ძველი ქართული საისტორიო მწერლობა სხვადასხვა საინტერესო ინფორმაციას შეიცავს მოსაზღვრე თუ მოშორებით მცხოვრები ხალხებისა და ქვეყნების შესახებ. რაც უფრო მჭიდრო იყო მათთან პოლიტიკურ-დიპლომატიური, კულტურული თუ სავაჭრო-ეკონომიკური კონტაქტები, მით უდრო ხშირად იხსენიებიან ისინი წყაროებში. ცნობები ამ ხალხების შესახებ სრულიად სხვადასხვა ხასიათისაა და ცალკეულ შემთხვევებში ისინი შეიძლება რომელიმე ეთნოსის მხოლოდ სახელწოდების მოხსენიებით გამოიხატებოდეს.
წინა ნაკვეთში უკვე აღვნიშნეთ, რომ XI-XIV საუკუნეებში, შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა ეპიზოდურ ხასიათს ატარებდა. ამის მიუხედავად იმდროინდელი ქართული საზოგადოებრივი აზრი კარგად იყო ინფორმირებული რუსებისა და რუსეთის შესახებ და თუ წყაროებში დაცული ცნობები შედარებით მწირი ხასიათისაა, ეს უფრო მათი ნაკლულევანი ხასიათით აიხსნება, ვიდრე კონტაქტების არარსებობით.
რა სახელწოდებით იხსენიებდნენ რუსებს, ზოგადად, თანამედროვე აღმოსავლეთ ევროპის ვაკესა და სამხრეთ-დასავლეთი ევროპის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას შუა საუკუნეთა საქართველოში?
ამ თვალსაზრისით პირველი ცნობები ორიგინალურ საისტორიო მწერლობაში XI საუკუნეში ჩნდება. მაგალითად, გიორგი ხუცეს-მონაზონის თხზულებაში “ცხოვრებაი და მოქალაქეობაი გიორგი მთაწმინდელისაი” მოიხსენიება ტერმინი “სკლავი” (სლავი). ავტორი გადმოგვცემს - “არს მთა წმინდისა პრასტინთა შინა სოფელი ერთი, რომელსა ლივსდია ეწოდების... და ვჰგონებ თუ არვინ წმინდათაგანი მიმწუდარა მუნ, ხოლო კაცნი მკვიდრ არიან ბორღალნი, რომელთა ს კ ლ ა ვ (ხაზგასმა ჩვენია, ზ.დ.) ეწოდების”... ამას მოსდევს ცნობა სოფელში მდგარი კერპის შესახებ, რომელიც მარმარილოსგან იყო გამოქანდაკებული და სახით დედაკაცს ჰგავდა.
გიორგი მთაწმინდელს ეს კერპი დაუმსხვრევია და ლივსდიელი სლავები ქრისტიანობაზე მოუქცევია.
როგორც ვხედავთ, გიორგი ხუცეს-მონაზონის თხზულებაში ტერმინები- “ბორღალი” და “სკლავი” სინონიმებადაა მიჩნეული.
ცნობილია, რომ “სკლავი” სლავთა აღმნიშვნელი ბიზანტიური სახელწოდებაა. ჩანს, გიორგი ხუცეს-მონაზონმა იგი ათონის ქართველთა მონასტერში შეითვისა. სხვა ქართულ ორიგინალურ ძეგლებში, ჯერჯერობით, მის მოხსენიებას ვერ ვხვდებით.
საყურადღებოა ის ფაქტი, რომ მწერალი “სკლავს” ერთგვარი განმარტების მიზნით იყენებს ბორღალთა ვინაობის განსამარტავად. აქედან ჩანს, რომ აღნიშნული ეთნონიმი (იგივე ბოლგარი/ბულგარი) მისთვის უფრო ნაცნობი შინაარსის სახელწოდებაა. მართლაც, ამ სიტყვას ჩვენ ვხვდებით თვითონ გიორგი მთაწმინდელის მიერ შედგენილ იოანე და ექვთიმე მთაწმინდელთა ცხოვრების აღწერილობაში, სადაც აღნიშნულია - “კუალად ბურღალთაგან ყოველნი სოფელნი ჭირსა შინა იყვნენ”.
დასახელებული მაგალითებიდან დაბეჯითებით ძნელია მტკიცება, “სკლავში” მხოლოდ ბალკანეთის სლავები იგულისხმება, თუ იგი უფრო ვრცელი შინაარსის მქონე ტერმინი იყო და აღმოსავლეთ ევროპის სლავებზეც ვრცელდებოდა.
საინტერესოა, რა სურათი იკვეთება ჩვენთვის საინტერესო საკითხთან დაკავშირებით არა მხოლოდ ქართულ ორიგინალურ, არამედ ნათარგმნ ძეგლებში? ამ თვალსაზრისით საყურადღებო ცნობებია დაცული XI საუკუნეში ბერძნულიდან ქართულად ნათარგმნ შემდეგ თხზულებებში: “ცხოვრებაი ანდრია სალოსისა”, “ღვთისმშობლისა მიერ სასწაულებრივი ხსნა კონსტანტინოპოლისა სპარსთა და სკვითთა ზედა მოსვლისაგან”, “სასწაულნი დიმიტრისნი, აღწერილი იოანე თესალონიკელის მიერ” და მაქსიმე აღმსარებლის თხზულება “ნეტარისა თალასეს მიმართ”.
აღნიშნულ თხზულებებში უკვე გვხვდება ტერმინ “რუსის” მოხსენიება. ამ სახეწოდებას, ოდნავ განსხვავებული ფორმით (“რუზიკი”), ასევე იცნობენ თანადროული სომხური და არაბული წყაროები (მოვსეს დასხურანელი, იბნ მისკავეიჰი).
ანდრია სალოსის ცხოვრებაში აღწერილია ეპიზოდი, როგორ იწინასწარმეტყველა ამ უკანასკნელმა კონსტანტინეპოლზე მოსალოდნელი თავდასხმა- “და იტყვიან ზოგნი ვითარმედ სარკინოზნი არიან ნათესავნი იგი რომელნი მოვლენ, მე ვიტყოდი რომელ ნათესავნი მწითურთა მოვალს, რომელსა ჰქვიან რუსნი” (მკითხველს უნდა მოვუბოდიშოთ, რადგან აქ და ქვემოთაც, ტექნიკური პრობლემების გამო, იძულებული ვართ, ორიგინალში დაქარაგმებული ფორმით გამოყენებული სიტყვები სრული სახით დავიმოწმოთ).
626 წელს სკვითებისა და ავარების მიერ კონსტანტინეპოლის გარემოცვაა აღწერილი გიორგი მთაწმინდელის მიერ ნათარგმნ თხზულებაში “ღვთისმშობლის მიერ სასწაულებრივი ხსნა კონსტანტინოპოლისა”...
ძეგლში აღნიშნულია, რა დაკნინებულ მდგომარეობაში იმყოფებოდა ბიზანტია ჰერაკლეს გაკეისრების ჟამს- “ესოდენ იყო დამდაბლებულ და მოკლებულ ყოველივე ძალი სამეფოი საბერძნეთისა ყოვლით კერძო და შემუსვრილ მრავალ გზის სპარსთა მიერ და სკვითთა, ესე იგი არს რ უ ს თ ა” (ხაზგასმა ჩვენია, ზ.დ.)
დამოწმებული ციტატის კონტექსტში რუსის მოხსენიებას ისეთივე განმარტებითი ფუნქცია აკისრია, როგორც გიორგი ხუცეს-მონაზონთან სკლავს. ფაქტია, რომ მოცემულ შემთხვევაში ავტორი მკაფიოდ აღნიშნავს სკვითისა და რუსის იდენტურობას. რა არგუმენტებს ემყარება ეს მტკიცება?
სამეცნიეო ლიტერატურაში დიდი ხანია გარკვეულია, რომ XII საუკუნეში ბიზანტიელები რუსებს სკვითებისა და ტავრო-სკვითების სახელით იცნობდნენ. ჩანს, ბერძნულიდან გადმოღებულ ძეგლებში ქართველი მთარგმნელის მიერ ამ ტერმინთა იგივეობის ხაზგასმა ბერძნული ტრადიციიდან მომდინარეობს. ამასთან, სკვითის ქართულ გაგებაში ნათლად ჩანს მისი ბარბაროსული, წარმართული შინაარსიც.
ამ თვალსაზრისით უაღრესად საინტერესო ცნობებია დაცული თამარის ისტორიკოსთა თხზულებებში, სადაც ასევე ვხვდებით მითითებას სკვითისა და რუსის იდენტურობის თაობაზე. “ისტორიანი და აზმანის” ავტორი, საუბრობს რა თამარის მეუღლის მანკიერ თვისებებზე, აღნიშნავს- “შევიდა სატანა გულსა სუეუბედურისა რუსისასა, სკვით რაიმე სახელდებულისა”. ბასილი ეზოსმოძღვარი კი წერს- ”და გამოაჩნდებოდეს რუსსა სკვითურნი ვითარ ნაღებნი ბუნებითნი”-ო.
თამარის პირველი ისტორიკოსის თხზულებაში პირდაპირ ვხვდებით მინიშნებას, რომ გიორგი რუსის უკეთური ზნის დასახასიათებლად სკვითთან შედარება სწორედ ზემოთ ხსენებული ნათარგმნი თხზულების ტრადიციიდან მომდინარეობს.
რუსებისა და სკვითების, როგორც ერთგვაროვანი ეთნიკური შინაარსის ცნებათა მოხსენიებას აგრეთვე ვხვდებით ეფთვიმე მთაწმინდელის მიერ X საუკუნის ბოლოს ნათარგმნ მაქსიმე აღმსარებლის თხზულებაში “ნეტარისა თალასეს მიმართ”. ძეგლში დასახელებული ხალხი მოიხსენიება იაფეთის შთამომავალთა შორის.
დასკვნა ასეთია: ბერძნული ლიტერატურული ტრადიციის ზეგავლენით საქართველოში სკვითი და რუსი სინონიმურ ცნებებად მიაჩნდათ, საკუთრივ სკვითის გაგებაში კი ჩვენი წინაპრები წარმართულ შინაარსს გულისხმობდნენ. აქედან გამომდინარე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ქართულში ეს სიტყვა რუსთა ქრისტიანობამდელი ხანის (X საუკუნემდე) აღმნიშვნელ ტერმინს წარმოადგენდა.
“რუსი”, “რუსნი”, რუსეთი” ფრიად გავრცელებული სახელწოდებებია “ქართლის ცხოვრების” ძეგლებში. თამარის ისტორიკოსების გარდა, მონღოლთა ლაშქრობებთან დაკავშირებით, ისინი არაერთგზის იხსენიებიან ჟამთააღმწერლისა და ბერი ეგნატაშვილის თხზულებებში. რუსი ასევე ცნობილია ქართულ ლიტერატურულ ძეგლებშიც, მაგალითად, “ვეფხისტყაოსანში” (ავთანდილის სიმღერის მოსასმენად “მოვიდიან... რუსნი, სპარსნი, მოფრანგენი და მისრეთით მეგვიპტელნი”), ჩახრუხაძესთან (მოგზაური პოეტის მიერ მონახულებულ ქვეყნებში დასახელებულია რუსეთიც- “ხაზარეთს დაჰყვის, რუსეთსაც ჩაჰყვის, ზღვის პირით ჰქროდის ტაროსით ქარი”), აგრეთვე შედარებით გვიანდელი ეპოქის ავტორებთან (ნოდარ ციციშვილი, არჩილი, მამუკა ბარათაშვილი და სხვა).
თუ ეთნიკური რუსის აღსანიშნავად ქართულ წყაროებში ტერმინების დიდი სიჭრელე იგრძნობა, პოლიტიკური შინაარსის მქონე სახელწოდებად უპირატესად რუსეთი გამოიყენება. გამონაკლისია “ქართლის ცხოვრების” ზოგიერთი ხელნაწერის განმარტება რუსეთისა და ხაზარეთის იგივეობის შესახებ, რაც, ცხადია, სიმართლეს არ შეესატყვისება. ამ ორ ეთნოპოლიტიკურ ცნებას კომპასის ისრის მიმართულების გარდა საერთო არაფერი გააჩნია.