“არამედ უფრო განძუინდებოდა რუსი...”

“არამედ უფრო განძუინდებოდა რუსი...”

XII საუკუნის ბოლო მეოთხედი რთული და წინააღმდეგობრივი ხანა იყო საქართველოს ისტორიაში. გარეგნულად, სახელმწიფო უმაგალითო პროგრესს განიცდიდა. განსაკუთრებით ხელშესახები იყო წარმატებები საგარეო პოლიტიკაში. ქვეყანა მეთოდურად, დაჟინებით მიილტვოდა ევროპა-აზიის დამაკავშირებელი სავაჭრო მაგისტრალებისკენ და როდესაც დიპლომატია არ ჭრიდა, იარაღის ძალით აგვარებდა პრობლემებს. გენერალურ შეტაკებებში მან დამაჯერებლად დაამტკიცა, რომ სამხედრო თვალსაზრისით არა თუ ჩამორჩებოდა, აღემატებოდა კიდეც მეზობელ სელჩუკურ სასულთნოებსა და საემიროებს.

საქართველოს მეფე მაღალი ავტორიტეტით სარგებლობდა საერთაშორისო ასპარეზზე და დასავლეთ ევროპის ქრისტიანული სამყარო სწორედ მასთან აკავშირებდა წმინდა მიწის აგარიანთაგან გამოხსნის პერსპექტივას.

საგარეო პოლიტიკური წარმატებების ფონზე მკაფიოდ არ ჩანდა, მაგრამ ქვეყანაში უკვე არსებობდა მძაფრი შიდაპოლიტიკური და სოციალური პრობლემები, რომლებიც განსაკუთრებით საგრძნობი გახდა მომდევნო საუკუნის 20-იან წლებში -ხორეზმელთა და მონღოლთა შემოსევების დროს.

არსებობდა კიდე ერთი ფაქტორი, რაც დამატებით სტიმულს ქმნიდა ქვეყანაში ყოველგვარი დესტრუქციული ფაქტორისა და ელემენტის გააქტიურებისათვის. ეს იყო მეფე-ქალის მართველობა, რაც ჩვენში უპრეცედენტო, უტრადიციო მოვლენას წარმოადგენდა და ქართული საზოგადოებისთვის მანამდე მხოლოდ ბიზანტიის ისტორიიდან იყო ცნობილი.

სწორედ ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ თამარის დამოუკიდებელი მართველობის დასაწყისი უჩვეულო პოლიტიკური აჟიოტაჟით აღინიშნა. მხედველობაში გვაქვს დიდებულთა კატეგორიული მოთხოვნები ე.წ. “უაზნოთა” დამცრობის შესახებ და ყუთლუ არსლანის დასის გამოსვლა. ცენტრალურმა ხელისუფლებამ მაშინ, თითქოსდა, მოახერხა კრიზისის გადალახვა, მაგრამ სწორედ ამ მომენტში იჩინა თავი კიდევ ერთმა პრობლემამ, რომელიც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობათა ისტორიის ერთ-ერთ საკვანძო მომენტს წარმოადგენს. საქმე ეხება თამარ მეფის დაქორწინებას და ამბოხებათა სერიალს, რომელიც ქვეყნიდან განდევნილი რუსი უფლისწულის დასაბრუნებლად განხორციელდა.

სამწუხაროდ, წყაროები სახელოვანი მეფის ბიოგრაფიის ამ სახამუშო ეპიზოდის შესახებ ერთობ მწირია. აღნიშნულ ფაქტზე დაწვრილებით მხოლოდ თამარის მემატიანეები გვიამბობენ. რუსული საისტორიო მეცნიერება ამ ამბის შესახებ მხოლოდ XIX საუკუნეში ჩადგა საქმის კურსში.

“ისტორიანი და აზმანისა” და ბასილი ეზოსმოძღვრის ცნობებით, თამარის გამეფების შემდეგ “ლაშქარნი და სპანი” (სამხედრო ნომენკლატურა, თანამედროვე ტერმინოლოგიით - გენერალიტეტი და მაღალი ჩინის მქონე ოფიცერთა კორპუსი) შეშფოთებას გამოთქვამდნენ მეფის უშვილობისა და ლაშქრის უსარდლობის გამო. ამ მიზნით, მათ საგანგებო ბჭობაც კი გამართეს მეფე-ქმრის ღირსეული კანდიდატურის შესარჩევად.

თათბირზე სიტყვით გამოვიდა “ამირაი ქართლისა და ტფილისისაი” აბულასანი, რომელმაც წამოაყენა წინადადება თამარის მეუღლედ რუსი უფლისწულის ჩამოყვანის შესახებ. “მე ვიცი შვილი ხელმწიფისაი, ანდრია რუსთ მთავრისაი, რომელსა ჰმონებენ სამასნი მთავარნი რუსთანი”. აბულასანის ინფორმაციით, ბიძის - “სავალათის” (იგულისხმება მთავარი ვსევოლოდ დიდბუდე) მიერ დევნილი ახალგაზრდა უფლისწული იმ დროისათვის ყივჩაღებთან იყო თავშეფარებული და სასიძოდ ფრიად ხელსაყრელ კანდიდატურას წარმოადგენდა. აღსანიშნავია, რომ თამარის ხელის მაძიებელთა შორის იყვნენ კანდიდატები ბიზანტიიდან, სომხეთიდან, სელჩუკური დინასტიებიდან, ჩრდილოეთ კავკასიიდან და ევროპის ქვეყნებიდან, რომლებიც რეალურ ძალაუფლებას ფლობდნენ და ვისთანაც დინასტიური კავშირით საქართველოს ნამდვილად ჰქონდა იმდროინდელი მსოფლიოს სუპერსახელმწიფოდ გადაქცევის პერსპექტივა.

ამ ფონზე აბულასანის მიერ დაყენებული წინადადება სამშობლოდან გადახვეწილი, უპოვარი უფლისწულის ჩამოყვანის შესახებ მართლაც რომ უცნაურად ჟღერდა.

მოვლენები ელვის სისწრაფით განვითარდა. რუსი ბატონიშვილის მომხრეებმა მოხერხებულად გამოიყენეს თამარის გავლენიანი მამიდის, რუსუდანის ფაქტორი და თითქმის მეფის უკითხავად (უფრო სწორად - მისი ნების საწინააღმდეგოდ) გადაწყვიტეს საქმე. ყივჩაღეთში” გააგზავნეს “ერთი მკვიდრთაგანი დიდ-ვაჭარი, სახელით ზანქან ზორაბაბელ” (ზოგიერთი თვლის, რომ სინამდვილეში გაიგზავნა ორი დესპანი, ვინმე ზანქელი და ზორაბაბელი. საინტერესოა, რომ ბასილი ეზოსმოძღვარი უარყოფითად ახასიათებს შუამავალს და აღნიშნავს: “ესე ვერა კეთილად განაგეს, რამეთუ არა კაცი ღირსი საქმისაი წარავლინეს და არცა მისსა მეცნიერ იყუნეს, რომელს იგი მოიყუანებდეს”) რომელმაც უმოკლეს ვადაში ჩამოიყვანა საქართველოში რუსი უფლისწული. “დიდებულთა, ვაზირთა და სპათა მოახსენეს თამარს და მათგან ნება დაურთავი განამზადეს ქორწილი”. მეფის ენერგიულმა პროტესტმა შედეგი ვერ გამოიღო, რადგან “არა მომშვებელმან დედოფალმან (რუსუდან) და სპათა აიძულეს ქმნად”. 

ასეთია ძუნწ შტრიხებში ფაქტი, რომელმაც ახალი, კიდევ ერთი ნაცრისფერი ფურცელი ჩაწერა ორი ხალხის ურთიერთობათა ისტორიაში.

სანამ რუსი უფლისწულის საქართველოში ყოფნის დეტალებს შევეხებოდეთ, პასუხი უნდა გაეცეს რამდენიმე კითხვას. პირველ რიგში, ვინ იყო კონკრეტულად რუსთა მთავრის ანდრიას ვაჟი, ვისაც მწიფე მსხალივით ჩაუვარდა ხელში თამარ მეფე და მეორე - რამ განაპირობა მასზე არჩევანის შეჩერება?

პირველად თამარის მეუღლის ვინაობას ცნობილი რუსი ისტორიკოსი კარამზინი შეეხო და დაასკვნა, რომ იგი ვლადიმირ-სუზდალის დიდი მთავრის, ანდრია ბოგოლიუბსკის შვილი უნდა ყოფილიყო. აქედან მოყოლებული, ეს აზრი ყველა მომდევნო თაობის მკვლევარმა გაიზიარა და მტკიცედაა აღიარებული როგორც რუსულ, ასევე - ქართულ ისტორიოგრაფიაში.

მართალია, რუსული წყაროებისთვის რომელიმე რუსი უფლისწულის საქართველოში გამეფების ფაქტი უცნობია, მაგრამ თვითონ ანდრია ბოგოლიუბსკის შვილის შესახებ გარკვეულ ინფორმაციას მაინც ფლობენ. თამარის ისტორიკოსთა თხზულებებისგან განსხვავებით, ისინი ანდრიას ვაჟის სახელსაც იცნობენ. მას ერქვა იური (იურგი).

განვიხილოთ მოკლედ რუსულ მატიანეთა აღნიშნული ცნობები.

იური ანდრიას ძე წყაროებში (ე.წ. ნოვგოროდულ მატიანეში) პირველად 1171-1172 წლების ამბებთან დაკავშირებით იხსენიება. ნოვგოროდელებს ანდრიასთვის შვილის მთავრად დასმა უთხოვიათ. თავიდან ანდრიას ეს თხოვნა არ დაუკმაყოფილებია და ნოვგოროდელებისთვის მხოლოდ მოურავი (“პოსადნიკი”) გაუგზავნია, ხოლო მომდევნო წელს უკვე საკუთარი ვაჟი გაუმთავრებია.

რუსული წყაროების ერთსულოვანი მითითებით, იური ანდრიას ძე იმ დროს მცირეწლოვანი ყოფილა. როგორ უძღვებოდა იგი სამთავროში საქმეებს და რით გამოიჩინა თავი, ამის შესახებ ცნობები მწირია. მაგალითად, ცნობილია, რომ მისი თაოსნობით იმავე 1172 წელს ნოვგოროდში წმინდა იაკობის სახელობის ქვითკირის ეკლესიას ჩაეყარა საფუძველი. მანვე მონაწილეობა მიუღია მამამისის ინიციატივით 1173 წელს კიევზე მოწყობილ წარუმატებელ ლაშქრობაში, სადაც იგი ჩრდილოეთ რუსეთის სამთავროთა კოალიციური ჯარის სარდლად მოგვევლინა. წყაროებიდან კარგად ჩანს, რომ იური მხოლოდ ნომინალური მეთაური იყო და სარდლობის პრაქტიკული სიმძიმე ბრძოლებში ნაცად ვოევოდას ბორის ჟიდისლავის ძეს დააწვა მხრებზე.

მამის სიკვდილის შემდეგ (1174 წელი) იური ერთხანს კვლავ მთავარი იყო, მაგრამ მალევე გააძევეს. წყაროებში ამის კონკრეტული მიზეზი დასახელებული არაა, თუმცა, საფიქრებელია, რომ ნოვგოროდელებმა ანდრიას სიკვდილის შემდეგ ისარგებლეს როსტოვ-სუზდალის სამთავროში შექმნილი არეულობით და ძლიერი მფარველის გარეშე დარჩენილი იურის ნაცვლად სხვა მთავარი მიიწვიეს.

ამის შემდეგ იური ანდრიას ძეს ერთხანს კიდევ ვხედავთ მატიანეებში. იგი მონაწილეობდა როსტოვ-სუზდალის მთავრის ტახტისათვის რამდენიმე დაჯგუფებას შორის გამართულ ბრძოლაში, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია. 1176 წელს მამამისის სამფლობელოები იურის ბიძამ - ვსევოლოდ დიდბუდემ დაიპყრო და ნამთავრალი იძულებული გახდა, გაქცევით ეშველა თავისათვის. 1176 წლის შემდეგ მისი თავგადასავალი უცნობია, ხოლო საქართველოში ჩამოყვანის წინ (1185 წელი), როგორც აღვნიშნეთ, ყივჩაღთა მბრძანებელთან იყო თავშეფარებული.

ზემოთქმული ნათლად მეტყველებს, რომ თამარის საქმროდ შერჩევამდე, სულ მცირე, 10 წლის განმავლობაში იური ანდრიას ძე რეალურ ხელისუფალს აღარ წარმოადგენდა. მის უკან არ იდგა არავითარი პოლიტიკური ძალა, ფაქტობრივად, რუსი უფლისწული ზედმეტ ბარგად ქცეული უფუნქციო ტიტულის ამარა იყო ყივჩაღებთან სამადლოდ შეფარებული და ვერანაირად ჩაითვლებოდა პრესტიჟულ კანდიდატად მსოფლიო სახელის მქონე ისეთი სახელმწიფოს მმართველის საქმროდ, როგორიც იყო XII საუკუნის ბოლო მეოთხედის საქართველო.

დიდი დაკვირვება არაა საჭირო იმაში დასარწმუნებლად, რომ იური ანდრიას ძის სასარგებლოდ რაღაც ფარულმა მექანიზმმა იმუშავა, რომელიც მკაფიოდ გამოკვეთილი პოლიტიკური პროგრამითა და ინტერესებით იყო აღჭურვილი.

ქართულ ისტორიოგრაფიაში აღიარებულია, რომ რუს უფლისწულს საქართველოში ჩამოყვანამდე და შემდეგაც, თამარის ქმრობის პერიოდში, ზურგს უმაგრებდა სამეფო კარის დიდებულთა გავლენიანი დასი, მსახურთუხუცეს ვარდან დადიანის მეთაურობით. თამარის ისტორიკოსთა თხზულებების მიხედვით შეიძლება დავაზუსტოთ ამ დასის შემადგენლობა, რომლის რიგებშიც ვხედავთ აბულასანს, მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელს და კათოლიკოს-პატრიარქ მიქელ მირიანის ძეს, ტაოს მეფეთა ადგილს მჯდომ გუზან ტაოსკარელს, აგრეთვე - სხვა გავლენიან პოლიტიკურ ფიგურებს.

ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ აღნიშნული დასის წევრები წარმოშობით ლიხთიმერეთიდან იყვნენ.

არც ისაა შემთხვევითი, რომ იური ანდრიას ძის პირველი ამბოხების ჟამს მის მხარეზე ლამის მთელი დასავლეთ საქართველო გამოვიდა (გავიხსენოთ, რომ თამარის ისტორიკოსი იურის იხსენიებს, როგორც “მეფე რუსთა და უფროსღა აფხაზთა”).

იური ანდრიას ძის მომხრე დასის კუთხური ნიშნით შედგენილობის საკითხი დამაჯერებლადაა ახსნილი ქართულ ისტორიოგრაფიაში.

კერძოდ, მკვლევარები ხაზს უსვამენ ლიხთიმერელ დიდებულთა მზარდი უკმაყოფილების არსებობას XII საუკუნის მეორე ნახევარში. საქმე ისაა, რომ თბილისის შემოერთებამდე სახელმწიფოს დედაქალაქი და პოლიტიკური ცხოვრების ცენტრი ქუთაისი გახლდათ. აქედან გამომდინარე, ლიხთიმერელი არისტოკრატიის გავლენა უზომოდ დიდი იყო ქვეყნის საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში. მარტო ის რად ღირს, რომ მეფის კურთხევის ცერემონიალში ყველაზე საპატიო მისიას სწორედ ლიხთიმერელი დიდებულები და სასულიერო პირები ასრულებდნენ. თბილისის შემოერთებისა და ტახტის აღმოსავლეთ საქართველოში გადატანის შემდეგ (1122 წელი) დაიწყო საპირისპირო პროცესი. დედაქალაქის გადაადგილებას პოლიტიკური სიმძიმის ცენტრის აღმოსავლეთით გადანაცვლებაც მოჰყვა. ტერიტორიული დაშორების გამო (გაითვალისწინეთ იმდროინდელი კომუნიკაციის პირობები) ლიხთიმერელმა დიდებულებმა თანდათან დაკარგეს ოდინდელი გავლენა და მათ ნაცვლად დაწინაურდნენ მესხნი, ჰერ-კახნი, სომხითარნი. ასეთი ტენდენცია განსაკუთრებით გამოიკვეთა დემეტრე I გარდაცვალების შემდეგ, რასაც, ლოგიკურად, ლიხთიმერეთის არისტოკრატიის უკმაყოფილება მოჰყვა. 

დასავლურქართული ლობი, რომელიც XII საუკუნის დამლევს ინერციით ჯერ კიდევ ინარჩუნებდა პოზიციას, ყოველი ღონისძიებით ლამობდა პოლიტიკური სადავეების დაუფლებას. მიზნის მისაღწევად ხელსაყრელი მომენტი მათ სწორედ თამარის გამეფების შემდეგ დაუდგათ. დიდებულები (ამ შემთხვევაში - არა მხოლოდ ლიხთიმერელნი) დაინტერესებული არ იყვნენ თამარის მეუღლედ ძლიერი, გავლენიანი და ავტორიტეტული პიროვნების მოყვანით, რომელიც ერთბაშად აღკვეთდა მათ თვითნებობას. პირიქით - ამ თვალსაზრისით გაცილებით სასურველი იყო უმწეო, უთვისტომო და ქვეყნის შიგნით პოლიტიკური დასაყრდენის არმქონე პიროვნება, რომელიც მარიონეტად გადაიქცეოდა რეკომენდატორთა ხელში. სწორედ ეს მიზანი ამოძრავებდა ქვეყანაში პირველობისთვის მებრძოლ ყველა პოლიტიკურ დასს და, მათ შორის, ცხადია - ლიხთიმერულსაც, რომელიც იმ მომენტში სხვაზე მარჯვე და მობილიზებული აღმოჩნდა. თამარის გავლენიანი მამიდის - რუსუდანის დახმარებით მათ პროგრამა-მინიმუმი შეასრულეს და ტახტზე თავისი კაცი დასვეს, რომლის დახმარებითაც პოლიტიკური ბერკეტების საბოლოოდ დაუფლება გადაწყვიტეს.

ასე იყო თუ ისე, 1185 წლის გაზაფხულზე თამარისა და იური ანდრიას ძის ქორწინება შედგა. სიძის მომხიბლავმა გარეგნობამ, მაღალმა წარმოშობამ და მართლმადიდებლურმა აღმსარებლობამ დროებით გადაფარა მისი უცაბედი გამოჩენით გამოწვეული ყოველგვარი უხერხულობა. მალე თამარის მეუღლემ კარის, კარნიფორის, დვინისა და გელაქუნის მიმართულებით მოწყობილ ლაშქრობებში მიიღო მონაწილეობა და თავისი მხედრული თვისებებით საყოველთაო მოწონებაც დაიმსახურა.

ის ფაქტი, რომ თამარის ისტორიკოსები იური ანდრიას ძეს მეფის ტიტულით იხსენიებენ, ბადებს კითხვას - როგორ იყო ძალაუფლება გადანაწილებული თამარსა და მის მეუღლეს შორის და, საერთოდ, რუსი უფლისწულის ჩამოყვანა ხომ არ ნიშნავდა ახალი სამეფო დინასტიის დამკვიდრებას საქართველოში?

წყაროთა ანალიზი გვიჩვენებს, რომ იური ანდრიას ძე მეფე იყო, მაგრამ არა უზენაესი თვითმპყრობელი. ეს ფუნქცია მხოლოდ მეფეთა-მეფე თამარს გააჩნდა. ყველა მნიშვნელოვანი სახელმწიფო საქმე საბოლოოდ სწორედ მისი ხელდასმით წყდებოდა. ოფიციალურ დოკუმენტებზე ხელს თამარი აწერდა. საზღვარგარეთის ქვეყნებთან ურთიერთობაში საქართველოს სამეფო ხელისუფლებას თამარი წარმოადგენდა. ეს კი ნიშნავს, რომ XII საუკუნის მიწურულის ქართული საზოგადოებრივი აზრისთვის რუსი უფლისწულის ჩამოყვანით ხელისუფლებისა და დინასტიის არსი თვისებრივად არ შეცვლილა და არც ბაგრატოვანთა ღვთივკურთხეული მართველობა დამდგარა ეჭვქვეშ.

ქართულ ისტორიოგრაფიაში საგანგებოდაა აღნიშნული ის გარემოება, რომ თამარის ქმრად ჩამოყვანამდე იური ანდრიას ძე მთავრად იჯდა ნოვგოროდში. ამ ფაქტორის ხაზგასმა შემთხვევითი არაა. კარგადაა ცნობილი, რომ ფუნქციებითა და რეალური ძალაუფლებით ნოვგოროდის (“ფეოდალური რესპუბლიკის”) მთავრები მკვეთრად განსხვავდებოდნენ სხვა რუსული პოლიტიკური ერთეულებისგან. ნოვგოროდის სახელისუფლებო იერარქიაში მთავარი იყო არა ნომერ პირველი პერსონა, არამედ ლაშქრის სარდალი, ესე იგი - ხელისუფალი მკაფიოდ გამოკვეთილი სამხედრო (და არა ადმინისტრაციული) ფუნქციებით. ამგვარი ანალოგიის მოშველიებით შეიძლება ზუსტად განვსაზღვროთ იური ანდრიას ძის ადგილი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების სისტემაში. ეს იყო მეფე-ქმარი, უზენაესი თვითმპყრობელის თანამეცხედრე, ლაშქრის ფორმალური სარდალი, რომელიც, ცხადია, მონაწილეობას იღებდა ყველა მნიშვნელოვანი საკითხის განხილვაში, სხვა მაღალი რანგის მოხელეებთან (მწიგნობართუხუცესი, ამირსპასალარი, მანდატურთუხუცესი, მსახურთუხუცესი, ამირახორი...) ერთად და მათ თანაბრად.

როგორც ცნობილია, იური ანდრიას ძემ ტახტზე დიდხანს ვერ მოათია და თამარმა იგი თავიდან მოიშორა.

რა იყო სამეფო ოჯახში მომხდარი განხეთქილების მიზეზი, რასაც რუსი უფლისწულის ბიზანტიაში გაძევება მოჰყვა შედეგად?

ქართველ მემატიანეთა ერთსულოვანი ჩვენებით, ამის მიზეზი იყო თამარის მეუღლის პიროვნული მანკიერებანი - წრეგადასული ლოთობა და სოდომური მიდრეკილებანი, “ისტორიანი და აზმანის” ავტორი აღნიშნავს: “ამას ესე ვითარსა მშვიდობასა მარჯუებასა და ზეობასა შემოვიდა უცხო რაიმე და უმსგავსი საქმე, შეუმსგავსებელი და დაუჯერებელი კაცთა გონებისაგან; შევიდა სატანა გულსა სუეუბედურისა რუსისასა, სკვით რაიმე სახელდებულისა და სიტყვით აღძრა წყენად თამარისა”. ცოტა ქვემოთ იგივე ისტორიკოსი განმარტავს: “სოდომურიცა მოიპოვა ქცევაი ქცევითა დაქცეულმან და წარწყმედითა წარწყმედილმან”.

დაახლოებით ასეთივე სურათს გვიხატავს ბასილი ეზოსმოზღვარი, რომლის თანახმადაც “გამოაჩნდებოდეს რუსსა სკვითურნი ვითარ ნაღებნი ბუნებითნი და სიმთვრალეთა შინა საძაგელთა უწესოებად იწყო მრავალთა”-ო. ასეთი მდგომარეობა, ბასილის თქმით, ორწელიწადნახევარს გაგრძელებულა. ამ ხნის განმავლობაში თამარი, “ვითარ გრდემლი, მოითმენდა უკეთურებათა რუსისათა”, არაერთხელ სცადა ქმრის მორჯულება-განკურნება და როცა ყოველგვარი იმედი დაკარგა, “თუით პირის-პირ იწყო მხილოებად მისდა, არამედ უფრო განძუინდებოდა რუსი, ვითარცა ღთისგან საფარველ მოძურცილი”.

ბოლოს, როდესაც ოჯახური დრამა სასახლის კარს გასცდა და ამის შესახებ მთელი ქვეყანა ალაპარაკდა, “რუსუდან დედოფალმან და ყოველთა მთავართა საწყალობლად განაძეს” იური ანდრიას ძე საქართველოდან. როგორც ირკვევა, დევნილმა ნამეფარმა ბიზანტიაში დაიდო ბინა. ცხოვრების მატერიალური სახსარი მას არ უჭირდა, რადგან საქართველოდან საკმაოდ უზრუნველყოფილი გაისტუმრეს კონსტანტინოპოლში.

რა იყო რუსის ქვეყნიდან გაძევების ნამდვილი მიზეზი, მხოლოდ მანკიერი თვისებანი თუ კიდევ სხვა რამ?

ქართულ საისტორიო მეცნიერებასა და ლიტერატურაში (შალვა დადიანის “უბედური რისი”) თამარის მემატიანეთა ცნობების უტყუარობა სადაოდ არავის გაუხდია. თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ საკითხის გულმოდგინე კვლევამ მომხდარი დაპირისპირების სხვა, წმინდა პოლიტიკური ასპექტებიც გამოააშკარავა, რის უკანაც დაინტერესებული ძალები იდგნენ.

იური ანდრიას ძე სასახლეში დამკვიდრების პირველი დღეებიდანვე მისთვის რეკომენდაციის მიმცემი პოლიტიკური დასის მთავარი დასაყრდენი გახდა. მართალია, მას საკითხების დამოუკიდებლად გადაჭრის უფლება არ ჰქონდა, მაგრამ მეფე-ქმრის პოზიცია, საბოლოოდ, მაინც სერიოზულ გავლენას ახდენდა ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღების დროს.

ფიქრობენ, რომ იური ანდრიას ძე სასახლეში ლობირებდა თამარისა და მისი მომხრეებისთვის არასასურველ პერსონებს (ასე დაწინაურდნენ მიქელ მირიანის ძე და აბულასანი). ამის გარდა, წყარო მიუთითებს მეფე-ქმრის მიერ დიდებულთა გარკვეული წრის მიმართ დაწყებულ რეპრესიებზე. ბასილის ცნობით, რუსმა “...უძუირესთა მიმართ იწყო და შ ე რ ა ც ხ ი ლ ნ ი ც ა კაცნი უბრალოდ გუემნა და ასოთა აღმოგდებითა ტანჯნა”-ო. ამ სიტყვებიდან ნათლად ჩანს, რომ მხოლოდ სასმელით გალექებული ადამიანის ცხოველურ ქცევასთან კი არ გვაქვს საქმე, არამედ გეგმაზომიერ, მიზანმიმართულ რეპრესიებთან შერაცხილ პირთა მიმართ. როგორც ქართულ ისტორიოგრაფიაშია გარკვეული, “შერაცხილნი” იყვნენ თამარის მიერ დაწინაურებული და სასახლის კარზე მიღებული პირები, ვისზე დაყრდნობითაც მეფე ახორციელებდა თავის საშინაო და საგარეო პოლიტიკას.

ამდენად, ცხადია, რომ იური ანდრიას ძე თამარმა პოლიტიკური მოსაზრებით შერისხა, თუმცა, ისიც ფაქტია, რომ მეფე-ქმრის პიროვნული თვისებები ძალზე შორს იდგა სასურველისგან.

ჩანს, იური ანდრიას ძეს საქართველოში საკმაოდ ბევრი მომხრე ჰყავდა, რომლებიც ხელსაყრელ მომენტს უცდიდნენ ტახტზე მის დასაბრუნებლად. ამ დაჯგუფებას სათავეში მსახურთუხუცესი ვარდან დადიანი ედგა, რომელსაც ლიხთიმერეთის მთელი პოლიტიკური ელიტა უჭერდა მხარს. მათი თანადგომით 1190-1191 წლების შუალედში ნამეფარმა საქართველოში დაბრუნებს სცადა, რამაც საქმე ნამდვილ სამოქალაქო ომამდე მიიყვანა.

ბასილის თქმით, “ამას ჟამსა მცირედ რამე აღიძრნეს ი მ ე რ ე ლ-ს უ ა ნ ნ ი მსგავსად ჩვეულობისა ურჯუკობისა და რუსი მოიყვანეს, რეცა კუალად გასამეფებლად”. 

რა შეიძლება ითქვას მემატიანის ამგვარი განმარტების შესახებ?

გულუბრყვილობა იქნება, იური ანდრიას ძის მხარდასაჭერად ნახევარი საქართველოს გამოსვლა მხოლოდ იმერელ-სვანთა ურჯუკობით აიხსნას. გაცილებით რეალურია აღნიშნული გამოსვლის პოლიტიკური მოტივების ანალიზი, რასაც ისევ იმ მიზეზამდე მივყავართ, რის შესახებაც ზემოთ უკვე ვისაუბრეთ (იგულისხმება ლიხთიმერეთის ფუნქციის დაკარგავა ცენტრალური მართველობის სისტემაში).

“ისტორიანი და აზმანის” მიხედვით, თამარის მოწინააღმდეგეები მეჭურჭლეთუხუცესის ნაცვლის მეშვეობით დაუკავშირდნენ კარნუ-ქალაქში მყოფ ნამეფარს. ცხადად ჩანს, რომ რუსი უფლისწული ქართველი მოხელის ვიზიტის ჟამს (ეს უკანასკნელი საგადასახადო ინსპექტირების მიზნით ჩავიდა რეგიონში) შემთხვევით არ იმყოფებოდა საზღვართან ახლოს მდებარე ქალაქში. იგი წინასწარ ფლობდა ინფორმაციას საქართველოში პოლიტიკურ ძალთა განლაგების შესახებ. რუსთან ურთიერთობის კოორდინაციას ვარდან დადიანი ახორციელებდა, რომელმაც “შეყარა... სუანეთი, აგხაზეთი, საეგროი გურიითა, სამოქალაქოი, რაჭა თაკუერი და არგუეთი და მომრთველმან სანიგთა და ქაშაგთაგან, აფიცა რუსისა გამეფებასა და მისის მეფე-ყოფისათვის დიდებულნი და ლაშქარნი ქუეყნისანი”...

ლიხთიმერეთის ლაშქარმა, რომელსაც გუზან ტაოსკარელიც უჭერდა მხარს, იური ანდრიას ძე გეგუთში მიიყვანა და (ვაი, სირცხვილო!)... მეფედ გამოაცხადა.

თავის მხრივ, თამარმაც შეკრიბა ლაშქარი “ჰერეთით, კახეთით, ქართლით, სომხითით და სამცხით”. მან ჯერ სცადა მშვიდობიანი მოლაპარაკებით მოეგვარებინა პრობლემა, მაგრამ აქედან არაფერი გამოვიდა. საკითხი იარაღმა გადაწყვიტა. თმოგვ-ერუშეთს შორის გამართულ ბრძოლაში თამარის მომხრეებმა სასტიკად დაამარცხეს მოწინააღმდეგე. სვანეთის დიდებულებმა საკუთარი ხელით ჩააბარეს იური ანდრიას ძე, რომელიც ამჯერადაც გაასახლეს ქვეყნიდან.

მცირე ხნის შემდეგ (სავარაუდოდ, 1191 წელს) იური რუსმა რანის ათაბაგის დახმარებით კიდევ ერთხელ სცადა ბედი, მაგრამ - უშედეგოდ. ხორნაბუჯის მფლობელმა საღირ მახატლის ძემ მონაპირე საერისთაოს ლაშქრით დაამარცხა იგი.

ამის შემდეგ იური ანდრიას ძის კვალი ქართულ მატიანეებში დაიკარგა. ერთი სომხური წყაროს ცნობით, იგი ამ ამბებიდან მცირე ხნის შემდეგ გარდაიცვალა კიდეც.

ასე დასრულდა იური ანდრიას ძე ბოგოლიუბსკისა და მისი მომხრე ქართველი დიდებულების ბრძოლა ხელისუფლებისათვის, რომელმაც, მარცხის მიუხედავად, მთელი სისრულით გამოააშკარავა ქვეყანაში არსებული მძაფრი სოციალური და პოლიტიკური წინააღმდეგობანი.