ხაზარეთიდან... ვიდრე ბნელეთამდე

ხაზარეთიდან... ვიდრე ბნელეთამდე

XIII საუკუნის დასაწყისი მეტად რთული და დაძაბული პოლიტიკური პროცესებით აღინიშნა ქართველი და რუსი ხალხების ისტორიაში. ამ დროს ცენტრალური აზიის სტეპებიდან დაიძრნენ მონღოლთა ურდოები, რომლებმაც დროის მცირე მონაკვეთში დაიპყრეს უზარმაზარი ტერიტორიები ჩინეთში, შუა აზიაში, ურალ-ციმბირში, აღმოსავლეთ ევროპასა და წინა აზიაში. ვერც ერთმა წინამორბედმა დამპყრობელმა ვერ მოახერხა ესოდენ დიდ სივრცეზე გადაჭიმული იმპერიის შექმნა. ხატოვნად რომ ვთქვათ, მონღოლთა სახელმწიფოში მზე არასოდეს ჩადიოდა. არაერთი მაღალკულტურული, ცივილიზებული და სახელმწიფოებრიობის ბრწყინვალე ტრადიციების მქონე ქვეყანა ნომადთა უღელქვეშ მოექცა. 

რა სახის ურთიერთობანი არსებობდა იმ პერიოდის რუსეთსა და საქართველოს შორის და რომელი წყაროები გვიამბობენ ამის შესახებ?

მონღოლთა ბატონობის ხანა “ქართლის ცხოვრებაში” აღწერილია ჟამთააღმწერელის სახელითა ცნობილი ანონიმი ისტორიკოსის თხზულებაში, რომელსაც “ასწლოვან მატიანეს” უწოდებენ. იგი საანალიზო მონაკვეთის მდიდარი, ფაქტოლოგიური თხრობით გამოირჩევა, თუმცა რუსეთთან ურთიერთობის ამსახველი მასალები მასში თითქმის არ გვხვდება. რაც შეეხება რუსულ წყაროებს, აქ შედარებით მეტ ინფორმაციაა დაცული და მათი უმეტესობა რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობათა მწირ, სპორადულ ხასიათზე მიუთითებს. 

XIII საუკუნის შუა ხანებში მონღოლებმა, ძირითადად, დაასრულეს დაპყრობითი ომები და შეიქმნა დაახლოებით 10 000 კილომეტრზე გადაჭიმული პოლიტიკური კონგლომერატი, რომლის უზენაესი ხელისუფალი ყარაყორუმში იჯდა. იმ დროისათვის მონღოლთა დასავლური სამფლობელოები ჯერ კიდევ არ იყო გაყოფილი ორ პოლიტიკურ ერთეულად - ოქროს ურდოდ და საილხანოდ - რომლებიც, შემდეგ მალევე სამკვდრო-სასიცოცხლოდ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.

დღეისათვის ისტორიოგრაფიაში გაბატონებულია მოსაზრება, რომ XIII საუკუნის შუა ხანებამდე ამიერკავკასიის მონღოლი ნოინები ოქროს ურდოს ყაენს ემორჩილებოდნენ.

ბათოს კარზე ხდებოდა უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური და სამეურნეო გადაწყვეტილებების მიღება. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ საყაენოს ცენტრამდე დაახლოებით 7-8 ათასი კილომეტრი იყო, იოლად შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ იმპერიის დასავლეთი პროვინციები ფაქტობრივი ავტონომიით სარგებლობდნენ. შეიძლება გავიხსენოთ, რომ ქართველი ბატონიშვილები, ორივე დავითი, სანამ ყარაყორუმში წავიდოდნენ, მანამდე ბათო ყაენს ეახლნენ და მხოლოდ მისგან სათანადო ნებართვის მიღების შემდეგ გაემართნენ საიმპერიო ცენტრში დასამტკიცებლად.

ბათოს რეზიდენცია მონღოლთა მიერ დამორჩილებული რუსული სამთავროების ტერიტორიაზე მდებარეობდა და მას, პირველ რიგში, სწორედ რუსი მთავრები ექვემდებარებოდნენ. ყაენის კარზე, სხვადასხვა სიტუაციაში ერთმანეთს ხშირად ხვდებოდნენ მონღოლთა მიერ დამორჩილებული ხელისუფალნი. სახელმწიფოები, რომლებსაც მანამდე თითქმის არაფერი აკავშირებდათ ერთმანეთთან, მონღოლთა დაპყრობების შემდეგ ერთიან პოლიტიკურ სივრცეში მოექცნენ და მათ გაუჩნდათ სიახლოვე-სოლიდარობის სრულიად ბუნებრივი განცდა. რაიმე ინფორმაცია არ შემორჩენილა, მაგრამ უნდა ვივარაუდოთ, რომ XIII საუკუნის შუა ხანებისთვის ქართული და რუსული საზოგადოება ერთმანეთის შესახებ ინფორმაციას სწორედ საერთომონღოლური სივრციდან იღებდა.

უფრო სწორად, არ შემორჩენილა აღნიშნული მოსაზრების დამადასტურებელი ქართული ან რუსული წყარო. სამაგიეროდ, შეიძლება დავასახელოთ თანადროული იტალიელი ავტორი, რომის პაპის დესპანი პლანო კარპინი, რომლის თხზულებაშიც დაფიქსირებულია რუსი და ქართველი პოლიტიკოსების შეხვედრის ფაქტი ყარაყორუმში - მონღოლთა დიდი ყაენის კარზე. პლანო კარპინი 1246 წელს დაესწრო გიუიქ ყაენის კორონაციას. ცერემონიალის აღწერისას იგი აღნიშნავს, რომ სხვა სტუმრებთან ერთად სიახლოვეს იმყოფებოდნენ “რუსი მთავარი იაროსლავ სუზდალელი, აგრეთვე ორი ქართველი უფლისწული, ბაღდადის ხალიფას ელჩი... და როგორც ჩვენ გამოვიანგარიშეთ, ათზე მეტი სარაცინელი სულთანი”.

ისტორიოგრაფიაში გარკვეულია, რომ პლანო კარპინთან მოხსენიებული იაროსლავ სუზდალელი რუსეთის ისტორიაში კარგად ცნობილი ალექსანდრე ნეველის მამაა, ხოლო მასთან მყოფი ქართველი უფლისწულები - დავით ლაშა-გიორგის ძე და დავით რუსუდანის ძე, შემდგომში - დავით ულუ და დავით ნარინი. როგორც ცნობილია, საქართველოს სამეფო ტახტის ეს ორი კანდიდატი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, სხვადასხვა დროს გაემგზავრა დიდ ყაენთან დასამტკიცებლად. 

ცხადია, ყარაყორუმში მყოფი მონღოლთა ქვეშევრდომი ქრისტიანი მმართველები მჭიდროდ იქნებოდნენ ერთმანეთთან დაკავშირებული, ურთიერთს გადასცემდნენ მათ მიერ მოსმენილ თუ მოპოვებულ ინფოემაციას მონღოლთა სახელმწიფოს საშინაო თუ საგარეო პოლიტიკური პრობლემების შესახებ. ამ თვალსაზრისით, პლანო კარპინის თხზულებაში არაერთი საინტერესო ფაქტია დასახელებული, თუმცა მათი განხილვა ამჟამად ჩვენი ინტერესების სფეროში არ შედის. აღვნიშნავთ მხოლოდ ერთს, რომელიც უშუალოდ ქართველ უფლისწულებთანაა დაკავშირებული. ჩანს, სამშობლოდან შორს გადახვეწილ და სარწმუნოებრივი სოლიდარობის გრძნობით შეპყრობილ ტახტის მემკვიდრეებს სიფრთხილის გრძნობა დაბლაგვებული ჰქონდათ და თავიან ზრახვებზე ღიად საუბრობდნენ მონღოლთა ვასალ ხელისუფლებთან, ისე, რომ ოდნავაც არ ეჭვობდნენ ინფორმაციის შესაძლო გაჟონვის შესახებ. ყოველ შემთხვევაში, პლანო კარპინი საქმის კურსში იყო მათი ყველაზე უფრო საიდუმლო გეგემების თაობაზე. 

მონღოლები, წერს იგი, ჩვეულებისამებრ ხარკს კრებდნენ დაპყრობილი ხალხებისგან. “ასე მოექცნენ ისინი ქართველებს, ანუ გეორგიელებს, რომელთაც 50 თუ 40 ათას ჰიპერპერს ახდევინებდნენ და სხვა მხრივ ამ მიზეზის გამო აღარ აწუხებენ. ამისდა მიუხედავად, როგორც მათგან გავიგეთ, მათ განზრახული აქვთ ამბოხება მოაწყონ”. როგორც ვხედავთ, ქართველი მეფისწულები განდობიან იტალიელ ელჩს. საფიქრებელია, აქ უბრალოდ აზრისა და ინფორმაციის გაზიარებასთან როდი გვაქვს საქმე. სავარაუდოდ, ორივე დავითი, ჯერ კიდევ ყარაყორუმში ყოფნის დროს ფიქრობდა მომავალი ანტიმონღოლური კოალიციის შექმნაზე, რისთვისაც მათ აუცილებლად სჭირდებოდათ რომის პაპის მხარდაჭერა. პლანო კარპინის თხზულებაში დაცული ცნობა სწორედ ამ ასპექტში უნდა განვიხილოთ.

აქ, უპრიანია, გავიხსენოთ, რომ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, 1259-1260 წლებში ორივე დავითი ცალ-ცალკე აჯანყდა მონღოლთა წინააღმდეგ, თუმცა - წარუმატებლად. სცადეს თუ არა მეფეებმა ევროპის ქვეყნებთან დაკავშირება და ერთიანი ანტიმონღოლური ფრონტის შეკვრა, წყაროებიდან არ ჩანს.

საოცარია, მაგრამ მრავლისმცოდნე ქართველი ჟამთააღმწერელი, რომელიც დეტალურ ინფორმაციას გვაწვდის ამიერკავკასიაში მონღოლთა ლაშქრობის მარშრუტის შესახებ, ერთი სიტყვითაც არ ახსენებს მათ სისხლისმღვრელ შეტაკებას რუს მთავართა კოალიციურ ლაშქართან 1223 წელს: “განვლეს კარი დარუბანდისა და შევიდეს ყივჩაღეთს... შემოებნეს ყივჩაღნი და ყოველგნით თათარნი მძლე ექმნნეს და წარვიდეს ესრეთ ომითა... განვლეს ყივჩაღეთი და შემოუარეს ამა დარუბანდისა ზღვასა გარემო, და მიიწივნეს ხელმწიფესა ჩინგიზ ყაენს წინაშე, ყარაყურუმს”. 
მართალია, 1222-1223 წლებში მონღოლები უშუალოდ რუსულ სამთავროთა ტერიტორიაზე არ შეჭრილან (ისინი დნეპრამდე მივიდნენ და შემდეგ უკან დაბრუნდნენ), მაგრამ 1223 წელს მათ სერიოზული მარცხი აგემეს ყივჩაღთა დასახმარებლად გამოსულ რუსთა რაზმებს. შეუძლებელია, ამ ფაქტის შესახებ საქართველოში ინფორმაცია არ ჰქონოდათ. ჩანს, ჩრდილოეთ კავკასიასა და სამხრეთ რუსეთის სტეპებში განვითარებულ მოვლენებს იმდროინდელი ქართული საზოგადოება მონღოლ-ყივჩაღთა ურთიერთობის ჭრილში განიხილავდა. ამდენად, ჟამთააღმწერლის თხზულებაში რუსეთის შესახებ ცნობების არარსებობა შეიძლება ამ გარემოებითაც აიხსნას.

საინტერესოა ტერმინ “რუსეთის” მოხსენიების ფაქტები ჟამთააღმწერელთან. როდესაც საუბრობს ჩინგიზის მიერ შვილებისთვის სამფლობელოთა განაწილების შესახებ, მემატიანე შენიშნავს, რომ ყაენმა უფროს ვაჟს მისცა ლაშქარი და “წარავლინა დიდსა საყივჩაყეთსა ზედა, ვიდრე ბნელეთამდე... ოვსეთს, ხაზარეთს, რუსეთს”. აქ რუსეთი მკაფიოდ განსაზღვრულ გეოპოლიტიკურ სივრცეში მოიაზრება. ქართველმა მემატიანემ კარგად იცის, რომ იგი ოვსეთ-ხაზარეთის ჩრდილოეთით მდებარეობს, ვიდრე ბნელეთამდე. მსგავს ინფორმაციას ჟამთააღმწერელი ბათოს მიერ ჩატარებული აღწერის შესახებ საუბრის დროსაც გადმოგვცემს, როდესაც ყაენმა “ინება გასწორება და აღთვალვა ყოველისა ქვეყნისა”, გამოძებნა შესაფერისი პიროვნება, ვინმე არღუნი და “წარავლინა ყოველსა საბრძანებელსა მას მისა, რუსეთს, ხაზარეთს, ოვსეთს, ყივჩაყეთს, ვიდრე ბნელეთამდე” (დაბეჯითებით მტკიცება ძნელია, მაგრამ შესაძლოა, ბნელეთში მემატიანე პოლარული წრის ჩრდილოეთით მდებარე მიწებს გულისხმობდეს).

როგორც ვხედავთ, ოქროს ურდოსა და საილხანოს შორის სამხედრო-პოლიტიკური კონფრონტაციის დაწყებამდე, ასე თუ ისე, რუსეთი ეპიზოდურად მაინც იხსენიება ქართულ წყაროში. ამის შემდეგ მისი ხსენება წყდება, თითქმის მთელი XIII-XIV საუკენეების განმავლობაში.

როგორი მდგომარეობა იყო ამ თვალსაზრისით რუსულ საისტორიო მწერლობაში?

ზოგიერთი რუსული მატიანე მონღოლთა პირველ ლაშქრობებთან დაკავშირებით ჩამოთვლის მათ მიერ დაპყრობილ ქვეყნებს და მათ შორის იხსენიებს საქართველოსაც (“იასი, ობეზი, კოსოგი ი პოლოვეჩ ბეზბოჟნიხ”...). ამის შემდეგ რუსულ წყაროებში ჩვენი ქვეყნის ხსენება წყდება მთელი XIII საუკუნის მანძილზე.

დამკვიდრებული მოსაზრების თანახმად, ინფორმაცია მონღოლთა მიერ საქართველოს დაპყრობის შესახებ რუსეთში ყივჩაღებს უნდა მიეტანათ. მართალია, პირველი ლაშქრობის დროს მონღოლებს ჩვენი ქვეყანა არ დაუმორჩილებიათ, მაგრამ უნდა ვიფიქროთ, რომ გაზვიადებული ინფორმაცია რუსულ მატიანეში სრულიად შეგნებულად მოხვდა. ყივჩაღებს აწყობდათ, რუსებს რაც შეიძლება გადაჭარბებული წარმოდგენა შექმნოდათ მონღოლებზე, რომ საკუთარი სამხრეთ საზღვრების უსაფრთხოების მიზნით ლაშქარი მიეშველებინათ მათთვის.

საქართველოს შემდეგი მოხსენიება რუსულ წყაროებში XIV საუკუნის შუა ხანებს განეკუთვნება. ე.წ. ერმოლინის ნუსხაში დაცულია უაღრესად საინტერესო ცნობა შავი ჭირის ეპიდემიის გავრცელების შესახებ. იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ეპიდემიამ მოიცვა, მემატიანე საქართველოსაც (“ნა ობეზი”) ასახელებს. სენი იმდენად მძლავრი და ყოვლის მომსვრელი იყო, მიცვალებულთა დამმარხავიც კი აღარავინ დარჩაო, აღნიშნავს ავტორი.

ჟამიანობის შესახებ ინფორმაცია ქართულ წყაროშიცაა დაფიქსირებული. კონკრეტულად, ამის თაობაზე გვამცნობს ხუცესი ავგაროზ ბანდაისძე მის მიერვე გადაწერილი ეტრატის პარაკლიტონში. ეს ეტრატი რთულ დროში გადავწერე, “წელსა მას, რომელსა იყო სიკვდილიანობა, ქორონიკონი იყო ლვ”. აღნიშნული ქორონიკონი 1348 წელზე მოდის, ხოლო ზემოთ დამოწმებულ ცნობას ერმოლინის ქრონიკაში დარიღად 1346 წელი უზის. როგორც ვხედავთ, ორივე წყარო ერთსა და იმავე მოვლენაზე გვიამბობს.

ეპიდემია, რომელიც XIV საუკუნის შუა ხანებში რუსეთსა და საქართველოში გავრცელებულა, კარგადაა ცნობილი სამეცნიერო ლიტერატურაში. იგი ოქროს ურდოს სამფლობელოებში გაჩნდა, შემდეგ ყირიმის ნახევარკუნძულიდან გენუელთა მეშვეობით ევროპაშიც გავრცელდა. მის კვალს ვხედავთ ბალტიისპირეთში, ნოვგოროდისა და ფსკოვის ქვეყნებში.

მონღოლთა ბატონობას სრულიად საპირისპირო შედეგი მოჰყვა რუსეთსა და საქართველოში. თუ XIII საუკუნის 20-30-იან წლებში ცენტრალური აზიიდან მოსულ დამპყრობელს ჩვენი ქვეყნის სახით ერთიანი, ცენტრალიზებული სახელმწიფო დახვდა, რუსეთი, პირიქით - დაქსაქსული იყო ორ ათეულამდე წვრილ თუ მსხვილ სამთავროდ. მონღოლთა დაპყრობებს დეცენტრალიზაციის პროცესები მოჰყვა საქართველოში (ლიხთიმერეთისა და სამცხე-საათაბაგოს გამოყოფა, “ხასინჯუს” დაწესება), ხოლო რუსეთმა, პირიქით, სწორედ ოქროს ურდოს ხელქვეით დაიწყო ერთ სახელმწიფოდ შეკვრა და გაერთიანება. სამწუხაროდ, წყაროებმა არანაირი ინფორმაცია არ შემოგვინახეს XIV საუკუნის პირველი ნახევრის რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე, რომელიც აღმავლობის პერიოდს წარმოადგენდა ორივე ქვეყნისთვის (გიორგი ბრწყინვალე, ივანე კალიტა). სავარაუდოდ, გაძლიერების გზაზე შემდგარ ორ მეზობელ სახელმწიფოს აუცილებლად გაუჩნდებოდა შემხვედრი ინტერესები.

პირდაპირი ინფორმაციის არარსებობის პირობებში შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ქართველი მეფეებისა და ოქროს ურდოს ყაენთა გაცხოველებული ურთიერთობების უკან (ეს კავშირი ირანის ილხანთა წინააღმდეგ იყო მიმართული) რუს-ქართველ ხელისუფალთა გარკვეული კონტაქტებიც შეიძლება იგულისხმებოდეს. ასევე, არაა გამორიცხული ქართული და რუსული სამხედრო შენაერთების დაპირისპირება ილხანებსა და ოქროს ურდოს მმართველებს შორის XIII საუკუნის 60-იან წლებში დაწყებულ ომიანობაში.

XIV საუკუნის მიწურულს რუსულ წყაროებში კიდევ რამდენჯერმე ვხვდებით საქართველოს ხსენებას. მაგალითად, 1389 წლის თარიღით პატრიარქისეული (ანუ ნიკონის) ნუსხა გვიამბობს იერუსალიმში არსებული ქართული ტაძრების შესახებ: “... ა სლუჟბა ტამო გურზიისკაია, გურზი სლუჟატ... ა პოდ გოლგოფოიუ ნიზუ ნა ზემლი ივერსკაია სლუჟბა, ივერი სლუჟატ”. როგორც ვხედავთ, რუსულ წყაროში დასახელებულია იერუსალიმის ქართული კულტურის ცენტრები, სადაც ღვთისმსახურება (“სლუჟბა”) ქართულად მიმდინარეობდა. 

საყოველთაოდაა ცნობილი, რაოდენ დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა წმინდა მიწაზე ქრისტიანული სალოცავების ფლობას. XII საუკუნიდან მოყოლებული, როდესაც იერუსალიმი ეგვიპტის სულთნებმა იგდეს ხელთ, იქ სამონასტრო მფლობელობა ქრისტიანულ სამყაროში პრესტიჟსა და გავლენასთან იყო დაკავშირებული. მაჰმადიანი მბრძანებლები მოხერხებულად სარგებლობდნენ ამ გარემოებით და იქაურ ქრისტიანულ სალოცავებს სოლიდურ ფასად ხან ერთ მოდავე მხარეს გადასცემდნენ, ხან მეორეს (ბერძნები, ქართველები, სომხები, ლათინები). როგორც რუსული წყაროდან ჩანს, XIV საუკუნის დამლევს, მონღოლთა საუკუნოვანი ბატონობის მიუხედავად, საქართველოს საერთაშორისო ავტორიტეტი კვლავინდებურად მაღალი იყო და იგი თვით გოლგოთას თხემზე ფლობდა საკუთარ ტაძარს.

რუსული ცნობა საყურადრებოა იმითაც, რომ მასში ქართველთა აღსანიშნავად გამოიყენება სახელწოდება “გურზი” (“გურზიისკაია”), რომელიც ჩაენაცვლა პარალელურად ხმარებულ “ივერ”-ს.

წმინდა მიწა, რომელიც ქრისტიან მლოცველებს ყოველი კუთხიდან ანდამატივით იზიდავდა, თავისებური შემკრები ცენტრი იყო, სადაც ქართველები სხვებთან ერთად რუსებსაც ხვდებოდნენ. პალესტინის სავანეებში (იქ რუსებსაც ჰქონდათ საკუთარი კერა) თავს იყრიდა ზუსტი პოლიტიკური, სოციალურ-პოლიტიკური და კულტურული ხასიათის ინფორმაცია, რომელიც ბერების მეშვეობით სწრაფად ვრცელდებოდა ქრისტიანულ სამყაროში.

იმავე პატრიარქისეულ ნუსხაში საქართველო კიდევ ერთხელაა დასახელებული, ამჯერად - თემურ-ლენგის დაპყრობებთან დაკავშირებით. მემატიანე, ჩამოთვლის რა მის მიერ დაკავებულ სახელმწიფოებს, სხვადასხვა ფორმით რამდენჯერმე მოიხსენიებს ჩვენს ქვეყანასაც. ჩამონათვალში, სხვებთან ერთად, ცალკეა აღნიშნული “ტეფლიზი... გორზუსტანი, ობეზი ი გურზი”.

ამ ცნობიდან კარგად ჩანს, რომ რუსები ინფორმირებული იყვნენ თემურ-ლენგის კავკასიური დაპყრობების შესახებ, თუმცა გაოცებას იწვევს ჩვენი ქვეყნის ამდენი განსხვავებული სახელწოდებით მოხსენიება. თუ “ობეზი” რუსული საისტორიო მწერლობისთვის ძველი და ტრადიციული ტერმინია, “გორზუსტანი” და “გურზი” სრულიად ახალი დამკვიდრებული ჩანს. აშკარაა, რომ ამის გამო მემატიანე კარგად ვერ ერკვევა ამიერკავკასიის გეოპოლიტიკაში და ისინი სხვადასხვა ქვეყნები ჰგონია. აღარაფერს ვამბობთ “ტეფლიზ”-ზე, რომელიც თბილისის დამახინჯებულ ვარიანტს წარმოადგენს.

საქართველოს სახელწოდებათა ასეთი სიჭრელე იმის დასტურია, რომ XIV საუკუნის მიწურულს ინფორმაცია ამიერკავკასიის შესახებ უკვე მაჰმადიანური სამყაროს მეშვეობით ვრცელდებოდა. სწორედ ამ დროიდან დაიკავა რუსულ წყაროებში ტრადიციული “ობეზ”-ის ადგილი “გურზ”-მა და “გურზისტან”-მა. საინტერესო ფაქტია, რომ იმავდროულად ეს ტერმინი ევროპაშიც დამკვიდრდა. მაგალითად, თავის დროზე მაჰმადიანებთან ტყვედ ნამყოფი გერმანელი რაინდი ჰანს შილტბერგერი საქართველოს აღსანიშნავად სწორედ ამ სიტყვას იყენებს.

და ბოლოს, სისრულისთვის უნდა დავიმოწმოთ “ახალი ქართლის ცხოვრების” ცნობა თემურ-ლენგის მიერ, თითქოსდა, რუსეთის დაპყრობის შესახებ, რაც, ცხადია, ჭეშმარიტებას არ შეესატყვისება.

მრისხანე აზიელმა მბრძანებელმა 1395 წელს, თოხთა ყაენის დამარცხების შემდეგ, რიაზანის სამთავრო კი ააოხრა, მაგრამ რუსეთის დაპყრობა არ უცდია, მალევე უკუიქცა და სხვა პრობლემების მოგვარებას მიჰყო ხელი. უნდა ვიგულისხმოთ, რომ ბერი ეგნატაშვილის გაზვიადებულ ცნობაში სწორედ ეს ფაქტი აისახა.

ასეთია ქართულ, რუსულ და ევროპულ წყაროებში წარმოდგენილი მწირი ინფორმაცია XIII-XIV საუკუნეებში რუსეთ-საქართველოს ურთიერთობათა შესახებ.