ქარიზმატული და პარანოიკი ავტორიტარი ლიდერები

ქარიზმატული და პარანოიკი ავტორიტარი ლიდერები

„ყველა ხედავს იმას, რადაც გვაჩვენებ თავს,

ცოტა თუ გრძნობს იმას, რაც ხარ სინამდვილეში“
(ნიკოლო მაკიაველი)

დიდი იტალიელი მოაზროვნე და პატრიოტი ნიკოლო მაკიაველი განასხვავებდა ავტორიტარი მმართველის და დიქტატორის ორ ტიპს: პირველ შემთხვევაში იგულისხმება აბსოლუტური ხელისუფლების მქონე ტირანი, რომელიც ძალაუფლებას პირადი ინტერესებისთვის იყენებს და არა ზოგადი სიკეთისათვის, ხოლო მეორე შემთხვევაში – ქვეყნის მმართველი, რომელიც აირჩევა ხალხის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული ვადით და, რომლის უფლებამოსილებაც გაზრდილია აუცილებლობისა და მიზანშეწონილობიდან გამომდინარე. ამ დებულებაზე დაყრდნობით მაკიაველი განასხვავებს ძლიერი ძალაუფლების მქონე ორ პირს: პირველი თვითონ მიითვისებს ძალაუფლებას, რაც დამღვუპელია სამოქალაქო საზოგადოებისათვის და იწვევს სოციალურ და ეროვნულ აფეთქებებს და შეთქმულებებს, მეორე კი აღიჭურვება გაზრდილი უფლებამოსილებით თავისუფალი არჩევნების საფუძველზე (“მსჯელობა ტიტუს ლივიუსის დეკადის გამო”).

პოლიტოლოგიურ ლიტერატურაში ლიდერობის ქარიზმატულ ტიპს საგანგებო ყურადღება ეთმობოდა და ეთმობა (“ქარიზმა” ბერძნული სიტყვიდან მოდის და “ღვთაებრივ მადლს” ნიშნავს. ტერმინი ნასესხებია ადრექრისტიანული ლიტერატურიდან. სამეცნიერო ხმარებაში იგი გერმანელმა მკვლევარმა ერნესტ ტრელჩმა შემოიტანა, დეტალურად კი გააანალიზა მაქვს ვებერმა ბატონობის იდეალური ტიპების კონცეფციაში).

ქარიზმა, ე.ი. მეთაურის და ლიდერის პიროვნების, როგორც ხელისუფლების წყაროს კულტი, მეტად მოქნილია და არ მოითხოვს არც დიდ დროს ჩამოყალიბებისათვის, არც საყოველთაოდ აღიარებული ნორმების რაციონალურ ნაკრებს (ა. ბუცხრიკიძე).

როგორც სეიმურ ლიპსეტი მიუთითებს “ქარიზმული ტიპის ლიდერი, უპირველეს ყოვლისა, ეროვნული გმირია,რომელშიც სიმბოლიზებულია ქვეყნის იდეალები და მისწრაფებები. უფრო მეტიც: იგი აკანონებს ახალ საერო მმართველობას, ანიჭებს რა მას “თავისი მადლის უნარს” (ს. ლიპსეტი “კანონიერება და ეფექტურობა”, პოლიტოლოგიის საკითხები, N 2, თბ; 1992, გვ. 32).

პოლიტიკური ლიდერობის ქარიზმატული ტიპის არსებითი განსხვავება ლიდერობის სხვა ტიპისაგან იმაში მდგომარეობს, რომ თუ ტრადიციული და ბიუროკრატიული ლიდერები მოღვაწეობენ სტაბილურ საზოგადოებრივ სტრუქტურებსა და გარემოში, ქარიზმატული ლიდერი პოლიტიკურ სარბიელზე გამოდის ისტორიის მკვეთრი ზიგზაგების, გარდამავალი პერიოდის დროს. მისი ხელისუფლება ღრმა სოციალურ-ეკონომიკური კრიზისის შედეგია (ლენინ-სტალინი, ჰიტლერი, მაო ძე-დუნი და სხვ.).

ქარიზმატული ლიდერი საზოგადოებრივი მოვლენების ბუნებრივ ხასიათს უარყოფს, ხოლო საკუთარ თავს აღიქვამს, როგორც ისტორიული განვითარება-ცვალებადობის ბუნებრივ-კანონზომიერ შედეგს და ენერგიულად ეწევა ილუზორული თეზისის პროპაგანდას. ქარიზმატული ხელისუფლება ეფუძნება, ერთი მხრივ, პოლიტიკური ლიდერის “ზებუნებრივსა და მაგიურ უნარს”, ხოლო მეორე მხრივ, მასებისადმი ბრმა რწმენას”.

ბრბოც და მასაც ქარიზმით დაჯილდოებულ ლიდერს (ბელადს, ფიურერს, კაუდილიოს, დუჩეს) ღმერთკაცად, ლამის მესიად მიიჩნევენ. მასებისა და ასეთი ლიდერის ურთიერთობა ემოციურ-მისტიკურ ხასიათს ატარებს და უცნაური ინტერპრეტაციებით გამოირჩევა. ამასთან ეს ურთიერთობები დიდი დაძაბულობითაც ხასიათდება: “საჭიროა გამუდმებული ჰეროიზმი, ენთუზიაზმი, მასების გაკვირვება და აღტაცება”.

ქარიზმატული პოლიტიკური ლიდერი რადიკალურად უარყოფს წარსულს და წინამორბედებს და მიისწრაფვის საფუძველი შეურყიოს არსებულ წყობას, რის გამოც იგი მკვეთრად გამოხატული რევოლუციური ძალაა. იგი სამართლებრივ ნორმებზე, ინტერესებზე და წესრიგზე მაღლა აყენებს თავს.

ეს სიტუაცია, რომელიც დაკავშირებულია ლიდერის ქარიზმის გულწრფელ რწმენასთან, დიდხანს არ გრძელდება და დროთა განმავლობაში წმინდა ფორმად იქცევა, თუმცა მისი გარეგანი ატრიბუტები შეიძლება შენარჩუნებულ იქნეს საკმაო დროის მანძილზე და შენიღბოს ხელისუფლების ახალი ფორმა – დეპერსონიფიცირებული-ბიუროკრატიული.

ამერიკელი პოლიტოლოგი კ. ლოვენსტეინი მიუთითებს, რომ “ცეზარისტული ავტორიტეტი საჭიროებს მთლიან კონტროლს ძალოვან ორგანოებსა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე”. იქ, სადაც ქარიზმატული ლიდერი ამ პრივილეგიებს არ ფლობს, მას არ შეუძლია გახდეს ავტორიტარი მმართველი და ტიტანი.

მეცნიერულ ლიტერატურაში ერიხ ფრომმა შემოიტანა “ავტორიტარული პიროვნების” ცნება, რომელიც განიხილება როგორც ტოტალიტარული (დღეს კი ზოგიერთი პოსტტოტალიტარული- ვ. შ.) რეჟიმების სოციალური საყრდენი მისთვის დამახასითებელი ისეთი თვისებების გამო, როგორიცაა კონსერვატიზმი, აგრესიულობა, ძალაუფლების წყურვილი, ინტელიგენციისადმი სიძულვილი, აზროვნების სტერეოტიპები, კონფორმიზმი, სიძულვილი სხვა ერებისადმი და ა.შ. იგი დევნის ყოველივე განსაკუთრებულს, იმას, რაც საშუალო დონეს სცდება.

ავტორიტარული პიროვნების პოლიტიკური მიზანდასახულობანი მდგომარეობს არსებული წყობისადმი არაკრიტიკულ დამოკიდებულებაში, აზროვნების შაბლონურობაში, ხელისუფლებასა და ძალაზე ორიენტაციაში. (ტ. ადორნო).

მაქს ვებერმა და კურტ ლევინმა ყურადღება გაამახვილეს ლიდერობის ავტორიტარულ სტილზე, როცა ლიდერობა ხორციელდება მკაცრი მეთოდებით, სხვათა ინიციატივის ჩახშობით, გადაწყვეტილებათა გამოტანის განხილვის აღკვეთით. (სხვათა შორის მსოფლიოს უდიდეს კორპორაციებში მიღებულია ლიდერობის და მართვის ავტორიტარული სტილი – ცენტრალიზაციის მაქსიმუმი, დემოკრატიულობის მინიმუმი, ფაქტიური უსიტყვო მორჩილება).

ცნობილი გერმანელი პოლიტოლოგის, კარლ შმიტის აზრით, პოლიტიკური ლიდერის (მათ შორის - ქარიზმატული და პარანოიკული ლიდერების) ავტორიტარიზმი მკვეთრად ვლინდება მიმდევრებთან, ადეპტებთან, ლიდერის ავტოკრატიულ კორელაციაში. ეს ვითარება თავს იჩენს მაშინაც, როცა საქმე ეხება როგორც სტრატეგიის, ისე - ტაქტიკის, უმნიშვნელოვანესი საკითხების განხილვასა და გადაწყვეტაში მონაწილეობისაგან სხვა პირების ჩამოშორებას. რა თქმა უნდა, ამგვარი ლიდერი მკაცრად აკონტროლებს სოციალური ერთობის წინაშე წამოჭრილი ნებისმიერი სოციალური თუ პოლიტიკური პრობლემის გადაჭრის მიმართულებასა და მსვლელობას. ის ენერგიულად აღკვეთს ჯგუფის წევრების ინიციატივას, რასაც აღიქვამს, როგორც თვითნებობის დაუშვებელ აქტს და მისი, როგორც პოლიტიკური ლიდერის, ავტორიტეტისა და ღირსების ხელყოფას. ხელმძღვანელობს ძირითადად საკუთარი განწყობით და სუბიექტურად აფასებს მიღწეულ შედეგებს.

ავტორიტარი ლიდერი მიმდევართა და ხელქვეითთა ქმედება-მოღვაწეობას წარმართავს ადმინისტრაციულ-მბრძანებლური მეთოდებით. ასეთი ლიდერისათვის ზემოქმედების მთავარი იარაღია “რკინის მომთხოვნელობა”, შიშის მოგვრა, დასჯა. ასეთი ლიდერის მიმდევრებში ფსიქოლოგიური კლიმატი ჯანსაღი არ არის, სუფევს არაკეთილგანწყობა, ურთიერთუპატივცემულობა, აქ ნორმალური ადამიანური ურთიერთობები მინიმუმამდეა დაყვანილი. მიმდევრები ლიდერის მითითებების პასიური შემსრულებლები არიან. ლიდერის ყველა მითითება გაიცემა ბრძანების ფორმით, ლაკონიური ენითა და უსიამოვნო ტონით. ამ დროს აშკარა და პირდაპირი აკრძალვები შეუნიღბავად მბრძანებლურ ხასიათს ატარებს. ავტორიტარული ლიდერი მოითხოვს ხელისუფლების მონოპოლიას, ერთპიროვნულად განსაზღვრავს და აყალიბებს სოციალური ერთობის ამოცანებს. მიმდევართა შექება, გაკიცხვა, დასჯა ხშირად სუბიექტური ფაქტორების საფუძველზე ხდება (ბ. კუტნერი).

აუცილებელია იმის გათვალისწინებაც, რომ ხალხის სამართლიანი უკმაყოფილება და მათი სტიქიური გამოსვლები, დადგენილი წესების ან ხელისუფლების წინააღმდეგ, ავტორიტარი ქარიზმატული ლიდერის მიერ შეიძლება გამოყენებულ იქნეს არსებული ინსტიტუტებისა და ღირებულებებისაგან მათი გადამწყვეტი ჩამოშორებისათვის, დიქტატურისა და ტოტალიტარული რეჟიმების დასამყარებლად, ხალხთა უფლებებისა და თავისუფლებათა შეზღუდვისთვის. როგორც ამერიკელი პოლიტოლოგი ა. ჰაქსლეი აღნიშნავს, “იქ, სადაც რესპუბლიკური ტრადიცია სუსტია (მაგ. საქართველოში - ვ.შ.), ყველაზე საუკეთესო კონსტიტუციებიც კი ვერ დააბრკოლებს ამბიციურ პოლიტიკოსებს… აჰყვნენ ხელისუფლების ხელში ჩაგდების ცდუნებას”.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, როცა მასში შემავალ ქვეყნებისთვის რთული პერიოდი დაიწყო, ამ ყოფილ რესპუბლიკებშიც გამოჩნდნენ ქარიზმატული ლიდერები. სტაბილური სოციალური ინსტიტუტების არარსებობა და მასების კონსერვატიზმი, რომლებზეც ზემოქმედებს კაპიტალისტური მოდერნიზაციის ნეგატიური შედეგები, შეთავსებული პოლიტიკური და “ეროვნული” ცნობიერების დანაწევრებულობასთან, შესაძლებელს ხდის ზვიად გამსახურდიას, მიხეილ სააკაშვილის და სხვ. მსგავსი ქარიზმატული ლიდერების გამოჩენას პოლიტიკაში.

ზიგმუნდ ფროიდს მიაჩნდა, რომ მასები ყოველთვის ეძებენ და თაყვანს სცემენ ლიდერებს. მათ ამოძრავებთ დამოუკიდებლობასა და პასუხისმგებლობაზე უარის თქმის უძლიერესი სურვილი. ლიდერის გაიდეალება და მასთან იდენტიფიკაცია, ფროიდის აზრით, სოციალური ბატონობის ერთი ძირითადი მექანიზმია.

ფროიდის მოწაფეები და მიმდევრები საზოგადოებას ჰყოფენ ფსიქიკურად ნორმალურ, შემოქმედებით უნარს მოკლებულ ადამიანებად და ლიდერებად, რომლებიც, მათი აზრით, მანიაკებს და ფსიქოპათებს წარმოადგენენ. პარანოიკებს უდავოდ მთელი რიგი უპირატესობა ახასიათებთ ლიდერობისათვის ბრძოლაში. ექსტრემალურ სიტუაციებში, სადაც ნორმალური ადამიანი ბუნებრივად მერყეობს, ზოგჯერ კი სასოწარკვეთილებასაც ეძლევა, პარანოიკები თავს ჩვეულებრივად გრძნობენ, მათ ყველა მოვლენასა და ფაქტზე საკუთარი აზრი გააჩნიათ.

უ. ჰაგემანის აზრით “იმ ლიდერს კი არ შეუძლია მიიმხროს მასა, ვისაც ხელეწიფება ლოგიკური აზროვნება და მკაფიო მეტყველება, არამედ იმას, ვინც სომნამბულის უნარს ფლობს, შეუძლია გამოიწვიოს მღელვარება თანამონაწილეთა შორის და ფსიქიკის სიღრმისეულ ძალებზე ზემოქმედებით მთლიანად დაეუფლოს ადამიანს... ყველაზე იღბლიანი ბელადი არის არა ის, ვინც ყველაზე ჭკვიანი ან ძლიერია, არამედ ასეთი შთაგონების ძალით დაჯილდოებული ლიდერი... აზროვნების სიცხადე დაბრკოლებაა მიმდევართა ვნებებისა და ინსტინქტების გაღვივების გზაზე“. უფრო ადრე ამასვე წერდა ხოსე ორტეგა ი გასეტი: “პოლიტიკოსებად, მათ შორის - სახელგანთქმულ პოლიტიკოსებად, სწორედ ისინი გვევლინებიან, რომელთა გონებრივი თვალსაწიერი საკმაოდ შეზღუდული გახლავთ”.

ა. ადლერის კონცეფციის მიხედვით, პიროვნების განვითარების ძირითად მამოძრავებელს წარმოადგენს უნივერსალური სწრაფვა უპირატესობისაკენ, წარმატებისა და ლიდერობისაკენ, რასაც ძლიერად აღვივებს სხეულის “სისუსტით”, ან რაიმე ფიზიკური ნაკლით გამოწვეული არასრულფასოვნების გრძნობა. ამით ხდება ამ გრძნობის კომპენსირება.

ერიხ ფრომის აზრით, ცალკეული ინდივიდის არაცნობიერი განისაზღვრება მისი ეგზისტენციალური და სოციალური წინააღმდეგობებით, რაც წარმოშობს განცალკევებულობის, მარტოობის, დაურწმუნებლობის გრძნობებს. ადამიანის გაუცხოება შიშის ძირითადი წყაროა, ხოლო შიშისგან თავის დახსნას ადამიანი ეძებს “ავტორიტარულობის”, “ძალაუფლების წყურვილის”, “ნგრევისადმი მისწრაფების,” “ავტომატიკის კონფორმიზმის” (ასევე ბევრი მცველის ყოლის – ვ. შ.) კომპლექსებში. ეს ყოველივე ძალზე ახლოა სადიზმის, მაზოხიზმის, ლიბიდოს, “სიკვდილისადმი სწრაფვის” ფროიდისეულ გაგებასთან” (ს. სტოევი).

ყოველგვარი მტკიცებისა და დასაბუთებისაგან თავისუფალი, მარტივი და სადა საზეიმო განცხადება (აფირმაცია) მასის ცნობიერებაში პოლიტიკური ლიდერისთვის სასარგებლო იდეების ჩანერგვის საიმედო იარაღია. მაგრამ აფირმაციას არა აქვს რეალური გავლენა, თუ არ ხდება მისი მუდმივად გამეორება (რეპეტიცია) და, რამდენადაც ეს შესაძლებელია, იმავე ტერმინებით.

საკმარისი განმეორების შემდეგ მიიღწევა ერთსულოვნება და ყალიბდება მოარული შეხედულება. ამის შემდეგ კი მოქმედებას იწყებს სოციალურ-ფსიქოლოგიური “გადადების” ძლიერი მექანიზმი, რომლის გამოვლინება მრავალმხრივი და მრავალფეროვანია (მაგ. მასობრივი ფსიქოზები).

მიზანდასახული და მოხერხებული ავტორიტარი ლიდერი ფლობს ადამიანში მაგიური გრძნობების გამოხმობის უნარს. ინდივიდების ჯოგად გადაქცევის მიზნით ეწყობა რიტუალური ცერემონიები (მიტინგებისა და მარშირების სახით), იქმნება მოკრძალების, რიდის, შიშის განწყობა. რიტუარულ ცერემონიებს თან ახლავს მაგიური ფორმულის უსასრულო სკანდირება (მაგ: საქართველოში “ზვიადი”, “ზვიადი”, “ზვიადი”... “შევარდნაძე”, “შევარდნაძე“, “შევარდნაძე”... “მიშა”, “მიშა”, “მიშა”) და ბრბოს ვედრება ქარიზმატული ლიდერის გამოჩენის, როგორც მედიატორისა შიშით მოცულ ადამიანებსა და მათთვის გაუცნობიერებელ, გაუგებარ სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ძალებს შორის.

ავტორიტარულ ლიდერს ხელისუფლების მოპოვებაში და მერე მის უზურპირებაში ხელს უწყობს ორი მნიშვნელოვანი გარემოება, რამაც ბოლო ხანებში აშკარად გამოკვეთილი სახე მიიღო:

პირველი, ესაა პოლიტიკურ პროცესებში მასმედიის, განსაკუთრებით - ტელევიზიის, როლის გაძლიერება (რომელიც, ნებით თუ იძულებით, მუდამ თან დაჰყვება ლიდერს), რამაც შესაძლებლობა მისცა პოლიტიკურ ლიდერს შუამავლის (პარტიის) გარეშე მიმართოს მასებს. შეიქმნა ფაქტიურად მმართველობის ახალი სტილი – “ტელეკრატია”, ანუ ტელევიზიის მეშვეობით ხალხის მართვა და მანიპულირება, რის წყალობით ეს ავტორიტარული ლიდერები მაქსიმალური ეფექტიანობით იყენებენ თავიანთ დემაგოგიურ თვისებებს, პოლიტიკური პიარის (PR) მეშვეობით კი ადვილად ახდენენ მათზე ეფექტს ახალ-ახალი ხერხებით და აბრიყვებენ ხალხს;

მეორე ფაქტორია პარტიების როლის შესუსტება, რაც გამოწვეულია მათი პროგრამების ერთნაირობით და მათივე მცდელობით, რომ გამოხატონ არა რომელიმე ფენის, არამედ მთლიანად ხალხის ინტერესი.

ზემოთქმულიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ თუ საყოველთაო არჩევნების შედეგად ხელისუფლების სათავეში მყოფი ხელმძღვანელი, პლებისციტარული პოლიტიკური ლიდერი ახორციელებს მთლიან კონტროლს სამართალდამცავ ორგანოებზე, პარლამენტზე, არმიასა და მასმედიაზე, მაშინ არსებობს პლებისციტარული ლიდერის გადაგვარების აშკარა საფრთხე. მაქს ვებერის ტერმინი რომ მოვიშველიოთ, ეს არის ცეზაისტული ტიპის პოლიტიკური ლიდერი-ტირანი: “ყოველ რესპუბლიკას ყველა დროს ჰყავდა თავისი კატილინები და თავისი კეისრები” (ა. ჰამილტონი).

ამ ფენომენის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია პოლიტიკური ლიდერის ქმედების გზაზე აღიმართოს ინსტიტუციონალური დამაბრკოლებელი სტრუქტურები, რათა მან ვერ შეძლოს დიქტატორად ქცევა და რომ ის აიძულონ პატივი სცეს ადამიანთა უფლებებს და კანონს. ეს რომ შეძლოს, ხალხს სათანადო პოლიტიკური კულტურა და ცოდნა, ზნეობა და პატიოსნება უნდა გააჩნდეს.