ორი ქვეყნისა და ხალხის ურთიერთობათა ხასიათი, ხანგრძლივობა და დინამიკა ბევრ შინაგან და გარეგან ფაქტორზეა დამოკიდებული. მათ შორის- განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა წმინდა ეთნიკურ, პოლიტიკურ და გეოგრაფიულ მომენტებს ენიჭება. მხედველობაშია მისაღები, რა პერიოდში მიმდინარეობდა საანალიზო ტერიტორიებზე მცხოვრებ ტომებში ხალხებად, ერებად და სახელმწიფოებად ფორმირების პროცესი, ჰქონდათ თუ არა მათ უშუალო ტერიტორიული შეხება (მეზობლობა), გააჩნდათ თუ არა საწინააღმდეგო ან შემხვედრი პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური ინტერესები და ა.შ.
რუსეთ-საქართველოს ურთიერთობანი ჩვენამდე მოღწეული საისტორიო წყაროების მიხედვით, სულ მცირე, ათსაუკუნოვან პერიოდს მოიცავს.
ცხადია, დროის ამ უზარმაზარ მონაკვეთზე ორ ხალხს შორის არსებული ურთიერთობანი ერთნაირად ინტენსიური ხასიათის ვერ იქნებოდა. სხვადასხვა ეტაპზე განსხვავებული იყო მათი ფორმა და შინაარსი, რამაც, ძირითადად, პოლიტიკურ დიპლომატიურ ხასიათის კონტაქტებში ჰპოვა გამოხატულება. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს კულტურისა და სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობათა სფეროებში არსებული კავშირების შესახებაც.
თუ განვლილ ათსაუკუნოვან მონაკვეთს ქრონოლოგიურ ჭრილში გადავავლებთ თვალს, ერთი შეხედვით რუსეთ-საქართველოს ურთიერთობათა ისტორიაში შეიძლება ორი დიდი პერიოდი გამოვყოთ. პირველი მოიცავს XI-XV საუკუნეებს და მას, პირობითად, შეიძლება ეპიზოდური ურთიერთობების ხანა ვუწოდოთ. მეორე პერიოდი XV საუკუნის მიწურულს დაიწყო XVIII-XIX საუკუნეთა მიჯნამდე გასტანა. მას, ასევე, პირობითად, რუსეთზე პოლიტიკური ორიენტაციის ხანაც შეიძლება დავარქვათ სახელად.
“პრესაგე.ტვ”-ს მიერ დაწყებული სტატიების სერიალის პუბლიკაცია მხოლოდ აღნიშნულ პერიოდს მოიცავს. ამჯერად ჩვენს ინტერესებში არ შედის XIX-XX საუკუნეთა ქართულ-რუსული ურთიერთობების ანალიზი, რადგან დროის ამ მონაკვეთში 1918-1921 და 1991-2011 წლების გამოკლებით, საქართველოს დაკარგული ჰქონდა პოლიტიკური სუვერენიტეტი (მეფის რუსეთის დროს -სრულად, საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში- ნაწილობრივ) და ჯერ ცარისტული, შემდეგ კი კომუნისტური იმპერიების შემადგენლობაში შედიოდა. ამ გარემოებამ განსაზღვრა კიდეც აღნიშნულ პერიოდში ქართველი და რუსი ხალხის ურთიერთობათა ხასიათი. მხედველობაში გვაქვს ის გარემოება, რომ ამ ურთიერთობებმა დაჰკარგა მანამდე მკაფიოდ გამოხატული, თუნდაც სიუზერენულ-ვასალური შინაარსის მქონე პოლიტიკურ-პარტნიორული ხასიათი. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, უკანასკნელი ორი საუკუნის ქართულ-რუსული ურთიერთობანი წინა პერიოდთან შედარებით სრულიად განსხვავებული ფენომენია და მომავალში მას საგანგებოდ დავუბრუნდებით.
მკაცრი თვალსაზრისით, არც ზემოთ ნახსენები ორი პერიოდი წარმოადგენს კულტურულ-პოლიტიკურად ერთგვაროვან ეპოქებს. თითოეული მათგანის შიგნით გამოიყოფა შედარებით მცირე ხანგრძლივობის მქონე ქრონოლოგიური ეტაპები, როცა ურთიერთობანი უფრო აქტიურად იჩენდა თავს, ან სავსებით მიინავლებოდა ხოლმე. ეს გარემოება განსაკუთრებით რელიეფურად XV-XVIII საუკუნეებში იკვეთება, როდესაც ქართული პოლიტიკური სპექტრი, მეტ-ნაკლები ინტენსივობით, ეძიებდა პრორუსულ ორიენტაციას.
რაც შეეხება პირველ პერიოდს, ამ მონაკვეთის შესახებ საისტორიო წყაროთა ცნობები იმდენად მწირია, რომ შიდა ქრონოლოგიური ეტაპების გამოყოფა დიდ სირთულესთანაა დაკავშირებული.
ურთიერთობათა ინტენსივობის თვალსაზრისით შეიძლება გამოიყოს XI საუკუნის პირველი ნახევარი, როდესაც რუსთა დაქირავებული რაზმები აქტიურად გამოჩნდნენ საქართველო-ბიზანტიის ურთიერთობებსა და შიდა ქართულ პოლიტიკურ ბატალიებში. X-XI საუკუნეთა მიჯნა გამორჩეული პერიოდია ქართულ, ორიგინალურ თუ ნათარგმნ ძეგლებში რუსთა მოხსენიების თვალსაზრისითაც. ასევე, შედარებით აქტიურ პერიოდად ჩანს XII საკუნის მეორე ნახევარი, რომელიც იმდროინდელ რუსეთსა და საქართველოს შორის დინასტიური ურთიერთობების დამყარებით აღინიშნა.
ჯამში, XI-XV საუკუნეთა რუსულ-ქართული ურთიერთობანი, იშვიათი გამონაკლისის გარდა, მაინც არასახელმწიფოებრივ, ეპიზოდურ ხასიათს ატარებდა.
XV საუკუნის ბოლოს დაიწყო რუსეთ-საქართველოს ურთიერთობათა სრულიად ახალი, სახელმწიფოებრივი ეტაპი, რასაც კახეთის მეფე ალექსანდრე I-მა ჩაუყარა საფუძველი. Aამ ეპოქის ურთიერთობანი მეზობელი ქვეყნების ორმხრივი მისწრაფებით იკვებებოდა. საქართველო იდგა მაჰმადიანური აგრესიის საფრთხის წინაშე, რომლის მოსაგერიებლადაც აუცილებლად ესაჭიროებოდა ძლიერი ქრისტიანული მოკავშირე. თავის მხრივ, ახალგაზრდა, სწრაფად პროგრესირებადი მოსკოვის სახელმწიფო დაუოკებლად ამჟღავნებდა ამიერკავკასიის ათვისების სურვილს, რომელიც პლაცდარმი უნდა გამხდარიყო სპარსეთის ყურისა და ინდოეთის ოკეანის მიმართულებით რუსეთის ექსპანსიონისტური გეგმების რეალიზაციის პროცესში.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ორმხრივი, შემხვედრი ინტერესების მიუხედავად, რუს და ქართველ პოლიტიკოსთა გეგმები ყოველთვის არ თანხვდებოდა ერთმანეთს. უფრო სწორად, ეს ითქმის რუსეთზე, რომელიც საქართველოსთან (ცალკეულ ქართულ სამეფო-სამთავროსთან) ურთიერთობას აყალიბებდა იმის მიხედვით, როგორი დამოკიდებულება გააჩნდა ამა თუ იმ ეტაპზე ირან-ოსმალეთთან ან ევროპის სახელმწიფოებთან. დასავლეთის სახელმწიფოებთან პოლიტიკური გართულების შემთხვევაში რუსეთისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ირან-ოსმალეთის ნეიტრალიტეტი. აქედან გამომდინარე, უკანა პლანზე ინაცვლებდა მისი, როგორც ქრისტიანული საქართველოს ერთმორწმუნე მფარველის მისია. სწორედ ასეთ პერიოდებზე მოდის აციების სხვადასხვა ქრონოლოგიური ხანგრძლივობის პერიოდები რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში, როდესაც რუსი ხელმწიფენი არა თუ ფინანსურ და სამხედრო დახმარებაზე ეუბნებოდნენ უარს პარტნიორს, არამედ მფარველობაში მიღების გულმხურვალე თხოვნაზეც ხუჭავდნენ თვალს.
პირიქითაც ხდებოდა ხოლმე. როდესაც რუსეთის ინტერესები მოითხოვდა ირანთან ან თურქეთთან დაპირისპირებას, მკვეთრად აქტიურდებოდა მისი სამხრეთული პოლიტიკა. Eეს, პირველ რიგში, ქართულ სამყაროსთან ურთიერთობათა გაცხოველებას გულისხმობდა. ასეთ შემთხვევებში რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში აციებას დათბობის ეტაპი ცვლიდა. საისტორიო წყაროების სკრუპულოზური ანალიზით შეიძლება იშვიათი სიზუსტით გამოიყოს ამგვარი დათბობის შედარებით ხანგრძლივი პერიოდები, მაგალითად: 1590-1605, 1635-1660, 1768-1774, 1783-1787 და 1796-1800 წლები. აქ იგულისხმება, რომ აღნიშნულ პერიოდებში დათბობას ორმხრივს ხასიათი ჰქონდა, ხოლო თუ პრობლემას მხოლოდ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე შევხედავთ, მაშინ კიდევ უფრო მეტი ასეთი შიდა ეტაპის გამოყოფა შეიძლება, მაგალითად: 1615-1623 და 1752-1762 წლები.
ჩვენი მსჯელობა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობათა ისტორიის პერიოდიზაციაზე, ყოველი ქრონოლოგიური მონაკვეთის შესატყვისი ფაქტოლოგიური მონაცემების გათვალისწინებით, გაცილებით სრული იქნებოდა. მოცულობითი პრობლემის გამო, ერთ საგაზეთო სტატიაში ამის გაკეთება შეუძლებელია. მომდევნო პუბლიკაციებში, ურთიერთობათა კონკრეტული ასპექტების გაშუქების დროს მკითხველი უამრავ ინფორმაციას იპოვის, რომლის გათვალისწინებითაც ძალდაუტანებლად შეუძლია მიხვდეს, რამ გამოიწვია დროის ამა თუ იმ მონაკვეთის დიდ სტადიად ან მცირე პერიოდად გამოყოფის აუცილებლობა.
საერთოდ, უნდა ითქვას, წარმოდგენილ მსჯელობას რუსეთ-საქართველოს ურთიერთობათა ისტორიის პერიოდიზაციაზე პირობითი ხასიათი აქვს და მან მომავალში, ახალი საისტორიო წყაროების გამოვლენის საფუძველზე, შესაძლოა, გარკვეული ტრანსფორმაცია განიცადოს. ეს განსაკუთრებით ახალ საუკუნეთა ურთიერთობებზე ვრცელდება, რომლის ამსახველი მასალები, გასაგები მიზეზების გამო, დიდხანს იყო გასაიდუმლოებული. ამჟამად სწრაფად მიმდინარეობს წყაროთმცოდნეობითი ბაზის გამოვლენა-შევსების პროცესი, რაც სავარაუდოდ, გარკვეულ კორექტივებს შეიტანს ორი ქვეყნის ურთიერთობათა ზოგად კონფიგურაციაში.