კავკასიური ბერმუდის სამკუთხედი და „მესამე რომის“ გეგმები

კავკასიური ბერმუდის სამკუთხედი და „მესამე რომის“ გეგმები

კავკასია თავისი გეოპოლიტიკური მდებარეობის გამო უაღრესად სტრატეგიული რეგიონი იყო მსოფლიო ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე, მაგრამ, შეიძლება ითქვას, რომ XVI საუკუნე ამ მხრივ მაინც გამორჩეულ პერიოდს წარმოადგენდა. მანამდე კავკასიაში ჩანაცვლებული იყო იმ სახელმწიფოთა ინტერესები, რომლებიც სამხრეთით, სამხრეთ-დასავლეთით ან სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობდნენ და ეს რეგიონი მყარად იყო დაცული კავკასიონის მთავარი ქედით. რომ არა ეს გეოგრაფიული ბარიერი, საფიქრებელია, სურათი მაინც იგივე დარჩებოდა. რადგან XVI-XVII საუკუნეებამდე აღმოსავლეთ ევროპის ვაკეზე არ არსებობდა სამხრეთულ პოლიტიკაზე ორიენტირებული, მეტ-ნაკლებად ძლიერი სახელმწიფო (თუ არ ჩავთვლით ”ოქროს ურდოს”, რომელსაც დიდი ომიანობა ჰქონდა წინა აზიაში არსებულ ილხანთა სახელმწიფოსთან. კიევის რუსეთი კი არ წარმოადგენდა ისეთი სიძლიერის პოლიტიკურ ერთეულს, რომელიც შეძლებდა პოლიტიკურ-ეკონომიკური დივიდენდები დაებანდებინა ამიერკავკასიაში. შედარებით ადრეულ ეტაპზე იმიერკავკასიის სტეპებსა და მთისწინეთში დროებით ან ხანგრძლივად მობინადრე ხალხები (სკვითები, სარმატები, ჰუნები, ხაზარები, ალან-ოვსები, ყივჩაღები...) დაბალი სახელმწიფოებრივი ორგანიზაციის გამო ამიერკავკასიაში მხოლოდ პერიოდული მოთარეშე ექსპედიციებით შემოიფარგლებოდნენ. ეს იყო და ეს. რაც შეეხება სამხრეთით და სამხრეთ-დასავლეთით მდებარე გეოპოლიტიკურ სივრცეს, იგი თავისებურ მტერშემკრებ აუზს წარმოადგენდა, საიდანაც კავკასიაში დამკვიდრებაზე პრეტენზიას აცხადებდნენ სხვადასხვა სახელმწიფოები: აქემენიანთა თუ სასანიანთა ირანი, მაკედონია, რომი, არაბები, სელჩუკები, ბიზანტია, მონღოლები. 

ეს ის ქვეყნები იყო, რომელთაც გააჩნდათ ამიერკავკასიის ათვისების სტრატეგიული გეგმა, შესატყვისი ტაქტიკა და ამ თვალსაზრისით გაცილებით საშიშნი იყვნენ, ვიდრე ჩრდილოეთიდან მოსული, რომელიც , მოთარეშე ურდო. ამასთან, გასათვალისწინებელია კიდევ ერთი გარემოება. იშვიათად იყო ეპოქა, როდესაც ამიერკავკასიაში რომელიმე ერთი კონკრეტული სახელმწიფოს ინტერესები იყო კონცენტრირებული, რაც ნამდვილ უბედურებას წარმოადგენდა რეგიონის მოსახლეობისთვის. ხანგრძლივი დროის მანძილზე, უპირატესად, აქ ორი ძალა ეტოქებოდა ხოლმე ერთმანეთს, რაც დიპლომატიური მანევრირების საშუალებას აძლევდა ამიერკავკასიის პოლიტიკურ ერთეულებს. ამ ასპექტში შეიძლება განვიხილოთ რომი-პართიის, ბიზანტი-ირანისა და არაბ-ბიზანტიელთა მეტოქეობა. მხოლოდ სელჯუკთა დროიდან დაიწყო პოლივარიანტული ექსპანსიის ჩანაცვლება მონოვარიანტულით, რომელმაც მოგვიანებით მთლიანად მოიცვა მონღოლთა ბატონობის პერიოდიც.

XVI საუკუნის დასაწყისი ამიერკავკასიისთვის უარესად არახელსაყრელი საგარეო პოლიტიკური პროცესებით აღინიშნა. თითქმის ერთდროულად ამ რეგიონზე პრეტენზია გამოაცხადეს ახლადჩამოყალიბებულმა სეფიანთა ირანმა და გაცილებით ადრე შექმნილმა ოსმალეთის აგრესიულმა სახელმწიფომ. 1514 წელს მათ შორის დაიწყო ხანგრძლივი ომი, რომელმაც, გარკვეული ინტერვალებით, ერთი საუკუნე გასტანა. ამ დაპირისპირების ლოგიკური შედეგი იყო 1555 წლის ამასიის ზავი, რომლითაც მოწინააღმდეგეებმა შუაზე გაყვეს კავკასია (შესატყვისად- საქართველოც), მაგრამ XVI საუკუნის 60-80-იან წლებში დაიწყო მანამდე თითქოს მყარად ჩამოყალიბული ბალანსის რღვევა და ახალი პოლიტიკური კლიმატის ჩამოყალიბება. ცვლილების სიახლე იმაში მდგომარეობდა, რომ ასპარეზზე გამოჩნდა ამიერკავკასიის რეგიონში საკუთარი სტრატეგიული ინტერესების მქონე ძალა- ახალგაზრდა, მზარდი და ამბიციური მოსკოვის სახელმწიფო (გავიხსენოთ ”მესამე რომის” იდეა, რაც, ფაქტობრივად, რუსულ იდეოლოგიურ დოქტრინად იქცა). ნიშანდობლივია, რომ ეს ძალა გამოჩნდა იქიდან, საიდანაც ადრე არ ჩანდა რაიმე ჩამოყალიბებული ტრადიცია. მოსკოვის სახელმწიფოს გააქტიურებამ მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვია რეგიონში პოლიტიკურ ძალთა ორიენტაციის თვალსაზრისით. თუ მანამდე არსებობდა ორი სიმძიმის ცენტრი და, შესაბამისად- მათ შორის მანიპულირების შანსი, ახლა პერსპექტივა კიდევ უფრო გამრავალფეროვნდა. 

კავკასია, რომელიც ეთნიკურად და პოლიტიკურად უაღრესად ჭრელ კონგლომერატს წარმოადგენდა, კიდევ უფრო დაიჩიხა. ცალკეულ ქვეყნებს და მათ შიგნით არსებულ პოლიტიკურ დასებს გაუჩნდათ განსხვავებული საგარეო ორიენტაცია, რომელიც ხშირად სუბიექტური ფაქტორებით უფრო იყო განპირობებული, ვიდრე ობიექტური კანონზომიერებებით. ყოველივე ამან ამიერკავკასიის პოლიტიკურ-დიპლომატიური სპექტრი კიდევ უფრო ჭრელი გახადა, ხოლო შიდაკავკასიურმა დაპირისპირებებმა კულმინაციას მიაღწია. დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ XVI საუკუნის მიწურულს მთელ მსოფლიოში არ არსებობდა მეორე ისეთი რეგიონი, სადაც ესოდენ ძლიერ, აგრესიულ და კონფესიურად განსხვავებულ სახელმწიფოთა ინტერესები იყო გადახლარული. ამ პერიოდის კავკასია არა მხოლოდ მახლობელ აღმოსავლეთში, მთელ მსოფლიოში წინააღმდეგობათა ყველაზე ცხელ კვანძს წარმოადგენდა.

რა არგუმენტები იდგა ამიერკავკასიაში დამკვიდრების მოსურნე სამი დიდი სახელმწიფოს უკან და რამდენად სამართლიანი იყო მათი მისწრაფებანი, თუნდაც შუა საუკუნეთა საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით?

ალბათ, სრულიად ზედმეტია, მაგრამ მსჯელობის სისრულისთვის მაინც უნდა აღინიშნოს პირველი და უმთავრესი არგუმენტი- ძალა. ცხადია, არც შაჰი, არც სულთანი და არც რუსეთის მეფე (განსაკუთრებით- პირველი ორი) ინტერესდებოდნენ იმით, სურდათ თუ არა კავკასიის ხალხებს მათთან საქმის დაჭერა. სამივე მათგანი ვეებერთელა სამხედრო-პოლიტიკურ პოტენციალს ფლობდა, ხოლო კავკასია ფრიად მსუყე გეოპოლიტეკონომიკურ ნაჭერს წარმოადგენდა საიმისოდ, რომ ეს ძალა მოქმედებაში მოსულიყო.

ირანი საკუთარ პრეტენზიებს იმდროინდელი საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით მყარ, საუკუნეთა განმავლობაში ჩამოყალიბებულ ტრადიციაზე აფუძნებდა. მართლაც, ჯერ კიდევ აქემენიანთა და სასანიანთა პერიოდში კავკასიის ხალხების უმრავლესობა სწორედ სპარსეთის გავლენის სფეროში შედიოდა. აქ მდებარეობდა ირანული ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ერთეულები- სატრაპიები და კუსტაკები. აქ იჯდნენ შაჰების ადგილობრივი მოხელეები- სატრაპები და მარზპანები. რაც შეეხება სელჯუკთა და მონღოლთა, აგრეთვე პოსტმონღოლურ პერიოდს, ვიდრე სეფიანთა სახელმწიფოს ჩამოყალიბებამდე, დროის ამ მონაკვეთში დამპყრობელთა მიერ შექმნილ პოლიტიკურ ცენტრს სწორედ ირანი წარმოადგენდა. მართალია, საკუთრივ ირანული ეთნიკური ელემენტი ამ სახელმწიფოებში (სელჯუკთა სახელმწიფო,საილხანო, ჯალაირიანთა, თეთრბატკანიანთა და შავბატკანიანთა სახელმწიფოები) დომინანტს აღარ წარმოადგენდა, მაგრამ ახალ, აგრესიულ ნერგზე დამყნილი ძველი ტრადიცია მაინც იქნა შენარჩუნებული. სწორედ ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ შუა საუკუნეთა ქართულ წყაროებში სიტყვა ”სპარსი” დამპყრობელის განზოგადებულ სახელმწიფოებად იქცა იმის მიუხედავად, ეთნიკურად რა ჯურის მოძალადეს მიემართებოდა იგი.

ტრადიციის პრიმატზე დამყარებული შუასაუკუნეობრივი საერთაშორისო სამართლიდან გამომდინარე, სეფიანთა სახელმწიფო ”კანონიერად” ესწრაფვოდა კავკასიაში საკუთარი პოლიტიკური გავლენის რეანიმაციას და, სხვათა შორის, საერთაშორისო აზრი ამ მისწრაფებას გაგებით ხვდებოდა.

ოსმალეთის სახელმწიფოს, ცხადია, არ გააჩნდა კავკასიაში მფლობელობის ისეთი ხანგრძლივი ტრადიციები, როგორც ირანს. თუმცა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ იგი ბიზანტიის ადგილმონაცვლე და ”სამართალმემკვიდრე” ქვეყანას წარმოადგენდა და, აქედან გამომდინარე, პრეტენზიას აცხადებდა ყოფილი იმპერიისადმი დაქვემდებარებულ გეოპოლიტიკურ სივრცეზე. გარდა ამისა, სულთანი გამოდიოდა კავკასიის მუსლიმანი მოსახლეობის დამცველის როლში, რაც მის დამპყრობლურ პოლიტიკას სარწმუნოებრივ საბურველში ხვევდა.

რაც შეეხება რუსეთს, ამ თვალსაზრისით, მას ყველაზე ნაკლებად შეეძლო პრეტენზიები ჰქონოდა კავკასიაში. ეს რეგიონი, შეიძლება ითქვას, იყო სუფრა, რომელთანაც ყველა ადგილი დაკავებული გახლდათ, თანაც უკვე დიდი ხნის წინათ. ამდენად, მოსკოვი ვერ დაასახელებდა ვერცერთ ”სამართლებრივ” არგუმენტს საკუთარი კავკასიური პოლიტიკის გასამართლებლად, ამიტომ, ირან-ოსმალეთისგან განსხვავებით, იგი XVI-XVII საუკუნეთა მიჯნაზე შედარებით დიპლომატიურ ფრონტზე აქტიურობდა და ცდილობდა, საქმე სამხედრო დაპირისპირებამდე არ მიეყვანა. ნიშანდობლივია ისიც, რომ, გვიანდელი ეპოქისგან განსხვავებით, როდესაც რუსეთმა ერთმორწმუნე და ქრისტიანობის მხსნელი მოკავშირის მანტია მოისხა, XVI-XVII საუკუნეთა მიჯნაზე მის პოლიტიკას კავკასიაში ჯერ კიდევ არ გააჩნდა მკაფიოდ გამოკვეთილი კონფესიური ხასიათი. მაგალითისთვის იმ ფაქტის დასახელებაც იკმარებს, რომ ამ რეგიონის ხალხებიდან პირველი რუსეთან ურთიერთობაი ყაბარდოელები ჩაებნენ, ხოლო კახეთი ამაოდ ცდილობდა მოსკოვის სახელმწიფო ქრისტიანობის დაუძინებელი მტრის- ირანის წინააღმდეგ განეწყო.

იმ ეტაპზე ”მესამე რომის” დოქტრინა ჯერ კიდევ არ იყო შესაბამისობაში მისივე რეალიზაციისთვის აუცილებელ ძალასთან.

როდესაც საზოგადოებრივ აზრზე ვსაუბრობთ კავკასიასთან მიმართებით, გასათვალისწინებელია ერთი ფრიად მნიშვნელოვანი გარემოებაც.

ევროპის ქვეყნები სრულიად ბუნებრივად და კანონზომიერად თვლიდნენ ირანის კავკასიურ პოლიტიკას და ხალისით ამყარებდნენ მასთან ურთიერთობას. შედარებით მცირე მასშტაბით, მაგრამ იგივე შეიძლება ითქვას რუსეთზეც. რაც შეეხება ოსმალეთს, საერთაშორისო აზრი მას განიხილავდა, როგორც უცხო, გარედან მოსულ, მკვიდრობისა და სხვათა ფლობა-დაპყრობის უფლების არმქონე, არალეგიტიმურ ძალას. სწორედ ამით აიხსნება ანტისელჯუკურ (იგულისხმება ჯვაროსნული ომები) და ანტიოსმალურ კოალიციათა უჩვეულო სიჭარბე XII-XIII და XV-XVI საუკუნეებში. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ჩვენთვის საინტერესო ეპოქაში ეს ფაქტორი იმდენად აქტიურად აღარ იგრძნობოდა. არალეგიტიმურობის კომპენსაციას ოსმალეთი ჩინებულად ახდენდა ხელსაყრელი გეოპოლიტიკური მდებარეობითა და ბოსფორის სრუტის ფლობით, რითაც ეფექტურად აკონტროლებდა მაშრიყისა და მაღრიბის დამაკავშირებელ სავაჭრო მაგისტრალებს. აქედან გამომდინარე, XVI საუკუნის მიწურულისათვის უკვე აშკარად ჩანდა, რომ სავაჭრო შეღავათებით დაინტერესებულმა ევროპამ, თითქოსდა, თვალი ”შეაჩვია” ბოსფორზე გაბატონებულ ბრწყინვალე პორტას და, საკუთარი პოლიტიკურ-ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე, ცდილობდა, მისი აგრესია კავკასიაში გამოჩენილი რუსეთის წინააღმდეგ წარემართა.

XVI საუკუნის მიწურულს რუსეთი ჯერ კიდევ არ იყო სამხედრო თვალსაზრისით სათანადოდ წელმომაგრებული კავკასიაში. ამიტომ იგი, დიპლომატიურ აქტივობასთან ერთად, ცდილობდა, შემოვლითი გზით მიეღწია მიზნისთვის. მართალია, სულთნის დაჟინებული მოთხოვნით მოსკოვი იძულებული გახდა, დაენგრია თერგზე ჩადგმული ციხეები, სამაგიეროდ, დაკარგულის კომპენსაციას თერგზევე მსხდომი უბატონო კაზაკური თემების (ყაზახების) მეშვეობით ახერხებდა, რომლებიც მისი კარნახით მოქმედებდნენ. შეიძლება ითქვას, რომ არა აღნიშნული გარემოება, ოსმალთა წარმატებები იმიერკავკასიაში გაცილებით მასშტაბური იქნებოდა. რუსეთის ხელისუფლება იმავე მეთოდებით ებრძოდა თურქებს აღნიშნულ რეგიონში, როგორსაც ეს უკანასკნელი თვითონვე იყენებდნენ ყირიმის ხანებთან დაკავშირებით. სულთანი მოსკოვის მეფის წინაშე თავს იმართლებდა და იმიზეზებდა, ყირიმელები მე არ მექვემდებარებიან და მათ ყაჩაღურ თავდასხმებზე პასუხს ვერ ვაგებო. იგივეს აცხადებდა რუსეთის ხელისუფლება კაზაკთა მისამართით.

XVI საუკუნის მიწურულს რუსეთ-ირან-ოსმალეთის მეტოქეობა ახალ ფაზაში შევიდა, რაც ირან-ოსმალეთის 1578-1590 წლების ომთან იყო დაკავშირებული. როგორც ცნობილია, ამ დაპირისპირებაში პორტამ პირწმინდად გაანადგურა შაჰის არმია და მთელი ამიერკავკასია წაართვა მას. ამასთან, სულთანი ცდილობდა, გაეკონტროლებინა ყირიმის სახანოდან საშამხლო-დარუბანდისკენ მიმავალი მაგისტრალი და მთლიანად ხელში ჩაეგდო იმიერკავკასია. ამ გარემოებამ აღძრა ურთიერთდაახლოების ბუნებრივი სურვილი ირანსა და რუსეთს შორის. შექმნილი სიტუაციის პარადოქსულობა იმაში მდგომარეობდა, რომ კავკასიაში ურთიერთსაწინააღმდეგო მისწრაფების მქონე ეს ორი სახელმწიფო ოსმალეთის მტრობამ დააახლოვა და პარტნიორად აქცია. თუმცა, ეს სულაც არ ნიშნვს, რომ ირანმა ხელი აიღო რეგიონში საკუთარ პოლიტიკურ გეგმებზე.

ხატოვნად რომ ვთქვათ, ორივე ქვეყანამ, განსაკუთრებით სპარსეთმა, დროებით წააყარა ნაცარი მათ შორის არსებულ წინააღმდეგობათა ნაღვერდალს და დიპლომატიურად არიდებდა თავს ამ თემაზე საუბარს, ცხადია, ხელსაყრელი მომენტის დადგომამდე. მაგალითისთვის კახეთის დასახელებაც იკმარებდა. დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ კახეთ-რუსეთის 1587-1589 წლების ცნობილი ხელშეკრულება სწორედ ამ გარემოებათა არსებობამ გახადა შესაძლებელი. რუსეთი კახეთის მფარველობას იჩემებდა და დიპლომატიურად ესარჩლებოდა მას შაჰის კარზე. ირანი, გარკვეულ ეტაპამდე, თვალს ხუჭავდა ამაზე, თუმცა, როგორც კი შესაძლებლობა მიეცა, სასტიკად დასაჯა ურჩი ვასალი ზედმეტი დიპლომატიური აქტიურობისთვის.

სამ დაპირისპირებულ ძალას შორის ლავირების პერსპექტივამ უცნაურად გაამდიდრა კავკასიელ ხელისუფალთა დიპლომატიური არსენალი. მაგალითისთვის ისევ ალექსანდრე II შეიძლება დავასახელოთ, რომლის სამმაგი სტანდარტი მართლაც იშვიათ პრეცედენტს წარმოადგენს დიპლომატიის ისტორიაში. დროის საკმაოდ ხანგრძლივ მონაკვეთზე (1590-1605 წლები) იგი ახერხებდა ერთდროულად ხარკი ეხადა ოსმალეთისთვის, თავი ეღიარებინა ირანის ვასლად და მფარველობითი ხელშეკრულება გაეფორმებინა რუსეთთან. ამგვარი რამ მხოლოდ ისეთ ქვეყანაშია შესაძლებელი, სადაც ერთმანეთში მჭიდროდაა ჩაწნულ-გადახლართული სხვადასხვა სახელმწიფოთა ინტერესები.

XVI-XVII საუკუნეთა მიჯნაზე კავკასიაში მკაფიოდ გამოიკვეთა სამი პოლიტიკური დაჯგუფება სიუზერენებისა და ვასლების მონაწილეობით. პირველი იყო ოსმალეთი-შირვანი-საშამხლო-ლიხთიმერეთი, მეორე რუსეთი-ჩერქეზები-ყაბარდო-კახეთი, ხოლო მესამე ირანი-განჯა-ყარაბაღი-ქართლი. არც ერთი აღნიშნული ბლოკთაგანი არ იყო მტკიცედ შეკრული და მონოლითური. მასში შემავალ ცალკეულ ქვეყნებს არაერთი სადაო საკითხი ჰქონდათ ერთმანეთთან მოუგვარებელი. ხშირი იყო საფუძვლიანი თუ უსაფუძვლო ტერიტორიული პრეტენზიები. მაგალითად, კახეთი და ყაბარდო რუსეთს ემხრობოდნენ, მაგრამ იგივე ყაბარდო ალექსანდრე II კუთვნილ ხევს ეპოტინებოდა. ორივე ვასალი საკუთარი პრობლემის გადაჭრას სწორედ რუსეთის მეშვეობით ცდილობდა. ცხადია, ასეთი ვითარების გამო, მყარი საგარეო ორიენტირების არსებობის პირობებშიც კი, ხანგრძლივ პოლიტიკურ კავშირებზე საუბარი შეუძლებელი რამ გახლდათ.

კავკასიაში შექმნილი პოლიტიკური ვითარების სპეციფიკურობა კიდევ მრავალ სფეროში იცენდა თავს, მათ შორის- წმინდა დიპლომატიურშიც. მაგალითად, რუსეთის მეფე საკუთარ ტიტულატურაში კახეთთან დადებული ხელშეკრულების შემდეგ გაჩენილ ელემენტს - ”გოსუდარ ივერსკოი ზემლი გრუზინსკიხ ცარეი”, მხოლოდ ევროპის ქრისტიან ხელისუფალთათვის გაგზავნილ დუკუმენტებში აფიქსირებდა, მაგრამ, როგორც წინა წერილშიც აღვნიშნეთ, ამის აფიშირებას არ ახდენდა ირან-ოსმალეთის წინაშე, რათა მათი გაღიზიანება არ გამოეწვია.

კავკასიაში გაბატონება სასიცოცხლოდ აუცილებელი იყო მზარდი რუსული სახელმწიფოსთვის. ამ რეგიონში ფეხის მოკიდებით იგი იღებდა უმნიშვნელოვანეს პლაცდარმს შავსა და კასპიის ზღვებზე გასასვლელის მოსაპოვებლად, აქედან კი შორს გამიზნულ ექსპედიციებს გეგმავდა ხმელთაშუა ზღვის, სპარსეთის ყურისა და ინდოეთის მიმართულებით. სწორედ ამ რეგიონზე გადიოდა იმდროინდელი მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი სავაჭრო-საქარავნო მაგისტრალები, რომელთა ხელში ჩაგდებითაც მოსკოვის სახელმწიფო უდიდეს მოგებას ნახავდა. კახეთი ამ გრანდიოზული გეგმის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს რგოლს წარმოადგენდა.

არანაკლები მასშტაბის ექსპანსიონისტური გეგმები გააჩნდა ოსმალეთსაც.

იმ დროისათვის პორტა მთლიანად აკონტროლებდა ხმელთაშუაზღვისპირეთს, წინა აზიის რეგიონსა და შავი ზღვის აკვატორიას (ხატოვანი თქმით, შავი ზღვა ოსმალეთის შიდა ტბად გადაიქცა), პრაქტიკულად მთელ ამიერკავკასიას და და ცდილობდა, საბოლოდ დამკვიდრებულიყო იმიერკავკასიაში, საიდანაც სოლივით შეიჭრებოდა რუსეთის ზურგში (გავიხსენოთ თურქთა ცნობილი ლაშქრობა ასტრახანზე 1569 წელს). ვოლგის ქვემო წელზე გაბატონებით პორტას გზა ეხსნებოდა ისტორიული დედასამშობლოსა (შუა აზია) და ურალის მიმართულებით.

სამი დიდი სახელმწიფოს მეტოქეობა კავკასიაში ევროპის ქვეყნების გაცხოველებულ ყურადღებას იპყრობდა. საკუთარი რეზიდენტებისა და აგენტურის მეშვეობით ისინი დაწვრილებით კრებდნენ ყოველგვარ ინფორმაციას რეგიონში მიმდინარე პროცესების შესახებ და მისი ანალიზის კვალობაზე აყალიბებდნენ საგარეო პოლიტიკურ კურსს. ეს მომენტი კიდევ უფრო ჭრელსა და მრავალფეროვანს ხდიდა კავკასიის ქვეყნების პლიტიკურ ცხოვრებას და ნოყიერ ნიადაგს ქმნიდა მასშტაბურად მოაზროვნე, ეპოქალური მნიშვნელობის მოღვაწეთა აღზევებისთვის. ასეთი მასშტაბის პოლიტიკური ფიგურებიდან საანალიზო პერიოდში, უპირველეს ყოვლისა, კახეთის მეფე ალექსანდრე II და ირანის შაჰი აბას I უნდა დავასახელოთ.