გასაგები მიზეზების გამო, საისტორიო წყაროებში დაცული რუსეთ-საქართველოს ურთიერთობათა ამსახველი ცნობების უმეტესობა სამხედრო დიპლომატიურ სფეროს განეკუთვნება. შედარებით მცირეა ინფორმაცია კულტურული კონტაქტების შესახებ. გასული საუკუნის მეორე ნახევარში ქართველმა ხელოვნებათმცოდნეებმა საგანგებოდ შეისწავლეს სამხრეთ-რუსული სამთავროების საეკლესიო არქიტექტურა მათში ქართული ელემენტების გამოვლენის მიზნით და ფრიად საყურადღებო დასკვნებიც გამოიტანეს.
სპეციალურ ლიტერატურაში გამოთქმულია მოსაზრება, რომ კიევის რუსეთის არაერთი საკულტო ნაგებობის მხატვრული გაფორმება დიდ სიახლოვეს ამჟღავნებს თანადროული ქართული ძეგლების დეკორთან. ანალოგიები გამოვლინდა არა მხოლოდ რუსეთში (კიევი, ჩერნიგოვი), არამედ ბულგარეთისა და რუმინეთის ტერიტორიაზეც. თუმცა, ხელოვნებათმცოდნეობითი ანალიზის გარეშეც არსებობს თანადროული წყარო, რომელშიც ფრიად საინტერესო ცნობაა დაცული კიევში მოზაიკის ქართველი ოსტატების საქმიანობის შესახებ. მხედველობაში გვაქვს კიევის მღვიმეთა მონასტრის მამათა ცხოვრება (ე.წ. კიევ-პეჩორის პატერიკი), რომელიც XIII საუკუნეში დასრულდა, თუმცა მასში აღწერილი, ჩვენთვის საინტერესო ეპიზოდი XI საუკუნის მიწურულს განეკუთვნება. აღნიშნულმა თხზულებამ ჩვენამდე რამდენიმე ნუსხის სახით მოაღწია, რომლებიც სხვადასხვა პერიოდშია გადაწერილი. ჩანს, გვიანდელმა ნუსხებმა სერიოზული რედაქტირება განიცადა და ჩვენთვის საინტერესო პასაჟი მათში საერთოდ გამოტოვებულია. სამაგიეროდ, ცნობა ქართველ ოსტატთა შესახებ დაუცავს XV საუკუნის ორ ხელნაწერს, ე.წ. არსენისა და კასიანეს ნუსხებს.
როგორც თხზულებიდან ირკვევა, მამათა ცხოვრება სპეციალურად შეუდგენია ვლადიმირის ეპისკოპოსს, სვიმონს, თავისი მეგობრის, კიევის მღვიმეთა მონასტრის ბერის პოლიკარპესათვის. ამის მიზეზი კარგად ჩანს თვითონ ძეგლში, საიდანაც ირკვევა, რომ პოლიკარპე, თავისი დროის ფრიად განათლებული პიროვნება, უკმაყოფილო იყო ლავრაში არსებული მდგომარეობით. მას მიაჩნდა, რომ მისი პერსონა სათანადოდ არ იყო დაფასებული სხვა ბერების მიერ და გულისტკივილი სვიმონისთვის მიუწერია. ვლადიმირის ეპისკოპოსმა საპასუხო წერილში მეგობარს თავმდაბლობისა და მოთმინებისაკენ მოუწოდა, გაახსენა, რომ იგი ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი მონასტრის ღვთისმსახური იყო და საკუთარი ამბიციები უნდა მოეთოკა.
წერილითვის ეპისკოპოს სვიმონს თან დაურთავს მღვიმეთა მონასტრის მამების ცხოვრების აღწერილობაც, რათა მათი გაცნობით ზნეობრივ-აღმზრდელობითი ზემოქმედება მოეხდინა ამპარტავნობის გზაზე შემდგარ ბერზე.
მამათა ცხოვრების აღწერილობაში მოთავსებულია ისტორია მღვიმეთა მონასტრის მთავარი ტაძრის აგებისა და მოხატვის შესახებ. სიუჟეტი ფრიად მარტივია და იმისათვის, რომ გავიგოთ, როგორ აღმოჩნდნენ ქართველი ოსტატები კიევში, რამდენიმე სიტყვით უნდა შევეხოთ თვითონ თხზულების შინაარსს.
კონკრეტულად, რის შესახებაა საუბარი აღწერილობაში?
ერთ დღეს კიევის მღვიმეთა მონასტრის იღუმენს იკონომოსმა მოახსენა:
- კონსტანტინეპოლიდან მხატვრები არიან ჩამოსული, თქვენი ნახვა უნდათ.
- დაუძახე!
ცოტა ხნის შემდეგ სენაკში რამდენიმე ოსტატი შევიდა. წინამძღვარი მათი სტუმრობის მიზეზით დაინტერესდა.
- ჩვენ ჩამოვედით, რათა შეთანხმების თანახმად შეკვეთილი სამუშაო შევასრულოთ –განაცხადა მხატვართა ამქრის ხელმძღვანელმა.
- რა შეთანხმებაზე საუბრობ - გაოცდა იღუმენი – ვინ მოგირიგდათ, როდის?
ახლა უკვე მხატვართა გაოცების ჯერი დადგა.
- როგორ, თქვენ საქმის კურსში არ ხართ?
- რის თაობაზე?
- გასულ წელს კონსტანტინე პოლში, ჩვენს ამქარში თქვენი მონასტრის წარმომადგენლები მოვიდნენ და ლავრის მოხატვაზე გაგვირიგდნენ. ბეც გადაგვიხადეს...
მხატვრები, შეთანხმების თანახმად, კიევში გამოცხადდნენ, მაგრამ კონტრაქტის შესრულებაზე უარი განაცხადეს, იმ მოტივით, თითქოს თავიდან შეთანხმება მცირე მოცულობის საყდრის მოხატვას შეეხებოდა, მღვიმეთა მონასტრის მთავარი ტაძარი კი გაცილებით დიდი აღმოჩნდა. ოსტატები მზად იყვნენ, ბე დაებრუნებინათ და ისევ კონსტანტინეპოლში დაბრუნებულიყვნენ.
საგონებელში ჩავარდნილმა წინამძღვარმა ნიკონმა სთხოვა მხატვრებს, დაესახელებინათ და აღეწერათ, ვინ გამოცხადდა მათთან მონასტრის სახელით. მხატვრებმა გარეგნულად დაახასიათეს ორი პიროვნება და მათი სახელებიც გაიხსენეს.
მაშინ წინამძღვარმა იკონომოსი იხმო და რაღაცის მოტანა დაავალა. ეს უკანასკნელი მალევე დაბრუნდა და ხელში ორი ღვთისმსახურის სურათი ეჭირა. როგორც კი მხატვრებმა მათ თვალი შეავლეს, მაშინვე წამოიძახეს:
- აი, სწორედ ესენი იყვნენ, ამას ანტონი ერქვა, ამას კი - თეოდორე.
- როდის მოხდა ეგ ამბავი? – დაზუსტების მიზნით იკითხა წინამძღვარმა.
- ექვსი თვის წინ, გასული წლის ოქტომბერში.
წინამძღვარი და იკონომოსი გაოგნებული მისჩერებოდნენ ერთმანეთს.
- კი მაგრამ, ექვსი თვის წინ თქვენთან როგორ მოვიდოდნენ, ეს ღირსი მამები უკვე რამდენიმე ათეული წელია, ცოცხლები აღარ არიან?!
მოდით, აქ შევწყვიტოთ იმპროვიზებული დიალოგის აღწერა მხატვრებსა და წინამძღვარს შორის. სურათი ისედაც ნათელია. საქმე გვაქვს პატერიკული ჟანრის თხზულებებისათვის დამახასიათებელ მხატვრულ ხერხთან, რომლის მიზანია ამა თუ იმ ღირსი მამის მოღვაწეობის აღმატებული სახით გადმოცემა. მოცემულ შემთხვევაშიც ასე მოხდა. როდესაც გაირკვა, რომ ანტონი და თეოდორე დიდი ხნის გარდაცვლილები იყვნენ და ისინი წინა წელს ვერანაირად ჩავიდოდნენ კონსტანტინეპოლში, ამის გამგონე მხატვრები შეძრწუნდნენ და ღვთის სასწაულებრივი ძალა ირწმუნეს. გარდაცვლილთა სულების საქციელმა მათზე უდიდესი ზნეობრივი ზემოქმედება მოახდინა და თანხმობა განაცხადეს, უსასყიდლოდ მოეხატათ მთელი ტაძარი.
როგორც ვხედავთ, თხზულების შინაარსი წმინდა საეკლესიო ხასიათისაა და მიზნად ისახავს მკითხველის დარწმუნებას, თითქოს ღირსი მამები გარდაცვალების შემდეგაც კი საიქიოდან ზრუნავდნენ თავიანთი მონასტრის საკეთილდღეოდ და ასეთ ტაძარში მოღვაწე ბერ პოლიკარპეს მეტი მოთმინება და სიდარბაისლე მართებდა, რათა ამპარტავნობაში არ გადავარდნილიყო.
დასახელებული თხზულება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობათა კუთხით იმითაა საინტერესო, რომ მასში კონსტანტინეპოლიდან ჩამოსულ მხატვრებს შორის ობეზების სახელით მოიხსენიებიან ქართველი მოზაიკის ოსტატებიც. “მოისმინეს რა ეს (ე.ი. ანტონისა და თეოდორეს ისტორია) ბერძნები (იგულისხმებიან მხატვრები) შეშინდნენ ამ პასუხით, რამეთუ მათ წამოყვანილი ჰყავდათ სხვა მრავალი ვაჭარი, რამეთუ ისინი ამ ბერძნებთან და ქართველებთან... წამოსულიყვნენ იქიდან”. აშკარაა, რომ აქ ბერძენი და ქართველი ოსტატების სამხატვრო ამქარი იგულისხმება, რომლის წევრებიც ერთად იღებდნენ შეკვეთებს და ასრულებდნენ სამუშაოს.
ბერძნები და ქართველები ერთად კიდევ მოიხსენიებიან თხზულებაში – “ნახეს რა ბერძნებმა და ქართველებმა სურათი მათი (ე.ი. ანტონისა და თეოდორესი), თაყვანი სცეს”.
აღნიშნული პასაჟი სრულიად ნათელ სურათს გვიხატავს. მართალია, მონასტრის იღუმენთან საუბარს კონსტანტინეპოლელი მხატვრები წარმართავდნენ (უნდა ვიგულისხმოთ, რაკი ბიზანტიიდან ჩამოვიდნენ, ისინი ბერძენი ოსტატები არიან), მაგრამ თხზულებიდან აშკარად ჩანს, რომ მათთან ერთად ჯგუფში ქართველებიც იყვნენ წარმოდგენილი. მეტიც – ისინი ესწრებოდნენ კიდეც იღუმენთან გამართულ საუბარს და ღვთაებრივ სასწაულში დარწმუნების შემდეგ ბერძნებთან ერთად მიიღეს გადაწყვეტილება მთავარი ტაძრის უსასყიდლოდ მოხატვის შესახებ
უნდა ვივარაუდოთ, რომ ქართველი მხატვრები კომპანიონებთან ერთად საქმიანობდნენ ბიზანტიაში. თუმცა, არც ისაა გამორიცხული, რომ ბერძნებმა ისინი კონსტანტინეპოლში დაიქირავეს კონკრეტული შეკვეთის შესასრულებლად
თხზულებიდან ჩანს, რომ ანტონისა და თეოდორეს სულების საქციელით აღფრთოვანებულ ოსტატებს კონსტანტინეპოლიდან წამოღებული სამხატვრო მასალა (კერძოდ – სოფიას კენჭი) უსასყიდლოდ გადაუციათ მონასტრისთვის და ტაძრის საკურთხეველი მოურთავთ. დაბეჯითებით თქმა ძნელია, ბერძნებს ეკუთვნოდა სოფიას კენჭი, თუ ქართველებს, თუ იგი საერთო ქონება იყო. ფაქტია, რომ მასალის განკარგვაში ორივე მხარე თანაბრად მონაწილეობდა. საინტერესოა იმის გარკვევაც, როგორ ჰქონდათ ფუნქციები განაწილებული სამუშაოს შესრულების პროცესში ბერძენ და ქართველ ოსტატებს. ისტორიოგრაფიასა და ხელოვნებათმცოდნეობაში გამოთქმულია ვარაუდი, რომ სამხატვრო სამუშაოებს ბერძნები ასრულებდნენ, მოზაიკას კი - ქართველი ოსტატები.
ცხადია, ამგვარი მსჯელობა პირობით ხასიათს ატარებს. იგი, ძირითადად, ბიზანტიური ფერწერისა და ქართული მოზაიკური სკოლის მსოფლიო მნიშვნელობის შესახებ ტრადიციული შეხედულებიდან გამომდინარეობს. მართლაცდა, მოზაიკის ქართველ ოსტატთა პროფესიონალიზმზე გელათისა და წრომის საქვეყნოდ ცნობილ ნიმუშებზე რომ არაფერი ვთქვათ, პალესტინისა (ბირ ელ კუთის უდაბნოში) და ბიჭვინთის კენჭური მოხატულობაც ნათელ წარმოდგენას გვიქმნის, რომლებიც გაცილებით ადრინდელ ეპოქას განეკუთვნება.
კიევის მღვიმეთა მონასტრის მამათა ცხოვრებაში დაცული ცნობა უნიკალურია ქართული კულტურისა და ხელოვნების ოსტატთა საერთაშორისო კონტაქტების თვალსაზრისით და დოკუმენტურად ამაგრებს ხელოვნებათმცოდნეობით ლიტერატურაში დამკვიდრებულ შეხედულებას XI-XII საუკუნეთა რუსულ საეკლესიო არქიტექტურაში ქართული ხუროთმოძღვრული ელემენტების არსებობის შესახებ.