თქმულება განგების გარდუვალობაზე (ხელისუფალთა საყურადღებოდ)

თქმულება განგების გარდუვალობაზე (ხელისუფალთა საყურადღებოდ)

პოლიტიკური პორტირება

ერთხელ მოლა ნასრედინს ჰკითხეს, თუ რატომ მიდის დილით ხალხი სხვადასხვა მხარეს? მოლამ უპასუხა - ყველა რომ ერთ მხარეს წავიდეს, დედამიწა გადაბრუნდებაო. ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს ქართულ პოლიტიკურ რეალიებს – ჯერ იყო ყველა კარიერისტი და ბედის მაძიებელი გამსახურდიას მიეტმასნა, მერე-შევარდნაძეს და სააკაშვილს, ახლა კი ბიძინა ივანიშვილისკენ დაიძრნენ. ბევრმა უკვე დაიწყო საკუთარ პარტიებთან გამიჯვნა და მესიჯების გაგზავნა ივანიშვილისკენ – გვიმსახურე, თქვენთან გვიგულე და “სამუდამო” ერთგულებისთვის მზადა ვართო. კახელები ამას სხვა რამეს ეძახიან, თანამედროვე კომუნიკაციის ენაზე კი პოლიტიკური პორტირება შეიძლება ვუწოდოთ. 

მალე მმართველი პარტია დაიწყებს რღვევას და იქიდანაც გამოიქცევა ხალხი – ზოგს კარიერის გაგრძელება მოუნდება, ზოგს კი შეაგზავნიან ინფორმაციის მისაღებად და ზეგავლენის მოსახდენად. იმედია, ივანიშვილი ასე აღარ მოიქცევა და ამ ხალხს თავის ადგილს მიუჩენს. მას სრულიად ახალი ხალხი ჭირდება დღეს და საზოგადოების დაკვეთაც ასეთია –“მოუხმობელთა მოხმობა” – ანუ ისეთ ინტელექტუალურ და ზნეობრივ ხალხზე დაყრდნობა, ვისთვისაც არც ერთ პრეზიდენტს არ დაუძახია დღემდე.

რატომ შემცირდა ინვესტიციები საქართველოში
ცნობილია როგორ ავიწროებს დღევანდელი ხელისუფლება არა მარტო ქართულ ბიზნესს, არამედ უცხოურსაც (მარტო ებრაელი ბიზნესმენების ციხეში გამოკეტვა რად ღირს). დღეს ყველა ერიდება ფულის გამოჩენას და საქმეში ჩადებას, უცხოურ ინვესტიციებზე ხომ ლაპარაკიც აღარაა.

ქართველი ემიგრანტების მიერ საქართველოში ახლობლებისათვის გადმოგზავნილი თანხები (700-800 მილიონი დოლარი წელიწადში) ბევრად აღემატება უცხოურ ინვესტიციებს. “ქართუ” ბანკის დაყაჩაღებამ და მისი გაკოტრების მცდელობამ მთლად დააფრთხო გარეული თუ შინაური. გაჩნდა ანეგდოტებიც ამ თემაზე:

- “ამერიკაში მინდა წასვლა, დამეხმარეთ, ბიძაჩემი მილიარდერია, დაბრმავებულა და დამირეკა-ჩამოდიო.
- თვითონ ჩამოვიდეს საქართველოში და თავისი კაპიტალი აქ დააბანდოს!!
- ბიძაჩემი დაბრმავდა, ჭკუიდან კი არ შეშლილა!


თბილისის მერიასთან მანქანა გაჩერდა. პატრული მიუახლოვდა მძღოლს, რომელიც ბანკში შესვლას აპირებდა და ეუბნება:

- აქ სად აჩერებ, მთავრობაა!
- არაფერია, ისეთი სიგნალიზაცია მაქვს “მერსედესზე”, რომ ვერაფერს მომპარავენ”.

ქვეყანას, სადაც სამუშაო ადგილების შემქმნელი ბიზნესი თავისუფლად ვერ ვითარდება, მომავალი არა აქვს, არც ასეთ ხელისუფლებას აქვს მომავალი!

ნამდვილი და ყალბი ქველმოქმედება
დავით აღმაშენებელის ისტორიკოსი, აღწერს რა უდიდესი ქართველი მეფის ფართო საქველმოქმედო საქმიანობას, ხაზგასმით მიუთითებს, რომ იგი ამისთვის სახელმწიფო ხაზინის თანხებს როდი იყენებდა, არამედ თავის პირად ქონებას (“ხელთა თვისთა ნადირებულთა”).

დღევანდელ ხელისუფლებაში მყოფი დიდი და წვრილი ჩინოვნიკები ასევე ხალისით მისდევენ “ქველმოქმედებას”, მაგრამ, ცხადია, არა საკუთარი, დიდად გაზრდილი საეჭვო შემოსავლებიდან, არამედ ჩვენი გადასახადებიდან შეგროვილი სახელმწიფო სახსრებიდან. 

ყველაზე ცინიკური კი ის არის, რომ ხალხს თავს მდაბლად ახრევინებენ და იმადლიერებენ ისეთ “დახმარებებზე”, რომელიც მოსახლეობას ისედაც ეკუთვნის ბიუჯეტიდან, ან კიდევ დაურიგებენ მცირეოდენ ფქვილს და დიზელს და მერე კი სამმაგად ამოიღებენ დახარჯულს იმავე გაუბედურებული მოსახლეობიდან.

ბანქოს ერთ-ერთ სახეობაში (“პრეფერანსი”) ასეთ დახმარებას “ამერიკული დახმარება” ჰქვია : ანუ ძლიერი ეხმარება სუსტს გარკვეული ზღვარის (“გორა”) მიახლოვებაში, მაგალითად 7 ქულით, მერე კი მასთან იწერს 70 “ვისტს”.

ამას ყველაფერს თავისი ვასალი ტელევიზიების მეშვეობით ყოველდღე მოგვახარებს ხოლმე ხელისუფლება, თუმცა ქართველობამ, საბედნიეროდ, მართლაც იცის ნამდვილი და ჩუმი ქველმოქმედების ფასი.

თქმულება განგების გარდუვალობაზე (ხელისუფალთა საყურადღებოდ)
ერთმა ბაღდადელმა ვაჭარმა თავისი მსახური ბაზარში გაგზავნა სანოვაგის შესაძენად, მაგრამ მსახური მალე მობრუნდა. ხელში ცარიელი კალათა ეჭირა და შიშისგან ცახცახებდა, აკანკალებული ხმით უთხრა პატრონს: “ბატონო ჩემო, ბაზარში ვიღაც ქალი შემეჩეხა, შევხედე და სიკვდილი ვიცანი, თუ ღმერთი გწამს, შენი ცხენი მათხოვე, დღესვე გავეშურები სამარას და სიკვდილი ვეღარ მომაგნებს”. ვაჭარმა ათხოვა ცხენი და მსახური სწრაფად გაეშურა ქალაქ სამარას. შემდეგ გაოცებული ვაჭარი თავად წავიდა ბაზარში, იქ იმ ქალს გადაეყარა და ჰკითხა: “რატომ დამიფრთხე და შემიშინე მსახური?”

სიკვდილმა მიუგო: “სულაც არ მიფიქრია მისი დაფრთხობა.ოღონდ გამიკვირდა, რომ აქ ბაღდადში გადავაწყდი. სწორედ დღეს, საღამო ხანს პაემანი მაქვს მასთან დანიშნული სამარაში”.

თანამედროვე “რეგვენები”
ბაგრატ II რეგვენი (გარდაიცვალა 994 წელს) – ასეთი სახელით მოიხსენება საქართველოს ისტორიაში გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფის ბაგრატ III (980-1014) პაპა. სიტყვა “რეგვენი” მაშინ ერქვა ადამიანს, რომელიც იყო ახალგაზრდა და თავნება, ჯიუტი, ახირებული და ცანცარა.

ბაგრატ მეორე რეგვენი დღევანდელ ხელისუფალთა (და ზოგიერთ ოპოზიციონერთა) დიდ წინაპრად შეიძლება მივიჩნიოთ – ესენიც ახალგაზრდა და თავნებანი არიან, ახირებულები და ჯიუტები, გაუწონასწორებლები და ცანცარები, სხვათა თათბირის არად ჩამგდებნი – თავად წყვეტენ ყველაფერს, არავის არაფერს უთანხმებენ, თითქოს ქვეყანაში არ იყოს გონიერ და გამოცდილ ადამიანთა საკმაო რაოდენობა.

სწორედ ამას მიჰყავს ქვეყანა უფსკრულის პირას. 

ტყუილად კი არ ამბობდა დიდი არისტოტელე – “ძალა აქვთ ახალგაზრდებს, ჭკუა კი ასაკოვან ადამიანებს”-ო. უბრალოდ, საჭიროა მათი შეხამება სახელმწიფო მართვის პროცესში.

ამიტომ საჭიროა მომავალმა, ახალმა პარლამენტმა მიიღოს კანონი მინიმალური ასაკობრივი ზღვარის შესახებ: “განისაზღვროს მინიმალურ ასაკად 35 წელი პარლამენტის დეპუტატების, მინისტრების, გუბერნატორებისა და გამგებლებისათვის (ეს ორი უკანასკნელი პირდაპირი გზით უნდა აირჩიოს ხალხმა), ხოლო პრეზიდენტისათვის - 40 წელი”.

(ა) ნაციონალური მოძრაობა
სიტყვით პატრიოტობა, საქმით - კოსმოპოლიტობა, ნამდვილი ეროვნული ინტერესების უგულებელყოფა და პირადი ინტერესების გაბატონება, ეროვნული სასიცოცხლო მნიშვნელობის პროექტებზე უარის თქმა და უცხოეთში ყავლგასული გლობალური პროექტების მოსახლეობისთვის ძალით თავს მოხვევა, საკუთარი ამომრჩევლების აბუჩად აგდება – აი, რით ხასიათდება ტუვალუს მმართველი პარტია – (ა)ნაციონალური მოძრაობა. კიდევ კარგი, ჩვენი ანაციონალები ამათ არ გვანან და სულ “ხალხზე ფიქრობენ”, განსაკუთრებით ამა წლის 7 ოქტომბრიდან.

უარესიც შეიძლება მოხდეს
იტალიის სკანდალურად ცნობილი პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონი თითქმის 13 წლიანი მმართველობის (მთლიანობაში) შემდეგ თანამდებობიდან სამუდამოდ გადადგა.

“ბერლუსკონის მთავრობაზე უარესი არა მგონია, კიდევ რამე იყოს” – განაცხადა ერთ-ერთმა ქალბატონმა ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში.

ჩვენც ასე გვეგონა, რომ შევარდნაძეზე უარესი მთავრობა აღარ გვეყოლებოდა... იტალიელები ჩვენზე უარესი გულუბრყვილოები ყოფილან.