ჯერ ეს საკითხი არ დამდგარა, ეს იყო ჩემი, პირადი ინდივიდუალური აზრი. ეს არ იყო „სახალხო კრების“ ან „ქართული აკადემიის“ აზრი, არამედ ეს გახლდათ კონკრეტულად იმ ადამიანებთან შეხვედრა, რომელთა ახლოს გაცნობაც უნდოდა ბატონ ბიძინას.
„ქართული აკადემიის“ წევრი, რეჟისორი ნუკრი ქანთარია Presage.tv-სთან კომენტირებისას აცხადებს, რომ შეხვედრისას საუბარი ჩვენი ქვეყნისთვის ამ ეტაპზე მნიშვნელოვან საკითხებს შეეხებოდა. კერძოდ, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად გაყალბების წინააღმდეგ ერთიანი ძალებით გარკვეული ნაბიჯები უნდა გადაიდგას.
„სახალხო კრების“ წევრებისა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრის შეფასებისას, ნუკრი ქანთარია, როგორც მესამე პირი, აცხადებს, რომ მხარეებს შორის არანაირი დაძაბულობა არ ყოფილა.
„თუმცა იყო სხვადასხვა პოზიციის დაფიქსირებაც. მაგალითად, „სახალხო კრების“ წევრებს მიაჩნდათ, რომ ნინო ბურჯანაძესთან ერთად უნდა განხორციელებულიყო ეს ეტაპი. მათი წარმომადგენლების თქმით, ბურჯანაძესთან ერთად ისინი ერთი გუნდი არიან. მეტიც, ის პასუხისმგებლობა, რაც ბურჯანაძეს დააკისრეს, მათი აზრით, მათზეც ნაწილდებოდა. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, იგი თანამშრომლობის სურვილს ყველასთან გამოთქვამს. მომავალში, ალბათ, „სახალხო კრების“ წევრებსა და ბიძინა ივანიშვილს უფრო მჭიდრო კომუნიკაცია ექნებათ, ოღონდ ბურჯანაძის გარეშე, ეს ბიძინა ივანიშვილის მხრიდან გარკვევით ითქვა“, - აცხადებს ნუკრი ქანთარია.