ყველას კარგად გვახსოვს მიხეილ სააკაშვილის, როგორც მოდელიორის დებიუტი გასული წლის 13 მარტს. ბევრ ჩვენთაგანს კიდევ არ აქვს კარგად გააზრებული, თუ რა ზიანი მოუტანა „მოდელირებულმა ქრონიკამ“ ჯერ კიდევ 2008 წლის ომის შეომდგომი პერიოდის სტრესის ქვეშ მყოფ ერს და ისედაც გვარიანად შელახულ ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს. სამაგიეროდ, შოკური ეფექტების და მათი მასშტაბების დონეზე თუ ვიმსჯელებთ, პროექტმა პირობითი სახელწოდებით „რუსი მოდის, რუსი მოდის !!!“ მიხეილ სააკაშვილის და მისი ასისტენტებისთვის სასურველი შედეგი ნამდვილად გამოიღო. ვფიქრობ, მასობრივი ფსიქოლოგიური შეტევის საქმეში წვლილის შეტანისთვის სპეციალური პრიზი რომ არსებობდეს სადმე, თუნდაც სხვა გალაქტიკაში, მიხეილ სააკაშვილი სიამოვნებით დათანხმდებოდა მის მიღებას და შემდგომ გაპიარებას.
სამწუხაროდ, მოდელირება დღესაც გრძელდება. როგორც ჩანს, პრეზიდენტმა და მისმა ქვეშევრდომმა ასისტენტებმა – გიგი უგულავამ, გიორგი არველაძემ ჩათვალეს, რომ ვინაიდან მასობრივი საშუალებებით ხალხის დატერორების და ფსიქოლოგიური შეტევის ექსპერიმენტი შედგა და, რადგანაც კერძო ტელეკომპანიის მფლობელისთვის წართმევასავით ეს ბოროტებაც შერჩათ, მცირედი კორექტივების შეტანის შემდეგ ახალი სერიების შექმნაც შეიძლებოდა. სცენარი იგივე დარჩა – რუსეთის აგრესიული გეგმები, გაქცეული ოლიგარქების ფულები, ოპოზიციონერები, გადატრიალების მცდელობები და სხვ. უბრალოდ ბოლო ორ სერიაში მთავარ სამიზნედ თავისუფალი დემოკრატების ლიდერი ირაკლი ალასანია შეარჩიეს, მასთან ერთად კი ამ „საშარო საქმეში“ ხან გერმანია გახვიეს და ხანაც დიდი ბრიტანეთი.
ყოველგვარი ირონიის გარეშე ვიტყვი, რომ რაკი ყოველი ახალი სერიის შემდეგ ქუჩაში პანიკაში ჩავარდნილ, ხელში ატაცებულ ატირებულ ბავშვებით მორბენალ მშობლებს და შეშლილი სახეებით მძღოლებს აღარ ვხედავთ, უკვე არაუშავს.
თუმცა, თვითონ სიუჟეტების ხარისხი, ლოგიკა, ინფორმატიულობა, ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. ყველაზე ყურებადი ტელევიზიის სტატუსზე პრეტენზიის მქონე ტელევიზია თავისი დაბალხარისხიანი, ფანტაზიას და ინტრიგას მოკლებული და, რაც მთავარია, მოკლეფეხება ცრუპენტელობით გაჟღენთლი სიუჟეტებით დონაძისეულ „რეალ ტვ“–ს სულ უფრო მეტად დაემგვანა.
ისე, კაცმა რომ თქვას, თავად მოდელირებაში ცუდი არაფერია და ამ საქმით ძალიან ბევრი სერიოზული კვლევითი ცენტრი და ორგანიზაციაა დაკავებული. ასეთი მოდლეირებების დროს ხდება გათვლა, წარმოსახვა, მაგალითად, თუ როგორი იქნება კონკრეტული ტერიტორია ბუნებრივი კატაკლიზმის შემდეგ, ან როგორი იქნება ესა თუ ის ქვეყანა რაღაც დროის შემდეგ და კონკრეტულ გარემოებებში.
მაგრამ როდესაც მოდელირება მიზნად ისახავს ხალხის გონებასა და ფსიქიკაზე ზეგავლენის მოხდენას, მასობრივი პანიკის, შიშის და უნდობლობის დანერგვას, ეს უკვე დანაშაულია. თუ ამ მოდელირებას ადამიანური მსხვერპლიც მოჰყვება, უკვე საქმე არა მხოლოდ მორალურ, არამედ სისხლის სამართლის დანაშაულთანაც გვაქვს. დემოკრატიულ ქვეყნებში ამგვარი ქმედებები დასჯადია და ქვეყნის განვითარებისთვის სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს. მით უფრო სერიოზულადაა საქმე, როდესაც ამით ქვეყნის პირველი პირია დაკავებული და მის ხელში ისეთი მნიშვნელოვანი იარაღია, როგორიც არის ქვეყნის მასშტაბით მაუწყებელი პერსონალური ტელევიზია „იმედი“.
ჩვენ, თავისუფალი დემოკრატები მზად ვართ წვლილი შევიტანოთ მედიის განვითარების, უფრო კონკრეტულად კი „იმედის“ შელახული რეპუტაციის გამოსწორების საქმეში. ამისთვის, ბატონო მიხეილ, პრაქტიკული თვალსაზრისით საჭიროა ორად ორი რამ: 1. შეურჩიეთ თქვენს უნიჭო ასისტენტებს რაიმე სხვა, საზოგადოებისთვის სასარგებლო სამუშაო და 2. მიეცით საშუალება ქართველ ხალხს, საზოგადოების წარმომადგენლებს და ჩვენ, პოლიტიკოსებს, ღიად გამოვთქვათ ჩვენი აზრი იმაზე, რაც რეალურად ტკივა დღეს ქვეყანას. გარწმუნებთ, არჩევნებს ვერ მოიგებთ, მაგრამ თავს არ წააგებთ. საერთაშორისო თანამეგობრობისგან მიიღებთ დაფასებას, ქართველი ხალხისგან მწვავე, მაგრამ ობიექტურ შეფასებას, პოლიტიკიდან კი წახვალთ როგორც პრეზიდენტი, რომელმაც ქვეყანას დაუბრუნა და მემკვიდრეობად დაუტოვა ფასეულობათა შორის უმნიშვნელოვანესი – გარანტირებული სიტყვის თავისუფლება.
თუმცა ყველაფერ ამას პოლიტიკური ნება და გამბედაობა სჭირდება. სამწუხაროდ, თქვენ არც ერთი გაგაჩნიათ და არც მეორე, მოდელირებით კი შორს ვერ წახვალთ, რეალობას ვერ გაექცევით.