ნამდვილად არსებობს რაღაც ტელეპათიური კავშირი ჩემსა და ბატონ პრეზიდენტს შორის. ვერ მოვასწარი წინისწინა ბლოგის ტექსტის გამოქვეყნება, რომ ადგა პრეზიდენტი და მასში ნათქვამი აღასრულა.
ვწერდი: “ისტორიამ გვაჩვენა, რომ საქართველოში პოსტმოდერნის ეტაპზე მოცურავე მხოლოდ ერთადერთი ადამიანი შეიძლება ყოფილიყო - საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. ის კვლავ აცოცხლებს ტრადიციული საზოგადოებისათვის დამახასიათებელ ამოუწურავ ნაყოფიერებას. ამავე დროს, მიხეილ სააკაშვილში განსხეულებულია მოდერნისტულ-ტოტალიტარული საზოგადოებისათვის დამახასიათებელი მასობრივ-ჰეროიკულობა (იხ.პატრიოტთა ბანაკები)“.
ჰოდა, პრეზიდენტიც ადგა, წყალში გადაეშვა და სამნახევარი კილომეტრი სულმოუთქმელად გაცურა. ვიმედოვნებ, რომ იანვრის ბოლოსთვის, როდესაც პრეზიდენტის კლასიფიკაციით შავ ზღვაში ცურვის სეზონი იწყება, სახელმწიფოს მეთაური განახორციელებს ისტორიულ გადაცურვას ბათუმიდან პორტ–მიხაილამდე (ადრე ანაკლია რომ ერქვა, იმაზე მაქვს ლაპარაკი).
ახლა ვაპირებდი ჩვენი რეალობის ილუსტრაცია პლატონის გამოქვაბულის მითის მაგალითზე დამესურათხატებინა და რას ვხედავ: პრეზიდენტმა დამასწრო და მთავრობის სხდომა (ან ხსდომა, რომელიც გინდათ – აირჩიეთ) მოაწყო გამოქვაბულში.
დაიწყეს მაშინვე ღლიცინი: გამოქვაბულებიო, „მილიონი წელი ჩვენს ერამდეო“ და რაღაც ეგეთები... გაიხსენეს ტირან მამასთან მებრძოლი წაპითეკანტროპო გმირი ტუმაკი (ბოლოს ამა ტუმაკმა ისე შემუსრა ტირანი მამა, როგორც ჩვენმა პრეზიდენტმა სტალინის ძეგლი). გაიხსენეს ტუმაკის ტურფა ლოანა (რა ქალი იყო რაქელ უელჩი!!!). არადა, ამ ვულგარულ აურზაურში სრულიად ჩაიკარგა პრეზიდენტის ღრმაფილოსოფიური ჩანაფიქრი.
ცნობილია რომ ჩვენი პრეზიდენტი დიდი მოყვარულია დავით აღმაშენებლისა და ყველაფერში ბაძავს ამ დიდ მეფეს.
ავიღოთ თუგინდ ბურ–ინგლისურისმასწავლებელთა ჩამოყვანა, რომელიც ზოგიერთების გულისგასახეთქად ნამდვილად არის ყივჩაღთა ჩამოსახლების ტოლფასი მოვლენა.
ჰოდა, საყოველთოდ ცნობილია (ან, უფრო ზუსტად, მგონი სრულიად უცნობია) ის, რომ დავით აღმაშენებელს ძალიან უყვარდა პლატონის კითხვა. თუ მემატიანეს დავუჯერებთ (და არავითარი საფუძველი არ გვაქვს რომ არ დავუჯეროთ), ერთხელ დიდი მეფე ისე გართულა პლატონის კითხვით, რომ კინაღამ მტერთან შებრძოლების მომენტი გამოჰპარვია.
ჰოდა, ჩვენს პრეზიდენტსაც ყვარებია პლატონის კითხვა. და სადაა საუკეთესო ადგილი პლატონის წასაკითხად? რასაკვირველია, გამოქვაბულში! რატომ? ორი მიზეზის გამო: ჯერ ერთი, გამოქვაბულები, სარდაფები და, საერთოდ, ანდერგრაუნდები საუკეთესო ადგილია ფილოსოფოსთა წასაკითხად.
ვთქვათ, ზიხარ შენთვის, დაფარული, და კითხულობ იმას, რას წერენ ფილოსოფოსები დაფარულობის შესახებ.
არავინ მოვა და არ დაგიწყებს ლაზღანდარობას: მითხარი ერთი, რას ბლატაობს ეგ ჟორაო (ჰეგელს ვგულისხმობ) ან რაზე აწუწუნებს შენ მტირალა სურენასო (კირკეგორზე ვლაპარაკობ). მოკლედ, იკითხე გამოქვაბულში და იგულავე.
ისე, აზრად ეს ამბავი კარგა ხნის წინ კი მომსვლია, მაგრამ აქამდე ვერ მოვახერხე ოცნების აღსრულება და გამოქვაბულში ფილოსოფიური ლიტერატურის წაკითხვა – საკითხავად საკმარისი შუქი არ იყო.
ახლა, როდესაც პრეზიდენტმა გამოქვაბულები ისევე გააჩირაღდნა, როგორც თბილისის ქუჩები, ჩავალ მღვიმეში და ვიკითხავ და ვიკითხავ.
განსაკუთრებით, პლატონს წავიკითხავ, რამეთუ სწორედ პლატონს აქვს შექმნილი ყველაზე ცნობილი თხზულება გამოქვაბულის შესახებ.
ეს ბერძენთა ბრძენი ამტკიცებდა, ყოველივე რაც გარს გვახვევია მხოლოდ აჩრდილებია იდეების ჭეშმარიტი და იდუმალი რეალობისაო.
განთქმულ ნაშრომში „სახელმწიფო“ ფილოსოფოსი თავის აზრს ასე ანვითრებდა: წარმოვიდგინოთო – იტყოდა პლატონი – გამოქვაბულში სკამებზე მიჯაჭვული ადამიანებიო (პრომეთე არ იგულისხმება). თანაც, უბრალოდ მიჯაჭვულნი კი არა, ისე დაბმულები, რომ მხოლოდ წინ შეუძლიათ იყურონო. ანუ მხოლოდ გამოქვაბულის კედელს ხედავენ და მეტს არაფერსო.
ამ მიჯაჭვულ ადამიანთა უკან სხვა თვისუფალი ადამიანები მიმოდიან, დადიან ჩირაღდნებით, გადააქვთ სხვადასხვა საგნები. მიჯაჭვული ადამიანები კი მხოლოდ გამოქვაბულის კედელზე დაცემულ ჩრდილებს ხედავენ და ჰგონიათ, რომ ეს ერთადერთი რეალობაა.
ვინმეს მათთვის რომ ეთქვა, ადამიანის ჩრდილებს გარდა კიდევ ნამდვილი ადამიანებიც არსებობენო, გამოქვაბულის მიჯაჭვული მკვიდრები უბრალოდ შეშლილად ჩათვლიდნენ. იმას, რომ გამოქვაბულის გარეთ რაღაც საერთოდ არსებობს, და მეტიც – იქ მზეც კი ანათებს, გამოქვაბულის მკვიდრნი უბრალოდ ვერ გაიაზრებდნენ.
საქართველოს მოქალაქენი გამოქვაბულში მიჯაჭვული ეს ადამიანები ვართ. ჩრდილების მაყურებლებად ქცეული აჩრდილები, პრეზიდენტის ცნობიერებაში არსებული ფანტომები, ასე ვთქვათ – პრეზიდენტის სიზმრები, და ხელისუფლებას ერთი მიზანი აქვს: სამუდამოდ დაგვარწმუნოს იმაში, რომ კედელზე მოციალე ჩრდილები ერთადერთი რეალობაა.
პრობლემა მხოლოდ იმაშია, როგორ მიაღწიონ ამას. მაგრამ, კომკავშირელთ იდეური მემკვიდრეებისათვის არაფერია მიუწვდომელი. საკმარისია გავაკონტროლო მედია და ყველას დავაჯერებ, რომ ჩრდილები ერთადერთი რეალობაა. გამოვა ერთი აჩრდილი ჟურნალისტი, აიღებს მოდელირებულ ინტერვიუს აჩრდილ რესპოდენტიდან, მერე მეორე აჩრდილ – ჟურნალისტი იგივეს იზამს, მერე მესამე… და ბოლოს, იმ აჩრდილსაცავის შემხედვარენი, რომელსაც ხელისუფლების კონტროლირებადი მედია ჰქვია, ვეღარავინ ვეღარასდროს გავიგებთ, რომ აჩრდილების გარდა სინამდვილეც არსებობს.
ვეღარ გავიგებთ იმიტომ, რომ ამას ვეღარავინ გვეტყვის, ვინაიდან აღარ ექნება ამის სათქმელი ენა. მარტო სიტყვების დეფიციტი კი არ გაჩნდება, ამის სათქმელად საჭირო გრამატიკაც აღარ იქნება. იქნება მხოლოდ საშუალება, მთელი ცხოვრება სტალაქტიდებზე მოციალე ფერადოვანი პროჟექტორების აჩრდილების ყურებისა.
მედიის მონოპოლიზებით ხელისუფლება ცდილობს შეგვაგუოს იმას, რომ ჩრდილების სამყარო ერთადერთი რეალობაა. ჩვენც ნელ–ნელა ვიქცევით აჩრდილებად, ვემგვანებით აჩრდილთ ლაშქარს, ტოლკიენს რომ აღუწერია.
პროცესი, რომელიც ჩვენთან მიდის, და რომელსაც ხელისუფლების ყმა მედია ნერგავს, შეიძლება დავახასიათოდ, როგორც ჩვენი საზოგადოების მარტორქიზაციის პროცესი.მხედველობაში მაქვს ვითარება, რომელიც ცნობილი ფრანგი დრამატურგის ეჟენ იონესკოს „მარტორქაშია“ აღწერილი.
მშვიდ ობივატელურ ქალაქში მოულოდნელად მარტორქა გაჩნდება. ქალაქის მკვიდრნი ამ მარტორქას თვდაპირველად დაბნეულები და ერთგვარად შეშინებულები უყურებენ. შემდეგ ნელ–ნელა ეჩვევიან. ირკვევა, რომ მოქალაქენი, უბრალოდ, იქცევიან მარტორქებად. და ამას არავინ აპროტესტებს, ლამის სიამოვნებთ კიდეც.
პიესის მთვარ გმირშიც კი არაერთგზის გაჩენილა ცდუნება, იქცეს მარტორქად. მას პერიოდულად შურს მარტორქების უხეში კანის, იმის, რომ დანაწევრებულად არ მეტყველებენ და ლამის მათი სიმყრალისაც კი.
მაგრამ როდესაც მთელი ქალაქის მარტორქიზაცია (ერთი სიტყვაა!) მოხდება, მასში მაინც მეამბოხე ადამიანი იღვიძებს: “დე მოხდეს, რაც მოსახდენია! თავს დავიცავ! სადაა ჩემი თოფი! ერთი ყველას წინააღმდეგ!... მე უკანასკნელი ადამიანი ვარ და მე ბოლომდე ადამიანად ვრჩები! არ დაგნებდებით“.
„დაგვნებდები” – ისმის ხელისუფლების ყმა–ჟურნალისტების პათეტიკური სისინი. დაგვნებდები იმიტომ, რომ შენ მალე ისიც აღარ გეცოდინება, რომ უკანასკნელი ადამიანი ხარ. ისიც კი აღარ გეცოდინება, რომ ადამიანი ხარ; ერთადერთი არჩევანიღა გექნება – აირჩიო, ჩრდილი იყო თუ მარტორქა“.
ხელისუფლების კონტროლირებადი მედია ჩრდილებისა და მარტორქების მაპროდუცირებელი ამაზრზენი კონვეიერია. შედიან ადამიანები და გამოდიან მარტორქები (ან აჩრდილები). გაცილებით შემზარავი კონვეინერია ვიდრე ის, პარკერმა რომ „პინკ ფლოიდის“ მუსიკის ჰანგებზე შეთხზა. ამ აჩრდილებსა და მარტორქებს ისინი ქმნიან, ვინც ადამიანთგან პირველნი იქცნენ აჩრდილებად და მარტორქებად. მათ დეფორმირებულ ცნობიერებას სურს გამოქვაბულები ჩრდილებით აივსოს, ხოლო მიწისზედეთი – მარტორქებით.
გამოუვათ? ვინ იცის… ისე კი, მგონი ადამიანობა სჯობს.
თუ ჩვენი ლიბერალ–ფუნდამენტალისტების მიერ ბოლო დროს ესოდენ პატივსაცემად ქცეული მარქსის პერიფრაზს გავაკეთებთ: „გამოქვაბულში მიჯაჭვულებს არაფერი აქვთ დასაკარგი, გარდა თავიანთი ჯაჭვებისა“. თუმცა გათავისუფლების შემდეგ ბევრს გაუჭირდება იმასთან შეგუება, რომ ჩრდილებს გარდა კიდევ სინამდვილეც არსებობს