მოულოდნელობა
რეიდის განხორციელების ერთ-ერთი მთავარი პირობა მისი მოულოდნელობაა (ეს, ცხადია, მხოლოდ რეიდს არ ეხება. მოულოდნელობა ნებისმიერი ტაქტიკური თუ სტრატეგიული ქმედების წარმატების ხელისშემწყობია, ოღონდ, სტრატეგიულ დონეზე ბევრად ძნელადაა მისაღწევი). მოულოდნელობის აუცილებლობას განაპირობებდა ჩვენი რესურსების სიმწირის კომპენსირების აუცილებლობაც. ამასთან, ხაზი უნდა გაესვას ერთ დეტალს - მოულოდნელობა უნდა განვიხილოთ არა იმდენად როგორც საკუთრივ ტაქტიკური მოქმედება, არამედ უფრო როგორც ამგვარი მოქმედების განხორციელების ხერხი, პრინციპი.
მოულოდნელობის როლი ქართულ სამხედრო ხელოვნებაში შედარებით კარგად შესწავლილი საკითხია. განსაკუთრებით საყურადღებოა ამ სფეროში ი. შაიშმელაშვილის დამსახურება, რომელმაც საგანგებოდ გამოიკვლია მოულოდნელობის ეფექტის გამოყენება დავით აღმაშენებლის სამხედრო ხელოვნებაში. აქ ლაპარაკია სეზონურ მოულოდნელობებზე (წელიწადის იმ დროს ლაშქრობებზე, როდესაც ომი, ჩვეულებრივ, არ იწარმოება), მოულოდნელ გადაადგილებებზე, სადღეღამისო რიტმის მოულოდნელობებზე (ღამის მარშის შემდეგ ან გათენებისას ბრძოლის დაწყებაზე) და ა.შ. თუმცა, მოულოდნელობის, სახელდობრ - სადღეღამისო რიტმის მოულოდნელ მომენტებს, ბრძოლისათვის ჩვენი მეფეები ბევრად ადრეც იყენებდნენ. მაგალითად, ფარსმანი, რიცხვით ბევრად აღმატებულ სპარსელებთან ერთ-ერთი ბრძოლისას (ლაპარაკი არაა იმ ბრძოლაზე, რომელსაც ტაციტუსი აღწერს და რომელსაც შედეგად ფარსმანის ძმის სომხეთში გამეფება მოჰყვა) სამხედრო მოქმედებას გამთენიისას იწყებს. მემატიანე წერს: “ მაშინ ფარსმან მეფემან სიფიცხითა გულისა თჳსისათა არღარა განახა სიმრავლე სპარსთა, არამედ. განვიდა ჟამსა განთიადისასა სპითა თჳსითა, და დაესხა. და მოსცა სუემან მისმან ძლევა: აოტა ბანაკი მათი და მოსწყჳდნა ურიცხუნი. და წარვიდა მირდატ მეოტი სპარსეთად-ვე. და მიერითგან განითქუა სახელი ფარსმან ქუელისა და სპასპეტისა მისისა ფარნავაზისი”.
ანალოგიურად იქცევა ამაზასპიც, როდესაც მცხეთის ციხეზე დაყრდნობით ასრულებს ორდღიან რეიდებს ოსებზე. მატიანეში ვკითხულობთ: “და ვითარ განთენდა, კუალად განვიდა მუნ-ვე ამაზასპ და აღიხუნა ოროლნი. და გამოვიდა ოვსთაგან კაცი ერთი, რომელსა ერქუა სახელი ხუანსუა; იგი გამორჩეულ იყო სპათა შორის ოვსთასა. აღიზახნეს ორთა-ვე და მიეტევნეს ურთიერთას; და პირველსა-ვე მისლვასა სცნა ოროლნი ამაზასპ, დაგანავლო ზურგით, და მოკლა იგი. და აღმოიჴადა ჴრმალი, და მიეტევა სხუათაცა ბუმბერაზთა, და მოკლნა ორნი სხუანი-ცა, შემოიქცა და შემოვიდა ქალაქად მჴედრებით-ურთ. ხოლო ქუეითნი დგეს მუნ-ვე კართა შინა, და მას ღამესა კუალად მოემატნეს მჴედარნი. ხოლო განიზრახეს დასხმა ოვსთა; და განვიდა და დაესხა ოვსთა, განთიადისა ჟამსა, მჴედრითა და ქუეითითა ყოვლითა, სძლია და აოტა ბანაკი მათი, და მოკლა მეფე ოვსთა და მოსრა ყოველი სიმრავლე მათი”.
საინტერესოა, რომ ამაზასპი გათენებისას იწყებს არა მხოლოდ გენერალურ ბრძოლას (განთიადისა ჟამსა, მჴედრითა და ქუეითითა ყოვლითა, სძლია და აოტა ბანაკი მათი), არამედ რეიდებსაც კი განთიადისას ანხორციელებს (და ვითარ განთენდა, კუალად განვიდა მუნ-ვე ამაზასპ და აღიხუნა ოროლნი).
ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოულოდნელობა ძველი ქართული (ისევე როგორც ბევრი ერების) სამხედრო ხელოვნების ტაქტიკის ერთ-ერთ ძირითად პრინციპს წარმოადგენდა.
ტყეში ბრძოლა
ტყეში ბრძოლა კარგა ხნის განმავლობაში რჩებოდა საქართველოში წარმოებული სამხედრო მოქმედებების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სახედ, მაშინაც კი, როდესაც ჩვენ მიერ აღწერილი ეპოქიდან საუკუნეები გავიდა და დავით აღმაშენებელმა საქართველოს ისტორიაში უძლიერესი არმია შექმნა. ტყეში ბრძოლა, როგორც ტაქტიკური მოქმედების ნაირსახეობა (გასაგები მიზეზების გამო ტყეში სტრატეგიული მასშტაბის ოპერაციების თუ კამპანიების ჩატარება ძნელია), როგორც ძველი საქართველოს სამხედრო ხელოვნების მნიშვნელოვანი ხერხი, რამოდენიმე ფაქტორით იყო განპირობებული. ჯერ ერთი საქართველოს ეკოლოგიით - მისი ტერიტორიის მთიან-ტყიანი ხასიათით. ტყიანი ეკონიშა, როგორც ჩვენი ბუნების დამახასიათებელი უმნიშვნელოვანეს ფაქტორთაგანი, საუკუნეების მანძილზე უცვლელი რჩებოდა. მთიან-ტყიანი რელიეფის მნიშვნელობას ჯერ კიდევ ძველი მემატიანეები იაზრებდნენ. “ქართლის ცხოვრებაში” ვკითხულობთ: “და ვერავინ შევიდოდა ... კლარჯეთს. რამეთუ შეუვალ და მაგარი იყო ტყითა და კლდითა”.
ნიშანდობლივია, რომ თვით დავით აღმაშენებლის პერიოდში ტყეში მოქმედება ქართველთა მიერ წარმოებული საბრძოლო მოქმედებების ერთ-ერთი მთავარი სახეობა იყო. ერთი სულტანი წერდა დავით აღმაშენებელს: “შენ ტყეთა მეფე ხარ და ვერაოდეს გამოხვალ ველთა”.
ისე, ჯობდა არ მიეწერა იმიტომ, რომ დავითის ველზე გამოსვლის შემდეგ სულტანის საქმე ცუდად დამთავრდა. ტყის პირობებში, ცხადია, მძიმე კავალერია ვერ იმოქმედებს, სამაგიეროდ მშვილდოსნები შეუცვლელები არიან (გავიხსენოთ თუგინდ რობინ ჰუდი და მისი საძმო, რომელთა მოქმედების არეალი შერვუდის ტყით შემოიფარგლებოდა და რომლებიც უბადლო მოისრები იყვნენ.). ამას გარდა, იმის გათვალისწინებით, რომ ძველი ქართული სახელმწიფოების რესურსები, როგორც წესი, ლიმიტირებული იყო, ტყეში ბრძოლა (საერთოდ - პარტიზანული ტიპის მოქმედებები) ლოგიკურად იყო ძველი ქართული ტაქტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტი, რომელიც ემსახურებოდა საკუთარი ძალის დაზოგვასაც და მოწინააღმდეგის გამოფიტვასაც.
იმას, რომ იბერიელები დაოსტატებულნი იყვნენ ტყეში ბრძოლაში ანტიკური წყაროებიც ადასტურებენ. რამდენადაც ძველი ქართული სახელმწიფოებრივი წარმონაქმნების მთავარი დამრტყმელი ძალა მძიმე კავალერია იყო, რომელიც როგორც აღჭურვილობით, ისე - ტაქტიკით, ტყეში ბრძოლისათვის უვარგისი გახლდათ, გასაგებია, რომ ტყეში ბრძოლა უპირატესად ბრძოლის თავდაცვით დამხმარე საშუალებად უნდა იქნას განხილული. ტყეში ბრძოლა, რომელიც მისი სპეციფიკიდან გამომდინარე (ვთქვათ, ადგილმდებარეობაში ძალზე კარგი ორიენტაციის აუცილებლობა) უპირატესად საკუთარ ტერიტორიაზე წარმოებული ომებისას უნდა ყოფილიყო გამოყენებული. ყოველ შემთხვევაში ქართული წყაროები არაფერს ამბობენ ბრძოლის ამ სახეობის გამოყენებაზე საქართველოს გარეთ.
სამაგიეროდ, იბერიელების მიერ პომპეუსის წინააღმდეგ ტყეში წარმოებული მოქმედებების შესახებ ცნობებს ანტიკურ წყაროებში ვხვდებით. დიონ კასიოსის არაერთგზის ციტირებულ წყაროში ვკითხულობთ: “მაგრამ მრავალნი (იბერიელ მებრძოლთაგან-კ.კ.) გაიფანტნენ ტყეებში და რამდენიმე დღეს თავს იცავდნენ, ისრებს ისროდნენ რა ხეებიდან, რომლებიც [იქ] ძალიან მაღალია. მაგრამ შემდეგ, როდესაც ხეები გაკაფულ იქნა, ისინიც დაიღუპნენ”. ამ მონათხრობს აპიანეც ადასტურებს, ოღონდ აშკარად უზუსტოდ: იბერებთან ერთად ამ ბრძოლის მონაწილედ ის ალბანელებსაც მიიჩნევს. იგი “მითრიდატეს ომებში“ წერს: “ოროისოსი ალბანელთა მეფე და არტოკე იბერიელთა მეფე 70000 კაცით ელოდნენ მდინარე კურნასთან. იხილა რა ჩასაფრება, პომპეუსმა მდინარეზე ხიდი გასდო და ბარბაროსები უსიერ ბარდებში შეჰყარა (ისინი მეტად დაოსტატებულნი არიან ტყეში ომში, ახერხებენ რა შეუმჩნევლად გაქრობასა და გამოჩენას), გააწყო ჯარი ამ ბარდების ირგვლივ და მათ ცეცხლი წაუკიდა, ტყიდან გამოქცეულებს ის მისდევდა მანამ, სანამ მათ მძევლები და საჩუქრები არ გამოგზავნეს”.
დიონის და აპიანეს ცნობების მონაცემებით შეგვიძლია დავასკვნათ: 1. იბერიელები ტყეში ბრძოლაში უაღრესად დაოსტატებულნი იყვნენ; 2. წინა პუნქტიდან გამომდინარე, მათ მსუბუქ ქვეითებს უნდა ჰქონოდათ ტყეში ბრძოლისათვის ვარგისი იარაღი და აღჭურვილობა. 3. მათ ავტონომიური საბრძოლო მოქმედებების წარმოება ტყეში რამოდენიმე დღის განმავლობაში შეეძლოთ; 4. მათზე გამარჯვების ერთადერთი საშუალება ჩანს მხოლოდ ტყის განადგურება იყო (რაც რასაკვირველია მხოლოდ ტაქტიკურ დონეზე იქნებოდა შესაძლებელი, უზარმაზარი ტყიანი მასივების გაჩეხვა შეუძლებელია, ხოლო იქ თავშეფარებულ მეომართა ძებნა თივის ზვინში ნემსის ძიებას ჰგავს). 5. ტყეში ბრძოლის ტაქტიკისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭებოდა მოულოდნელ თავდასხმას და ასევე მოულოდნელ გაქრობას, რაც თავისთავად გულისხმობს ადგილზე კარგ ორიენტაციას.
მართალია, ძველი ქართველების მიერ ტყეში ბრძოლების შესახებ ინფორმაცია მწირია, მაგრამ გამომდნარე იქიდან, რომ საქართველოს ეკოგარემო საუკუნეების განმავლობაში უცვლელი იყო, გასაგებია რომ ტყის თავშესაფრად გამოყენება და შესაბამისად ტყეში ბრძოლის წარმოება საუკუნეების განმავლობაში იქნებოდა გავრცელებული, როგორც რესურსების დაზოგვის და მოწინააღმდეგის გამოფიტვის საშუალება (თვით 2008 წლის აგვისტოს ომისასაც კი ჩვენი ჯარი ბორჯომის რაიონის ტყეებს აფარებდა თავს). შეგვიძლია გავიხსენოთ ცნობა “ქართლის ცხოვრებიდან”, რომლის თანახმადაც ქართლის მეფეების აზორკის და არმაზელის დროს, ქართველები ტყიან-მთიანი რელიეფის გამოყენებით წამატებით იგერიებდნენ სომეხთა შეტევებს. სამხედრო ისტორიის გამოცდილებიდან და წყაროთა ცნობებიდან, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ტყეში ბრძოლა ძველი ქართველების ტაქტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი იყო. ამასთან, ეს ბრძოლა:
• მიზნად ისახავდა საკუთარი რესურსების დაზოგვას და მოწინააღმდეგის გამოფიტვას;
• წარმოებდა მცირე ჯგუფების მოულოდნელი თავდასხმებით, ჩასაფრებით და ბრძოლიდან მოულოდნელი გარიდების ტაქტიკით;
• ქვეითების (ყოველ შემთხვევაში - მსუბუქი, მოისარი ქვეითების) იარაღი და საჭურველი ადაპტირებული იყო ველზე ბრძოლიდან ტყეში ბრძოლისთვის უსწრაფესი გადასვლისთვის (ამას პომპეუსთან ბრძოლის გამოცდილება აჩვენებს);
• მეომართა მცირე ჯგუფებს და ინდივიდებსაც კი, ტყეში ავტონომიურად ბრძოლა რამოდენიმე დღის განმავლობაში შეეძლოთ.
ბუმბერაზთა ბრძოლა
არქაული, ისევე როგორც ჩვენთვის საინტერესო ეპოქის სამხედრო მოქმედების ერთ-ერთი უმთავრესი ტიპი შეიძლება დავახასიათოთ, როგორც ორთა-ბრძოლა, ანუ შეჯახება ორ ქარიზმატულ სამხედრო ბელადს შორის, რაც წინ უძღოდა საკუთრივ ბრძოლას, როგორც სხვადასხვაგვარად აღჭურვილი მასების შერკინებას. ზოგჯერ მთელი საომარი კამპანია ამგვარი ორთა - ბრძოლებით ამოიწურებოდა.
ცხადია, ორთა-ბრძოლის მონაწილეები გამორჩეული გმირები იყვნენ. სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონში შემორჩენილია, განმარტება, რომ გმირი: “კაცი არს დიდი საზარელი ტანითაცა და საქმითაცა მეტი და გარდარეული ძალითა, ბუმბერაზი უმცირეს მათსა, უდიდეს და უმხნეს ჩვენსა”. შესაბამისად, დიდი ლექსიკოგრაფის მიხედვით, აღმავალი ხაზით მეომრების კლასიფიკაცია ამგვარია: ჩვეულებრივი მეომარი-ბუმბერაზი-გმირი. სიტყვა “გმირის” წარმოშობას ეტიმოლოგიურად კიმირიელების სახელს უკავშირებენ (გადასვლა კიმირ-გუმურ-გმირი). ნიკო მარი რუსულ “კუმირს”-“კერპს” - იმავე წარმოშობისად თვლიდა. გუმირის სახელის მქონე პერსონაჟი ოსთა ფოლკლორშიც გვხვდება. ესაა ევროპული ტროლის მსგავსი ზებუნებრივი ძალით აღჭურვილი გიგანტური, მაგრამ უჭკუო არსება.
რასაკვირველია, ბუმბერაზთა ბრძოლას არ ექნებოდა წმინდა სამხედრო, ტაქტიკური ხასიათის ეფექტი. მისი საიდუმლოს მნიშვნელოვანი ნაწილი მენტალობის სფეროშია საძიებელი. ჯერ ერთი, იმ ბუმბერაზის არმია, რომელიც ორთა-ბრძოლაში გაიმარჯვებდა, თავს უფრო მდგრადად და მშვიდად იგრძნობდა, დარწმუნდებოდა რა, რომ რადგან მისი ფალავანი (ან ფალავნები) მტრის ფალავანზე (ან ფალავნებზე) “მაგარია”, თავად ისიც (არმიაც) მტრის არმიაზე ძლიერი იქნება. ამას გარდა ითვლებოდა ღმერთი და კანონი გამარჯვებულის მხარესაა; რომ საკუთრივ ბრძოლის დაწყების წინ ასეთი ორთაბრძოლა ერთგვარ ღვთიურ სამსჯავროს წარმოადგენა, რომელმაც უნდა განსაჯოს ვისი საქმეა სამართლიანი და შესაბამისად ვინ იქნება გამარჯვებულნი. ასეთი ორთაბრძოლა რაიმე პრეტენზიის ლეგიტიმაციის არგუმენტადაც შეიძლებოდა გამომდგარიყო.
ბუმბერაზთა ორთაბრძოლის შედეგი ხშირად აღიქმებოდა, როგორც ღვთის ნების გამოხატულება. მონოთეისტურ რელიგიებსა და წარმართობას შორის არსებული მთელი განსხვავების მიუხედავად, ბუმბერაზთა ორთაბრძოლის შედეგი შეიძლებოდა ინტერპრეტირებულ ყოფილიყო, როგორც ზებუნებრივ ძალთა ჩარევის შედეგი. ეს ჩარევა სხვადასხვაგვარად გაიაზრებოდა: ვთქვათ, ბერძნულ პოლითეიზმში, როგორც კოსმიური შემთხვევითობის გამოვლინება მიწიერ სფეროში (ზევსი აქილევსისა და ჰექტორის ორთაბრძოლის შედეგს არა თავად განსაზღვრავს, არამედ ალბათობის სასწორზე წონის, ისე, რომ შედეგი წინასწარ თავადაც არ უწყის), ვიდრე ქრისტიანულ-რაინდულ ტრადიციამდე, სადაც სარაინდო ორთაბრძოლოს შედეგი განიხილებოდა როგორც ღვთაებრივი სამართლიანობის აღსრულება. ყველა შემთხვევაში არსებითია ის, რომ ბუმბერაზთა ბრძოლი შედეგი განიხილებოდა რაღაც უფრო მეტად, ვიდრე უბრალო ტაქტიკური რეზულტატი, განიხილებოდა ზნეობრივ-კოსმიური კანონზომიერების აღსრულებად.
ეს მსოფლმხედველობა კარგად არის დაფიქსირებული ჯუანშერის ქრონიკის იმ ადგილას, სადაც მოთხრობილია ვახტანგ გორგასლის მიერ თარხანთან შებრძოლების აუცილებლობის არგუმენტაცია და მისი მოქმედება გამარჯვების შემდეგ. ტექსტში ვკითხულობთ, რომ ბრძოლის დაწყების წინ:
“გარდაჴდა (ვახტანგი-კ.კ.) ცხენისაგან და დავარდა ქუეყანასა ზედა, თაყუანის-ცა ღმერთსა, აღიპყრნა ჴელნი თჳსნი და თქუა: "ჰე, უფალო, დამბადებელო ყოვლისაო და შემმატებელო კეთილთაო, აღმამაღლებელო მოსავთა შენთაო! შენ იყავ მწე ჩემდა, მოავლინე ანგელოზი შენი ძალად ჩემდა, და დაეც უსჯულო ისი, და არცხჳნე
მგმობართა შენთა, რამეთუ არა ძალისა ჩემისად მინდობილ ვარ, არამედ
მოწყალებისა შენისად". მოიქცა ვახტანგ და აღჯდა ტაიჭსა თჳსსა, და რქუა სპათა
თჳსთა: "ევედრებოდით ღმერთსა და ნუ შეძრწუნდებით".
თარხანზე გამარჯვების შემდეგ: ვახტანგ მას-ვე ადგილსა გარდაჴდა ცხენისაგან, და დავარდა მიწასა ზედა, თაყუანის-ცა ღმერთსა და თქუა: "კურთხეულ ხარ შენ, უფალო, რომელმან მოავლინე. ანგელოზი შენი და დაეც მტერი ჩემი; შენ ხარ აღმამაღლებელი მოსავთა შენთა; შენ ხარ, რომელმან აღადგინი ქუეყანისაგან გლახაკი და სკორეთაგან აღამაღლი დავრდომილი”.
ერთი სიტყვით, ბუმბერაზთა ბრძოლა ქრისტიანობის, შესაძლოა - საერთოდ მონოთეისტური რელიგიების დამკვდრების შემდეგ, განიხილება როგორც ღვთაებრივი სამართლიანობის განხორციელება. ასეთი წარმოდგენა კაცობრიობის ისტორიას გვიან შუასაუკუნეებამდე მოჰყვა (არაფერს ვიტყვით სტერეოტიპზე, რომელიც დღესაც ცოცხლობს და ამბობს, რომ ომში საბოლოო ჯამში მაინც სამართლიანობა იმარჯვებს). ასწლიანი ომის ხანიდან მოგვეპოვება ასეთი ცნობა: 1340 წელს ბრიტანეთის პრინცმა ედუარდმა საფრანგეთის მეფობაზე პრეტენზიის მქონე ფილიპ დე ვალუას ფრიად საინტერესო უსტარი გაუგზავნა, სადაც თავაზობდა სამ ვარიანტს, თუ როგორ გადაეწყვიტათ მათ შორის არსებული პრობლემები დიდი ომის გარეშე.
პირველი ვარიანტი ტრივიალური იყო: ფილიპი და ედუარდი ერთმანეთს უნდა შებრძოლებოდნენ რამოდენიმე ერთგულ რაინდთან ერთად და ვინც გაიმარჯვებდა, ის აღმოჩნდებოდა საფრანგეთის ტახტის ჭეშმარიტი მპყრობელი. ორი დანარჩენი მეთოდი გაცილებით ორიგინალური იყო. ედუარდი წერდა: “თუკი ფილიპ დე ვალუა, საფრანგეთის ჭეშმარიტი ხელმწიფეა, როგორც ამას ამტკიცებს, დაე შევიდეს გალიაში, სადაც მშიერი ლომები იმყოფებიან, რამეთუ ლომები არასოდეს ესხმიან თავს ჭეშმარიტ ხელმწიფეს; თუ არა და, მოახდინოს სასწაული და განკურნოს სნეულნი, როგორც ამას ოდითგანვე სჩადიოდნენ ჭეშმარიტი მეფენი..ხოლო წარუმატებლობის შემთხვევაში აღიაროს რომ უღირსია მეფობისათვის”.
როგორც ქრონისტები (ყოველ შემთხვევაში - ედუარდის მომხრენი) ამტკიცებენ, ფილიპმა ამ გამოცდაზე უარი თქვა. ჩანს თავის სამედიცინო უნარებშიც ეპარებოდა ეჭვი და არც მშიერი ლომის ხახაში მოხვედრა სურდა.
შესაძლოა, სამეფო ტახტზე პრეტენზიის სამართლიანობის დასაბუთება ორთაბრძოლის გზით ვინმეს ევროპული სარაინდო ტრადიციის გამოვლინებად მოეჩვენოს, მაგრამ ასეთი მიდგომა ჯერ კიდევ სასანიდებთან დასტურდება. ასეა თუ ისე, ბუმბერაზთა, პირველ რიგში მეფეთა შორის, ორთაბრძოლას პირველ რიგში ის მნიშვნელობა ჰქონდა, რომ მისი შედეგი შეიძლებოდა ინტერპრეტირებული ყოფილიყო, როგორც ღვთაებრივი სამართლიანობა, სახელდობრ - ორთაბრძოლათა უმრავლესობაში გამარჯვებულ მხარეს შეეძლო დაესკვნა, რომ საბოლოო გამარჯვება სწორედაც რომ მისი არმიის მხარეს იქნებოდა.
ტახტის ბედის გადაწყვეტა მათ მაძიებლებს შორის ორთაბრძოლების გზით “ქართლის ცხოვრებიდანაც” არის ცნობილი. მაგალითად, ქართლის მეშვიდე მეფის ბარტომისა და ტახტის მაძიებელ მირვანს შორის გამართული ბრძოლის შესახებ ვკითხულობთ: “და იწყეს ბრძოლად, და გამოჩნდეს ორთავე შორის ბუმბერაზნი. იწყეს ყოველთა დღეთა ბუმბერაზთა ბრძოლანი თუესა ერთსა: ოდეს მათ სძლიან, და ოდესმე ამათ სძლიან. ხოლო მას თვესა შინა ერთსა ამან მირვან თავის-თავითა მოკლა ცამეტი ბუმბერაზი ქართველთა და სომეხთაგანი (მოქმედ მეფე ბარტომს მხარს სომხები უჭერდნენ, ხოლო ტახტის მაძიებელ მირვანს - სპარსელები, უფრო ზუსტად, პართიელები - კ.კ.). და არავინ გამოჩნდა ქართველთაგანი და სომეხთაგანი მძლე მირვანისა. და ვერღარცა თვით ბარტომ მეფე ებრძოდა მას, რამეთუ არ იყო ბარტომსა თანა გოლიათობა”.
როგორც ვხედავთ, ორიგინალური სურათია! მთელი თვის განმავლობაში ორი დაპირისპირებული არმია იმით არის დაკავებული, რომ ერთმანეთთან გოლიათებს აბრძოლებს. რასაკვირველია, საბოლოო ჯამში მირვანმა გაიმარჯვა (აბა, გოლიათური მახასიათებლების არმქონე ბარტომი ხომ ვერ გაიმარჯვებდა!) და ტახტსაც დაეუფლა.
კიდევ უფრო შთამბეჭდავი სურათი გვაქვს ფარსმან ქველის ლაშქარსა (რომელშიც სარმატები და ჩანს, ალბანებიც შედიოდნენ) და სპარსელების ბრძოლის დროს. ამ ბრძოლის აღწერა, გარდა “ქართლის ცხოვრებისა”, მოგვეპოვება ტაციტუსთანაც. ორივე მონაყოლი პრაქტიკულად იდენტურია, იმ დეტალის ჩათვლითაც კი, რომ ფარსმანს თავისი ჯარისთვის ფრთოსანი გამოთქმით მიუმართავს. ოღონდ ეს გამოთქმა ქართულ და რომაულ წყაროებში მთლად იდენტური არ არის. ლეონტის ქრონიკის თანახმად ფარსმანს განუხცხადებია: “აჰა ლომნო მძვინვარენო, ცხოვარნი დასეტყვილი”. ტაციტუსი ფარსმანს რომაელთათვის დამახასიათებელ პრაგმატიზმს მიაწერს და, ლეონტის პათეტიკურ-ჰეროიკული ვერსიიდან განსხვავებით, გადმოგვცემს, რომ ფარსმანს ხელი ჯერ საკუთარი ლაშქრისკენ გაუშვერია და შეუძახებია: “აქ ვაჟკაცებია”, ხოლო შემდეგ სპარსელებზე მიუთითებია და დაუძახნია: “აქ კი ნადავლი”! ცხადია, ნადავლის დაუფლების სურვილი ჯარს არანაკლებ ძალას შთაბერავდა, ვიდრე მეფის მიერ მათი ლომებად მოხსენიება. ამიტომაც ქართველები პართელებს გაათკეცებული ენერგიით ეცნენ და სულ ბდღვირი ადინეს.
მაგრამ სანამ ეს მოხდებოდა, მემატიანის სიტყვებით რომ ვთქვათ, “დღეთა მრავალთა” განმავლობაში ერთმანეთს ბუმბერაზები ებრძოდნენ. მემატიანე სკურპოლოზურად გადმოგვცემს ამ ბრძოლების სტატისტიკას. სახელდობრ, აღნიშნავს, რომ “და მას ბრძოლასა შინა მოკლა ფარსმან მეფემან ჩვუიდმეტი ბუმბერაზი სპარსთა, ხოლო სპასპეტმან მისმან ფარნავაზ მოკლა ოცდასამი”. პართიელები ამ სტატისტიკამ ფრიად დაამწუხრა და თავისი ჭკუით გამოსავალიც მოძებნეს. თუ ლეონტი მროველის მიერ რედაქტირებული ქრონიკის ამ მონაკვეთის ავტორს დავუჯერებთ, “მაშინ იყო სპარსთა შორის კაცი ერთი გოლიათი, სახელად ჯუმბერ, რომელი ლომსა ხელითა შეიპყრობდა. და მან სთხოვა ბრძოლა თავის-თავ მეფესა ფარსმანს. ფარსმან ქუელი სიხარულით აღიჭურა და განვიდა. და აღიზახნეს, ორთავე ხმითა სასტიკითა, და მიეტევნეს ურთიერთას, და იწყეს ბრძოლად ხრმლითა. და ხმა ბრძოლისა მათისა ემსგავსა ხმასა ქუხილისა და ტეხისასა. აჯობა ფარსმან, ჩამოაგდო და მოკლა”. სწორედ ამის შემდეგ მიუმართავს ფარსმანს ჯარისათვის თავისი ცნობილი სიტყვით. ამის შემდეგ, უკვე ბრძოლის მსვლელობისას, ფარსმანს კიდევ თორმეტი ბუმბერაზი მოუკლავს, ხოლო ფარნავაზ სპასპეტს - თექვსმეტი. ამგვარი არითმეტიკით ფარსმანს საიქიოს ოცდაათი ბუმბერაზი გაუსტუმრებია (ჯუმბერის ჩათვლით), ხოლო მის სპასალარ ფარნავაზს - კიდევ უფრო მეტი – ოცდაცხრამეტი. ცხადია, პართიელები ასეთ ბუმბერაზებს ვერ გაუმკლავდებოდნენ და სასტიკად დამარცხდნენ.
ყოველივე ეს შეგვეძლო ეპოსისათვის დამახასიათებელი ჰიპერტროფირებისათვის მიგვეწერა, მაგრამ ფაქტია, რომ ეპოსისგან შორს მდგომი ტაციტუსი ცალსახად უსვამს ხაზს: ამ ბრძოლის ბედი გადაწყვიტა იმ გარემოებამ, რომ ცხენდაცხენ, პირისპირ ბრძოლაში ფარსმანმა მძიმედ დაჭრა და ცხენიდან ჩამოაგდო სპარსელთა სარდალი ოროდე. ამგვარი ორთაბრძოლების პრაქტიკა საქართველოში დიდხანს გრძელდებოდა და თვით ვახტანგ გორგასლის დროსაც კი. სახელდობრ, ვახტანგის ცხოვრებაში ლაპარაკია იმაზე, რომ ვახტანგ გორგასლის ოსებში ლაშქრობისას ბუმბერაზთა ორთაბრძოლები ერთი კვირის განმავლობაში გრძელდებოდა (საერთოდ, ბუმბერაზთა ბრძოლების დღეების ზუსტ რაოდენობაზე მითითება ლიტერატურული ხერხია, რომელმაც ტექსტს დამაჯერებლობა უნდა შემატოს): “და დადგეს ეგრეთ შჳდ დღე. ამა შჳდსა დღესა ბრძოლა იყო ბუმბერაზთა მდინარესა მას ზედა”.
ამ ბრძოლების მონაწილეებზე და დეტალებზე არ შევჩერდები. აღვნიშნავთ მხოლოდ იმას, რომ ბუმბერაზთა ორ ბრძოლაში მონაწილეობა თავად მეფემ მიიღო. მონაკვეთში, რომელიც ვახტანგისა და თარხანის ბრძოლას ეხება ვკითხულობთ: ”ვახტანგ ჩავლო გუერდი და შთადგა მდინარისა პირსა; აქუნდეს ჴელთა ოროლნი. აღიზახნეს და მიეტევნეს ურთიერთას, და პირველსა-ვე შეკრებასა სცნა ვახტანგ ოროლნი სარტყელსა ზედა; და ვერ უფარა სიმაგრემან საჭურველისამან, და განვლო ზურგით და მოკლა.
ვკითხულობთ: ”და მეორესა დღესა სხუა გამოვიდა ბუმბერაზი ოვსთაგან, რომელსა ერქუა ბაყათარ. იგი იყო გოლიათი; და რაჲთგან დაეწყო მჴედრობად, ვერ-ვის დაედგნეს მისთჳს ბრძოლასა შინა. და მოესრა ყოველი მებრძოლი მისი: რამეთუ იყო სიგრძე მშჳლდისა მისისა თორმეტი მტკაველი და ისარი მისი ექუსი მტკაველი. მოდგა ესე ბაყათარ პირსა მდინარისასა ...და განაწესნა ვახტანგ სპანი და დაადგინნა განმზადებულად; და აღჯდა ტაიჭსა შეჭურვილსა ჯავშნითა, და აღიღო ფარი მისი ვიგრის ტყავისა, რომელსა ვერ ჰკუეთდა მახჳლი, და ჩავლო გუერდი და მიდგა მახლობელად მდინარისა. გამოვლო მდინარე ბაყათარ, და უწყო სროლად ისრითა. მაშინ ვახტანგ სიფიცხლითა თუალთათა, და სიმახჳლითა გონებისათა, და სიკისკასითა ტაიჭისა მისისათა ირიდებდა ისარსა: რამეთუ შორს-ვე იხილის ისარი მომავალი, და უხლდებოდა და სიმარჯჳთ მიეახლებოდა. ამიერ და იმიერ სპათაგან იყო ცემა ბუკებისა და დაბდაბთა. და იზახდეს ჴმითა აღწევნულითა სპანი ორნი-ვე,
ქართველნი და ოვსნი, რომლითა იძრვოდეს მთანი და ბორცუნი. და ვერა ჰკრა
ისარი, ორისა ისრისაგან მეტი, ბაყათარ ფარსა ვახტანგისსა, და ვერ ჰკუეთა
ყოვლად. და კუალად ჰკრა სხუა ისარი ცხენსა ვახტანგისსა, და გააგდო შიგა. და
ვიდრე დაეცემოდა ცხენი ვახტანგისი, მიუჴდა ზედა და უხეთქნა ჴრმალი მჴარსა
ბაყათარისსა, და ჩაჰკუეთა ვიდრე გულამდე.
რასაკვირველია, ბუმბერაზთა შებრძოლება არ არის მხოლოდ ძველი (ვგულისხმობ არაბთა დაპყრობებამდელი) ქართველური კულტურისათვის დამახასიათებელი მოვლენა. ასეთ ორთაბრძოლებს მრავლად შევხვდებით არქაულ საზოგადოებებში - ირლანდიიდან ჩინეთამდე. თუ რომაელი ავტორების ნაწერებს განვიხილავთ, სადაც ისინი გალებს აღწერენ, დავინახავთ, რომ მათი მიდგომა სამხედრო საქმისადმი არსობრივად არ განსხვავდება იმისაგან, რაც ძველ ქართლში იყო მიღებული. ამასთან, ეს მიდგომა, გარდა წმინდა სამხედრო ასპექტისა, შეიცავს საკულტო და რიტუალური ხასიათის ქმედებებს, აგრეთვე ვერბალურ გაპაექრებას მომავალი შერკინების მონაწილეთა შორის. გალების მემკვიდრე ძველ ირლანდიელებთან ორი მეომარი ორთა-ბრძოლის დაწყებამდე, როგორც წესი, ერთმანეთს უგვანი სიტყვებით მოიხსენიებდნენ. ისინი ხოტბას ასხამდნენ საკუთარ გვარს და საკუთარ გმირობებს.
ასეთი “ურთიერთშემკობის” მაგალითება საკმარისად მოიპოვება ჯუანშერთანაც. მაგალითად, თარხანი ასე მიმართავს ვახტანგ გორგასალს: ”მოხედნა თარჴან და რქუა: "მე გოლიათთა და გმირთა გამოცდილთა მბრძოლი ვარ, არა ყმა-წურილთა, გარნა შენ ზედა-ცა დავიმდაბლო თავი ჩემი". არანაკლებ თავხედურად მიმართავს დიდ მეფეს ბაყათარიც: ”ვახტანგ მეფეო, ნუ განლაღნები შენ მოკლვისათჳს თარჴანისა: არა ერთო იგი გოლიათთა და ამისთჳს მოიკლა იგი ყმა-წურილისა მიერ. აწ უკეთუ შენ-ვე გამოხვიდე მბრძოლად ჩემდა, მოგხუდენ ჩემგან ბრძოლანი ფიცხელნი, რომელთაგან ვერ-ღა-რა განერე. თუ არა ვინ-ცა სპათა შენთაგანი გამოვიდეს, მისთჳს-ცა მზა ვარ”. ერთი სიტყვით, ბუმბერაზთა შებრძოლება, როგორც ვთქვით, გარდა წმინდა ტაქტიკურისა შეიცავს რიტუალურ, საკულტო და ფსიქოლოგიურ ელემენტებს.
თუმცა, რასაკვირველია, არასწორი იქნება ბუმბერაზთა ორთაბრძოლისას წმინდა სამხედრო ასპექტების იგნორირება. სხვა რომ არაფერი, ერთ-ერთი ბუმბერაზის გამარჯვება იოლად შეიძლებოდა უშუალოდ გადაზრდილიყო ორი არმიის შეჯახებაში, რომლის დროსაც გამარჯვებული ბუმბერაზის მხარეს, როგორც აღვნიშნეთ, დიდი ფსიქოლოგიური უპირატესობა ექნებოდა. ეს მომენტი კარგადაა დაფიქსირებული ჯუანშერთან. ბაყათარზე გამარჯვებას მემატიანის მიხედვით შემდეგი რამ მოსდევს: აღჯდა (ვახტანგ გორგასალი-კ.კ.) ცხენსა ბაყათარისსა, და მოდგა მახლობელადსპათა თჳსთა, და რქუა ჴმითა მაღლითა: ”მჴნე იყვენით და განძლიერდით, რამეთუ ღმერთი ჩუენ-კერძო არს”. ხოლო სპანი იგი წარემართნეს განმზადებულნი, ცხენ-თორნოსანნი და ჯაჭუ-ჩაბალახოსანნი, წინა კერძო და მათ უკანა ქუეითნი, და ქუეითთა უკანა სიმრავლე მჴედართა, და ესრეთ მიმართეს ოვსთა ხოლო ოვსნი წარმოდგეს ქარაფსა ზედა და დაასხეს ისარი, ვითარცა წჳმა მძლაფრი”. ანუ, ჯუანშერის მიხედვით, გენერალური ბრძოლა უშუალოდ ბუმბერაზთა ბრძოლის აპოგეის გაგრძელებას წარმოადგენს. ბუმბერაზთა ბრძოლის შედეგი საბოლოო შედეგზე ცხადია სათანადო გავლენას ახდენს.
ჩვენს მიერ განხილული წყაროები საშუალებას იძლევა ბუმბერაზთა ბრძოლის რიგი ტაქტიკური ასპექტების რეკონსტრუირებისა. პირველ ყოვლისა, ბუმბერაზები შებრძოლებისას შეზღუდულნი არ იყვნენ იარაღში. შებრძოლება შეიძლებოდა მომხდარიყო ოროლის (ვახტანგ გორგასალი-თარხანი), ხმლის (თარხანი-ფარსმან-ფარუხი), ხმლის და მშვილდის (ვახტანგ გორგასალი ბაყათარი) გამოყემებით. ამასთან, წმინდა ტაქტიკური ხასიათის ორთაბრძოლა (ვთქვათ, ფარსმანის მიერ ოროდესთან შებრძოლება და მისი დაჭრა) ლიტერატურული ჟანრის კანონების თანახმად შეიძლება წარმოდგენილ ყოფილიყო როგორც ბუმბერაზთა შერკინება, რომელიც წინ უძღოდა ორ არმიას შორის საბრძოლო მოქმედებების დაწყებას.
ორთაბრძოლის წესები წინდაწინ განისაზღვრებოდა. ასე ხდება ვახტანგის და ბაყათარის ბრძოლისას: ”ჴმა უყო ბაყათარს და რქუა: ”არა გამოვალ მე მდინარესა, რამეთუ მეფე ვარ; არა მივეახლები მე სპასა ოვსეთისასა, რამეთუ წარწყმედითა ჩემითა წარწყმდების სპა ჩემი ყოველი. ხოლო შენ მონა ხარ, და წარწყმედითა შენითა არა ევნების სპათა ოვსეთისათა, ვითარცა ძაღლისა ერთისათა. გამოვედ მდინარესა ჩემ-კერძო”. მაშინ ბაყათარ ოვსმან აღასრულა სიტყუა მისი და რქუა: ”მე მომკლველმან შენმან გამოვლო მდინარე, არამედ პირისაგან მდინარისა უკუ-დეგ სამ უტევან”. მაშინ ვახტანგ უკუ-დგა.
მსგავსი “ჯენტლმენური შეთანხმება” გვხვდება ირლანდიურ ეპიკურ ტრადიციაში. ირლანდიური ტრადიციის თანახმად, ორთაბრძოლა რეგულირდებოდა მკაცრი წესებით, რომელთაც პატიოსანი, წესიერი თამაში ეწოდებოდა. ერთ-ერთი წესის თანახმად, მებრძოლს, რომელიც ორთაბრძოლაზე გამოწვევას გააკეთებდა, მხოლოდ ერთი მოპირისპირე შეიძლებოდა ჰყოლოდა. ირლანდიური საგები სასტიკად გმობენ ამ წესის დარღვევას. „კუალგნედან ხარის მოტაცებაში“ დაგმობილია ერთ-ერთი პერსონაჟის ფერკ ლოინგსეხის და მისი თორმეტი თანამებრძოლის გადაწყვეტილება - თავს დასხმოდნენ კუხულინს. ეპოსში ვკითხულობთ: “ასე გადაწყვიტეს (თავდასხმა - კ.კ.) და დაუყონებლივ გაილაშქრეს კუხულინზე, და მოძებნეს იგი და წესიერ ორთაბრძოლაზე შეთანხმების გარეშე, მთელი დუჟინით დაეცნენ თავს“.
რასაკვირველია, შეიძლება გაუთავებლად ვიდავოთ იმაზე, რამდენად რეალურია ძველი ქართული ქრონიკების, მათ შორის - ჯუანშერის აღწერილი ეპიზოდები. მაგრამ ერთი რამ, ვფიქრობთ, უდავოა - ბუმბერაზთა ბრძოლის პრინციპები მეტ - ნაკლებად უნივერსალურ ხასიათს ატარებს ეპოქებსა და ხალხებში, რომლებთანაც სამხედრო საქმე იმდენად სახელმწიფო ინსტიტუტების სიძლიერეს არ ემყარება, რამდენადაც ქარიზმას, ლიდერის ინდივიდუალურ ოსტატობას და წინამძღოლობის უნარს. ამიტომაცაა, რომ ბუმბერაზთა ორთაბრძოლები (სხვათა შორის არაა არსებითი რეალურ ორთაბრძოლაზეა ლაპარაკი თუ ლიტერატურულზე) ძალიან ჰგავან ერთმანეთს, იმისდამიუხედავად ქართულ წყაროებში არიან აღწერილნი, კელტურში თუ სპარსულში (ლაპარაკი ჯერ კიდევ იმ ეპოქაზეა, როდესაც არაა ჩამოყალიბებული უნივერსალური სარაინდო კოდექსი). ამასთან ბუმბერაზთა ბრძოლას გარდა რიტუალურისა და საკულტოსი ჰქონდა წმინდა ტაქტიკური და თვით სტრატეგიული დატვირთვაც (გამარჯვებული ბუმბერაზის მხარე ფსიქოლოგიურად დარწმუნებული იყო გამარჯვებაში, რაც რეალური გამარჯვებისათვის მნიშვნელოვანი გარანტია იყო). ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ ბუმბერაზთა ბრძოლების აღწერისას ლამის მსოფლიო მასშტაბით გავრცელებული ლიტერატურული კლიშეები არსებობს, ეს ბრძოლა მაინც სამხედრო ხელოვნების ისტორიის სფეროს განეკუთვნება და არა ლიტერატურის ისტორიისა.
ყოველივე ზემოთქმულიდან შეგვიძლია დავასკვნათ:
• ბუმბერაზთა ბრძოლა ძველი ქართველების საბრძოლო მოქმედებების ერთ-ერთი ტაქტიკურად ინსტიტუციონალიზებური ფორმა იყო;
• ბუმბერაზთა ბრძოლა ერთდროულად შეიცავდა, როგორც სამხედრო ისე მენტალურ-ფსიქოლოგიურ ასპექტებს;
• ბუმბერაზთა ბრძოლა განიხილებოდა ღვთაებრივი სამართლიანობის კონტექსტში. ითვლებოდა, რომ გადამწყვეტ ფიზიკურ ბრძოლაში გამარჯვებული ბუმბერაზის მხარეს დგას “მეტაფიზიკური” სამართლიანობა (სხვა საკითხია, რომ ამ “მეტაფიზიკურის” არსი სულ სხვადასხვაგვარად გაიგებოდა წარმართულ და მონოთეისტურ ტრადიციებში. ჩანს რომ სასანიდურ - ზოროასტრული ტრადიცია, რომელმაც ამ ასპექტით გარკვეული გავლენა მოახდინა კავკასიურ და ახლოაღმოსავლურ გაგებაზე ტიპოლოგიურად მონოთეისტურ გაგებასთან იდგა ახლოს);
• ბუმბერაზთა ბრძოლა გარდა სამხედროსი, შეიცავდა რიტუალურ და საკულტო ასპექტებს;
• ბუმბერაზთა ბრძლას ჰქონდა თავის კანონები. სავარაუდოა, რომ მსგავსად სარაინდო ბრძოლის კანონებისა, ისინი ისე ზედმიწევნით არ სრულდებოდნენ, როგორც ამ ბრძოლებისადმი მიძღვნილ მხატვრულ ქმნილებებში, მაგრამ ამ კანონთა დარღვევა დიდ ცოდვად ითვლებოდა (საინტერესოა, რომ ფოლკლორულ - ანონიმური ჟანრი, მისი ლოგიკიდან გამომდინარე ვახტანგის ბაყათარზე გამარჯვებას სამხედრო ეშმაკობით, ლამის ვერაგობით ხსნის, მაშინ, როდესაც ისტორიული-ლიტერატურული ნარატივი, ასევე თავისი ჟანრის კანონებიდან გამომდინარე, ვახტანგის გამარჯვებას წმინდა სარაინდო - მეტაფიზიკურ ასპექტში წარმოადგენს).
• ბუნებრივია ბუმბერაზთა ბრძოლას გააჩნდა წმინდა სამხედრო დატვირთვაც. არაფერი რომ არ ვთქვათ წმინდა სამხედრო-ფსიქოლოგიურ ასპექტზე, ის გვევლინებოდა ბრძოლის ერთგვარ პრეამბულად თუ უვერტიურად.