ტაქტიკა - საყრდენი ობიექტების სისტემა, ბრძოლის ძირითადი სახეები და ა.შ.

ტაქტიკა - საყრდენი ობიექტების სისტემა, ბრძოლის ძირითადი სახეები და ა.შ.

საყოველთაო გაგებით, თუ სტრატეგია არის ომის მოგების თეორია, ტაქტიკა არის ბრძოლის მოგების თეორია. ეს განმარტება სწორია, მაგრამ არასაკმარისი, ვინაიდან ტაქტიკა მოიცავს ისეთ საკითხებსაც, როგორიცაა ბრძოლის ტიპები (შეტევითი, თავდაცვითი ყველა მათი სახესხვაობით) აგრეთვე = განსაკუთრებულ პირობებში მიმდინარე ბრძოლის სახეები (ვთქვათ - ბრძოლა მთაში, ბრძოლა უდაბნოში, ბრძოლა ტყეში, ბუმბერაზთა შებრძოლება და ა.შ.), აგრეთვე, ისეთ ტაქტიკურ ქმედებებს, როგორიცაა დაზვერვა, მიხდომა, რეიდი... საინტერესო პერიოდში სასურველია შევეხოთ ქართულ სახელმწიფოთა სამხედრო ტაქტიკის ყველა ელემენტს. თანაც უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ უცვლელი სტრატეგიის და ტექნოლოგიური დონის პირობებში ტაქტიკა მაინცადამაინც დიდ ცვლილებებს არ განიცდიდა იმის მიუხედავად, რომ ფარნავაზიდან ვახტანგ გორგასლამდე არცთუ მცირე დრომ გაიარა.

წარმოდგენილი ტექსტი არის ნაწილი მონოგრაფიისა, რომელიც ეხება ძველი ქართული სახელმწიფოების (იბერია, ლაზიკა) სამხედრო ხელოვნების ისტორიას ფარნავაზიდან მოყოლებული ვიდრე არაბთა დაპყრობამდე. მონოგრაფიაში სხვასთან ერთად განხილულია ისეთი საკითხები, როგორიცაა შეიარაღებულ ძალთა ორგანიზაცია, აღჭურვილობა, ფორტიფიკაცია, კომუნიკაციები, ლოგისტიკა, სხვადასხვა კამპანიები და ა.შ. წარმოდგენილი სტატიის უკეთ გაგებისათვის უცილებელია აღინიშნოს კვლევის იმ მონაკვეთის ძირითადი შედეგი, რომელიც ეხება იბერიის შეიარაღებული ძალების ორგანიზაციას. შესაბამის მონაკვეთში, დასაბუთებულია, რომ ძველი იბერიის და კოლხეთის არმიების ძირითად დამრტყმელ ძალას მძიმე, ე.წ. კატაფრაქტული ტიპის კავალერია წარმოადგენდა. მათ გარდა ქართულ სახელმწიფოთა არმიებში შედიოდნენ საშუალო და მსუბუქი მოისარი ქვეითები და საშუალო/მსუბუქი კავალერია. ასეთი ორგანიზაციის არსებობის გათვალისწინება აუცილებელია ძველი ქართული ხელოვნების ისეთი ელემენტის სპეციფიკის გასათვალისწინებლად, როგორიც არის ტაქტიკა.

* საყრდენი ობიექტების სისტემა

ნებისმიერი სტრატეგიული თუ ტაქტიკური ქმედება გულისხმობს საყრდენი ობიექტების გარკვეულ სისტემას, რასაც ინგლისელები “centre of gravitation”-ს, გერმანელები “Swerpunkt”-ს, ხოლო რუსები “центр связности”-ს ან опорный пункт-ს უწოდებენ (აქ არ შევეხებით ამ ტერმინების მოხმარების ნიუანსურ განსხვავებებს, მივიჩნევთ რა, რომ ის, რაც ტერმინში “საყრდენი ობიექტი” იგულისხმება, მკითხველისათვის ნათელია, თუგინდ ინტუიტიურ დონეზე) . 

ბუნებრივია, ტაქტიკის ეს უნივერსალური ელემენტი არც ძველი ქართული სამხედრო ხელოვნებისათვის იყო უცნობი. მაგალითისათვის შეიძლება ავიღოთ ტაქტიკური ხერხი, რომლის დროსაც ხდება ფრონტის ხაზის ზურგის უზრუნველყოფა საყრდენი ობიექტით ან ობიექტების სისტემით. ტერმინი “ფრონტის ხაზის ზურგი” წმინდა ტაქტიკურ დატვირთვას შეიცავს. ის გულისხმობს ჯარების მწყობრის ტაქტიკურ სიღრმეში (ფრონტის მოწინავე ხაზიდან მაქსიმუმ 20-25 კმ-ით დაშორებულ, დაწვრილებით იხ. ქვემოთ) არსებულ საყრდენ ობიექტს ან ობიექტების სისტემას. ეს, შეიძლება, ვთქვათ მდინარე, ციხე-სიმაგრემდე, ან დაახლოებით ამავე მანძილზე განთავსებულ რეზერვი თუ დამხმარე ჯარი. ცხადია, “ფრონტის ხაზის ზურგის” ამგვარი გაგება უშუალოდ არ ემთხვევა “ზურგს” თანამედროვე გაგებით, ანუ ლოგისტიკის, ტრანსპორტის და კომუნიკაციის ელემენტებს. ამიტომაც ჩვენ შეგნებულად მოვიხმართ ტერმინებს: “ფრონტის ხაზის ზურგის უზრუნველყოფა” ან “ფრონტის ზურგის უზრუნველყოფას” და არა უფრო ზოგადი და ინდუსტრიული ეპოქის დროიდან მომავალ ტერმინს “ზურგის უზრუნველყოფა” (რაც საბოლოო ჯამში იმის სინონიმურია, რასაც “ლოგისტიკას” უწოდებენ). 

ფრონტის ზურგის უზრუნველყოფა ხდება რაიმე ობიექტზე ან ობიექტების სისტემაზე დაყრდნობით. ეს ობიექტი შეიძლება იყოს ბუნებრივი (ქედი, მდინარე და ა.შ) ან ხელთქმნილი (საფორტიფიკაციო ნაგებობა, ხერგილიდან დაწყებული ვიდრე ქალაქამდე). რეალური სამხედრო მოქმედებებებისას უმეტესწილად უნდა გამოყენებულიყო ფრონტის ზურგის უზრუნველყოფის ორივე ხერხი. მთავარია იმის აღნიშვნა რომ ბრძოლა წარმოებდა ფრონტის უშუალო ხაზის უკან, გარკვეულ მონაკვეთებზე განლაგებული ობიექტების გამოყენებით საყრდენ წერტილებად. “ქართლის ცხოვრების” იმ მონაკვეთში, რომელსაც ლეონტი მროველს მიაწერენ, გვხვდება ამგვარი ტაქტიკური მოქმედების აღმნიშვნელი სპეციალური ტერმინები, მაგალითად: “იპყრა იგი ქალაქი ზურგად”, (3, 31,55) ან სულაც ლაპარაკია ფრონტის ზურგის უზრუნველყოფაზე ჯარის ნაწილზე დაყრდნობით (რვა ძმისა და ნებროთის ბრძოლისადმი მიძღვნილი მონაკვეთი).

ფრონტის ხაზის ზურგის უზრუნველყოფის მაგალითები მოგვეპოვება ლეონტისადმი მიწერილი ქრონიკის რამოდენიმე მონაკვეთში. მაგალითად, მეფე ბარტომის და ტახტის მაძიებელ მირვანს შორის ბრძოლის აღწერისას ვკითხულობთ: “ხოლო მეფემან ბარტომ შემოკრიბნა ყოველნი სპანი ქართლისანი, და მოირთო ძალი სომხითით, და მიეგება იგი ხუნანს. და იპყრა იგი ზურგად, ქალაქი ხუნანი. მოვიდა მირვან და დადგა მდინარესა ბერდუჯისასა.”( 3,31). 

ანუ, აქ ორივე მხარე პრინციპში ერთსადაიმავე ტაქტიკურ ხერხს იყენებს და ფრონტს ამყარებს მოწინავე ხაზიდან გარკვეული მანძილით დაშორებულ ობიექტზე. განსხვავება იმაშია, რომ თავდაცვის მდგომარეობაში მყოფი ადერკი საყრდენ წერტილად იყენებს საფორტიფიკაციო ნაგებობას - ქალაქ ხუნანს, ხოლო მომხდური მირვანი, თავისი ტაქტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე საყრდენ წერტილად ბუნებრივ ობიექტს, მდინარე ბერდუჯას იყენებს.

ანალოგიური ვითარებაა ამაზასპის და ოვსების ბრძოლის აღწერისას. ამაზასპის მოქმედების ძირითადი ელემენტები სტრატეგიის სფეროს განეკუთვნება და არა ტაქტიკისას. ამიტომ ამ სტატიაში მათ შედარებით გაკვრით შევეხებით. მატიანეში ვკითხულობთ: ”მაშინ ამაზასპ მეფემან განავსნა ციხენი და კარნი მცხეთისანი ლაშქრითა. და იყო სიმრავლე ქუეითთა მცხეთელთა, რომელნი კართა და ზღუდეთა სცვიდეს; მათგან კიდე რომელი გარე მეომრად განვიდოდეს, იყო ოცდაათი ათასი ქუეითი ყოვლად-ვე. და მაშინ სხუა რომელი ჰყვა მჴედარი ათი ათასი, და განვიდა ამაზასპ და განაწესნა ქუეითნი იგი არაგუსა იმიერ და ამიერ სიმაგრეთა შინა კართასა, ხოლო მჴედრითა ლაშქრითა განვიდა ადგილსა, რომელსა ჰქჳან საფურცლე. და იპყრა ზურგად ქალაქი (მცხეთა-კ.კ.) და ქუეითნი იგი, რომელ დაეყენნეს კართა შინა”.(3, 55). 

ამრიგად, ორივე შემთხვევაში ხდება გარკვეული საყრდენი წერტილის არჩევა და მასზე დაყრდნობით საბრძოლო მოქმედება, რომელიც ამ საყრდენი წერტილიდან გარკვეულ მანძილზე წარმოებს. ეს მანძილი არც ისე დიდი უნდა ყოფილიყო, ვინაიდან, როგორც ამაზასპის კამპანიის აღწერიდან ირკვევა, კავალერიას ერთი დღის განმავლობაში შეეძლო გადაადგილებულიყო საყრდენი წერტილიდან ფრონტის ხაზამდე, ეწარმოებინა ბრძოლა და დაბრუნებულიყო საყრდენ პუნქტში. ფრონტის ზურგის უწრუნველყოფის ეს ზოგადტაქტიკური ხერხი გავრცელებული უნდა ყოფილიყო აღწერილი ბრძოლების დროიდან ( ჩვ.წელთაღრიცხვის პირველი საუკუნიდან) მატიანეს შექმნის დრომდე. ეს ნათელი ხდება იმით, რომ მატიანეს ავტორისათვის ხსენებული ტაქტიკური ხერხი, და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია - მისი აღმნიშვნელი ტერმინი, კარგად არის ცნობილი და არ წარმოადგენს საბრძოლო მოქმედებებზე რაღაც ყრუდ შემორჩენილ გადმოცემას. 

იმის გათვალისწინებით, რომ ლეონტისადმი მიწერილი ქრონიკის ყველაზე ადრეული დათარიღებები მინიმუმ VI-VII საუკუნეებს განეკუთვნება, გასაგებია რომ ტაქტიკის ისეთი ხერხი, როგორიც არის ფრონტის ხაზის ზურგის საყრდენი წერტილებით უზრუნველყოფა, სულ მცირე, ექვსი - შვიდი საუკუნის განმავლობაში გამოიყენებოდა ქართულ სამხედრო ხელოვნებაში. 

იგივე ითქმის ფრონტის ზურგის უზრუნველსაყოფად სარეზერვო ან დამხმარე ჯარის კომპონენტების გამოყენებაზე. როგორც ვთქვით, ამგვარ ტაქტიკურ მოქმედებაზე პირველი მითითება ჯერ კიდევ ნებროთისა და რვა თარგამოსიანი ძმის ბრძოლის აღწერისას გვხდება. ამ, ძირითადად მითოსურ არქეტიპზე დაყვანადი (იხ. ჩვენი სტატია ჟურნალში “ახალი პარადიგმა”, #2) ბრძოლის აღწერისას ვკითხულობთ: “ხოლო ვითარცა მოიწივნეს სპანი იგი ნებროთისნი, მაშინ მიეგებნეს შჳდნი იგი გმირნი ძმანი ჰაოსისნი სპითა ძლიერითა. ხოლო ჰაოს სპითა უძლიერესითა დაუდგა უკანით, ზურგით” (3, 6). ან კიდევ: “ხოლო ჰაოს უდგა ზურგად გმირთა მისთა, ძალ-სცემდა და ნუგეშის-ცემდა ჴმითა საზარელითა, რომელი მსგავსი იყო მეხის ტეხისა (იქვე, გვ.7). დაბოლოს, ბუნებრივია, რომ ეს ტაქტიკური ხერხი გამოყენებული ყოფილიყო ინდივიდუალური შებრძოლების, ორთაბრძოლის დონეზე: “ჰაოს რქუა გმირთა მისთა: ”განმიმაგრეთ ზურგით კერძი ჩემი, და მივეახლო ნებროთს”. და წარვიდა და მივიდა პირისპირ მახლობელად ნებროთისა, და სტყორცა ისარი და ჰკრა მკერდსა ნებროთისსა (იქვე).

ფრონტის ხაზის ზურგის უზრუნველყოფას სარეზერვო თუ დამხმარე კომპონენტების გამოყენებით ახდენს ამაზასპიც. ჩვენს მიერ ზემოთ ციტირებული მონაკვეთიდან ირკვევა, რომ ამაზასპმა ფრონტის ხაზის ზურგის უზრუნველყოფის საყრდენ წერტილად გამოიყენა ქალაქი-სიმაგრე მცხეთა, აგრეთვე ფრონტის ხაზსა და მცხეთას შორის შექმნილ ხერგილებზე განთავსებული ქვეითი ჯარები.

იგივე ხერხის გამოყენების მაგალითი (ოღონდ, უკვე მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე ლაშქრობისას) გვხვდება “ვახტანგ გორგასლის ცხოვრებაშიც”. ოვსეთში წარმოებული გადამწყვეტი ბრძოლისას: “მაშინ ვახტანგ მეფე მოქცეულ იყო სპასა მისსა ზურგით რჩეულითა მჴედრითა, უზახებდა და განაძლიერებდა და ნუგეშინის-ცემდა სპათა მისთა”(3,156). ცხადია, ფრონტის ზურგში საყრდენი პუნქტების არსებობას (მით უფრო, თუ ასეთი პუნქტის როლში ვახტანგ გორგასლისნაირი ქარიზმატული მეფე გამოდიოდა) გარდა წმინდა ტაქტიკური დატვირთვისა დიდი ფსიქოლოგიური მნიშვნელობაც ჰქონდა.

ამრიგად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ჩვენთვის საინტერესო პერიოდის ქართული ჯარის ტაქტიკის ერთ-ერთი უმთავრესი ელემენტი იყო ფრონტის ხაზის ზურგში საყრდენი ელემენტების სისტემის გამოყენება. ამასთან, ამგვარი სისტემის ელემენტი შეიძლება ყოფილიყო:
• ბუნებრივი ობიექტი (ქედი, მთა, მდინარე და სხვა მისთანანი);
• ხელთქმნილი ობიექტი(ციხე-სიმაგრე, ქალაქი, ხერგილი);
• პირველი ორის კომბინაცია;
• ზურგში განლაგებული სარეზერვო ან დამხმარე ძალები;
• თავისთავად ცხადია, რომ საყრდენი ობიექტების სისტემა სხვადასხვაგვარი იქნებოდა შეტევითი და თავდაცვითი ბრძოლებისას. ამ სისტემისათვის აგრეთვე გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნებოდა იმასაც, როდის გამოიყენებოდა იგი: საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო მოქმედებისას (როდესაც საყრდენი პუნქტების შექმნისათვის საკმაო დრო გექნებიოდა) თუ მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე მიმდინარე მოქმედებისას (როდესაც ეს საყრდენი წერტილები ან სახელდახელოდ უნდა შეგექმნა ან მოწინააღმდეგისათვის წაგერთმია);
• ამ საყრდენი პუნქტების არსებობას გარდა წმინდა ტაქტიკურისა ძალიან მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური დატვირთვა უნდა ჰქონოდა; 


*ბრძოლის ძირითადი სახეები

ნებისმიერი ბრძოლა შეიძლება დაიყოს ძირითადად და განსაკუთრებულად. ბრძოლის ძირითადი სახე, როგორც წესი, არის ჩვეულებრივი საბრძოლო მოქმედება, რომლის მეშვეობითაც მიიღწევა ბრძოლის მიზანი. განსაკუთრებული მოქმედება არის ბრძოლის ისეთი ფორმა, რომელიც არ მიმდინარეობს ჩვეულებრივი სახით და რომლის ამოცანაა ბრძოლის ძირითადი მიზნის მიღწევისათვის ხელისშეწყობა. ძველ ქართულ არმიაში, ბუნებრივია, ბრძოლის ორივე სახე და შესაბამისად ტაქტიკა გამოიყენებოდა.


*შეტევითი მოქმედებები

სტრატეგია და შეიარაღებული ძალების ორგანიზაცია ბუნებრივია განაპირობებს ტაქტიკის ხასიათს. არმიაში, სადაც მძიმე, მით უფრო - კატაფრაქტული კავალერია დომინირებს, შეტევა ძირითადი ტაქტიკური მოქმედება იქნება. ეს შეტევა შეიძლება განხორციელდეს როგორც გარკვეული მომზადების შემდეგ, ისე - მის გარეშე. 

პირველ შემთხვევაში ჯარს საშუალება ექნება მოეწყოს და მხოლოდ ამის შემდეგ გადავიდეს შეტევაზე. მეორე შემთხვევაში შეტევა უშუალოდ მარშიდან იწყება. ჩვენთვის საინტერესო პერიოდში ორივე მაგალითი დასტურდება. წინასწარ მოწყობილი ჯარით შეტევაზე გადასვლის მაგალითს იძლევა ცნობილი ბრძოლა ფარსმან ქველსა და პართიელებს შორის (თუმცა, აქ უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს ორმხრივად შეტევითი ანუ შემხვედრი ბრძოლა იყო), სადაც ორივე მხარეს იმდენი დრო ჰქონდა მოწყობისათვის, რომ მეფეებმა ჯარისკაცებისთვის სიტყვებით მიმართვაც კი მოასწრეს. უშუალოდ მარშიდან შეტევის ტაქტიკის ნიმუში მოგვეპოვება ვახტანგ გორგასლის ცხოვრებაში, სადაც გორგასლის არმია ჩრდილო კავკასიაში ლაშქრობისას პირდაპირ მარშიდან, შეუჩერებლად და შეუსვენებლად გადადის შეტევაზე. ამასთან პირველ შემთხვევაში საქმე იმდენად კლასიკურ შეტევით მოქმედებასთან, ანუ ერთი მხარის შეტევასთან კი არა გვაქვს თავდაცვით პოზიციაში გამაგრებული მოწინააღმდეგეზე, არამედ ორმხრივ შეტევით ბრძოლასთან. რაც შეეხება მეორე ვითარებას, აქ საქმე კლასიკურ შეტევით მოქმედებასთან გვაქვს. შესაბამისად, ჩვენთვის საინტერესო პერიოდში ძველი საქართველოს შეიარაღებული ძალების შეტევითი მოქმედება იყოფოდა საკუთრივ შეტევით და ორმხრივად შეტევით ანუ შემხვედრ ბრძოლებად. ამ ორი განსხვავებული მოქმედების ამოცანები ცხადია განსხვავებული იყო, ისევე როგორც მოქმედების ხერხები.


*გორგასლური ტიპის შეტევითი მწყობრი

თუმცაღა, იმჟამინდელ ქართველთა შეტევითი მოქმედებების ორივე ფორმისას უმნიშვნელოვანესი ტაქტიკური მოთხოვნა იყო მოწინააღმდეგესთან რაც შეიძლება სწრაფად დაახლოება და რაც შეიძლება სწრაფად ჩართვა კონტაქტურ ბრძოლაში. ეს დასტურდება როგორც ტაციტუსთან ფარსმანის და პართიელების ბრძოლის აღწერით, ისე - ვახტანგ გორგასლის და ჩრდილო კავკასიელების ბრძოლის აღწერით. ერთ შემთხვევაში ვკითხულობთ: “თუმცა სარმატები (იგულისმება იბერიელ, ალბანელ და ჩრდილოკავკასიელეთა ჯარი -კ.კ.) არა მხოლოდ მთავარსარდლის სიტყვამ შეაგულიანა: ისინი თავად არწმუნებენ ერთმანეთს, რომ არ უნდა დაუშვან, რომ მოწინააღმდეგემ ისრებების წვიმა დააყაროს: ამის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია უსწრაფესი ზეწოლა და შემდეგ ხელჩართული ბრძოლა. აქედან სრულიად განსხვავებული სურათი ორივე მოწინააღმდეგის მხარეს: პართიელები ერთიანი ოსტატობით შეჩვეულები თავდასხმასაც და უკუქცევასაც, ქსაქსავენ თავიანთ კავალერიას, რათა დაუბრკოლებლად გაანადგურონ მოწინააღმდეგე ისრებით. ხოლო სარმატები [ანუ იბერიელები და მათი მოკავშირე ჩრდილოკავკასიელები] არ იყენებენ მშვილდისრებს, რომელსაც პართიელებზე უარესად ფლობენ, არამედ მათზე მიიჭრებიან გრძელი შუბებითა და ხმლებით....”(7,190-191). სურათი ნათელია. 

მსგავსი ვითარებაა ვახტანგ გორგასლის შემთხვევაშიც, სადაც ვკითხულობთ: “და ესრეთ მიმართეს ოვსთა (იგულისხმება მარშიდან უშუალოდ შეტევაზე გადასული გორგასლის ჯარის უსწრაფესი შეტევა ჩრდილოკავკასიელებზე - კ.კ.). ხოლო ოვსნი წარმოდგეს ქარაფსა ზედა და დაასხეს ისარი ვითარცა წვიმა მძლავრი”(3, 156)

რა განაპირობებდა შეტევისას კონტაქტურ ბრძოლაში სასწრაფოდ ჩართვის ტაქტიკურ მოთხოვნას? ის, რომ ჩვენ, განსხვავებით პართიელებისაგან, არ გვყავდა სპეციალიზებული მოისარი კავალერია, რომელიც მწყობრის პირველ რიგში იბრძოლებდა. მწყობრის პირველ რიგში მებრძოლი მძიმე შუბოსანი კავალერია, ისევე როგორც მათ უკან მრბენი საშუალო ქვეითები, დაინტერესებულნი უნდა ყოფილიყვნენ, რომ ბრძოლას რაც შეიძლება სწრაფად მიეღო კონტაქტური ხასიათი, რომელთანაც ისინი უკეთ იყვნენ ადაპტირებულნი, ვიდრე დისტანციურთან. 

ნიშანდობლივია ტაციტის კონტექსტიდან გამომდინარე დასკვნა იმაზე, რომ იბერიელ კავალერისტებს მშვილდ-ისრებიც ჰქონდათ, მაგრამ არ იყენებდნენ. ჩანს იბერიელები მშვილდს პრიორიტეტულად თავდაცვითი ბრძოლის იარაღად განიხილავდნენ და არა საკუთრივ შეტევითის ან შემხვედრის. ასეთი ვითარება იყო დუნაისპირა სარმატების შემთხვევაში, სადაც მძიმე კავალერისტები მშვილდ-ისარს მხოლოდ უკანდახევისას იყენებდნენ (იხ. სურათი ტრაიანეს კოლონიდან სადაც ასახულია როგორ იყენებს მშვილდისარს რომაელთა კავალერიის მიერ ოტებული სარმატი).

ძველ ქართველთა შემდეგ ტაქტიკურ მოთხოვნას წარმოადგენდა საშუალო ქვეითი და მძიმე კავალერიის ეფექტიანი ურთიერთქმედების უზრუნველყოფა. ამგვარი ურთიერთქმედების მიღწევის აუცილებლობა განპირობებული იყო სტრატეგიითაც, შეიარაღებული ძალების ორგანიზაციითაც და იმ ბრძოლების ჩანაფიქრითაც, რომელთა შესახებაც ინფორმაცია გაგვაჩნია. ამასთან, უკვე ძველთაგანვე გვხვდება ცნობები კავალერიის და ქვეითების მიერ ერთობლივად წარმოებულ ბრძოლებზე. 

დელბრუკი ახსენებს ბეოტიელებს, რომლებიც მისდევდნენ ბრძოლის ამგვარ წესს, აგრეთვე იმას, რომ კეისარმა ფარსალეს ბრძოლისას ცალკე შერეული დაჯგუფება შექმნა. De bello gaelica-ში კეისარი გერმანელების შერეული ჯგუფის ბრძოლას ასე აღწერს: “6000 მხედარი და ამდენივე მოქნილი და მამაცი ქვეითი, რამეთუ მთელი ჯარიდან ყოველმა მხედარმა თავისი დაცვისთვის ერთი ქვეითი შეარჩია. ისინი ერთად იბრძოდნენ. მხედრები ქვეითებისკენ იხევდნენ, ხოლო ისინი ქვეითების დასახმარებლად მიისწრაფოდნენ. თუ ვინმე, მძიმედ დაჭრილი, ცხენიდან ჩამოვარდებოდა, ქვეითები გვერდით დაუდგებოდნენ და იცავდნენ. შორ მანძილზე წინ გადაადგილებისას თუ სწრაფი უკანდახევისას თავიანთი გაწვრთნილობის წყალობით ქვეითები ისეთ სისწრაფეს ანვითარებდნენ, რომ შეეძლოთ ცხენისათვის ფაფარში ჩაევლოთ ხელი და ისე გაჰყოლოდნენ (6, I,48; 9, 117-119). ჩანს იბერიელებიც ისევე იქცეოდნენ, როგორც კეისართან აღწერილი გერმანელები.

მძიმე კავალერიის და ქვეითების ურთიერთქმედებით ბრძოლა ცნობილია შუა საუკუნეებიდანაც. საბა მალასპინას მიხედვით ბენევენტეს ბრძოლის წინ შარლ ანჟუელი ასე არიგებდა თავის მეომრებს: “უმჯობესია დაარტყათ ცხენებს, ვიდრე ადამიანებს, და ურტყათ მახვილად და არა პირით, ისე, რომ, როდესაც მოწინააღმდეგის ცხენები თქვენი დარტყმებით წაიქცევიან, ქვეითის სწრაფმა ხელმა სწრაფად დაჭრას და მოუღოს ბოლო მიწაზე ჩამოვარდნილ და იარაღის სიმძიმის გამო ზოზინა რაინდებს. თქვენი სიქველის გამოვლინება პირველივე ბრძოლაში სხვაგვარადაც შეიძლება გაიოლდეს. დე ყოველ რაინდს თან ახლდეს ერთი ქვეითი, თუ შესაძლებელია ორიც... რამეთუ საბრძოლო გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ისინი უძლეველნი არიან და ფრიად სასარგებლონი, როგორც მოწინააღმდეგის ცხენების მოკვდინების, ისე იმათი გაჟუჟვის საქმეში, რომლებიც ცხენებიდან ჩამოვარდნილან” (ციტ. 10, 119). 

როგორც ფარსმანის მიერ წარმოებული ბრძოლიდან შეიძლება დავინახოთ, ჩვენი წინაპრები სწორედ ასეთი ტიპის მოქმედებას აწარმოებდნენ.

შეტევითი ტაქტიკური მოქმედებების კიდევ ერთი ორიგინალური სახეა ის, რომლის შესახებ თხრობა მირვანის დურძუკებში ლაშქრობასთან დაკავშირებით მოგვეპოვება. ამ ტაქტიკურ დისპოზიციაში უჩვეულო მწყობრთან გვაქვს საქმე: თუ ყველა შემორჩენილ ტაქტიკურ მწყობრში კავალერია ქვეითების წინ არის განლაგებული, ამ შემთხვევეში ქვეითები კავალერიის წინ იმყოფებიან. პ.ინგოროყვას კონიექტურით ტექსტი ასეთ ხასიათს ატარებს: “შეკრბეს დურძუკნი და დაუდგეს სიმაგრეთა ზედა გარდასავალთ გზასა მას. მაშინ:

მირვან გადახდა ცხენისაგან, მივიდა ქვითთა თანა,
თვისთა,
და წარუძღვნა წინა ქვეითთა და ზურგით შემოიდგინა
მხედარნი,
და მივიდა კართა მათ შინა, ვითარცა ვეფხი სიმხნითა,
ვითარცა ლომი ზახილითა,
იქმნა მათ შორის ბრძოლა ძლიერი.
ხოლო მირვანს ვერ ჰკუეთდა მახვილი დურძუკთა ვითარცა კლდესა 
სიპსა,
და დგა უძრავად, ვითარცა კოშკი მტკიცე, 
და გაგრძელდა მათ შორის ბრძოლა.
და მოწყდა მათ შორის ურიცხვ,
ხოლო იძლივნეს დურძუკნი და ივლტოდეს.

რით შეიძლება აიხსნას ის ფაქტი, რომ მირვანმა წინ ქვეითები გაუშვა და არა კავალერია, როგორც ეს ჩვეულებრივ იყო მიღებული მაშინდელ ტაქტიკაში? პირველ ყოვლისა მითითება შეიძლება გაკეთდეს იმაზე, რომ მირვანის დროს კატაფრაქტული ტიპის მძიმე კავალერისტები ჯერ კიდევ არ არსებობდნენ და შესაბამისად ვერ იარსებებდა კატაფრაქტული ტაქტიკა, აქედან გამომდინარე ყველა შედეგით. ცნობილი ისიც კი არაა, თუ რა სახის კავალერია ჰყავდა მირვანს. მაგრამ კიდევ უფრო არსებითია სხვა გარემოება. დამცველი მხრის მიერ ხელოვნული წინაღობების (ბარიკადა, ხერგილი, პალოების მესერი და ა.შ) მოსაშლელად მხედრები, მით უფრო კატაფრაქტების ტიპისა უვარგისნი არიან. საჭიროა ეს წინაღობები ქვეითებმა (ან ჩამოქვეითებულმა მხედრებმა) მოშალონ. ლოგიკურია, რომ ამ შემთხვევაში ქვეითები ავანგარდში იმყოფებიან და წინაღობებს ხსნიან, ხოლო მხედრები მათ ზურგს და ფლანგებს უზრუნველყოფენ. 

ჰანს დელბრიუკი, აღწერდა რა სარაინდო ომების პერიოდს (სარაინდო ომები ტიპოლოგიურად ძალიან ჰგავს კატაფრაქტულს), წერდა: ”[ქვეითი] შუბოსნები კავალერიის წინ მიდიოდნენ, ალბათ, მხოლოდ მაშინ, თუ ცხენოსნების გზაზე რაიმე წინაღობა, პალოებისგან გაკეთებული ან სხვა სახის მესერი იყო გასანადგურებელი. სხვა შემთხვევაში ისინი რაინდებს მიჰყვებოდნენ და ბრძოლაში მათ შემდეგ ერთვებოდნენ” (10, 122). ზუსტად ასევე უნდა ყოფილიყო მირვანის ხსენებული ლაშქრობის შემთხვევაში. 

სალაშქროდ მიმავალი ქართულ მხედრობას დურძუკები დახვდნენ “სიმაგრეს ზედა გარდასავალთა გზათა”. ამრიგად, საქმე გვაქვს გზაზე არსებულ “სიმაგრესთან”. “სიმაგრე” ძველქართულად არა მხოლოდ არა მარტო “ციხე-სიმაგრეს” ნიშნავდა, არამედ - ნებისმიერ “გამაგრებას”. ამასთან, ეს გამაგრება აგებული იყო გზაზე. მოგვიანებით, ტექსტში გზის იმ მონაკვეთის ხასიათზეც არის ლაპარაკი, რომელზეც ეს სიმაგრე იყო აგებული. ეს მონაკვეთი ხასიათდება, როგორც “კარი”. იგულისხმება ვიწრო გასასვლელი გზა (კლდეკარი და ა.შ). ამრიგად, მარშზე მყოფი მირვანის ჯარი ხელოვნურ გამაგრებას, ხერგილს გადააწყდა და გადაეწყო. წინ ქვეითები გავიდნენ, რომლებსაც სათავეში თავად მირვანი ჩაუდგა და გამაგრების მოშლა დაიწყეს. ამასთან მათ ბუნებრივია შეტაკებები უწევდათ დურძუკებთან. ეს უკანასკნელებიც ცხადია უპირატესად ქვეითებით იყვნენ წარმოდგენილები, ვინაიდან ვიწრო, სავარაუდოდ მთიან, გზაზე არსებულ სივრცის მასშტაბებში კავალერისტების მასა უბრალოდ ვერ გაიშლებოდა. 

ამ შეტაკებებში მირვანს გამოუჩენია თავი. შემდეგ, ბრძოლა ჩვეულებრივ კალაპოტში ჩადგა (ავანგარდში მძიმე კავალერიით) და დურძუკები სასტიკად დამარცხდნენ. რასაკვირველია, ამ სახის მოქმედებები მხოლოდ კლასიკური შეტევითი ბრძოლისას შეიძლებოდა წარმართულიყო, რომლის დროსაც ერთი მხარე ცალსახად უტევდა, ხოლო მეორე მხარე - ასევე ცალსახად იცავდა თავს. 
ამრიგად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ძველ ქართველებში შეტევის ძირითადი სახეები იყო:
• საკუთრივ შეტევითი ბრძოლა, რომელიც შეიძლებოდა განხორციელებული მარშიდანაც (რის შესახებ ცნობები ვახტანგ გორგასლის ცხოვრებაში მოგვეპოვება), მაგრამ შეიძლებოდა განხორციელებულიყო ადგილზე წინასწარ მოწყობის მდგომარეობიდანაც. ამგვარი შეტევის დროს ავანგარდში მყოფ კატაფრაქტების ტიპის კავალერისტები დაოთხილი ჭენებით უტევდნენ; მათ მიჰყვებოდნენ საშუალო ქვეითები, ხოლო შემდეგ - მსუბუქი/საშუალო კავალერისტები, რომელთაც ოტებული მტრის მიდევნა ევალებოდათ. გადაადგილებისას წინაღობის, ხერგილის თუ გამაგრების შეხვედრისას მწყობრი გადაეწყობოდა. წინა რიგებში საშუალო ქვეითები გადიოდნენ და წინაღობის მოშლას იწყებდნენ, ხოლო მხედრები ფლანგებსა და ზურგს უზრუნველყოფდნენ. წარმატების (წინაღობის მოშლის) შემდეგ ქვეითებს ძველი ადგილი უნდა დაეკავებინათ, რასაც ძვეულებრივი მწყობრის აღდგენა მოჰყვებოდა. ამგვარი შეტევითი საბრძოლო მოქმედების უმთავრესი მიზანი მოწინააღმდეგის თავდაცვითი წყობის (რა სახეც არ უნდა ჰქონოდა მას) “აყირავება”, მოშლა და დეზორგანიზებული მოწინააღმდეგის მიდევნება უნდა ყოფილიყო.
• ორმხრივი შეტევითი (შემხვედრი) ბრძოლა, რომელიც შეიძლებოდა განხორციელებულიყო წინასწარი მოწყობის მდგომარეობიდანაც (ფარსმანის ბრძოლა პართელთა წინააღმდეგ), მაგრამ თეორიულად შეიძლება განხორციელებულიყო მარშიდანაც (როგორც ცალმხრივად, როდესაც ერთი მხარე შეტევას მარშიდან იწყებდა, ხოლო მეორე ადგილზე მოწყობიდან, ან ვითარებაში როდესაც ორივე მხარე პირდაპირ მარშიდან ერთვებოდა ორმხრივ ბრძოლაში). თუმცა ამ შემთხვევაში ბრძოლა ბევრად უფრო ძნელადსაწარმოებელი ხასიათის იქნებოდა, და ამიტომ სავარაუდოა მხედარმთავრები შემხვედრ ბრძოლას უფრო წინასწარი მოწყობის მდგომარეობიდან ამჯობინებდნენ. შემხვედრი ბრძოლისას მხარეები ერთმანეთს სწრაფად უახლოვდებოდნენ და კონტაქტურ ბრძოლაში ებმებოდნენ (ამასთან, მოწინააღმდეგის რიგებში მოისარი კავალერიის არსებობის პირობებში იბერიელთათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნებოდა მოისარი კავალერიის “ცეცხლის” მოქმედების არეალის უსწრაფეს გადალახვას მოწინააღმდეგესთან კონტაქტურ ბრძოლაში ჩაბმის მიზნით). თუ ვერ მოხერხდებოდა მოწინააღმდეგის მწყობრის ერთი დარტყმით მოშლა და “აყირავება”, მაშინ ხდებოდა ბრძოლის დაშლა ცალკეულ ორთაბრძოლებად, რომლებშიც ძველ ქართველებს იმედი ჰქონდათ, რომ მძიმე კავალერისტებისა და საშუალო ქვეითების აწყობილი ურთიერთქმედების ხარჯზე დაამარცხებდნენ მოწინააღმდეგეს. 

ამასთან, შეტევის ორივე სახეობისას ძირითად ტაქტიკურ მოთხოვნებად რჩებოდა: 1. მოწინააღმდეგესთან რაც შეიძლება სწრაფად დაახლოება და რაც შეიძლება სწრაფად ჩართვა კონტაქტურ ბრძოლაში; 2. საშუალო ქვეითი და მძიმე კავალერიის ეფექტიანი ურთიერთქმედების უზრუნველყოფა. ორივეს მისაღწევად, რასაკვირველია, საჭირო იყო ხანგრძლივი წვრთნა და ვარჯიში.