ქართველები დედამიწის ზურგზე მცხოვრებ ხალხთაგან ერთ-ერთი უძველესია, როგორც ეთნიკური, ასევე - სახელმწიფოებრივი ისტორიით. საუკუნეთა განმავლობაში ჩვენს წინაპრებს სხვადასხვა ხასიათის ურთიერთობა ჰქონდათ მეზობელ ხალხებთან და ქვეყნებთან რამაც, ცხადია, გარკვეული ასახვა ჰპოვა ამ ხალხთა საისტორიო ცნობიერებასა და მწერლობაში. უაღრესად საინტერესოა იმ ტერმინთა ისტორიულ-ლინგვისტური ანალიზი, რომლითაც სხვადასხვა ენაზე აღინიშნებოდა ქართველები და საქართველო. ამ სახელწოდებებში კოდირებულია უძვირფასესი ინფორმაცია ჩვენი წინაპრებისა და მეზობელი სამყაროს ურთიერთობათა ქრონოლოგიისა და შინაარსის შესახებ. სანიმუშოდ შეიძლება დავასახელოთ ქართულში დაცული მეზობელი სომხების სახელწოდება.
ტერმინი “სომეხი” უნიკალურია იმით, რომ მას ქართულის გარდა ვერცერთ სხვა ენაში ვერ შეხვდებით. დანარჩენი მსოფლიოსთვის არსებობს სომეხთა აღმნიშვნელი სრულიად სხვა სახელწოდება - “არმენია” და “არმენ” (“ერმენ”, “არმიანინ”). დიდი დაკვირვება არაა საჭირო ამ გარემოების ასახსნელად. საქმე ისაა, რომ ორი უძველესი მეზობელი ხალხის - ქართველებისა და სომხების ურთიერთობა ჯერ კიდევ მაშინ ჩაისახა, როცა თანამედროვე სომხეთის ტერიტორიაზე “სოხმა/სუხმა”-ს ეთნიკური ჯგუფი იყო დამკვიდრებული. მოგვიანებით აქ ჰეგემონია ინდოევროპული მოდგმის არმენებმა მოიპოვეს და ეს სახელწოდება ბერძნულ-რომაული სამყაროს მეშვეობით გავრცელდა დანარჩენ მსოფლიოში. ქართულმა ენამ და საისტორიო მეხსიერებამ კი არა თუ დაკარგა, შეინარჩუნა კიდეც სახელწოდება ამ მხარისა და მის ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხისა.
უცხოენოვან სამყაროში დაფიქსირებული ქართველთა და საქართველოს აღმნიშვნელი სახელწოდებანი წარმოდგენას გვიქმნის დანარჩენ მსოფლიოში ჩვენი წინაპრების შესახებ ინფორმაციის გავრცელების არეალზე, აგრეთვე ქვეყნის პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური ისტორიის სხვადასხვა ასპექტზე. ამ თვალსაზრისით, ცხადია, უაღრესად მნიშვნელოვანია, გაირკვეს რუსულ საისტორიო მწერლობაში საქართველოს აღმნიშვნელი ტერმინების ეთნიკური და პოლიტიკური გრადაცია.
თანამედროვე რუსულ ენაში, როგორც ცნობილია, საქართველოსა და ქართველთა აღსანიშნავად გამოიყენება სახელწოდებანი - “გრუზია” და “გრუზინ”’.
როგორც ირკვევა, ეს სახელწოდებანი რუსულში დამკვიდრდა შედარებით გვიან, XIV-XV საუკუნეებში. მანამდე კი საქართველოს აღმნიშვნელმა ტერმინებმა ფორმირების მეტად საინტერესო გზა განვლო, რაც სათანადოდ აისახა კიდეც რუსულ საისტორიო მწერლობაში.
ამ თვალსაზრისით, უძველესი ნიმუში დაცულია XII საუკუნის მეორე ნახევარში შედგენილ რუსულ მატიანეთა კრებულში - “გარდასულ წელთა ამბავი” (“პოვესტ ვრემენნიხ ლეტ”). მემატიანე, საუბრობს რა წარღვნის შემდეგ ნოეს შვილებს შორის ტერიტორიების განაწილებაზე, იაფეტის წილხვედრ ქვეყნებში მოიხსენიებს “კოლხის”-ს, ასევე - “კავკაისინსკაია გორი, რეკშე უგორსკი”. ცხადია, სახელწოდებაში “კოლხის” იგულისხმება ძველი ასურული და ურარტული ლურსმნული წარწერებიდან, აგრეთვე ბერძნულ მითოლოგიასა და საისტორიო მწერლობაში კარგად ცნობილი კულხა-კილხა-კოლხა-კოლხეთის პოლიტიკური გაერთიანება.
რუსულ და ქართულ ისტორიოგრაფიაში ამჟამად დადგენილია, რომ “გარდასულ წელთა ამბავის” ცნობა იაფეტის წილხვედრი “კოლხის”-ის შესახებ მწიგნობრული წარმოშობისაა და მომდინარეობს IX საუკუნის ბიზანტიელი ავტორის გიორგი ამარტოლის ქრონიკიდან. ეს თხზულება მოიცავს პერიოდს სამყაროს შექმნიდან 824 წლამდე და ძალზე პოპულარული იყო ქრისტიანულ სამყაროში. ამარტოლის ქრონიკა XI საუკუნეში ითარგმნა ძველ სლავურ/რუსულ ენაზე. აქედან ჩანს, რომ ტერმინი “კოლხის” რუსულ საისტორიო მწერლობაში XI საუკუნეზე ადრე ვერ გაჩნდებოდა.
რაც შეეხება მეორე სახელწოდებას - “კავკაისინსკია გორი, რეკშე უგორსკი”, იგი ორიგინალური წარმოშობისაა. თვალსაჩინო რუსი მეცნიერები ლიხაჩოვი და შახმატოვი თვლიან, რომ აქ კარპატები იგულისხმება, რადგან XIII საუკუნემდე თანამედროვე კავკასიონის აღსანიშნავად რუსულ მწერლობაში გამოიყენებოდა “იასსკიე” (ე.ი. ოსთა) გორი”. ლიხაჩოვი ძველ სლავურ სახელწოდებას - “კავკაისინსკია გორი, რეკშე უგორსკი” განმარტავს, როგორც “კავკაზსკიე გორი, ნაზვანნიე, ვენგერსკიმი”, ე.ი. უნგრეთის მთებად წოდებული კავკასიონი.
ქართველი მეცნიერები (მაგალითად, პროფ. გ. პაიჭაძე) არ იზიარებენ ამ მოსაზრებას და მიაჩნიათ, რომ ხსენებული ტერმინის იდენტიფიკაცია შესაძლებელია უნგრელი ხალხის ეთნოგენეზის გათვალისწინებით.
ცნობილია, რომ თანამედროვე უნგრეთის ტერიტორიაზე თავდაპირველად ცხოვრობდნენ თრაკიელი, ილირიელი და კელტური ტომები. ხალხთა დიდი გადასახლების ეპოქაში აქ დამკვიდრდნენ გერმანული და თურქული მოდგმის ავარები და ჰუნები, ხოლო VI საუკუნეში მთელი აღმოსავლეთ ევროპის გავლით მიაღწიეს ურალიდან წამოსულმა უგრო-ფინური მოდგმის მადიარებმა. IX საუკუნეში ისინი საბოლოდდ დამკვიდრდნენ თანამედროვე უნგრეთის ტერიტორიაზე. არაა გამორიცხული, რომ მათმა გარკვეულმა ნაწილმა ჩრდილოეთ კავკასიის გავლით მიაღწია დასავლეთ ევროპამდე. შესაძლოა, ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ XV-XVI საუკუნეთა უნგრულ ისტორიოგრაფიაში ბევრს წერდნენ უნგრელთა კავშირზე კავკასიასთან და, ლამის, უნგრელ-ქართველთა ნათესაობაზე.
ქართულ საისტორიო მეცნიერებაში გამოთქმულია ფრთხილი ვარაუდი, რომ “გარდასულ წელთა ამბავში” მოხსენიებული “კავკაისინსკია გორი, რეკშე უგორსკი” შესაძლოა უნგრელი ხალხის ისტორიის ამ ეპიზოდთან იყოს დაკავშირებული.
რუსულ მატიანეებში ქართველთა აღსანიშნავად გამოიყენებოდა ბერძნულ-რომაული და ბიზანტიური სამყაროდან მწიგნობრული გზით შეთვისებული ტერმინი “ივერია” (“ივერსკაია ზემლია”, “ივერი”. “ივერსკიი”, “ივერ”, “ივერსკაია სლუჟბა”, ანუ ღვთისმსახურება).
შესაძლოა, სახელწოდება “ივერიას” რუსები, მწიგნობრული ინფორმაციის გარდა, უშუალო კონტაქტების გზითაც იცნობდნენ. მაგალითად, ქალკედონის ნახევარკუნძულზე, ათონის მთაზე, ერთმანეთის მეზობლად არსებობდა ათონის ივერთა და რუსული (წმინდა პანტელეიმონის) მონასტრები.
განსაკუთრებით საინტერესოა რუსულ წყაროებში დაფიქსირებული ისეთი ორიგინალური სახელწოდება, როგორიცაა “ობეზ” (“ობეჟანინ”). ძველ სლავურ მატიანეებში ეს ტერმინი ხშირად მოიხსენიება დედამიწის ზურგზე არსებული ხალხებისა და ქვეყნების ჩამოთვლისას, აგრეთვე ორი კარგად ცნობილი ისტორიული ფაქტის აღწერისას.
პირველ შემთხვევაში საუბარია კიევის მთავრის იზიასლავ მსტისლავის ძის ქორწინებაზე (მას ცოლად უნდა შეერთო ობეზთა მეფის ასული), მეორე შემთხვევაში კი საქართველოში გადმოსახლებული ათრაქა შარაღანის ძის ყივჩაყური ურდოს უკან დაბრუნებაზე (ამ ფაქტების შესახებ დაწვრილებით სხვა ნაკვეთში ვისაუბრებთ)
ასევე, საგანგებო აღნიშვნის ღირსია ობეზის მოხსენიება XIII საუკუნის რუსულ საცნობარო ძეგლში “ტალკოვაია პალეია”, კიევ-პეჩორის პატერიკში (XIII-XV საუკუნეები) და XV საუკუნის თხზულებაში - “სკაზანიე ო, ვავილონე გრადე” (თქმულება ბაბილონ-ქალაქის შესახებ).
XVII-XIX საუკუნეთა რუსი ისტორიკოსები დუბროვინი, ბუტკოვი, ბელოკუროვი და სხვები ტერმინ "ობეზ"-ში გულისხმობდნენ საქართველოს და ქართველს. ტატიშჩევის აზრით, რუსეთში ძველად ასე ეძახდნენ სამეგრელოს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილს, თურქებისა და ყაბარდოელების მიერ “ავხაზოსად” წოდებულს. როგორც ვხედავთ, აღნიშნული ავტორი ამ ტერმინს თანამედროვე აფხაზეთთან აიგივებდა, თუმცა იზიასლავის ქორწინებასთან დაკავშირებით ობეზთა მეფის ასული მასაც ქართველ პრინცესად მიაჩნდა.
რუსული წყაროების ობეზებმა იმთავითვე მიიპყრო მკვლევართა ყურადღება. მისი წარმოშობისა და ეტიმოლოგიის შესახებ არაერთი საინტერესო მოსაზრება გამოითქვა. ზოგიერთები ამ სახელწოდების მქონე ხალხს გაერთიანებული ქართულ-აფხაზური სახელმწიფოს მოსახლეობად თვლიდა, ზოგი კი მათ ჩრდილოეთ კავკასიაში მცხოვრებ აბაზინებთან აიგივებდა. ობეზ-აბაზინთა საერთო ეტიმოლოგიას ნიკო მარიც უჭერდა მხარს.
რუსეთ-საქართველოს ურთიერთობათა ისტორიის ცნობილმა მკვლევარმა ზ. პაპაქირმა კატეგორიულად გამორიცხა ობეზების ჩრდილოეთ კავკასიაში ლოკალიზაციის ალბათობა.
თანამედროვე რუსულ ისტორიოგრაფიაში არაერთი მეცნიერი უჭერს მხარს ობეზების აფსუა-აფხაზებთან გაიგივებას, მათ შორის, ისეთი აღიარებული სპეციალისტი, როგორიცაა მ. ტიხომიროვი. ამის საპირისპიროდ, ქართველ ისტორიკოსები დაბეჯითებით საუბრობენ აღნიშნული ეთნონიმის პირდაპირ კავშირზე ქართულ სამყაროსთან.
ცხადია, ეტიმოლოგიურად სახელწოდება “ობეზი” აფხაზთანაა დაკავშირებული. მათთვის, ვინც კარგად იცნობს XI-XII საუკუნეთა საისტორიო მწერლობას, ეს ფაქტი იოლი ასახსნელია. საქმე ისაა, რომ ტერმინი აფხაზეთი გაერთიანებული ქართული სახელმწიფოს შექმნამდე, VIII-X საუკუნეებში ეთნიკურად და პოლიტიკურად დასავლეთ საქართველოს (ანუ “აფხაზთა სამეფოს” მიემართებოდა). მოგვიანებით, XI საუკუნიდან მისი შინაარსი გაფართოვდა და იგი მთელ საქართველოზე (ე.ი. გარკვეული აზრით - ამიერკავკასიაზე გავრცელდა). პარალელურად, “აფხაზმა” შეინარჩუნა ვიწრო, ე.ი. აფსუას აღმნიშვნელი ეთნიკური შინაარსიც.
ზემოთქმულის საილუსტრაციოდ შეიძლება დავიმოწმოთ XIII საუკუნის სელჩუქი ავტორი იბნ-ბიბი. იგი თამარ მეფეს “გურჯი მალიქას” უწოდებდა, რომელიც მართავდა “მემლექეთ ე აფხაზ”-ს (აფხაზთა სახელმწიფოს). “თბილისისა და აფხაზის” ფადიშაჰად მიაჩნდა თამარი XII-XIII საუკუნეთა სპარსელ მემატიანე იბნ-ისფანდიარს. ქართველთა სახელმწიფოს აფხაზეთს უწოდებდნენ ნიზამი განჯელი და ხაყანი. შირვანელი პოეტი ფალეკი მეფე დემეტრე I-ს აფხაზეთის შაჰინშაჰად მიიჩნევდა.
ერთ სატრფიალო ლექსში ხაყანი წერდა, რომ მშვენიერი ქალწულის სიყვარულის გამო იძულებული გახდა, აფხაზეთის მკვიდრი გამხდარიყო და ქართული (გურჯების) ენა შეესწავლა.
მეცნიერული თვალსაზრისით “ობეზ”-ის შესახებ ყველაფერი გარკვეულია. თუმცა, უნდა ითქვას, რომ შოვინისტურ-პოლიტიკური მოტივებიდან გამომდინარე, ამ სახელწოდების ინტერპრეტაცია კარგა ხანია ფსევდომეცნიერული სპეკულაციის საგანი გახდა. თანამედროვე აფხაზურ ისტორიოგრაფიაში არა მარტო ამ სახელწოდებას უკავშირებენ ეთნონიმ აფსუას, საერთოდაც უარყოფენ გაერთიანებული ქართული სახელმწიფოს არსებობას XI-XIII საუკუნეებში.
გასაგები მიზების გამო ამ აბსურდულ მოსაზრებას არაერთი არქირეაქციონერი დამცველი გამოუჩნდა რუსეთშიც.
ინტერესმოკლებული არაა ის ფაქტიც, რომ თანამედროვე ბალყარელები ქართველის აღსანიშნავად იყენებენ ტერმინს “ებზე”. ასე უწოდებენ სვანებს ყარაჩაელებიც.
XIV საუკუნიდან რუსულ საისტორიო მწერლობაში დამკვიდრდა ქართველის აღმნიშვნელი კიდევ ერთი საინტერესო ტერმინი - “გურზი” (“გურზინსკიი”, “გურზინსკაია ზემლია”). დოკუმენტური წყაროების გარდა ამ სახელწოდებას ვხვდებით ისეთ ცნობილ ლიტერატურულ ძეგლებში, როგორიცაა “ხოჟდენიე ზა ტრი მორია აფანასია ნიკიტინა” (1466-1472) და “ხოჟდენიე იგნატია სმოლიანინა” (1389-1405).
თანამედროვე რუსულ ენაში დამკვიდრებული სახელწოდებანი “გრუზია” და “გრუზინ” სწორედ “გურზ”-ის ტრანსფორმაციის გზითაა მიღებული. თავის დროზე მას საფუძვლად დაედო მაჰმადიანურ სამყაროში გავრცელებული სიტყვა “გურჯი” (“გურჯისტანი”).
ტერმინმა - გურზია/გრუზია რუსულში მომდევნო საუკუნეებშიც შეინარჩუნა მნიშვნელობა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ სწორედ XV-XVIII საუკუნეთა საისტორიო წყაროებში გვხვდება ახალი სახელწოდებანიც, ან ძველი სახელები ახალი შინაარსით. მაგალითად, “ივერია” (“ივერსკაია სტრანა”) მიემართებოდა XV-XVII საუკუნეთა კახეთის სამეფოს. როგორც ვხედავთ, ამ ტერმინის მნიშვნელობა დავიწროვდა და მხოლოდ ერთი კონკრეტული კუთხის აღსანიშნავად დამკვიდრდა. ასევე დაემართა სახელწოდებას “გურზია/გრუზია”, რომელიც მხოლოდ ქართლის აღსანიშნავად გამოიყენებოდა, თუმცა, პარალელურად იხმარებოდა “კარტალინსკოე ცარსტვო/კარტალინცი”. საქართველოს ამა თუ იმ კუთხის აღმნიშვნელი ეთნონიმების საფუძველზე გაჩნდა რუსულში ისეთი სახელწოდებანი, როგორებიცაა: “მერეტია/მელეტია (იმერეთი), “დადიანსკაია სტრანა/მეგრელია” (სამეგრელო), “სვანეტია”, “აბხაზია”, “გურიელ”, “ოჩარა” (გვიანდელი “ადჟარია”) და ა.შ.