არჩილ გეგეშიძე: აშშ -ის ხელისუფლება ისრაელისა და ირანის დაპირისპირების გამო დილემის წინაშე დგას

არჩილ გეგეშიძე: აშშ -ის ხელისუფლება ისრაელისა და ირანის დაპირისპირების გამო დილემის წინაშე დგას

რანსა და ისრაელს შორის, საინფორმაციო ომი ოფიციალურად დაიწყო. ისრაელს ირანის ბირთვული იარაღის შექმნა აშინებს, თუმცა თეირანი ირწმუნება, რომ მისი ბირთვული გეგმები გამოკვეთილად მშვიდობიანი ხასიათისაა. ბოლო დროს, სერიოზული საფრთხე გაჩნდა, რომ ისრაელმა ირანის ბირთვულ ობიექტზე დარტყმა მიმდინარე წლის გაზაფხულზე მიიტანოს. ამ ვარაუდს, ამერიკა-ისრაელის საზოგადოებრივი კავშირების კომიტეტის წინაშე, ისრაელის პრემიერ-მინისტრის განცხადება ამყარებს, რომ ,,ისრაელის მოქალაქეები განადგურების მუქარის ქვეშ ვერ იცხოვრებენ “ .

ისრაელ-ირანს შორის მოსალოდნელ დაპირისპირებასა და ამ კონფლიქტში საქართველოს როლზე, presage.tv საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ექსპერტ, არჩილ გეგეშიძეს ესაუბრა.

ამ ეტაპზე ისრაელსა და ირანს შორის სამხედრო ესკალაციის საფრთხე რამდენად არსებობს?

რა თქმა უნდა, ისრაელს და ირანს შორის მდგომარეობა დაძაბულია. მიზეზიც ცნობილია ირანი ბირთვული იარაღის წარმოების ტექნოლოგიის შექმნის მომენტს უახლოვდება. ეს რა თქმა უნდა, ისრაელს აღელვებს და ყვველანაირად ცდილობს შეეწინააღმდეგოს. მათ შორის დიპლომატიური მეთოდით იქნება ეს შეერთებულ შტატებთან ერთად, თუ ძალის გამოყენების მუქარით. ისრაელი ცდილობს ეს ყველანაირად შეაფერხოს, რადგან ვარაუდობს, რომ როდესაც ირანს ეს იარაღი ექნება, ის ისრაელის წინააღმდეგ გამოიყენებს.

ცნობილია, თუ ირანი ბირთვულ პროგრამას გაზაფხულამდე არ შეწყვეტს, ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალები ირანის ატომურ ობიექტს დაბომბავენ... თუ პრემიერ მინისტრის ამერიკა-ისრაელის საზოგადოებრივი კავშრების კომიტეტზე გამოსვლისას ნათქვამს გავითვალისწინებთ მოსალოდნელია, რომ დაპირისპირება ისრაელმა წამოიწყოს?

არის ამის ვარაუდიც. შეიძლება ისრაელმა ირანზე შეერთებული შტატების თანხმობის გარეშე განახორციელოს დარტყმები, თუმცა ეს მე ნაკლებ სავარაუდოდ მიმაჩნია. ნაკლებად მგონია, რომ ისრაელმა მარტომ გადაწყვიტოს ამის გაკეთება.

ამ შემთხვევაში ამერიკის როლი როგორია, როგორ შეიძლება ჩაერთოს ამ საქმეში?

ფაქტიურად, ამერიკის შეერთებული შტატები რა თქმა უნდა, ამ საქმეში უკვე ჩართულია. ირანის მიმართ გარკვეულ ნაბიჯებს დგამს და ცდილობს მაქსიმალურად გამოიყენოს დიპლომატიური რესურსი, რომ ირანს ამ გზით სიარული შეაცერებინოს. მეორეს მხრივ, აშშ მუშაობს იმისთვის, რომ ისრაელმა არაკოორდინირებული ნაბიჯები არ გადადგას. რთულ ვითარებაშია შეერთებული შტატებიც, თან შემოდგომაზე არჩევნები მოდის. მოგეხსენებათ აშშ-ში ისრაელის ებრაული ლობი მოქმედებს... ამ დროს, ამ კონფლიქტის ესკალაცია ნავთობზე ფასების სავარაუდო ზრდას უკავშირდება, რაც ამერიკის ამომრჩევლებში უკმაყოფილებას გამოიწვევს. მოკლედ, ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება დილემის წინაშე დგას და ამოცანა ნამდვილად არაა მარტივი.

ისრაელმა თუ ირანის წინააღმდეგ საჰაერო სამხედრო იერიში მიიტანა, გასაკვირი და მოულოდნელიც არ იქნება ალბათ, მაშტაბური პასუხი რასაც მიიღებს...

ვერ გეტყვით, რადგან ეს არავინ იცის. რამდენად მაშტაბური იქნება ირანზე თავდასხმა, რა დოზის ზიანის მიყენება შეუძლია ასეთ შეტევას ირანისთვის. ირანს თუ ძლიერი ზიანი მიადგა, მისი მხრიდან საპასუხო ქმედება ვეღარ განხორციელდება, თუ არადა პირიქით. შეუძლებელია პასუხის გაცემა, ამ შეტევის სამხედრო პოტენციალისა და მის შესაძლო შედეგების თაობაზე ინფორმაციას ვერ ვფლობ.

რაც შეეხება, საქართველოს როლს ამ კონფლიქტში, შეიძლება თუ არა გამოყენებული ვიყოთ პოლიგონად, ან შესაძლოა თუ არა რაიმე სახით შეგვეხოს?

ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში კონფლიქტში მონაწილეობის მიღება საქართველოს ინტერესებში არა და ყველანაირად უნდა ვეცადოთ თავი ავარიდოთ. ვფიქრობ, რომ არც იქნება ამის საჭიროება, რადგან თუნდაც გეოგრაფიული მდგომარეობდან გამომდინარე, ირანზე შეტევის ძალიან ბევრი სხვა ალტერნატიული მიმართულება არსებობს და არაა აუცილებელი მაინცდამაინც საქართველო იყოს ამისთვის გამოყენებული.