უკვე ოთხ თვეზე მეტია საქართველო დაძაბული წინასაარჩევნო ვნებათღელვით ცხოვრობს, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებამდე ჯერ კიდევ რამდენიმე თვეა დარჩენილი (არა მგონია არჩევნები მაისისთვის გადმოწიონ, რადგან პენსიების მომატება სექტემბრიდან იგეგმება, თუმცა ბაქრაძემ უკვე დაიწყო შეხვედრები მოსახლეობასთან წინასაპრეზიდენტო თუ წინასაპარლამენტო არჩევნების ჩასატარებლად).
რა ფაზაშია დღეს სააკაშვილი (ნაციონალების) და ბიძინა ივანიშვილის დაპირისპირება? რა ტენდენციები გამოიკვეთა ამ მიმართებით?
როგორც საარჩევნო ტექნოლოგიების ფრანგი ოსტატი, ჟაკ სეგელა წერს, საპარლამენტო (საპრეზიდენტო) რბოლაში ძალიან მნიშვნელოვანია სტარტი პირველმა აიღო. მოწინააღმდეგე იძულებული ხდება ჩამოყალიბდნენ თქვენთან მიმართებაში. შემდეგ საჭიროა ჩაჩუმდე, მათ მისცე საშუალება, რომ ერთმანეთი დაჭამონ და კვლავ გამოჩნდეთ კამპანიის ბოლოში, რომ ყველაზე ბოლო სიტყვა კვლავ თქვენ გეკუთვნოდეთ.
ივანიშვილმა (მას შეიძლება ქართველი “ზორო” ვუწოდოთ, ვინაიდან კეთილდღეობაში მყოფი ადამიანი თავად ჩაება ღია ბრძოლაში უსამართლობასთან და ტირანიასთან) თავისი სტარტი 7 ოქტომბერს პირველმა აიღო და მნიშვნელოვან მოვლენას დაამთხვია, რითაც ხელისუფლების პარალიჩი გამოიწვია. რამდენიმე სერიოზული ნოკდაუნის შემდეგ (რომელიც მან მიაყენა ხელისუფლებას) იგი, სავსებით სწორად, ჩრდილში მოექცა, ჩაჩუმდა და პოზიციების გამაგრებას შეუდგა. ეს დაახლოებით მარტის ბოლომდე გასტანს, მერე კი მისი კოალიცია აქტიურობას თვისებრივად ახალი სტრატეგიით განაახლებს - ივანიშვილის გუნდი უნდა მივიდეს ყოველ სოფლამდე და კორპუსამდე, ჰყავდეს თავისი ავტორიტეტული წარმომადგენლები ყველა უბანში თუ დაწესებულებაში, აღარაფერს ვამბობ -საარჩევნო კომისიებში.
გამოჩენიდან ერთი თვის თავზე ივანიშვილი ქართულმა მედიამ უკვე გამარჯვებულად შერაცხა, და ეს რომ დაეჯერებინა ივანიშვილს, ეს იქნებოდა მისი დამარცხების უტყუარი საშუალება, მაგრამ ბიზნესში გამოწრთობილმა ივანიშვილმა კარგად იცის, რომ რეალობა ყოველთვის ოპოზიციაში დგას (პოლ ვალერის სიტყვებია), რომ საქმე ყოველთვის უფრო რთულად იქნება, ვიდრე ეს ჩვენ წარმოგვიდგენია და გვეოცნებება.
მოვლენების განვითარებამაც დაადასტურა, რომ იოლი გამარჯვება არ იქნება! მიუხედავად ხელისუფლების მიერ გამოცხადებული პირდაპირი ომისა, ივანიშვილმა მაინც შეძლო საზოგადოებრივი მოძრაობა “ქართული ოცნების” ჩამოყალიბება და კოალიციის ნელ-ნელა გაფართოება. მისი გულწრფელი მხარდამჭერები ამუნათებენ ივანიშვილს, რომ მოძრაობაში ახალი სახეების დეფიციტია. აქვე უნდა ითქვას, რომ საერთოდ საქართველოშია ახალი სახეების და პროფესიონალების დეფიციტი, თორემ პატიოსანი ხალხი ბევრია. მთავარია, ძველი, კორუმპირებული ხალხი არ შეიპაროს მოძრაობისა და პარტიის რიგებში. დარწმუნებული ვარ, მალე ახალი სახეები და პროფესიონალები გამოჩნდებიან მოძრაობაში. ისინი შორიახლო ტრიალებენ, მაგრამ ბევრს არ აწყობს მათი გამოჩენა და ბლოკავენ, ივანიშვილი კი ძალზე დაკავებულია, თუმცა მან ამისთვის აუცილებლად უნდა მოიცალოს. მან აუცილებლად უნდა აამოქმედოს ასევე კისინჯერის “პატარა ნაბიჯების” ცნობილი პრინციპი, რაც ნიშნავს ყოველკვირეულად (ყოველთვიურად მაინც) მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას და მცირე წარმატების მოპოვებას. ივანიშვილის კოალიციამ უნდა შეადგინოს საბრალდებო პროგრამა ნაციონალების (სააკაშვილის) წინააღმდეგ, სადაც აღნუსხული იქნება ყველა დანაშაული და კანონდარღვევა, რაც მათ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩაიდინეს და ეს უნდა წარუდგინონ ამომრჩეველს. ამასთანავე ივანიშვილმა უნდა დადოს კონტრაქტი საქართველოსთან, სადაც ჩამოთვლილი იქნება ის რეალური დაპირებანი, რასაც იგი აღასრულებს ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, აქვე აღინიშნება ის, რასაც არ ჩაიდენს ივანიშვილი. კონტრაქტი უნდა მთავრდებოდეს სიტყვებით, რომ თუ ივანიშვილი გაიმეორებს იგივეს, რასაც აკეთებენ ხელისუფლებაში ანაციონალები, მაშინ ხალხს უფლება ექნება, იგი ნებისმიერი ფორმით გაისტუმროს ხელისუფლებიდან.
სეგელას თქმით, „ამომრჩეველი არჩევანს აკეთებს უფრო გულით, ვიდრე გონებით. პირველ რიგში ის აფასებს ადამიანს და მერე მის პროგრამას. ამიტომ მთელი საარჩევნო აგიტაციისა და რეკლამის კონცენტრაცია უნდა მოხდეს ივანიშვილზე, ვინაიდან კოალიციაში შემავალ სუბიექტებს და მათ ლიდერებს საკმაოდ დაბალი რეიტინგი გააჩნიათ და ბევრსაც აღიზიანებენ“.
არჩევნებზე ადამიანები ყოველთვის ხმას აძლევენ იმედს. ამომრჩეველმა ნათლად უნდა დაინახოს, რას მიიღებს იგი ივანიშვილის მხარდაჭერით. თუ ასე არ მოხდა და მხოლოდ წარსულ დამსახურებაზე იქნება ლაპარაკი (პოლიტიკაში მომავალს არა აქვს წარსული დრო – ჟ. სეგელა), მაშინ უნდა ვიცოდეთ, რომ ამომრჩევლის გული მიდრეკილია ღალატისა და ცვლილებებისკენ. ხალხს ასსეთ შემთხვევაში არა აქვს არც მახსოვრობის და არც მადლიერების უნარი. ხმის მისაცემ კაბინაში ხალხს ნაკლებად აღელვებს მიღწეული და პირიქით აწუხებთ ის, თუ რას მიიღებენ ამა თუ იმ კანდიდატის მხარდაჭერით. ხალხი ნდობას უცხადებს არა მას, ვინც უკვე გააკეთა, არამედ იმას, ვინც მომავალში გააკეთებს. ამიტომაც ნებისმიერ პოლიტიკურ ორთაბრძოლაში ყველაზე დამანგრეველი იარაღია ცვლილებები, რომ ისინი შეეხება ყველაფერს, რომ
ბიძინა ივანიშვილი ცვლილებების მომხრეა
ივანიშვილს აქვს ცვლილებების გეგმა
ივანიშვილს შეუძლია ამ ცვლილებების რეალიზაცია
ივანიშვილმა ამისთვის უკვე შექმნა ახალი, ძლიერი გუნდი
უნდა გამოვლინდეს მოწინააღმდეგის ყველა სუსტი წერტილი და მოხდეს მათი “დაბომბვა”, ამ ფონზე ხაზი უნდა გაესვას ივანიშვილის ღირსებებს და იმას, რომ იგი ახალი ადამიანია ახალი მიდგომებით ანაციონალების ლიდერებთან მიმართებაში.
საზოგადოებრივ მოძრაობა “ქართულ ოცნებაში” ბევრ კარგთან ერთად, ასევე ბევრი ბალასტი და ლექი დაგროვდა. ისინი უნდა გაიფილტრონ და ახალ პარტიაში არ უნდა იქნენ მიწვეულნი, რადგან ხელს შეუწყობენ ახალი პარტიის კომპრომეტაციას და დაბინძურებას. უნდა შეიქმნას საარჩევნო ფონდი და მოსახლეობამ დაიწყოს თუნდაც მცირე თანხების (1,2,5,10 ლარი) გადარიცხვა ამ ფონდში ( ობამამ 2008 წელს ამ გზით 600 მილიონი დოლარი მოაგროვა).
ერთადერთი სავალდებულო პირობა იმისთვის, რომ გაიმარჯვო თაღლითობის გარეშე, უნდა იყო ამომრჩეველთა სასიცოცხლო ინტერესების ხორცის შემსხმელი. ამასთანავე ამომრჩევლმაც უნდა გააცნობიეროს თავისი პასუხისმგებლობა, რომ პირველ რიგში რაც შეიძლება მეტი ადამიანი მივიდეს არჩევნებზე და მეორე და უმთავრესი, ამომრჩეველმა საკუთარ თავს თავისუფლებაზე უარი არ უნდა უთხრას, ანუ თუ უნდა თავისუფლება ანაციონალთა რეჟიმისაგან, მხარი უნდა დაუჭიროს ივანიშვილს რეალურად.
უნდა გვახსოვდეს, რომ არჩევნებს ვერასოდეს ვერ იგებენ ქალებისა და ახალგაზრდების გარეშე, ამიტომ უნდა შემუშავდეს საგანგებო პროგრამები მათთვის. ლოზუნგიც შესაბამისი უნდა იყოს: “ჩვენ ერთად ბევრი რამის გაკეთება მოგვიწევს”!
ცნობილია ისიც, რომ არჩევნების მოგება ხდება ნეიტრალურ ზოლზე, მერყევთა დარწმუნების გზით. სწორად მიუთითებს სეგელა, რომ ნებისმიერი პოლიტიკური აქციის წარმოების ელემენტარული წესი ზუსტად მდგომარეობს იმაში, რომ უცბად შემოღობო საკუთარი ტერიტორია, მონიშნო საკუთარი ელექტორატი. ამასთან საარჩევნო კამპანიის ჩატარებისას არაფერია იმაზე რთული, ვიდრე ეცადო მოიპოვო ხმები ყოველი მხრიდან.
აგრარულ ქვეყანაში საარჩევნო კამპანიის საკვანძო საკითხად არ უნდა აქციო მხოლოდ ქალაქის მცხოვრებთა რეფორმატორული მოლოდინები – ისინი უნდა შეზავდეს “ ქართულ ოცნებას”ივანიშვილის სახით ჰყავს გამოკვეთილი, კაშკაშა ლიდერი (ასეთის გარეშე ვერც ერთი პარტია ვერ მოიპოვებს წარმატებას), რომლის იმიჯიც შეესაბამება ელექტორატის მოთხოვნილებებს.
ამასთან ივანიშვილის წყნარი და არაფრით გამორჩეული გარეგნობა – ეს ზუსტად ის არის, რაც საჭიროა იმ ამომრჩეველთა საკუთარ მხარეზე გადასაყვანად, რომლებიც ისწრაფვიან მშვიდობისა და სიმშვიდისკენ.
ელექტორატის გული აუცილებლად უნდა მოიგო, აქ მთავარია ალღო, ადაპტაციის და საკუთარი რაობის დაფარვის უნარი (ჟ. სეგელა), ცივსისხლიანობა და ჟინი, კომპიუტერივით სწრაფი აზროვნება, “არას” და გადაწყვეტილების უნარის ფლობა, სტრატეგიული ყნოსვა, საკუთარი გადაწყვეტილებების დაუყოვნებლივ აღსრულების უნარი, წვრილმანების გათვალისწინებაც კი.
ივანიშვილის გუნდმა უნდა დაარწმუნოს ამომრჩეველი, რომ “ერთადერთი, რაც უნდათ მათ-ეს, შეინარჩუნონ ხელისუფლება, ერთადერთი, რაც გვინდა, ჩვენ-ეს, მოგცეთ იგი თქვენ”, რომ “დღევანდელი უმრავლესობა-მიიღებს უმცირესობას”! მოსაფიქრებელია პარტიის სახელწოდებაც. თუ კოალიციას “ქართული ოცნება” უნდა ერქვას, მაშინ პარტიას სხვა სახელწოდება უნდა ჰქონდეს (მაგ. “ქართული ენერგია”, “ქართული ძალა”, “ქართული ღირსება” ან “ეროვნული ენერგია” და ა.შ.)
საკუთარი პარტია აუცილებელია იმ შემთხვევაშიც, თუ კოალიცია (ღმერთმა არ ჰქნას, მაგრამ საქართველოში ეს მოსალოდნელია) დაშლას დაიწყებს.
ახლა, რაც შეეხება, ანაციონალებს და მათ ლიდერებს.
ივანიშვილმა აქტიური სტარტით ანაციონალებს სერიოზული შეცდომები დააშვებინა. ნათქვამია, კაცი რომ თავის თავს უზამს, მტერიც კი ვერ დამართებს იმდენსო. ანაციონალებმა და მათმა ლიდერმა თვითონაც შეიძლება გამოჭედონ თავიანთი მარცხი და დასაკლავი დანა. ფინანსური და ადმინისტრაციული სიძლიერის მიუხედავად მათ უამრავი შეცდომა დაუშვეს, იმის მიუხედავად, რომ რაღაც მაინც გააკეთეს (ვასიკო ოდიშვილის თქმის არ იყოს. ეს კაცი გამოსაყენებელია, მიაქციეთ ყურადღება). მათ არ ესმით, რომ ინდივიდუალური ეგოიზმი ყოველთვის ძლიერია კოლექტიურ პერსპექტივაზე. ამიტომ არჩევნების ჩატარების დროს წარსული დამსახურებები ფაქტიურად არაა გათვალისწინებული.
2003 წლიდან საქართველომ შეაბიჯა ე.წ. დემოკრატიის ეპოქაში, მაგრამ 2006 წლიდან სწრაფად აღმოჩნდა გაწბილებული იმით, რომ ქვეყანა წინ აღარ მიიწევს, ადგილს ტკეპნის და “პოტიომკინის სოფლებივით” ვითარდება.
პოსტსოციალისტურ ქვეყნებში დემოკრატიზაციის ამ სტადიაზე წინა პლანზე გამოვიდნენ ის პოლიტიკოსები, რომლებიც დემოკრატიისა და დამოუკიდებლობისათვის იბრძოდნენ, მაგრამ როგორც კი აირჩევდნენ, უკვე ძალიან აღარ სურდათ საკუთარი ხელისუფლების სხვასთან გაყოფა. ამიტომ აქ (ჩვენთან) მუდამ არის იმისი საშიშროება, რომ სახელმწიფოში ხელისუფლება უზურპირებული იქნება იმავე მოღვაწეების მიერ, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში თვითონ იბრძოდნენ ტოტალიტარიზმის წინააღმდეგ.
ანალოგიური რამ მოხდა ჩვენთანაც - ტრიუმვირატის ხელისუფლებამ ერთი კაცის ხელში მოიყარა თავი და ლეგიტიმურობის კრიზისს დაუდო სათავე.
რა იმედი შეიძლება ჩაუნერგონ სააკაშვილმა და ანაციონალებმა ამომრჩევლებს?
ითვლება, რომ წინასაარჩევნო მარათონის დროს მთავრობის ხელმძღვანელს (პრეზიდენტს) ეხმარება მისი თანამდებობა, მაგრამ სინამდვილეში კი ეს მას ბორკავს, მითუმეტეს, თუკი იგი საკუთარი თავით ამაყობს და იგი რეკლამას უწევს თავის წარსულ დამსახურებას, სავსებით არ ეჭვობს, რომ ამავდროულად ამით თვითონაც წარსულში მიდის (ჟ. სეგელა).
პრეზიდენტის მთავარი ძალა - უნარი, რიხიანად დაგპირდეთ შეუძლებელს, იქცა მის მთავარ სისუსტედ. ჯერ კიდევ 2008 წლის არჩევნებში მისმა საარჩევნო დაპირებებმა 11 მილიარდი ლარი შეადგინა – ქვეყნის მაშინდელ ბიუჯეტზე თითქმის ორჯერ მეტი. პრეზიდენტი გაეხვია საკუთარ დაპირებებში, ხალხს დაუკარგა ნდობა (არადა, უნდა განასახიერო ერის იმედი ესაა უცილობელი კანონი არჩევნებზე). ანაციონალებმა და მათმა ლიდერმა საკუთარი “მიღწევების” ტრაბახით თავისი ხელით დაანგრიეს საკუთარი მომავალი ( სადაზღვევო კამპანიებზე შეწერილი ფულით აშენებულ “ახალ” საავადმყოფოებს არც ახალი აპარატურა აღმოაჩნდათ და არც გადამზადებული კადრები, ხალხს კი არ აღმოაჩნდა იქ სამკურნალო თანხა)
გამუდმებულმა რეკლამირებამ საბოლოო ჯამში გააღიზიანა და “დააყრუა” ამომრჩეველი და ანაციონალების მიმართ მცირე რწმენაც დაუმსხვრია.
პრეზიდენტის და ანაციონალების თანდაყოლილი ავტორიტარიზმი მომხრეებშიც კი უკვე სერიოზულ უკმაყოფილებას იწვევს: ესენი მოსწონთ მხოლოდ ამერიკელებს, მაგრამ ვეღარ იტანენ ქართველები და ევროპელები.
პრეზიდენტი და მისი გარემოცვა დღემდე უარყოფენ ჭორებს, რომ სააკაშვილს პრემიერ-მინისტრობა (ან პარლამენტის თავმჯდომარეობა) სურს. პოლიტიკაში კი რაიმეს უარყოფა ნიშნავს აღიარებას, და ეს ხდება მაშინ, როცა გაიზარდა ფასები ყველაფერზე და შემცირდა მოსახლეობის შემოსავლები, კატასტროფულად გაიზარდა სხვაობა მდიდრებსა და ღარიბებს შორის, საქართველო დემოგრაფიული კატასტროფის ზღვარზე მივიდა, მოსახლეობის 80% ბანკების ვალი აქვს.
მოსახლეობას ასევე აღიზიანებს პრეზიდენტის ხშირი გამოჩენა სამთავრობო არხებზე. მართალია მედიაში გამოჩენის რეკორდი სილვიო ბერლუსკონს ეკუთვნის, მაგრამ ის თავის კუთვნილ 3 სატელევიზიო არხზე უფრო გამოდიოდა, იგებდა არჩევნებს სატელევიზიო მანიპულირებით (ტელესტუდიათა გაუთავებელი სტუმრობით გამოირჩეოდა გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი, რომელსაც გერმანელებმა “კამერის კანცლერი” უწოდეს.
53 წლის შრიოდერმა არჩევნებამდე ერთი წლით ადრე მეოთხე ცოლად შეირთო მასზე 19 წლით უმცროსი ჟურნალისტი დორის კიოპფი. შრიოდერი არა მარტო პოლიტიკურ გადაცემებში, არამედ თოქ-შოუებშიც კი მონაწილეობდა, რის გამოც ცნობილმა გაზეთმა “ ბილდ ან ზონტაგ” პირველივე გვერდზე მსხვილი ასოებით აკრიფა: “შრიოდერი ყველა გადაცემაში – რა უბედურებაა”! იაპონიის ყოფილმა პრემიერმა, კოიძუმიმ ახალი მოდა დაამკვიდრა სატელევიზიო გამოჩენებით, რასაც გაშარჟებით “კოიძუმის თეატრი” უწოდეს. 2005 წლის აგვისტოში ფრანგულმა ჟურნალმა “პარი-მატჩმა” გამოაქვეყნა ფოტომასალა, რომლის მიხედვით ნიკოლა სარკოზის მაშინდელ მეუღლეს სესილიას რომანი ჰქონდა ვიღაც რიშარ ატიასთან. იმ დროს შირაკის შინაგან საქმეთა მინისტრმა სარკოზიმ დაურეკა ჟურნალის მფლობელს, მედია-მაგნატ არნო კაგარდესს და რედაქტორი ალენ ჟენსტარი თანამდებობიდან გააგდებინა. მოგვიანებით ჟენსტარმა განაცხადა, რომ “სარკოზის განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს ჟურნალისტებთან. მას მიაჩნია, რომ იგი ჟურნალისტებს აჭმევს და სანაცვლოდ ლოიალობას ითხოვს” სარკოზიმ 2009 წლის დასაწყისში მიაღწია კანონის მიღებას, რომლის მიხედვითაც საფრანგეთის საზოგადოებრივი ტელევიზიისა და რადიოს დირექტორთა დანიშვნა ხელისუფლების პრეროგატივად იქცა).
ლიდერს, რომელსაც არ შეუძლია პირადი მაგალითის ძალა უჩვენოს ხალხს, ტელეგენურობა და დაყენებული მანერები ვერაფერს უშველის. ქარიზმა მალე ქრება. თუ არ აკეთებ იმას, რაც სისხლხორცეულად სჭირდება შენს ხალხს, იწყებენ ჯერ “კოსტუმზე მუქი ლაქების შემჩნევას “, მერე კრიტიკას, მერე ლანძღვას, მერე გინებას და ბოლოს უყვირიან: “წადი!”
ყველაფერს მაინც ამომრჩეველი და მისი აქტიურობა გადაწყვეტს. ამომრჩეველთა საკმაო ნაწილი არ მიდის არჩევნებზე (50-60% ჩვენთან). სწორად წერს სეგელა, რომ ადამიანი მზადაა სიცოცხლე გასწიროს თავისუფლებისათვის, მაგრამ არაა მზად შეწიროს თავისი გამოსასვლელი დღის თუნდაც ერთი საათი იმისთვის, რომ წავიდეს საარჩევნო უბანზე და ხმა მისცეს ამ თავისუფლებას.