"კაზუს ბელი" – თივის ბღუჯა

როგორც ცნობილია, კიევის რუსეთის სახელმწიფო IX საუკუნეში აღმოცენდა და ეს იყო სლავურ ტომთა კონსოლიდაციის შედეგი, რომელიც სწრაფი ტემპით მიმდინარეობდა აღმოსავლეთ ევროპის ვაკეზე პირველი ათასწლეულის შუა ხანებში. ამ პერიოდშივე დაიწყო მისი პოლიტიკური, კულტურული და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობანი მეზობლებთან, მათ შორის ქართველებთანაც. პირველი ცნობები ამის თაობაზე უკვე XI საუკუნის დასაწყისში გვხვდება.

კიევის რუსეთის საგარეო პოლიტიკა პირველი მთავრების დროსვე განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩეოდა. მათთვის არ არსებობდა არანაირი შემაფერხებელი გეოგრაფიული ბარიერი, მათ შორის, ისეთი ძნელად გადასალახი, როგორიც იყო შავი ზღვა და კავკასიონის ქედი. სომხურ, ბიზანტიურ და არაბულ წყაროებში არაერთი ცნობაა დაცული რუსული რაზმების მიერ ბიზანტიისა და აღმოსავლეთ ამიერკავკასიის ტერიტორიაზე მოწყობილი რეიდების შესახებ. მაგალითად, მოვსეს დასხურანელი აღწერს, როგორ დალაშქრეს ბარდავი ჩრდილოეთიდან მოსულმა, რუზიკებად წოდებულმა ხალხმა და მხოლოდ ექვსი წლის შემდეგ დატოვეს ალბანეთის (თანამედროვე აზერბაიჯანი) ტერიტორია. იბნ მისკავეიჰის ცნობით, რუსებს 943-944 წლებშიც დაურბევიათ ეს ქალაქი. მათ კვალს IX-X საუკუნეებში ვხედავთ კასპიის ზღვის სამხრეთ სანაპიროზეც, გილანის, დეილემისა და ტაბარისტანის პროვინციებში.

რუსთა მარბიელი თავდასხმებისგან დაზღვეული არ იყო იმ დროისათვის უძლიერესი ბიზანტიაც. უძველესი ცნობა ასკოლდისა და დირის მეთაურობით კონსტანტინეპოლის გარემოცვის შესახებ 860 წელს განეკუთვნება.

არ არსებობს წერილობით წყაროებში დაცული პირდაპირი მითითება, მაგრამ ნუმიზმატიკური მონაცემებით აშკარად ჩანს სავაჭრო ურთიერთობის არსებობა (სავარაუდოდ, ზღვის მეშვეობით) რუსეთსა და საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ პოლიტიკურ ერთეულებს შორის. ამის დასტურია ფაქტი, რომ თბილისის ამირათა მონეტები აღმოჩენილია ვლადიმირის, მინსკისა და ფსკოვის მიდამოებში.

XI საუკუნის შუა ხანებში რუსეთმა გავლენა განავრცო შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე ტმუტარაკანის სამთავროზე და გაუმეზობლდა დასავლეთ საქართველოს (აფხაზთა სამეფოს). ცხადია, ქუთათისის ტახტი კარგად იყო ინფორმირებული ამ პროცესების შესახებ. რუს-ქართველთა სხვადასხვა ტიპის კონტაქტები განსაკუთრებით გახშირდა X-XI საუკუნეთა მიჯნაზე, როდესაც კიევის სახელმწიფომ ქრისტიანობა აღიარა (988 წელი) და კონსტანტინეპოლი აღმოსავლეთის ქრისტიან ხალხთა თავისებურ კულტურათშემკრებ ცენტრად იქცა.

უძველესი ცნობა ჩრდილოელ მეზობლებთან ქართველების უშუალო კონტაქტის შესახებ 1001 წელს განეკუთვნება. სომხურ წყაროში აღწერილია რუსთა და ივერიელთა რაზმების შეტაკება საქართველო-ბიზანტიის სასაზღვრო მოლაპარაკების დროს, რომელიც ე.წ. “ზემონი ქუეყანანის” ტერიტორიას ეხებოდა.

საკითხში გასარკვევად ცოტა უკან დავიხიო და გავიხსენოთ, რაში მდგომარეობდა ამ პრობლემის არსი.

საქართველოს ისტორიიდან კარგადაა ცნობილი, როგორ მიახმარა 979 წელს დავით კუროპალატმა თორნიკე ერისთავის მეთაურობით ჯარი ბარდა სკლიაროსის აჯანყების გამო კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ბიზანტიის ხელისუფლებას. მადლიერმა იმპერატორებმა ბასილიმ და კონსტანტინემ სანაცვლოდ ტაოს მეფეს საპატიო ტიტული და “ზემონი ქუეყანანი” უბოძეს. არსებითად, ეს იყო საჩუქარი ქაღალდზე, რადგან ამ ტერიტორიას იმ დროისათვის მცირე აზიაში ახალგამოჩენილი თურქი მომთაბარეები აკონტროლებდნენ. თანაც, ეს მხარე დავითმა მიიღო არა მუდმივ, არამედ დროებით მფლობელობაში, მისი სიცოცხლის განმავლობაში.

987-989 წლებში დავით კუროპალატი კიდევ ერთხელ ჩაერია შიდაბიზანტიურ დაპირისპირებაში და იმჯერად ბასილი II-ის წინააღმდეგ აჯანყებულ სარდალს ბარდა ფოკას დაუჭირა მხარი. იმპერატორმა თავისი სიძის, კიევის მთავარ სვიატოსლავის დახმარებით ჩაახშო აჯანყება. რთულ სიტუაციაში ჩავარდნილი დავით III, ანგარიშსწორების თავიდან ასაცილებლად, იძულებული გახდა, პირობა დაედო, რომ მისი გარდაცვალების შემდეგ ბიზანტიას არა მხოლოდ ნაწყალობევ ტერიტორიას, არამედ მთელ ტაოს საკურაპალატოს გადასცემდა. “ზემონი ქუეყანანი:-ს გარდა აქ იგულისხმებოდა ძირძველი ქართული ოლქები: იმიერტაო, ოლთისი და თორთომი, სპერი, პარხალი, ჩრდილოეთ ბასიანი. ასე ჩაისახა დავით კუროპალატის მემკვიდრეობის პრობლემა, რომელიც შემდეგ საქართველო-ბიზანტიის ხანგრძლივი დაპირისპირების მიზეზად იქცა.

1001 წელს დავით ტაოელი გარდაიცვალა. ბაგრატიონთა მემატიანე სუმბატის ცნობით “გამოვიდა ბასილი ბერძენთა მეფე და მიცნეს მას ციხენი აზნაურთა მათ დავითისათა. და დაიპყრა ბასილი მეფემან მამული დავით კურაპალატისა”. ბაგრატ III და მამამისი გურგენი ბასილისთან მოსალაპარაკებლად გაემართნენ. იმპერატორმა გარეგნულად დიდებული შეხვედრა მოუწყო აფხაზთა მეფეს და ხელმწიფურადაც დაასაჩუქრა. ბაგრატმა კუროპალატის ტიტული მიიღო, გურგენმა კი მაგისტროსის.

ზოგიერთი ცნობით, ბაგრატს გარკვეული ნაწილი დარჩა დავით III მემკვიდრეობიდან, მაგრამ ტაოს უმეტესი ნაწილი და “ზემონი ქუეყანანი” ბასილიმ დაინარჩუნა, რომელმაც ამ ტერიტორიაზე ახალი სამხედრო-ადმინისტრაციული ერთეული—იბერიის საკატეპანო დააარსა.

სწორედ ამ მოლაპარაკების დროს მოხდა ისტორიაში ჩვენთვის ცნობილი პირველი ქართულ-რუსული ხმალთაკვეთება.

თითქოსდა, საქმე მშვიდობიანად მოგვარდა, მაგრამ სომეხი მემატიანის სტეფანოს ტარონელის ცნობით, მოლაპარაკების ბოლოს ყოფით ნიადაგზე მომხდარა სერიოზული სამხედრო კონფლიქტი, რომელშიც ივერიელ და რუს მეომრებს მიუღიათ მონაწილეობა. ბასილის ბანაკში იმყოფებოდა დაქირავებული რუსული რაზმი, რომლის ერთ-ერთ მებრძოლს თურმე საკვები მიჰქონდა ცხენისთვის. იქვე მყოფმა ივერიელმა მას თივა წაართვა და როცა ეს უკანასკნელი გაუძალიანდა, კისერშიც წაუთაქა. “მაშინ რუსთან დასსახმარებლად მეორე რუსმა მიირბინა. ივერიელმა თავისიანებს მოუწოდა, რომლებმაც, მოირბინა რა, მოკლეს პირველი რუსი. მაშინ ყველა იქ მყოფი რუსები საომრად მოემზადნენ”. 

ბანალური მიზეზის გამო დაწყებული დაპირისპირება ტრაგიკულად განვითარდა. რუსების რაოდენობა 6000 კაცს აღწევდა და ფარ-შუბებით იყვნენ აღჭურვილი. ხმლით შეიარაღებული მცირერიცხოვანი ივერიელები (ტაოელი აზნაურები და მათი ქვეშევრდომები) იძულებული გახდნენ, უთანასწორო ბრძოლა მიეღოთ. “იქ დაიღუპა დიდი მხედართმთავარი, რომელსაც პატრიარქი (პეტრიკი) ეწოდებოდა, ოჩოპენტრეს ორი ვაჟიშვილი - გაბრიელ და იოანე, ჩორდვანელი აბუ-ხარაბას შვილიშვილი და სხვანი მრავალნი, რადგანაც მათი ქედმაღლობისათვის ღვთის რისხვა ტრიალებდა მათ თავზე” - წერდა სტეფანოსი. 

დაახლოებით იგივეს გადმოგვცემს მეორე სომეხი მემატიანე არისტარკეს ლასტივერტელი, მაგრამ შეტაკების ნამდვილი მიზეზის მითითების გარეშე. იგი არც დაღუპულ დიდგვაროვნებს ასახელებს პერსონალურად, მხოლოდ შენიშნავს, რუსებმა “აზნაურთაგან 30 კაცი ფრიად საპატიოთაგანი” ამოჟლიტესო.

თვითონ სტეფანოზ ტარონელი აღწერილი ამბების თანამედროვე იყო, თანაც სწორედ იმ რეგიონის მკვიდრი, სადაც სასაზღვრო მოლაპარაკება გაიმართა. ამდენად, არანაირი საფუძველი არ არსებობს, მის მონათხრობში ეჭვი შევიტანოთ და ვიფიქროთ, რომ თივასთან დაკავშირებული ეპიზოდი მემატიანის ფანტაზიის ნაყოფს წარმოადგენს.

ჩვენი ისტორიოგრაფია ნდობით მოეკიდა სტეფანოსის ცნობას. აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია მხოლოდ საკითხმა, ვინ შეიძლება ყოფილიყო კონფლიქტის მონაწილე ქართველთა მხრიდან. ზოგი ფიქრობდა, რომ მოლაპარაკების მიწურულს შეტაკება მოხდა ბასილისა და ბაგრატ-გურგენის ბანაკებში მყოფ რუსებსა და ქართველებს შორის, თუმცა, უმრავლესობა ამ მოსაზრებას არ იზიარებს. ჩანს, კონფლიქტი უშუალოდ ბიზანტიის იმპერატორის ბანაკში მყოფთა შორის აღმოცენდა, რომელსაც თან ახლდნენ როგორც დაქირავებული რუსები, ასევე - დავით კურაპალატის ქვეშევრდომი დიდაზნაურები (გავიხსენოთ, რომ მათ საკუთარი ნებით გადასცეს ბასილის ციხეები). 

ასეთი დასკვნისკენ თვითონ სტეფანოსის ცნობა მიგვანიშნებს. მისი თქმით, მოლაპარაკება უკვე დამთავრებული იყო და ქართველ მეფეთა “გამგზავრების დღეს ბ ე რ ძ ე ნ თ ა ბ ა ნ ა კ შ ი (ხაზგასმა ჩვენია. ზ. დ.) ძლიერი შეტაკება მოხდა უმნიშვნელო მიზეზის გამო. დავით კურაპალატის მთავრები და ვასალები, იქ მისულნი, ბერძნების ბანაკის გვერდით იდგნენ”. მემატიანე ხაზგასმით მიუთითებს, რომ “ტაოს მთავრები და ვასალები ერთად გამოვიდნენ მათ (რუსების) წინააღმდეგ... თუ გავითვალისწინებთ, რომ XI საუკუნის პირველ ნახევარში ტაოელ აზნაურთა გადასვლა ბიზანტიელთა მხარეს საკმაოდ გავრცელებული მოვლენა იყო (ამის არაერთი მაგალითია დასახელებული “ქართლის ცხოვრებაში”, ამ მოსაზრებაში მიუღებელი არაფერია.

საინტერესო მოსაზრება განავითარა ცნობილმა რუსმა ბიზანტინისტმა, აკადემიკოსმა ვასილევსკიმ. მისი შენიშვნით, შესაძლოა, 1001 წელს მომხდარი კონფლიქტი კავშირში იყოს 989 წლის ამბებთან. როგორც ცნობილია, მაშინ ბასილი იმპერატორმა ბარდა ფოკას აჯანყება სწორედ დაქირავებული რუსების დახმარებით ჩაახშო, ტაოელები კი ამ დროს მის წინააღმდეგ იბრძოდნენ. ამის შემდეგ ქართველებს ბიზანტიაში სწორედ რუსული რაზმები გაუხდნენ მოქიშპედ და მათ შორის ჯიბრი ჩამოვარდა. ვასილევსკი არ გამორიცხავს, რომ 1001 წლის შეტაკებაში რევანშისტულად განწყობილი ქართველების მიერ რუსთა მიმართ არსებულმა გაღიზიანებამ ითამაშა მთავარი როლი.

ქართველთა ეპიზოდური კონტაქტები რუსულ სამხედრო ძალასთან ამით არ ამოწურულა. ბაგრატის მემკვიდრე, მეფე გიორგი I (1014-1027) არ აპირებდა შეგუებოდა ბიზანტიელთა მიერ დავით ტაოელის მემკვიდრეობის მითვისებას და ხელსაყრელ მომენტს ელოდა ამ ტერიტორიის უკან დასაბრუნებლად. ასეთად მან მიიჩნია XI საუკუნის 20-იანი წლების შუა ხანები, როდესაც ბიზანტიელები ჩართული იყვნენ დუნაის ბულგარებთან ომში და კვლავ შემოიერთა იბერიის საკატეპანო. 1019 წელს, ბულგარებთან ომის წარმატებით დასრულების შემდეგ ბასილი II-მ ქართველთა წინააღმდეგ გამოილაშქრა. ჩვენს ისტორიოგრაფიაში დეტალურადაა შესწავლილი ეს ომი (1021-1022) და მის დეტალებზე ყურადღებას აღარ შევაჩერებთ. აღვნიშნავთ მხოლოდ იმ ფაქტს, რომ კეისრის ლაშქარში გიორგი I-ის წინააღმდეგ კვლავ ვხედავთ რუსებს. სუმბატ დავითის ძის ცნობით, “მასვე ჟამსა იძლივნეს მეოტ იქმნეს სპანი გიორგისნი, რომელნი იგი პირველ მოვიდეს კერძო ტაღმანი მეფისანი რუსნი და არა განერა ერთიცა პირველ მისრულთა მათ თვინიერ მცირეთასა”.

როგორც აღნიშნული ამონარიდიდან ჩანს, ქართველთა მეწინავე რაზმების დამარცხებაში მონაწილეობა მიუღიათ რუსებს, რომლებიც ცალკე სამხედრო შენაერთს წარმოადგენდნენ ბასილი II-ის ლაშქარში.

იმავე მოვლენის შესახებ გვიამბობს “მატიანე ქართლისა”. მართალია, იგი, კონკრეტულად, რუსებს არ ასახელებს, მაგრამ შენიშნავს, რომ ბასილის ლაშქარში იყო “უცხო თესლი ურიცხუი”.

საინტერესოა, რომ სუმბატის ცნობა თავის დროზე გაუგებრობის საფუძველი გახდა. XIX საუკუნის თვალსაჩინო ისტორიკოსებმა დ. ბაქრაძემ და მ. ჯანაშვილმა არასწორად გაიაზრეს მემატიანის ფრაზა - “ტაღმანი მეფისანი რუსნი ” და დაასკვნეს, რომ ქართველების წინააღმდეგ ბრძოლაში მონაწილეობდნენ რუსთა მეფის რაზმები (ანუ “ტაღმანი”). სინამდვილეში, მოცემულ კონტექსტში საუბარია არა რუსთა მეფეზე, არამედ ბასილი იმპერატორზე. რუსთა რაზმი, რომელიც მასთან იმყოფებოდა, თავისუფლად შეიძლება ყოფილიყო დაქირავებული ლაშქარი და არა ბიზანტიელთა მოკავშირე კიევის მთავრის მიერ გამოგზავნილი დამხმარე ჯარი. თუმცა, თეორიულად, არც ამ მოსაზრების გამორიცხავა შეიძლება.

რუსთა დაქირავებული რაზმების მონაწილეობა საქართველოს შიდაპოლიტიკურ პროცესებში კიდევ უფრო რელიეფურად გამოჩნდა 1046-1047 წლებში, როდესაც ბაგრატ IV და ლიპარიტ ბაღუაშს შორის ატეხილი შინაომის აღწერისას “მატიანე ქართლისა”-ს ფურცლებზე პირველად გამოჩნდნენ რუს-ვარანგები. ამის შესახებ მომდევნო წერილში გიამბობთ.