რუსეთი და ყივჩაღთა გადმოსახლება საქართველოში

რუსეთი და ყივჩაღთა გადმოსახლება საქართველოში

ყივჩაღები, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს XI-XII საუკუნეთა აღმოსავლეთ ევროპის პოლიტიკურ ცხოვრებაში, თურქული მოდგმის ტომები იყვნენ და თავდაპირველად შუა აზიაში ბინადრობდნენ. მათი უძველესი მოხსენიება ჩინურ წყაროებში ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვის მეორე საუკუნეს განეკუთვნება, თუმცა XI საუკუნის შუა ხანებამდე მსოფლიო ისტორიაში რაიმე მნიშვნელოვანი როლი არ უთამაშიათ. ამ დროისათვის, სხვა მომთაბარე ტომთა მოწოლის გამო, ისინი აიყარნენ და შავიზღვისპირა სტეპებს მიაშურეს. იქ დამხვდურ თურქული მოდგმის ტომებთან ჭიდილში თანდათან ყალიბდებოდა ყივჩაყთა გაერთიანებანი, რომლებმაც XII საუკუნის მეორე ნახევარში უკვე მკაფიოდ გამოკვეთილი სახელმწიფოებრივი ნიშნები შეიძინეს.

უკვე XI საუკუნისათვის ქართული სამყარო კარგად იყო ინფორმირებული იმიერკავკასიის სტეპებში მომთაბარე ყივჩაყების შესახებ, მით უმეტეს, რომ იმ დროისათვის ეს უკანასკნელები სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში იყვნენ ჩართული რუსულ სამთავროებთან. რუს-ყივჩაყთა დაპირისპირება თავიდან გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. XII საუკუნის დასაწყისში ნათლად გამოიკვეთა სლავთა ძლიერება, რის გამოც მომთაბარეები იძულებული გახდნენ, კიდევ ერთხელ მოენაცვლებინათ ადგილმდებარეობა. მათი ნაწილი ბელად სირჩანის მეთაურობით დონის მარცხენა ნაპირზე დამკვიდრდა, ათრაქა შარაღანის ძის ტომმა ჯერ ჩრდილოეთ კავკასიას, შემდეგ კი საქართველოს მიაშურა.

ეს ის პერიოდი იყო, როდესაც საქართველოს სამეფო დავით აღმაშენებლის მეთაურობით სელჩუქთა წინააღმდეგ გადამწყვეტ შეტევაზე გადავიდა.
ქართველებმა ზედიზედ განახორციელეს რამდენიმე წარმატებული აქცია - შემოიერთეს კახეთ-ჰერეთი, შემდეგ მტერს ხელიდან გამოგლიჯეს ქართლში მდებარე სტრატეგიული ციხეები და აქტიური თავდაცვიდან შეტევით პოლიტიკაზე გადავიდნენ.

XII საუკუნის პირველ მეოთხედში გაერთიანებულ საქართველოსა და რუსულ სამთავროებს ერთმანეთთან უშუალო კონტაქტები არ ჰქონიათ (ყოველ შემთხვევაში, ასეთი რამ წყაროებით არ დასტურდება). თუმცა, დავითის მიერ ყივჩაღთა გადმოსახლება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობათა ისტორიის ერთ ფრიად საინტერესო ფურცლად მაინც აღიქმება.

აღნიშნული მოვლენის შესახებ გვიამბობს ორი საინტერესო წყარო, ქართული-- დავითის ისტორიკოსი და რუსული - ე.წ.ვოლინელი მემატიანე. მათი ცნობები, ძირითადად, ემთხვევა, საინტერესოდ ერწყმის და ამდიდრებს ერთმანეთს.

ქართველი ისტორიკოსის ცნობით, დავით აღმაშენებელმა, წინასწარ იყო რა ინფორმირებული ყივჩაღთა მაღალი საბრძოლო თვისებების შესახებ (”წყობათა შინა სიმხნე, სისუბუქე და მიმოსვლა, სიფიცხე მიმართებისა, ადვილად დასაჭირვლობა და ყოვლითურთ მომზვავებლობა”), გადაწყვიტა მათი ჩამოსახლება საქართველოში და რეგულარულ სამხედრო ძალად გამოყენება. საამისოდ წარავლინა ”კაცნი სარწმუნონი” ათრაქა შარაღანის ძის კარზე და გადმოსახლება შესთავაზა. ყივჩაღებმა სიხარულით მიიღეს წინადადება და მგზავრობის უსაფრთხოება მოითხოვეს ქართველთაგან. საკითხის ადგილზე გადაჭრის მიზნით დავითმა გიორგი ჭყონდიდელთან ერთად მოვლო ოვსეთი და სათანადოდ გაარიგა საქმე. მალე ყივჩაღთა მრავალათასიანი ურდო საქართველოში გადმობარგდა.

ქართველი მეფის პოზიცია, როდესაც ასეთ უმნიშვნელოვანეს და მასშტაბურ ღონისძიებას ახორციელებდა, გასაგებია. სელჩუქებთან მომავალი გენერალური შეტაკებისთვის მას მნიშვნელოვანი სამხედრო რესურსები ესაჭიროებოდა. ჩანს, უკვე განვლილ ბრძოლებში ქვეყანამ დიდი მსხვერპლი გაიღო, რისი სწრაფად აღდგენა მხოლოდ ქართული პოტენციალის გათვალისწინებით, მთლად შეუძლებელი თუ არა, საკმაოდ რთული ამოცანა იყო. სამაგიეროდ, ახსნას მოითხოვს ყივჩაღთა გადაწყვეტილება. მომთაბარე ტომებისთვის იმიერკავკასიის სტეპები საცხოვრებლად იდეალური ადგილი იყო, რომლის მსგავსს საქართველოში, ცხადია, ვერ იპოვნიდნენ.

მართალია, ყივჩაღები მომთაბარეები იყვნენ და საცხოვრებელს ხშირად იცვლიდნენ, მაგრამ საქართველოში გადმოსახლება მხოლოდ მათი მოხეტიალე ბუნებითაც ვერ აიხსნება.

საკმარისია, ყურადღებით გადავავლოთ თვალი XII საუკუნის დასაწყისის რუსულ-ყივჩაღურ ურთიერთობათა ისტორიას და მაშინ ამ მოვლენას ლოგიკური ახსნა მოეძებნება.

რუსული წყაროებიდან ირკვევა, რომ ჯერ კიდევ 1054 წლიდან მოყოლებული ყივჩაღთა ტომებმა სისტემურად მიჰყვეს ხელი რუსული სამთავროების რბევა-დაწიოკებას.

ქართულ ისტორიოგრაფიაში სავსებით სამართლიანადაა დამკვიდრებული მოსაზრება, რომ დავით აღმაშენებელი ყივჩაღებს შეგნებულად დაუმოყვრდა და ქორწინების წინ მას წინასწარ ჰქონდა ჩაფიქრებული ათრაქას ტომის საქართველოში ჩამოსახლების პერსპექტივა. ამ საკითხზე ვრცელი მსჯელობა, ამჯერად, ჩვენს მიზანს არ შეადგენს, თუმცა, ზოგადად, მაინც აღვნიშნავთ ერთ გარემოებას. ტერიტორიულად საკმაოდ დაშორებული მხრიდან, განუვითარებელი და წარმართული ყივჩაღეთიდან დედოფლის ჩამოყვანა, ცხადია, შემთხვევით არ უნდა მომხდარიყო. არც ის ჩანს შემთხვევითი, რომ მეფე ჯერ კიდევ ყივჩაღთა ჩამოყვანამდე იყო ინფორმირებული მათი მეომრული თვისებების შესახებ.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ჩვენთვის საინტერესო ფაქტის თაობაზე უაღრესად საინტერესო ცნობაა დაცული ვოლინელი მემატიანის თხზულებაში (ამ ძეგლში, ძირითადად, სამხრეთ დასავლეთის რუსულ სამთავროთა ამბებია აღწერილი. ვოლინისა და გალიჩის დიდი მთავრის რომანის (1188-1205) დახასიათების დროს ავტორი მას ადარებს სახელგანთქმულ პაპასთან - ვლადიმირ მონომახთან (1113-1125), რომელმაც ”დაღუპა უწმინდური ისმაიტელნი, ყივჩაღებად წოდებულნი, განდევნა რა ოტროკი აფხაზეთში... (საქართველოში), რკინის კარებს იქით” (აფხაზეთი, ანუ საქართველო რუსულ წყაროში მოიხსენიება ტერმინით ”ობეზ”).

დავითის ისტორიკოსისა და ვოლინელი მემატიანის ცნობათა ზედაპირული შედარებითაც კი ჩანს, რომ ორივე თხზულება ერთსა და იმავე მოვლენაზე გვიამბობს.

კერძოდ, ერთმანეთს ემთხვევა აქციაში პირდაპირ თუ ირიბად მონაწილე ხელისუფალთა (დავით აღმაშენებლისა და ვლადიმირ მონომახის) მართველობის პერიოდი - XII საუკუნის პირველი მეოთხედი. ორივე წყაროში საუბარია ყივჩაღთა მიერ საცხოვრებელი ადგილის მონაცვლებაზე (განდევნასა თუ გადასახლებაზე). ასევე, იდენტურია ყივჩაღთა ბელადის ვინაობაც (ქართული ძეგლის ”ათრაქა შარაღანის ძე” შეესატყვისება ვოლინელი მემატიანის ”ოტროკ შარუკანოვიჩს”).

ცხადია, ათრაქას ურდოს საქართველოში გადმოსახლება სასარგებლო იყო არა მარტო დავითისთვის, არამედ ვლადიმირ მონომახისთვისაც. ამ ორმხრივად ხელსაყრელ გარიგებას შედეგად მოჰყვა ის, რომ ქართველმა მეფემ საკმაოდ მრავალრიცხოვანი, ბრძოლებში ნაცადი სამხედრო ძალა შეიძინა, რომელმაც არაერთი საინტერესო ფურცელი ჩაწერა ქართული სამხედრო ხელოვნების ისტორიაში. კიევის დიდმა მთავარმა კი სამხრეთ საზღვართან , მართალია, უკვე დამარცხებული, მაგრამ მაინც საშიში მეზობელი მოიცილა და ”ზა ჟელეზნია ვრატა” მცხოვრებ სახელოვან თანამედროვეს გადაულოცა.

არაა გამორიცხული, რომ სამომავლო კვლევა-ძიებამ ყივჩაღთა გადმოსახლების წინა პერიოდში ქართველი მეფისა და რუსი მთავრის მოლაპარაკება-შეთანხმების კვალს მიაგნოს. მოცემულ ისტორიულ კონტექსტში ამგვარი ვარაუდი არც ისეთი უსაფუძვლოა, როგორც ეს ერთი შეხედვით შეიზლება მოგვეჩვენოს.

წინა სტატიაში უკვე აღვნიშნეთ, რომ ყივჩაღთა სამხრეთ რუსეთის სტეპებიდან გადმოსახლების თანადროულად დავით აღმაშენებლის ”აღმოსავლურ ” ტიტულატურაში ჩნდება მითითება მის მიერ რუსთა ფლობის შესახებ. ვფიქრობთ, ეს გარემოება მრავალ ფიქრს აღძრავს და დიდ საცდურს წარმოადგენს, კიდევ ერთხელ გადაისინჯოს ”თარასჰოლის” მონაცემები.

ქართულ ისტორიოგრაფიაში დამკვიდრებული შეხედულებით ყივჩაღთა გადმოსახლება 1118-1120 წლებში უნდა მომხდარიყო. ეს ვარაუდი რუსული მონაცემებითაც დასტურდება. მაგალითად, ცნობილია, რომ 1116 წელს მონომახის შვილმა იაროპოლკმა დალაშქრა ყივჩაღთა სამფლობელოები, მაგრამ 1118 წელს ხელცარიელი დაბრუნდა უკან, რადგან მოწინააღმდეგე, უბრალოდ, ვერ აღმოაჩინა (თუ ეს ცნობა სწორია, მაშინ გამოდის, რომ რუსები საქმის კურსში არ ყოფილან მომხდარი ფაქტის შესახებ, რაც, ცხადია, გამორიცხავს უმაღლეს დონეზე წინასწარი შეთანხმების არსებობის შესაძლებლობას).

ვოლინელ მემატიანეს საინტერესო ცნობა აქვს დაცული საქართველოდან ყივჩაღების უკან დაბრუნების შესახებაც. მისი თქმით, ათრაქას განდევნის შემდეგ მეორე ტომი, რომლის ბელადი იყო სირჩანი, დონის მახლობლად დარჩა. ვლადიმირ მონომახის გარდაცვალების შემდეგ მან საქართველოში გაუშვა ერთი მებუკე, ვინმე ორევა და დაავალა ათრაქასთვის გადაეცა - კიევის მთავარი უკვე მკვდარია და შეგიძლია სამშობლოში დაბრუნდეო. სირჩანს ათრაქას შესაძლო უარიც გაუთვალისწინებია და შუამავლისთვის დაუბარებია: ”გადაეცი ეს ჩემი სიტყვები მას, უმღერე ყივჩაღური სიმღერები და უკეთუ არ ისურვოს წამოსვლა, მიეცი მას საყნოსავად ჯადო მწვანილი ევშანი”. 

სირჩანის წინდახედულებამ გაჭრა. ევშანის სურნელებამ ათრაქას სტეპების დაუძლეველი ნოსტალგია მოჰგვარა და აიძულა, უკან დაბრუნებულიყო. თვით ქართულ საისტორიო წყაროებში ცნობები ყივჩაღთა უკან დაბრუნების შესახებ არ შემონახულა. ამის მიუხედავად, ჩვენს ისტორიოგრაფიაში გაზიარებული შეხედულების მიხედვით, ასეთ ფაქტს ნამდვილად უნდა ჰქონოდა ადგილი. კერძოდ, ყივჩაღთა ერთი ნაწილი სამშობლოში უნდა დაბრუნებულიყო 1130 წლის შემდეგ, როცა დემეტრე I წინააღმდეგ წარუმატებელი აჯანყება მოაწყო მისმა ნახევარძმამ, ყივჩაღი გურანდუხტის ვაჟმა ვახტანგმა (ე.წ. ”ცვატამ”) და მისმა მომხრე ყივჩაღურმა სამხედრო ოლიგარქიამ. ვახტანგის დამარცხებისა და დასჯის შემდეგ უფალავნოდ დარჩენილ მის მომხრეებს უკან დაბრუნების გარდა სხვა გზა მართლა არ დარჩენოდათ.

თუმცა, ეს ყველას არ ეხება. ყივჩაღთა ნაწილი საბოლოოდ დამკვიდრდა საქართველოში და მისი ელიტის ზოგიერთმა წარმომადგენელმა წარმატებული კარიერაც გაიკეთა (მაგალითად, თამარისდროინდელი ნაყივჩაღარი ყუბასარი).