ნაკლები ბოროტება და ჩრდილოეთიდან ამომავალი მზის მცხუნვარება

ნაკლები ბოროტება და ჩრდილოეთიდან ამომავალი მზის მცხუნვარება

(რუსეთი და საქართველო: ურთიერთობათა შესწავლის მოკლე მიმოხილვა) 

ინტერესმოკლებული არ იქნება, თუ შესაძლებლობის ფარგლებში თვალს გავადევნებთ რუსი და ქართველი ხალხების ურთიერთობათა ისტორიის შესწავლის გრადაციას. 

მომდევნო პუბლიკაციებში ვნახავთ, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობანი X-XI საუკუნეთა მიჯნაზე ჩაისახა და XVI საუკუნიდან განსაკუთრებით ინტენსიური ხასიათი შეიძინა. უკვე XVII-XVIII საუკუნეებში მეზობელ ქვეყანაში საგანგებოდ დაიწყეს ინფორმაციის შეკრება საქართველოს შესახებ და ეს ფუნქცია სხვადასხვა დროს განხორციელებულ დიპლომატიურ მისიებს დაეკისრა. პეტრე I დროიდან პოლიტიკურ დაინტერესებას სამეცნიერო სარჩული გამოეკრა და კასპიისპირეთისშესასწავლად გაგზავნილ ექსპედიციებს მაქსიმალური ინფორმაციის მოძიება დაევალათ საქართველოს შესახებ (მდებარეობა, მეზობლები, სამდინარო და სახმელეთო მაგისტრალები, სარწმუნოება, ზნე-ჩვეულებანი, კლიმატი, ფლორა და ფაუნა...)

ცხადია, ხანგრძლივი დიპლომატიური და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შედეგად რუსეთში მდიდარი ინფორმაცია დაგროვდა. თავიდან ეს მასალები მხოლოდ საგარეო უწყების მოხელეებისთვის იყო მისაწვდომი, მაგრამ რუსული მართველობის დამყარების შემდეგ მისი რეალიზაციის საჭიროებაც გაჩნდა. ცარიზმს სურდა, მსოფლიოსთვის ეჩვენებინა კავკასია-საქართველოში დამკვიდრების “ნებაყოფლობითი და პროგრესული” ხასიათი. ასეთ პირობებში შემუშავდა ერთგვარი პოლიტიკური ინსტრუქცია, რომელიც მომდევნო პერიოდში სახელმძღვანელო დებულებად იქცა ისტორიკოსებისათვის.

1861 წელს მ. ბროსემ ქართველ და რუს ხელისუფალთა მიმოწერის ამსახველი კრებული გამოსცა, რომელსაც წაუმძღვარა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის - ფ. პლოენის ნარკვევი რუსეთ-საქართველოს დიპლომატიური კონტაქტების შესახებ (XVI-XVIII საუკუნეები). ასე მიეცა სტარტი ამ უაღრესად საინტერესო ურთიერთობათა ისტორიის შესწავლას, რომელიც XX საუკუნეში საბჭოთა ისტორიოგრაფიის ერთ-ერთ ღონიერ და, სამწუხაროდ, კონიუნქტურულ ნაკადად ჩამოყალიბდა. 

რუსეთის “პროგრესული” მისიის დასაბუთება აღმოსავლეთ საქართველოს ანექსიისთანავე დაიწყო. ალექსანდრე I 1801 წლის 12 სექტემბრის მანიფესტში ხაზგასმით აღნიშნა: “არა ძალთა შემატებისათვის, არა ანგარებისათვის, არა უამისოდაც ქვეყანაზე ყველაზე დიდი დიდი იმპერიის გაფართოებისათვის ვკისრულობთ ჩვენ საქართველოს სამეფოს მართვას. მხოლოდ ღირსება, პატივი და ადამიანურობა გვაკისრებს ჩვენ წმინდა მოვალეობას, შევისმინოთ ტანჯულთა ვედრება და მათი ჭმუნვის გასაქარვებლად დავამყაროთ საქართველოში ისეთი მმართველობა, რომელსაც შეუძლია: განამტკიცოს მართლმსაჯულება, პირადი და ქონებრივი უშიშროება, ყველას გადააფაროს კანონიერების კალთა”... ცხადია, ამისი არავის სჯეროდა, მით უმეტეს, რომ 1801-1810 წლების აქციებს საქართველოში თან მოჰყვა ანტირუსულ აჯანყებათა მთელი სერიალი. იმდროინდელმა საერთაშორისო აზრმა შესანიშნავად იცოდა, რომ ამ გამოსვლების უკან ქართველი ხალხის მიერ ეროვნული სახელმწიფოებრიობის აღდგენის მკაფიოდ გაცხადებული სურვილი იდგა. 

“ისტორიული მისიის” დასაბუთება XIX საუკუნის მეორე ნახევარში ჩამოყალიბებულმა რუსულმა დიდმპყრობელურმა ისტორიოგრაფიამ იკისრა, რომლის თვალსაჩინო წარმომადგენლები იყვნენ ბელოკუროვი, დუბროვინი, ბუტკოვი, პოტტო, ბერჟე და სხვანი. მათ მრავალტომიან პუბლიკაციებსა და გამოკვლევებში რუსეთის კავკასიური პოლიტიკა წინასწარ განსაზღვრული სტერეოტიპების მიხედვით შუქდებოდა. 

პარადოქსულად ჟღერს, მაგრამ გამიზნული სუბიექტივიზმის მიუხედავად რუსეთის კულტურთრეგერულ მისიაზე მოქადაგე ისტორიკოსები სრულიადაც არ ხუჭავდნენ თვალს კავკასიაში მისი დამკვიდრების მეთოდებზე. ამ მეთოდების დასახასიათებლად მათ ნაშრომებში გამოიყენებოდა ისეთი გამოთქმები, როგორიცაა: “ზავოევანიე კავკაზა”, “უტვერჟდენიე ნა კავკაზე”, “ვლადიჩესტვო”, “პოკორენიე”... ცენზურის მიერ დაშვებულ ასეთ გამოთქმებში მაშინ ვერავინ ხედავდა იმპერიისათვის რაიმე სახამუშოს. 

ცხადია, საქართველოში არსებობდა ალტერნატიული აზრიც, მაგრამ გასაგები მიზეზების გამო იგი მხოლოდ აკადემიურ წრეებში ტრიალებდა და მასობრივ მკითხველამდე ვერ აღწევდა.

ამ მხრივ, ლოკალური მასშტაბის გარღვევა მოხდა 1905-07 წლების სახალხო მღელვარების პერიოდში, როცა ცენზურის არტახები შედარებით შესუსტდა და შესაძლებელი გახდა განსხვავებული პოზიციის გამოტანა სამზეოზე. სწორედ ამ დროს გამოჩნდა ზ. ავალიშვილისა და ივ. ჯავახიშვილის პუბლიკაციები, რომლებსიც მკაცრად იყო გამათრახებული როგორც ოფიციალური ისტორიოგრაფია, ისე რუსეთის კოლონიური პოლიტიკა საქართველოში.

1918-20 წლებში, ბოლშევიკური რუსეთის მიმართ ჟორდანიას ხელისუფლების მიერ განხორციელებულმა რადიკალურმა პოლიტიკამ ისტორიკოსებს შესაძლებლობა მისცა, ბოლომდე ეთქვათ სიმართლე. ამ პროცესს სათავე ისევ ივ. ჯავახიშვილმა დაუდო. მისი გამოკვლევა - “დამოკიდებულება რუსეთსა და საქართველოს შორის XVIII საუკუნეში” საეტაპო მოვლენას წარმოადგენდა ორი ქვეყნის ურთიერთობათა ისტორიის შესწავლის საქმეში.

სამწუხაროდ, დათბობის პერიოდი ხანმოკლე აღმოჩნდა და იგი საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან ერთად დასრულდა.. საბჭოთა ხელისუფლების პირობებში საისტორიო მეცნიერება კიდევ უფრო სასტიკი წნეხის ქვეშ მოექცა და ამოქმედდა იდეოლოგიით ნასაზრდოები უზნეო დაკვეთის პრინციპი - ყველაფერი, რაც დაკავშირებული იყო რუსეთთან და მის კავკასიურ პოლიტიკასთან, უეჭველად ნათელ ფერებში უნდა გაშუქებულიყო. დაშვებული იყო ცარიზმის, როგორც ხალხთა მჩაგვრელი რეჟიმის მხოლოდ ზომიერი კრიტიკა. სამეცნიერო გამოკვლევებში დამკვიდრდა ახალი ტერმინები: “დობროვოლნოე პრისოედინენიე”, “სპასენიე გრუზინსკოგო ნაროდა”, “ბესკორისტნაია პომოშჩ”... რუსეთ-საქართველოს ურთიერთობათა ისტორიის კვლევა მომგებიან საქმედ გადაიქცა, რამაც საკითხის შესწავლაზე ერთდროულად მოახდინა როგორც ნეგატიური, ასევე, კეთილისმყოფელი ზემოქმედება. მხედველობაში მაქვს ის გარემოება, რომ სწორედ საბჭოთა პერიოდში არნახულად გაფართოვდა რუსულ-ქართულ ურთიერთობათა ისტორიის წყაროთმცოდნეობითი ბაზა და ქართველმა ისტორიკოსებმა რუსეთის არქივებში გამოავლინეს დიდძალი დოკუმენტური მასალა, რომლის ძირითადი ნაწილი უკვე შევიდა სამეცნიერო მიმოქცევაში. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით ნაყოფიერი იყო ქართველ ისტორიკოსთა კოლექტიური მივლინება მოსკოვ-ლენინგრადის არქივებში 1946 წელს. იდეოლოგიური დიქტატის პირობებში აღიზარდა და კლასიკოს ისტორიკოსთა (ჯავახიშვილი-ბერძენიშვილი-ჯანაშია) მხარდამხარ სამეცნიერო ასპარეზზე გამოვიდა მკვლევართა ახალი პლეადა (ი. ცინცაძე, ვ. მაჭარაძე, გ. პაიჭაძე, მ. პოლიევქტოვი, მ. დუმბაძე, ნ. ნაკაშიძე, თ. ტივაძე...), რომლებმაც არნახულად წასწიეს წინ კვლევის ფაქტოლოგიური მხარე.…

გასული საუკუნის 40-იანი წლების დასაწყისში ქართულმა ისტორიოგრაფიამ ურთულესი დიპლომატიური მანევრი განახორციელა სიტუაციიდან გამოსავლის პოვნის მიზნით და ეს მცდელობა ზემოთ ხსენებულ კლასიკოსთა ტრიადას უკავშირდება,

ივ. ჯავახიშვილი, ნ. ბერძენიშვილი და ს. ჯანაშია ხელისუფლების დავალებით წერდნენ საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოს. ცხადია, რუსეთის მიერ ქართლ-კახეთისა და შემდეგ იმერეთის სამეფოების ანექსია-ოკუპაციის შეფასებისას ისინი საჩოთირო სიტუაციაში აღმოჩნდნენ. ერთი მხრივ, მეცნიერები იძულებული იყვნენ, ანგარიში გაეწიათ ოფიციოზის დაკვეთისთვის, რომლის გაუთვალისწინებლადაც სახელმძღვანელო საერთოდ ვერ იხილავდა დღის სინათლეს (სხვა შესაძლო გართულებებზე აღარაფერს ვიტყვი, იმის გათვალისწინებით, რომ წიგნი პოლიტიკური რეპრესიების პერიოდში იწერებოდა). მეორე მხრივ, თვალსაჩინო მამულიშვილებს არ შეეძლოთ ეღალატათ მეცნიერული სინდისისა და ისტორიული ჭეშმარიტებისთვის. შექმნილ ვითარებაში მაინც მოინახა გამოსავალი და ასე მოევლინა საისტორიო აზროვნებას ე.წ. “ნაკლები ბოროტების” თეორია. მისი მიხედვით ქართული სახელმწიფებრიობის გაუქმება რუსეთის მიერ XIX საუკუნის დასაწყისში იყო ბოროტება, მაგრამ... ნაკლები ბოროტება მაჰმადიანური აგრესიისა და ქართველი ხალხის ფიზიკური დეგრადაციის პოტენციურ საფრთხესთან შედარებით.

ასეთი ტაქტიკური კომპრომისით ავტორებმა ორი კურდღელი დაიჭირეს - მოგვცეს 1801 წლის აქტის, მართალია, შეზღუდული, მაგრამ მაინც ობიექტური შეფასება და შეასრულეს დაკვეთა, რის შედეგადაც სახელმძღვანელომ დღის სინათლე იხილა.

“ნაკლები ბოროტების” თეორია, ეპოქის გათვალისწინებით, თვალსაჩინო პროგრესი იყო რუსეთ-საქართველოს ურთიერთობათა კვლევის საქმეში, მაგრამ მან, სამწუხაროდ, დიდხანს ვერ იარსება. საბღოთა იდეოლოგიისათვია მიუღებელი იყო რუსეთის კავკასიური მისიის შეფარული და შეზღუდული კრიტიკაც კი, მით უმეტეს, მისი “ბოროტებად” გამოცხადება (თუნდაც, მსაზღვრელ “ნაკლებთან” ერთად). უკვე XX საუკუნის 50-იან წლებში აღნიშნული თეორია ოფიციოზმა შეაფასა, როგორც არაჯანსაღი, არამეცნიერული, წვრილბურჟუაზიულ-ნაციონალისტური გადახრა და კვლევის მარქსისტული მეთოდების უარყოფა (ამგვარი შეფასება პირველად კრემლთან დაახლოებულმა მოსკოველმა აკადემიკოსმა მ. ნეჩკინამ გამოთქვა). ეს, ფაქტობრივად, კონცეფციისთვის სასიკვდილო განაჩენს ნიშნავდა. სწორედ იმ პერიოდში ჩაისახა ტენდენცია, რომლის თანახმადაც საქართველოს შესვლა რუსეთის შემადგენლობაში წარმოადგენდა არა ბოროტებას, არამედ უაღრესად დადებით, ცალსახად პროგრესულ აქტს, რომ ამ შეერთებას მოჰყვა ქართველი ხალხის ფიზიკური გადარჩენა და მის მიერ ღირსეული ადგილის მოპოვება საბჭოთა ხალხთა ძმურ ოჯახში...

ზემოთქმულის საილუსტრაციოდ ერთ ფრიად დამახასიათებელ ფაქტს გავიხსენებ.

გასული საუკუნის 60-იან წლებში გადაწყდა ივ. ჯავახიშვილის თხზულებათა მრავალტომეულის გამოცემა. როგორც წესი, შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელსაც უნდა შეერჩია სათანადო გამოკვლევები და მოემზადებინა ისინი დასაბეჭდად. სწორედ ამ დროს მოხდა, ერთი შეხედვით, კურიოზული, სინამდვილეში კი სავსებით “კანონზომიერი” ფაქტი. ერთ-ერთი მომდევნო ტომის დაბეჭდვის შემდეგ, სადაც ჯერ არს, აღმოაჩინეს, რომ მასში შესული იყო დიდი მეცნიერის მიერ 1906 წელს სანკტ-პეტერბურგში გამოქვეყნებული გამოკვლევა “პოლიტიჩესკოე ი სიციალნოე დვიჟენიე ვ გრუზიი ვ XIX ვ.” (ამ ნაშრომში გაანალიზებული იყო ცარისტული რეჟიმის წინააღმდეგ XIX საუკუნეში აგორებული სახალხო-განმათავისუფლებელი და სოციალური მოძრაობის ისტორია). ამ ფაქტმა ლამის პანიკა გამოიწვია იფიციოზში. ხელისუფალთა მითითებით, სასწრაფო წესით მოახდინეს უკვე დაბეჭდილი და სარეალიზაციოდ ქსელში გატანილი ტირაჟის კონფისკაცია. გაუმართლა მხოლოდ მყიდველთა და სპეციალიტთა მცირე წრეს, ვინც ტირაჟის განადგურებამდე მოასწრო სანუკვარი ეგზემპლარის შეძენა.

ყურადღება მიაქციეთ:_ კომუნისტურმა მთავლიტმა შესაძლებლად არ ჩათვალა ცარისტული ცენზურის მიერ ოფიციალურად ნებადართული (წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი ვერც 1906 წელს დაიბეჭდებოდა) და არა საბჭოთა ხელისუფლების, არამედ მეფის რუსეთის წინააღმდეგ მიმართული სოციალურ-პოლიტიკური მოძრაობის ამსახველი ნაშრომის გამოქვეყნება.

დასკვნის გამოტანა თქვენთვის მომინდია.

ისტორიის გაყალბებამ და უხამსმა ცინიზმმა კულმინაციას 70-80-იან წლებში მიაღწია, როცა საქართველოს კომპარტიის იმდროინდელმა ლიდერმა კრემლის ტრიბუნაზე მზე ჩრდილოეთიდან ამოიყვანა, ხოლო შემდეგ მოსკოვის დაკვეთით პომპეზურად იდღესასწაულა გეორგიევსკის ტრაქტატის 200 წლისთავი. ე. შევარდნაძის საზეიმო-საიუბილეო მოხსენებაში, რომელიც ამ თარიღს მიეძღვნა, ქვა ქვაზე აღარ დარჩა ცნებიდან - “ნაკლები ბოროტება”

კასტრირებული ისტორიოგრაფიის ბატონობას 80-90-იანი წლების მიჯნაზე განვითრებულმა მოვლენებმა დაუსვა წერტილი. ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აღმავლობამ და კომუნისტური წყობილების არაძალადობრივმა დემონტაჟმა, რასაც მალევე მოჰყვა სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის აღდგენა, ახალ მიდგომებს დაუდო საფუძველი. იდეოლოგიური ხუნდების მსხვრევამ შესაძლებელი გახადა მანამდე აკრძალულ თემებზე წერა და უკრიტიკოდ აღიარებულ დებულებათა გადასინჯვა. ეს, ცხადია, პროგრესული ფაქტი იყო, მაგრამ გასათვალისწინებელია ისიც, რომ შესაძლებლობათა არეალის გაფართოებას შედეგად მოჰყვა ემოციურ-პატრიოტულ მუხტზე დამყარებული და მეცნიერულად ნაკლებად დასაბუთებული ნაკადების შემოჭრა საისტორიო მეცნიერებაში. სამაგიეროდ, კიდევ უფრო გაფართოვდა საკითხის წყაროთმცოდნეობითი ბაზა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც საზღვარგარეთიდან საქართველოში ჩამოიტანეს მენშევიკური მთავრობის არქივი და უმდიდრესი ემიგრანტული ლიტერატურა. სამეცნიერო მიმოქცევაში ამ ახალი მასალებისა და ქართულ სიძველეთსაცავებში არსებული, მანამდე ტაბუირებული დოკუმენტების შემოტანის შემდეგ მკვლევარ-ისტორიკოსებს გაცილებით დიდი შესაძლებლობა გააჩნიათ, სრულყოფილად და რაც მთავარია, ობიექტურად ასახონ ორი ქვეყნის ურთიერთობათა ისტორიის მანამდე უცნობი, ან ცალმხრივად გაშუქებული ასპექტები.

ტრივიალური ჭეშმარიტებაა - სხვა დარგებთან შედარებით საისტორიო მეცნიერება ყველაზე ხშირად ექვემდებარება ხოლმე პოლიტიკურ კონიუნქტურას. პირდაპირ უნდა ითქვას, რომ დღეს ამისათვის საქართველოში ყველა პირობა არსებობს. ამჟამინდელი ხელისუფლების მიერ დეკლარირებული, მკვეთრად ანტირუსული საგარეო პოლიტიკა (რაც სრულ ნონსენსად აღიქმება ეკონომიკაში რუსული (ან რუსეთთან ასოცირებული) კომპანიების პარპაშის ფონზე, ერთგვარ სტიმულს აძლევს კონფორმისტ მკვლევართ, დრო-ჟამისა და ხელისუფლების განწყობის შესაბამისად განიხილონ საკითხი. ეს უკვე მეორე, საბჭოთა სინამდვილისგან რადიკალურად განსხვავებული, მაგრამ მსგავსი კონიუნქტურით ნასაზრდოები უკიდურესობაა, რასაც არაფერი აქვს საერთო ჭეშმარიტ მეცნიერებასთან. დღეს მკვლევარ-ისტორიკოსთა ახალი თაობის წინაშე, როგორც არასდროს, ისე დგას არა მხოლოდ ახალი წყაროების მოძიების, არამედ არსებულის კრიტიკული გაანალიზებისა და ობიექტური დასკვნების გამოტანის აუცილებლობა. ეს საჭიროა არა მხოლოდ ისტორიული ჭეშმარიტების დასადგენად, არამედ საერთაშორსო ურთიერთობებში გასარკვევად და მართებული საგარეო პოლიტიკური ორიენტირების შესამუშავებლად.