XII საუკუნის მეორე ნახევარი ახალი წარმატებებით აღინიშნა საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. ჯერ გიორგი III-მ, შემდეგ კი თამარმა კვლავ ააღორძინეს დავით აღმაშენებლის დროინდელი აქტიური საგარეო პოლიტიკა. სელჩუქთა წინააღმდეგ წარმოებული წარმატებული ომების შემდეგ მათ კონტროლი დაამყარეს არაქსის სამხრეთით მდებარე უმნიშვნელოვანეს სავაჭრო მაგისტრალზე. უმაგალითოდ აღორძინდა ვაჭრობა და სოფლის მეურნეობა. ქართული სახელმწიფო პირველხარისხოვან როლს თამაშობდა საერთაშორისო ურთიერთობებში. განმტკიცდა კავშირები ძველ, ტრადიციულ პარტნიორებთან, დამყარდა კონტაქტები სხვა ქვეყნებთანაც. ერთი სიტყვით, დავითის შემდეგ საქართველოს სამეფოს ავტორიტეტი საერთაშორისო ასპარეზზე არნახულად ამაღლდა და მასთან კეთილმეზობლური ურთიერთობის დამყარება ნებისმიერი ქვეყნის ხელისუფლებისთვის პირველი რიგის ამოცანას წარმოადგენდა.
ამ პერიოდში კიდევ უფრო ინტენსიური გახდა კავშირი რუსეთთან, რამაც დინასტიურ კონტაქტებშიც იჩინა თავი.
სამწუხაროდ, თამარის ეპოქამდე ფაქტი რუსეთსა და საქართველოს შორის დინასტიური მოყვრობის შესახებ ქართული წყაროებით არ დასტურდება. სამაგიეროდ, ძველი რუსი მემატიანე მნიშვნელოვან ცნობას გვთავაზობს ჩვენთვის საინტერესო მოვლენასთან დაკავშირებით. მაგალითად, იპატიევის ცნობილ ქრონიკაში აღნიშნულია, რომ კიევის მთავარი იზიასლავი 1153-1154 წლებში ხელმეორედ აპირებდა დაქორწინებას და არჩევანი ქართველი (ობეზი) მეფის ასულზე შეუჩერებია.
1154 წელს, აღნიშნავს მემატიანე, იზიასლავს საგანგებოდ გაუგზავნია საკუთარი ვაჟი - მსტისლავი სამხრეთით, დნეპრის ჭორომებისკენ, სადაც იგი სადედინაცვლოს უნდა შეხვედროდა. აღსანიშნავია, რომ მეორე რუსული ცნობის მიხედვით, მსტისლავი 1153 წელსაც ყოფილა ასეთივე მისიით გაგზავნილი ვლადიმერ ანდრიას ძესა და ბერენდეელებთან (ყივჩაღური ტომის სახელია - ზ.დ.) ერთად. პირველ ჯერზე ქართველთა მეფის ასული რაღაც მიზეზის გამო ვერ ჩასულა კიევში. მის შესახვედრად წასული მსტისლავი ქალაქ ოლეშიამდე მივიდა და მხოლოდ მას შემდეგ დაბრუნდა უკან, რაც საბოლოოდ დარწმუნდა სადედინაცვლოს ჩამოუსვლელობაში. 1154 წელს კი ყველაფერი კარგად დასრულდა. მსტისლავმა ქართველი პრინცესა მამას მიჰგვარა, რომელმაც, წყაროს ცნობით, იგი ცოლად შეირთო და ქორწილიც გადაიხადა.
როგორც ვხედავთ, “გარდასულ წელთა ამბავში” უნიკალური ინფორმაციაა დაცული ქართულ-რუსული დინასტიური კავშირების შესასწავლად, რაც, თავისთავად, ახალ ფურცელს წარმოადგენს იმდროინდელი რუსი და ქართველი ხალხების ურთიერთობათა ისტორიაში. ამდენად, ღირს მასზე ყურადღების შეჩერება.
პირველ რიგში, დასადგენია, რა ერქვა და ვისი ასული იყო იზიასლავის საცოლე. ამ კუთხით ქრონიკაში არაფერია ნათქვამი და კიეველთა სარძლოს ზუსტი იდენტიფიკაცისთვის ქართულ-რუსულ წყაროთა მონაცემების შეპირისპირებაა საჭირო. დასადგენია, რამ განაპირობა ასეთი არჩევანის გაკეთება როგორც ერთი, ისევე მეორე მხრიდან, უძღოდა თუ არა ქორწილს რაიმე მოლაპარაკება და, საერთოდ, რა შედეგი მოჰყვა ამ გარიგებას.
რუსული წყაროს ცნობაში ქართველი მეფის ასულმა (“ცარევა დშერ”) იმთავითვე მიიპყრო მკვლევართა ყურადღება. რაკი არც მისი, არც მამამისის სახელი მატიანეში პირდაპირ არაა აღნიშნული, ისტორიკოსებმა სცადეს ეპოქის მიხედვით აეხსნათ საკითხი. 1153-1154 წლებში საქართველოში მეფობდა დემეტრე I, ამიტომ ბევრმა სწორედ ის მიიჩნია ქართველი პრინცესას მამად. შესაბამისად - გამოითქვა მოსაზრება, რომ იზიასლავის საცოლე იყო დემეტრეს ასული რუსუდანი, თამარის მამიდა, რომელიც საკმაოდ აქტიურ ფიგურად მოჩანდა გიორგი III გარდაცვალების შემდეგ და, ფაქტობრივად, ერთხანს თამართან ერთად მართავდა სახელმწიფოს.
“ქართლის ცხოვრებიდან” ცნობილია, რომ დემეტრეს ასული რუსუდანი გათხოვილი იყო შამირამელ სულთანზე და დაქვრივების შემდეგ სიცოცხლის დარჩენილი წლები სამშობლოში გაატარა.
ქართულ ისტორიოგრაფიაში გამოთქმულია ვარაუდი - ლოგიკურად იზიასლავის მეუღლის მიჩნევას დემეტრეს ქალიშვილად ხელს არაფერი უშლის, თუმცა, თეორიულად, იგი, შესაძლოა, დავით აღმაშენებლის ასულიც ყოფილიყო.
თუ ამ მოსაზრებას გავიზიარებთ, მაშინ საჭიროა დავითის შვილების შესახებ წყაროებში დაცული ცნობების შეჯერება. ამ მხრივ, ზემოთქმული დასკვნის მიღებას ბევრი რამ ეწინააღმდეგება. პირველ რიგში ის, რომ წყაროების მიხედვით სახელოვან მეფეს ორი ასული ჰყავდა, თამარი და კატაი, რომელთაგან ერთი ბიზანტიაში იყო გათხოვილი, მეორე კი - შირვანში. რაიმე ცნობა რომელიმე მათგანის ხელმეორედ გათხოვების შესახებ არ არსებობს. აკადემიკოსმა კორნელი კეკელიძემ თავის დროზე გამოთქვა ვარაუდი, რომ დავითს მესამე ქალიშვილიც უნდა ჰყოლოდა, რომელიც ოვსეთში იყო გათხოვილი და სწორედ მისი მეშვეობით ენათესავებოდა თამარის მომავალი მეუღლე ბაგრატიონებს.
შიომღვიმის ბერებისათვის მიცემული ანდერძის ტექსტზე დაკვირვებით ი. ცინცაძემ ივარაუდა, რომ იზიასლავის ცოლი შეიძლებოდა ყოფილიყო დავით აღმაშენებლის ყივჩაღ მეუღლესთან შეძენილი რომელიმე ასული.
თეორიულად, მოსაზრებას იზიასლავის მეუღლის დემეტრეს ან დავითის ასულად მიჩნევის შესახებ ხელს არაფერი უშლის. XII საუკუნის შუა ხანებისთვის დემეტრე I უკვე სოლიდური ასაკის კაცი იყო და თავისუფლად შეიძლებოდა ჰყოლოდა გასათხოვარი ასაკის ქალიშვილი, მით უფრო, რომ რუის-ურბნისის საეკლესიო კრების ძეგლისწერის თანახმად, საქართველოში ქალის დაოჯახების მინიმალურ ასაკად 12 წელი ითვლებოდა. რაც შეეხება დავითის ქალიშვილებს, თანამედროვე საზომებით ვერცერთი მათგანი გასათხოვარ ასაკში მყოფად ვერ ჩაითვლება, მაგრამ ამას არც აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. თვითონ იზიასლავი, რომელიც რუსული წყაროების მიხედვით XI საუკუნის მიწურულს იყო დაბადებული, 1153-1154 წლებში მეექვსე ათეულში გადამდგარი კაცი იყო და პირველი მეუღლის ხელში შეძენილი დავაჟკაცებული შვილიც ჰყავდა (იგულისხმება მსტისლავი). თანაც, დინასტიური ქორწინების დროს ისეთი მომენტები, როგორიცაა მექორწინეთა ასაკი, სილამაზე და სხვა პიროვნული თვისებები, უკანა პლანზე გადადის. ამიტომ, სავსებით ლოგიკურია, თუ იზიასლავის მეორე ცოლს საშუალო ასაკის ქალბატონად ჩავთვლით. XII საუკუნის შუა წლებში დავით აღმაშენებლის ასულები ასეთ ასაკში ნამდვილად იქნებოდნენ.
ახალი წყაროების მოძიებამდე საკითხი მაინც ღიად რჩება. პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს იმის დადგენას, რომელი მეფის ასული იყო იზიასლავის მეუღლე. ფაქტია, რომ იგი ობეზთა ქვეყნიდან იყო და ამ ქორწინებას აშკარად პოლიტიკური სარჩული გააჩნდა.
ქართულ ისტორიოგრაფიაში გამოთქმული ვარაუდის მიხედვით, მგლოვიარობის დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ იზიასლავს ელჩები უნდა გაეგზავნა საქართველოში საცოლის ხელის სათხოვნელად. თუ გავითვალისწინებთ, რომ იგი 1151 წლის იანვარში დაქვრივდა, მაშინ კიეველ და თბილისელ დესპანთა მოლაპარაკება 1151-1152 წლებში უნდა გამართულიყო. შესაძლოა, იზიასლავის ელჩები ორჯერ ჩამოვიდნენ საქართველოში, როგორც ეს წესად იყო მიღებული დიპლომატიურ პრაქტიკაში, პირველად მთავრის საცოლის სანახავად და პირობების გასარკვევად, მეორედ კი - ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად.
საინტერესოა იმის გარკვევაც, როგორ ხორციელდებოდა საქართველოს კავშირი კიევის სამთავროსთან, ე.ი. რა გზით იმგზავრეს ელჩებმა საქართველოში და შემდეგ თვითონ დედოფალმა კიევამდე?
რუსული ქრონიკიდან ჩანს, რომ კიევიდან საპატარძლოს შესახვედრად წამოსული მსტისლავი და მისი მხლებლები დნეპრს ქვემოთ ჩაჰყვნენ შესართავთან მდებარე ქალაქ ოლეშიამდე. აქედან გამომდინარე, ლოგიკურია, ვიფიქროთ, რომ მომავალ დედოფალს სატახტოში ზღვიდან მოელოდნენ, თუმცა, ეს მხოლოდ ჰიპოთეზაა. უფრო გაბედულად შეიძლება ვივარაუდოთ იზიასლავის დესპანთა მგზავრობა ზღვით საქართველოსკენ. პრინცესას კი კიევამდე თავისუფლად შეეძლო ემგზავრა სახმელეთო გზითაც (ნომადთა ტერიტორიაზე გავლით), რომელიც ქართველთათვის, ყივჩაღებთან არსებული ურთიერთობებიდან გამომდინარე, შედარებით უსაფრთხო იყო.
რით იყო დაინტერესებული კიევის დიდი მთავარი, როდესაც საქართველოს სამეფო სახლთან დამოყვრება გადაწყვიტა?
ვიმეორებთ, დინასტიური გარიგების დროს მექორწინეთა ასაკს, გარეგნობას და სხვა სუბიექტურ ფაქტორებს მეორეხარისხოვანი მნიშვნელობა გააჩნია. ამდენად, გულუბრყვილობა იქნება ფიქრი, თითქოს უკვე სოლიდურ ასაკში მყოფი იზიასლავი მაინცდამაინც ქართველი პრინცესას სილამაზემ მოხიბლა. ცხადია, ამ ქორწინების უკან იდგა ორივე მხარისათვის მისაღები პოლიტიკური ინტერესები და მაღალი ავტორიტეტი იმდროინდელი თვალსაზრისით საერთაშორისო წრეებში. ორი ძლიერი ქრისტიანული სახელმწიფოს დინასტიურ დაკავშირებას შეეძლო კიდევ უფრო აემაღლებინა მათი პრესტიჟი მეზობელი სახელმწიფოების თვალში.
და მაინც, თუ უფრო კონკრეტულ მიზნებზე მიდგება საქმე, შეიძლება გამოვყოთ ისტორიოგრაფიაში გამოთქმული ორი მოსაზრება, რომლებიც მყარი არგუმენტაციით გამოირჩევიან.
პირველი შეხედულების თანახმად, კიევის რუსეთი ცდილობდა დაერეგულირებინა ურთიერთობა იმიერკავკასიის სტეპებში მობინადრე ყივჩაღებთან. ამ თვალსაზრისით, დიდი მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოს პოზიციას, რომელიც დავით აღმაშენებლის მიერ განხორციელებული ცნობილი აქციის შემდეგ ყივჩაღთა მოკავშირედ და პარტნიორად ითვლებოდა. საქართველოსთან დამოყვრებით იზიასლავი სანახევროდ მაინც აგვარებდა ამ პრობლემას. ამდენად, შემთხვევითი არ ჩანს ის გარემოება, რომ ოლეშიაში მიმავალი მსტისლავის ამალაში რუსული წყარო ყივჩაღური ტომის - ბერენდეელების წარმომადგენლებს ასახელებს.
არანაკლებ საინტერესოა მეორე მოსაზრება, რომლის თანახმადაც იზიასლავს საქართველოსთან დაკავშირებით და მისი მაღალი ავტორიტეტის დახმარებით სურდა მწვავე საეკლესიო პრობლემის მოგვარება. საქმე იმაშია, რომ მან კონსტანტინეპოლის პატრიარქის თანხმობის გარეშე, მხოლოდ რუს ეპისკოპოსთა კრების დადგენილების საფუძველზე, მიტროპოლიტობა უბოძა კლიმენტი სმოლიარიჩს. ამან არა მხოლოდ პატრიარქის, თვით რუსეთის გავლენიანი სასულიერო იერარქების (მაგალითად, ნიფონტ ნოვგოროდელი, მანუილ სმოლენსკელი) წინააღმდეგობა გამოიწვია. არაა გამორიცხული, ქრისტიანულ სამყაროში ცნობილი და უაღრესად ავტორიტეტული ქართული სამოციქულო, ავტოკეფალური ეკლესიის მხარდაჭერით კიევის მთავარი ბიზანტიური ეკლესიის გავლენისგან საბოლოოდ გათავისუფლებას ცდილობდა.
იზიასლავის ქორწინება ბედნიერი და ხანგრძლივი არ აღმოჩნდა. იგი სულ მალე, იმავე 1154 წელს გარდაიცვალა...