არმიისათვის, რომელშიც მძიმე კავალერია დომინირებს, თავდაცვა არა მხოლოდ არ არის ბრძოლის ძირითადი ნაირსახეობა, არამედ ერთგვარად დასაძრახადაც კი ითვლება. ამიტომაც არის, რომ ჩვენს წყაროებში უაღრესად მწირი ინფორმაციაა საქართველოს არმიის თავდაცვითი მოქმედებების შესახებ (ეს არ ეხება მხოლოდ ჩვენთვის საინტერესო პერიოდს). თუ არ ჩავთვლით ინფორმაციას ამაზასპის მიერ ოსთა (ზოგადად ჩრდილოკავკასიელთა) წინააღმდეგ წარმოებულ სტრატეგიული მასშტაბის თავდაცვით მოქმედებას, არცთუ იოლია მოძებნო ინფორმაცია, რომელიც ზუსტ წარმოდგენას შეგვიქმნის ჩვენი ძალების მიერ წარმოებულ თავდაცვით მოქმედებებზე.
ჩვენთვის საინტერესო პერიოდში თავდაცვითი ბრძოლების პრინციპების შესახებ არაბულ წყაროებში შემონახულია გარკვეული ინფორმაცია. ეს ინფორმაცია სასანიდური ეპოქის ირანის სამხედრო ტრაქტატ “აინ ნამეს” ეხება. გვაქვს აგრეთვე სასანიდური ირანისა და თურქთა კაგანატის ბრძოლის აღწერა, რომელიც დღევანდელი ავღანეთის ტერიტორიაზე, ქალაქ გერათთან მოხდა. ამ ინფორმაციების შეჯერების საფუძველზე შეგვიძლია დავსვათ საკითხი ძველი ქართული თავდაცვითი წყობის მიმართებაზე სასანიდურთან, ხოლო შემდეგ ვცადოთ გავარკვიოთ ჩვენს წინაპართა თავდაცვითი წყობის თავისებურებებზე.
არაბი ისტორიკოსი სასანიდების სამხედრო ხელოვნებასთან დაკავშირებით წერს: “წავიკითხე წიგნი აინი: ბრძოლაში დადგენილია წესი: ცაცია მეომრები მარცხენა ფლანგზე განალაგონ, რათა მათ მტრისადმი პირისპირ დგომისას მოახერხონ ორივე მხარეს სროლა. და აგრეთვე [დადგენილია წესი], რომ წინ მხედრები გაეწყონ.და ეს წესი არ დაიცვება ორმხრივი ბრძოლისას ან გვერდითი მოძრაობისას. და [აგრეთვე] რომ [ჯარის] გულისათვის (ცენტრისათვის) შეარჩიონ ამაღლებული ადგილი და სცადონ იქ განალაგონ ისინი, რადგან მარჯვენა და მარცხენა ფლანგების მეომრებს ვერ გადალახავენ და დაამარცხებენ მანამ, სანამ “ორი მთავარი ნაწილი” მაგრად დგას. ხოლო თუ “ორი მთავარი ნაწილი” დამარცხდა, მარჯვენა და მარცხენა ფლანგებს სიმტკიცე ვერაფერს უშველის. და თუ ჯარი სუსტდება, დე შეუტიონ მარჯვენა ფლანგმა და “ორმა მთავარმა ნაწილმა”; რაც შეეხება მარცხენა ფლანგს, ის არ უტევს, თუ არ დაესხმის საშიში მტერი. მაშინ მარცხენა ფლანგის მებრძოლები იგერიებენ მტერს. ამასთან მარჯვენა ფლანგის და “ორი მთავარი ნაწილის” მეომრები შეიძლება ბრძოლაში ჩაერთონ მათზე შემტევ ძალებთან და დაუბრუნდნენ თავისიანებს (სასტარტო პოზიციას, ალბათ ბანაკს - კ.კ.), რათა კვლავ ჩაერთონ ბრძოლაში. ხოლო მარცხენა ფლანგის მებრძოლებს ეს მხოლოდ უკანდახევისას შეუძლიათ, და არ შეუძლიათ დაუბრუნდნენ ბრძოლის ველს და კვლავ განაახლონ ბრძოლა”.
ცნობილია სხვა ნიმუში სასანიდური წყობისა, რომელიც სპარსმა მხედარმთავარმა ბაჰრამ ჩუბინმა გამოიყენა ძველ თურქებთან ბრძოლისას გერათის სიახლოვეს. ბრძოლის შესახებ ინფორმაციას გვაწვდის არაბი ისტორიკოსი საალაბი. მისი თქმით, ბაჰრამმა თავისი ჯარი შემდეგნაირად გააწყო: პირველ რიგში მან ქვეითები განალაგა, მათ უკან - სპილოები, ხოლო ფლანგებზე - რჩეული ლაშქარი. ყველაზე სანდო მეომრებისგან მან ერთგვარი “ზაგრანოტრიადი” გააკეთა, რომლის ამოცანა იყო, არ დაეშვა თავისი ჯარის უკანდახევა.
თურქთა სარდალმა სავემ (ქართული წყაროებით - საბა) შეტევა კავალერიით დაიწყო. შეტევა იმდენად ძლიერი იყო, რომ ბაჰრამი ერთხანს უკანდახევაზეც კი ფიქრობდა. თურქებმა მოახერხეს მარცხენა ფრთის შევიწროება, მაგრამ ირანელთა ცენტრმა და მარჯვენა ფრთამ შეტევები მოიგერია. ამის შემდეგ სავემ შეტევაზე სპილოები მიუშვა, მაგრამ ირანელთა მოისარმა კავალერიამ, რომელიც ბაჰრამის არმიის საუკეთესო ნაწილს წარმოადგენდა (გაქანებული ცხენიდან მიზანში ისრის ზუსტად სროლის შესწავლას წლები სჭირდებოდა და გასაგებია, რომ კავალერისტ-მოისრები პროფესიონალი მოქირავნეებით კომპლექტდებოდნენ) სპილოებს მოწყვლად ადგილებში (ხორთუმი, თვალები) დაუშინა ისრები (მათ შორის - ცეცხლმოდებულები). სპილოები უკან გაიქცნენ და თავისიანები გადათელეს. სავე გაქცევას ცდილობდა, მაგრამ ბაჰრამი დაეწია და ისრით მოკლა (გავიხსენოთ, რომ საქართველოში საუკეთესო მსროლელს დღემდე ჩუბინს ეძახიან).
რა შეიძლება ითქვას ბაჰრამ ჩუბინის საბრძოლო წყობაზე? ლ. გუმილიოვი თვლის, რომ ეს წყობა “აინ-ნამეს” პრინციპებს შეესაბამება. იმ გარემოებას, რომ ბაჰრამმა წინა რიგში ქვეითები განალაგა და არა მხედრები, რუსი მეცნიერი იმით ხსნის, რომ “აინ-ნამეს” თანახმად, შემხვედრი ბრძოლის დროს შეიძლება დაირღვეს პრინციპი, რომ მწყობრის პირველ რიგში კავალერია უნდა იყოს განლაგებული. გუმილიოვი გერათის ბრძოლას სწორედ შემხვედრ ბრძოლად მიიჩნევს. მაგრამ საქმე ის არის, რომ გერათთან არავითარი შემხვედრი ბრძოლა არ ყოფილა. ნებისმიერი ქრესტომატიული განმარტებით, შემხვედრი არის ბრძოლა, როდესაც ორივე მხარე თავისი ამოცანის გადაწყვეტას შეტევით ცდილობს. მაგრამ თავად გუმილიოვის აღიარებით, არაფერი ამის მსგავსი გერათთან არ მომხდარა. ბაჰრამის მთელი მწყობრი თავდაცვითია.
თავად გუმილიოვი წერს: “საკავალერიო შეტევის ჩაშლამ სავე აიძულა შეტევაზე სპილოები მიეშვა, რასაც ბაჰრამმა კონტრშეტევით უპასუხა. თუ კონტრშეტევა იყო, მაშინ ბრძოლა შემხვედრი არ ყოფილა, ვინაიდან კონტრშეტევა მხოლოდ თავდაცვის პოზიციიდან შეიძლება, ხოლო შემხვედრი ბრძოლისას, როგორც ვთქვით, ორივე მხარე ამოცანას შეტევით ახორციელებს. ასე რომ, ბაჰრამმა, გუმილოვის მტკიცების საპირისპიროდ, პირველ რიგში ქვეითების დაყენებით “აინ-ნამეს” რეკომენდირებული მწყობრი დაარღვია. ამას გარდა, ბაჰრამი სხვაგვარადაც არღვევს “აინ-ნამეს” მწყობრს, როდესაც საუკეთესო მეომრებს ფლანგებზე აყენებს, ანუ მათ ანიჭებს უპირატესობას მაშინ, როდესაც “აინ-ნამეს” თანახმად გადამწყვეტია “ორი მთავარი ნაწილი” (ცენტრის). ასე რომ, ჩუბინმა ამ მიმართებითაც დაარღვია “აინ-ნამეს” რეკომენდაციები.
“აინ-ნამეს” შინაარსიდან და გერათის ბრძოლის აღწერიდან შეგვიძლია მივიღოთ ინფორმაცია, თუ როგორი სახის თავდაცვითი მოქმედებები შეიძლებოდა წარმოებულიყო საქართველოს ტიპის არმიაში, ანუ არმიაში, რომლის დამრტყმელ ძალას მძიმე, კატაფრაქტული ტიპის კავალერია წარმოადგენდა (თუმცა, არ დაგვავიწყდეს, რომ სპარსელებს ჰყავდათ დიდი ოდენობით მოისარი კავალერია, რაც იბერიისათვის დამახასიათებელი არაა).
თავდაცვა ხორციელდებოდა ორი ფორმით - ფრონტზე და სიღრმეში დანაწევრებულად ისე, რომ წინ მხედრები ეწყობოდნენ, ხოლო სიღრმეში “ორი მთავარი” ნაწილი იყო დისლოცირებული. მეორე ტაქტიკური მწყობრისას წინ ქვეითები განლაგდებოდნენ, ფლანგებზე - მხედრები, ხოლო არიერგარდში - ყველაზე სანდო ძალები. როგორც აღწერიდან ჩანს, ფლანგებზე მოისარი კავალერია უნდა ყოფილიყო განლაგებული, ვინაიდან ლაპარაკია იმაზე, რომ კავალერიამ (რომელიც ფლანგებზე უნდა ყოფილიყო განლაგებული) სპილოებს ისრები დაუშინესო. რაც შეეხება არიერგარდს, იქ, ჩანს, კატაფრაქტები იდგნენ, რომელთაც, ერთის მხრივ, უნდა შეენარჩუნებინათ მთელი ჯარის მდგრადობა (თუგინდ, მხოლოდ თავისი არსებობის ფაქტით ფსიქოლოგიური ზეგავლენა მოეხდინათ პირველ რიგში - საკუთარ, ხოლო შემდეგ - მტრის მეომრებზე).
სამწუხაროდ, ჩვენ არ ვფლობთ თუგინდ ამ დონის ინფორმაციას ჩვენი ჯარის თავდაცვითი მწყობრის შესახებ, ამიტომ იძულებულები ვართ ლოგიკური რეკონსტრუქციის მეთოდს მივმართოთ. როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო ჩვენი შეიარაღებული ძალების საბრძოლო მწყობრი? რა ტაქტიკური პრინციპებს უნდა დამყარებოდა იგი?
თავდაცვაში, თეორიულად, შესაძლებელი უნდა ყოფილიყო ორი მწყობრი: 1) როდესაც წინ განლაგებული იქნებოდნენ ქვეითები; 2) წინ განლაგებულნი იქნებოდნენ კავალერისტები. ლაპარაკია ჩამოქვეითებულ კავალერისტებზე, ვინაიდან ამხედრებული კავალერისტებს უბრალოდ გაუჭირდებოდათ ცხენების ადგილზე მდგრადად შენარჩუნება მთელი იმ პერიოდის განმავლობაში, სანამ მოწინაააღმდეგე თუგინდ ისრით მისაწვდომ მანძილამდე მიუახლოვდებოდა. ამას მოწინააღმდეგეც შეუშლიდა ხელს ხმაურით, გამოწვეულით ყიჟინით თუ მუსიკალური ინსტრუმენტებიდან გამოშვებული ხმებით, რაც დააფრთხობდა ცხენებს. ამასთან, კიდევ ერთხელ ვუსვავთ ხაზს, რომ რომაელებთან ორიოდ ბრძოლის გარდა ჩვენს არმიას შეტაკება ჰქონდა ისეთ ძალებთან, რომელთა მთავარ დამტყმელ ძალას კავალერია წარმოადგენდა.
პომპეუსთან ბრძოლისას, რომელშიც მძიმე კავალერიის მონაწილეობა არ დასტურდება, წინა პლანზე, ჩანს, მართლაც მოისრები იდგნენ. გავიხსენოთ რას წერს დიონ კასიოსი: “როდესაც პომპეუსმა ეს დაინახა, გაეკიდა მას (იბერიის მეფე არტოკეს კ.კ.) დაეწია და დაამარცხა: ვიდრე მისი მშვილდოსნები თავის მოხერხებას გამოიყენებდნენ, [პომპეუსი] ეცა მათ და უმალვე უკუაქცია. ამის მერე არტოკე გადავიდა პელორზე, დაწვა ხიდი და გაიქცა, ხოლო მის მეომართაგან ბევრი ბრძოლაში დაიღუპა, ზოგი მდინარეზე გადასვლისას. მაგრამ მრავალნი გაიფანტნენ ტყეებში და რამდენიმე დღეს თავს იცავდნენ, ისრებს ისროდნენ, რა ხეებიდან, რომლებიც [იქ] ძალიან მაღალია.” აქ დიონ კასიოსი დეტალურად არაფერს ამბობს იბერიელთა მწყობრის შესახებ, მაგრამ კონტექსტიდან ნათლად ჩანს, რომ ქვეითები (აქ - მოისრები) მწყობრის პირველ რიგში უნდა ყოფილიყვნენ გაწყობილი, ვინაიდან პომპეუსი მათ პირველთ სცემია და გაუქცევია (რასაკვირველია, ეს რომაელთა ტაქტიკიდან გამომდინარე კონტაქტური ბრძოლით მოხდებოდა).
როგორც ვთქვით, ეს ინფორმაცია გამონაკლისთაგანია, რომლისგანაც შეიძლება დავასკვნათ, რომ თავდაცვითი ბრძოლისას იბერიელთა მწყობრის ავანგარდში ქვეითები, სახელდობრ მოისრეები იდგნენ. მაგრამ ისეთ ბრძოლებში მოწინააღმდეგის დამრტყმელ ძალას კატაფრაქტები წარმოადგენდნენ, მოისარი ქვეითების პირდაპირ დაყენებას ავანგარდში აზრი არ ჰქონდა. საეჭვოა მათ მოეხერხებინათ რაიმე დაეკლოთ კატაფრაქტების ან მათი ცხენებისთვის. სამაგიეროდ, ეს უკანასკნელნი პირველ რიგში მეომარ ქვეით მოისრებს უბრალოდ გადაქელავდნენ, რაც არეულ-დარეულობას გამოიწვევდა უკანა რიგებშიც. მაშადასამე, ისეთ მოწინააღმდეგესთან ბრძოლისას, რომლის დამრტყმელ ძალასაც კატაფრაქტები წარმოაგენდნენ, მოისარი ქვეითები ავანგარდში პირდაპირი განლაგებისას უბრალოდ უვარგისები იქნებოდნენ. ეს კარგად ჩანს იქიდან, რასაც დელბრუკი სარაინდო ბრძოლებთან დაკავშირებით წერს (სარაინდო ბრძოლა ტიპოლოგიურად ჰგავს კატაფრაქტულს):
“მოისარს შეეძლო ეცადა გაერტყა ისარი რაინდის (და განსაკუთრებით მისი ცხენის) დაუცველ ადგილას. მაგრამ შანსი აქ საკმაოდ მცირე იყო, ხოლო შემტევი რაინდისათვის რამოდენიმე ისრის ან ზუფნის სროლის შესაძლებლობას იშვიათად იყენებდნენ; მოისარი არ ელოდებოდა მხედრის მოახლოებას, რაც მისთვის ნაღდი სიკვდილის ტოლფასი იყო, არამედ ცდილობდა თავი გადაერჩინა, სანამ მასსა და რაინდს შორის მანძილი ამის საშუალებას იძლეოდა. ამიტომ ქვეით მსროლელთა დამოუკიდებელი კორპუსი ბუნებრივი საფარის გარეშე ღია ველზე ვერ დაუპირისპირდებოდა რაინდთა რაზმებს...”
დელბრუკის ეს გამოთქმა კიდევ უფრო მეტი სამართლიანობით შეიძლება გავრცელდეს ჩვენთვის საინტერესო ეპოქაზე, ვინაიდან კატაფრაქტები, განსხვავებით რაინდებისგან, დაოთხილი ჭენებით, მაშასადამე - შეუდარებლად დიდი სისწრაფით, უტევდნენ ვიდრე რაინდები. ავანგარდში პირდაპირ განლაგებული მოისარი ქვეითები კიდევ უფრო უვარგისნი იქნებოდნენ იმ შემთხვევაში, თუ მოწინააღმდგეს კატაფრაქტებთან ერთად მოისარი კავალერიაც ეყოლებოდა (როგორც ეს მაგალითად პართიელებს ჰყავდა). პართიელი ან სასანიდი კავალერისტის მშვილდი უფრო შორსმსროლლი იყო ვიდრე ქვეითისა (განთქმული ინგლისური ქვეითთა გრძელი მშვილდი “ლონგბოუ” იმხანად რასაკვირველია გამოგონილი არ იყო, ხოლო იმავე პართიელთა მშვილდების მოქმედების რადიუსს 700 მეტრამდე შეეძლო მიეღწია).
იქნებ წინა რიგში არა მოისარი, არამედ სხვა ქვეითები იყვნენ განლაგებულნი. მაგრამ რომელი? შუბოსან მსუბუქ ქვეითთა წინა რიგებში გაწყობას მხოლოდ მაშინ ექნებოდა აზრი, როდესაც მათ კატაფრექტების წინააღმდეგ ეფექტიანად გამოყენებადი ტექნიკა ექნებოდათ შეიარაღებაზე: ვთქვათ - გრძელი შუბი, რომელთაგან ისინი შუბების “ტყეს” გააკეთებდნენ (გავიხსენოთ “მამაც გულში” გრძელი შუბებით აღჭურვილი უოლესის შოტლანდიელები რა წარმატებით იგერიებენ ინგლისელი რაინდების შეტევებს). მაგრამ ასეთი გრძელშუბოსანი ქვეითების არსებობაზე იბერიელთა ჯარში არავითარი ინფორმაცია არ მოგვეპოვება (ისიც კი ძნელი სათქმელია, რამდენად გამოიყენებოდა სატყორცნი შუბი).
იქმნება თითქოსდა პარადოქსული სიტუაცია. გამოდის, რომ თავდაცვითი ბრძოლისას იბერიელები წინა პოზიციებზე ვერც ჩვეულებრივად აღჭურვილ ქვეითებს (მსუბუქ მოისარს ან შუბოსანს) განალაგებდნენ და ვერც - კავალერისტებს. შექმნილი პარადოქსიდან გამოსვლისათვის შეიძლება სულ მცირე სამი დაშვება შეიძლება გავაკეთოთ: 1) წინა რიგში საშუალო ქვეითები იდგნენ. მაგრამ გრძელი შუბების “ტყეს” აკეთებდნენ? საიდან შოულობდნენ გრძელ შუბებს? ხომ არ შეეძლოთ კატაფრექტებს მათთვის თავიანთი გრძელი შუბები ე.წ. კონტოსები “ესესხებინათ”; 2) ავანგარდში კატაფრაქტები იდგნენ ოღონდ - ჩამოქვეითებულები. მაშინ, ჩნდება კითხვა რას უშვრებოდნენ ისინი საკუთარ ცხენებს? 3) იბერიის არმიაში საერთოდ არ იყო გათვალისწინებული თავდაცვითი ბრძოლა, არამედ მხოლოდ შეტევითი და შემხვედრი.
მოჩვენებით პარადოქსზე პასუხები შეიძლება მეტიც მოიძებნოს. ეს ჩვენს წარმოსახვასა და ლოგიკური აზროვნების უნარზეა დამოკიდებული. ჯერ-ჯერობით ჩვენ სამ ხსენებულ ვარიანტს დავჯერდეთ და სათითაოდ განვიხილოთ ყოველი მათგანი.
მესამე ვერსია ახლავე უნდა უკუვაგდოთ. როგორც “ქართლის ცხოვრების” იმ მონაკვეთში შეიძლება ვნახოთ, ამაზასპს რომ ეძღვნება, ძველი იბერიელები ახორციელებდნენ სტრატეგიული მასშტაბის თავდაცვით ოპერაციებს. და თუ თავდაცვა სტრატეგიულ დონეზე ხორციელდებოდა, ბუნებრივია, ტაქტიკურ დონეზეც განხორციელდებოდა. ამას გარდა, ამაზასპისადმი მიძღვნილ მონაკვეთში პირდაპირ არის მოთხრობილი, როგორ აგზავნის ამაზასპი ქვეითებს ორი გამაგრებული ადგილის დასაცავად. ასე რომ, ძველ იბერიელთა ტაქტიკაში თავდაცვითი მოქმედებების არსებობა ფაქტია.
გადავიდეთ მეორე ვარიანტზე. პირველ ყოვლისა აღსანიშნავია, რომ გაუგებარია, ჩამოქვეითებული ისროდნენ ისრებს კატაფრაქტები (როგორც გახსოვთ, მათ შეიარაღებაზე დამხმარე საშუალებად მშვილდიც გამოიყენებოდა), თუ - ცხენდაცხენ? ცხადია, ამხედრებული კატაფრაქტს მოწინააღმდეგის შეტევის პირობებში გაუჭირდებოდა ცხენის უძრავ მდგომარეობაში შეჩერება (მით უფრო, მოწინააღმდეგის მიერ ატეხილი ხმაურის, მუსიკის და ღრიალის პირობებში), რაც ცხადია გავლენას მოახდენდა დამიზნების სიზუსტეზე. ეს გაცილებით უფრო ძნელი იქნებოდა, ვიდრე მდგრადი რიტმით ჭენებისას ისრის ზუსტად სროლა, როგორც ამას პართიელი კავალერისტების შემთხვევაში ჰქონდა ადგილი. პირველ რიგში განთავსებულ კატაფრაქტები ვერ გამოიყენებდნენ კონტოსს, ვინაიდან ამისათვის გარკვეული გაქანება ექნებოდათ ასაღები. ამას გარდა კატაფრაქტების ტაქტიკა თავისი არსით გამორიცხავს ღრმა წყობის გაკეთებას, რაც აუცილებელია თავდაცვისათვის.
ასე რომ, რჩება პირველი ვარიანტი – კატაფრაქტული კავალერიის მქონე მოწინააღმდეგესთან (პართელები, სასანიდები, სომხები, ალბანელები, ჩრდილო -ავკასიელები) ბრძოლისას თავდაცვისას ავანგარდში მაინც ქვეითები ეწყობოდნენ. თუმცა, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ გასათვალისწინებელია ისიც, თუ როგორ გეოგრაფიულ გარემოში წარმოებდა ეს ბრძოლა, როგორი იყო მოწინააღმდეგის შეიარაღებულ ძალთა ორგანიზაცია და ტაქტიკა, არაფერი რომ არ ვთქვათ იმაზე, თუ სად ხდებოდა თავდაცვითი მოქმედებების ორგანიზება: ძველ საქართველოს ტერიტორიაზევე თუ უცხო ქვეყანაში ლაშქრობისას. ყველა შემთხვევაში კატაფრაქტული კავალერიის მქონე მოწინააღმდეგესთან თავდაცვითი მოქმედებისას, როგორც აღინიშნა თავდაცვითი მწყობრის ავანგარდში ქვეითები უნდა მდგარიყვნენ, ოღონდ არა პირდაპირი წყობით განლაგებული მოისარი ქვეითები (როგორც ვთქვით, მოისარი ქვეითები ეფექტიანი უნდა ყოფილიყვნენ მხოლოდ მოწინააღმდეგესთან, რომლის შეტევისას ავანგარდში ასევე ქვეითები იქნებოდნენ.
ამიტომ, შემთხვევითი არ ჩანს, რომ არტოკემ რომაელებთან ბრძოლისას ავანგარდში სწორედ მოისარი ქვეითები განალაგა. ჩანს, იბერიელებს ჰქონდათ ინფორმაცია რომაელთა საბრძოლო წყობის შესახებ. თუმცა აუცილებელი არ იყო ქვეითები მხოლოდ რომაელთა ავანგარდში ყოფილიყვნენ. ცნობილია შემთხვევა, როდესაც კარრის ცნობილი ბრძოლისას პართიის მეფემ მთელი კავალერია კრასუსის წინააღმდეგ გაგზავნა, ხოლო რომაელთა მოკავშირე სომხებზე მხოლოდ ქვეითი ჯარით ილაშქრა).
მაშასადამე, გვრჩება ვარიანტი, როდესც ავანგარდში საშუალო ქვეითები ეწყობოდნენ. ეს განსაკუთრებით ქმედითი უნდა ყოფილიყო ვიწრო მთიან გასასვლელებში წარმოებული ბრძოლებისას. ამაზასპთან დაკავშირებით ლეონტისადმი მიწერილ ქრონიკაში ვკითხულობთ: “და განვიდა ამაზასპ და განაწესნა ქუეითნი იგი არაგუსა იმიერ და ამიერ სიმაგრეთა შინა კართასა”.
აქაც, როგორც მირვანის დურძუკეთში ლაშქრობისადმი მიძღვნილ ეპიზოდში (იხ.ზემოთ), ლაპარაკია “სიმაგრეთა შიდა კართა”-ზე, ანუ ხეობაში, სახელდობრ - არაგვის ხეობაში გამავალ გზაზე ვიწრო გასასვლელში არსებულ გამაგრებაზე. მემატიანე აზუსტებს, რომ თითოეული გამაგრების უკან დაახლოებით 15 000-მდე ქვეითი იყო (ორივეგან - 30 000 ქვეითი). ამრიგად, ხეობაში ბრძოლისას მაინც, თავდაცვითი ტაქტიკა იმაში გამოიხატებოდა, რომ წინ, ხელოვნურ გამაგრებებს უკან საშუალო ქვეითები განლაგდებოდნენ, რომლებიც გამაგრებების სიახლოვეს ხელჩართულ ბრძოლაში ჩაერთვებოდნენ მოწინააღმდეგის ქვეითებთან, რომლებიც გამაგრებების მოშლას შეეცდებოდნენ (შდრ. მირვანის ქვეითების მოქმედებას დურძუკებთან ომისას).
საშუალო ქვეითების მიერ მძიმე კავალერიის წინააღმდეგ მოქმედების ნიმუშს განიხილავს დელბრუკი ქვეითი კნეხტისა (აქ არა უბრალოდ ყმა, არამედ ყრმა, ახალგაზრდა მებრძოლი, ფრანგ. valet) და რაინდის ორთაბრძოლის მაგალითზე (ეს მაგალითი ტიპოლოგიურად ჰგავს კატაფრაქტის და საშუალო ქვეითის შესაძლო შერკინებას).
დელბრუკი წერს: “რაინდის წინააღმდეგ მეტი შანსი ჰქონდა ქვეით კნეხტს. იმ შემთხვევაში, თუ საკმაოდ შეინარჩუნებდა სიმშვიდეს და მოქნილობას, რათა აეცდინა მოწინააღმდეგის ცხენდაცხენ შეტევა და შემდეგ ცივი იარაღით გვერდიდან დაერტყა მისთვის ან მისი ცხენისათვის... ქვეითთა დიდ რაზმებს შეეძლოთ მჭიდრო მწყობრი შეეკრათ და შუბებით წინ გადაეღობათ გზა რაინდებისათვის; მაგრამ თუ მათ მწყობრში გაჩნდებოდა ინტერვალები, რომლებშიც რაინდები გააღწევდნენ, ქვეითები დაღუპულები იყვნენ”.
მძიმე კავალერიის წინააღმდეგ საშუალო ქვეითების ეფექტიანი მოქმედების მაგალითებს დელბრუკი ასახელებს. პრუსიაში ტევტონების ორდენის ომისას ცნობილია შემთხვევა, როდესაც რაინდ ულენბუსის ერთმა ქვეითმა ყმამ (Knecht) მოკლე შუბით (com modica lancea) დაჭრა მოწინააღმდეგის შეტევაზე მყოფი სარდალი ჰენრი მონტე (რომელიც, ცხადია, მძიმე კავალერისტის ამუნიციით იქნებოდა აღჭურვილი) და აიძულა ეს უკანასკნელი უკან დაეხია.
თავდაცვითი ტაქტიკის რეკონსტრუირებისას სრული სურათის მისაღებად უნდა გავიხსენოთ ოსების (ამ სახელით მემატიანე ჰუნებსა და ჩრდილოკავკასიელებსაც აღნიშნავს) მოქმედება ვახტანგ გორგასლის არმიის წინააღმდეგ. ტექსტში ვკითხულობ: “ხოლო სპანი იგი წარემართნეს განმზადებულნი, ცხენ-თორნოსანნი და ჯაჭუ-ჩაბალახოსანნი, წინა კერძო და მათ უკანა ქუეითნი, და ქუეითთა უკანა სიმრავლე მჴედართა, და ესრეთ მიმართეს ოვსთა ხოლო ოვსნი წარმოდგეს ქარაფსა ზედა და დაასხეს ისარი, ვითარცა წჳმა მძლაფრი”.
როგორც ვხედავთ, ოსები მშვილდს მიუწვდომელი ადგილებიდან, ქარაფებიდან (ზემოდან, ფლანგებიდან, შესაძლლოა - ზურგიდან) უშენენ. ამასთან, ასეთი ზემოქმედება ყველაზე ეფექტიანი ფლანგებიდან იქნებოდა. აქ იმოქმედებდა იგივე კანონზომიერება, რომელსაც დელბრუკი კრესის ბრძოლასთან დაკავშირებით აღნიშნავდა: ”კრესის ბრძოლისას [ფრანგთა] ყოველი გაცალკევებული შეტევა ინგლისელებს იმ უპირატესობას აძლევდა, რომ აძლიერებდა მშვილდიდან ნატყორცნი ისრების ქმედუნარიანობას, რამეთუ მიახლოებული ცხენებისათვის და ადამიანებისათვის ისარი შეგეძლო დაგეშინა არა მხოლოდ ფრონტიდან, არამედ ფლანგებიდანაც (10, 196)”.
ამრიგად, მთიანი რელიეფის პირობებში საკუთარი ტერიტორიის დაცვისას, ისეთი მოწინააღმდეგის წინააღმდეგ, რომლის მთავარ ძალას მძიმე კავალერია წარმოადგენდა, იბერიელთა თავდაცვითი ტაქტიკა შემდეგი სახის უნდა ყოფილიყო: ვიწრობში კეთდებოდა ხელოვნური გამაგრება, რომლის უკან საშუალო ქვეითები ლაგდებოდნენ, რომლებსაც ხელი უნდა შეეშალათ მოწინააღმდეგის ქვეითების მცდელობისათვის მოეშალა ხსენებული გამაგრება. მოისარი ქვეითები მოწინააღმდეგისთვის მიუწვდომელ ადგილზე, ზემოთ და ფლანგებზე უნდა განლაგებულიყვნენ და იქიდან ისარი დაეშინათ. მწყობრის ბოლოს კატაფრაქტები ისეთ მანძილზე უნდა განლაგებულიყვნენ, რომელიც მაქსიმალურად მისცემდათ საშუალებას შეძლებისდაგვარად სრული გაქანებით კონტრშეეტიათ მოწინააღმდეგისათვის თუ ის შეძლებდა გამაგრების და საშუალო ქვეითების მწყობრის გარღვევას.
მაგრამ როგორ მოახერხებდნენ ამ ტაქტიკით საშუალო ქვეითები გაშლილი ველის პირობებში, კატაფრაქტების შეტევის უკუგდებას თუ არა, მათთვის მნიშვნელოვანი ზარალის მიყენებას? ჯერ ერთი, საშუალო ქვეითებს შეეძლოთ ველზეც შეექმნათ სხვადასხვა სახის ხელოვნური წინაღობები, რომლებიც შეაჩერებდა ან შეანელებდა კატაფრაქტების შეტევას (როგორც მაგალითად კრესის ბრძოლისას - ინგლისელმა მოისრებმა თავის წინ 2-მეტრიანი პალოების მესერი გააკეთეს ფრანგი რაინდების შეტევის შესაფერხებლად). მათ შეეძლოთ ხელთმყოფი მასალისგან სახელდახელოდ დაემზადებინათ გრძელი შუბისებრი პალოები და მათგან “ტყე” გაეკეთებინათ, რომელიც მნიშვნელოვნად შეაფერხებდა მოწინააღმდეგის კატაფრაქტების შეტევას. ამასთან, საკუთარ ტერიტორიაზე ბრძოლისას, ყოველთვის შეიძლებოდა გამაგრების წინ, შედარებით მოშორებით, ფლანგებზე მოისარი ქვეითების განლაგება (ვთქვათ - დიაგონალური მწყობრით. უკეთესი იქნებოდა, თუ მოისრები ჩასაფრებას მოახერხებდნენ), რომლებიც მტერს ზიანს მიაყენებდნენ ჯერ კიდევ გამაგრებამდე მიღწევამდე, ან აიძულებდნენ მოწინააღმდეგის კავალერიას მათზე შეეტია მათი გაფანტვის მიზნით, რაც მოწინააღმდეგის მწყობრს მოშლის ან დაქსაქსვის საფრთხის წინაშე დააყენებდა და ხელს შეუშლიდა იბერიელთა მთავარ ძალებზე კონცენტრირებულ შეტევას. დაბოლოს, რაც მთავარია, გაშლილ ველზე არიერგარდში მყოფი კატაფრაქტები კონტრშეტევისას გაცილებით ეფექტიანად იმოქმედებდნენ.
ამრიგად ველის რელიეფის პირობებში ისეთი მოწინააღმდეგესთან საბრძოლველად, რომლის ძირითადი ძალა მძიმე კავალერია იყო, ჩვენი წინაპრები იყენებდნენ შემდეგ ტაქტიკას: კეთდებოდა ხელოვნური გამაგრება (ქვების ბარიკადა, პალოების მესერი და ა.შ), რომლის წინ, უპირატესად ფლანგებზე ლაგდებოდნენ მოისარი ქვეითები, რომელთა ამოცანა იყო, მოწინააღმდეგისათვის მაქსიმალური ზარალის მიყენება გამაგრებასთან მიახლოებამდე. გამაგრების უკან საშუალო ქვეითები ლაგდებოდნენ, რომელთა ამოცანა იყო, მოწინააღმდეგის მიერ გამაგრების მოშლის მცდელობის აღკვეთა. არიერგარდში იდგებოდა მძიმე კავალერია, რომლის ამოცანა იქნებოდა გამაგრების მოშლის შემთხვევაში მოწინააღმდეგეზე კონტრშეტევა, აგრეთვე მოწინააღმდეგისათვის ხელის შეშლა საშუალო ქვეითების და გამაგრების ფლანგებიდან შემოვლისათვის (ეს განსაკუთრებით აქტუალური იქნებოდა გაშლილ ველზე ბრძოლისას, სადაც ფლანგების შემოვლა გაცილებით იოლია, ვიდრე მთიან ვიწრობში). ისეთ მოწინააღმდეგესთან ბრძოლისას, რომლის მთავარ ძალას ქვეითები წარმოადგენდნენ (რაც შედარებით იშვიათად ხდებოდა) წინ მსუბუქი მოისარი ქვეითები ეწყობოდნენ, ხოლო შემდეგ - საშუალო ქვეითები და ორივე სახის კავალერია (თუ რასაკვირველია ადგილმდებარეობა მძიმე კავალერიის გამოყენების შესაძლებლობას იძლეოდა).