არასავალდებულო შესავალი თემისათვის - “ეს ვინ ყოფილა, ბატონო, რუსი?!

არასავალდებულო შესავალი თემისათვის - “ეს ვინ ყოფილა, ბატონო, რუსი?!

ქართველებს მრავალი უცნაურობა გვახასიათებს, მათ შორის, ერთი განსაკუთრებით გამორჩეული თვისება - მაქსიმალიზმი. აზროვნებისა და შეფასების კრიტერიუმები მაქვს მხედველობაში. ჩვენ ან აქეთ ვართ (ე.ი. ამისისტები), ან - იქით (იმისისტები) გონივრული შუაგულის მოძებნა ან გვიჭირს, ან არაფრად გვეპიტნავება, უმეტესწილად. ალბათ, ამან განაპირობა ის გარემოება, რომ ჩრდილოელ მეზობელთან ურთიერთობის შეფასებაშიც რადიკალურად განსხვავებული შეფასებებით გამოვიჩინეთ თავი. იყო დრო, როდესაც მზე ჩრდილოეთიდან ამოდიოდა და ხეში წყალი თებერვალში დგებოდა. ამგვარი, იდეოლოგიით ნაკარნახევი და პოლიტიკურად შემაგრებული დასკვნა აშკარად პრევალირებდა განსხვავებულ აზრზე და რიგით ქართველამდე თითქმის არ აღწევდა აკაკისეული, გულიდან ამონაკვნესი სიტყვები - “დამეხსენი ჩრდილოელო”! მას შემდეგ, როგორც იტყვიან, ბარეორმა ტურამ იკივლა და აგერ, ახლახანს გარდაცვლილი პოეტის პირით ქართველმა კაცმა რადიკალურად განსხვავებული შეფასება გამოთქვა - “ეს ვინ ყოფილა, ბატონო, რუსი! - ეს რა ყოფილა, ბატონო, რუსი! - არ მოგვანატრა ლახტი და გურზი, თემურ ლენგისა და მურვან ყრუსი?!”. იმავე პოეტმა ირაკლის ეპოქაში ჩარჩენაც უკიჟინა უამრავ თანამემამულეს, ვისთვისაც თურქი ბინდთან, რუსი კი დღემდე რიჟრაჟთან ასოცირდება...


მუხრანი უდავოდ გამორჩეული პოეტია, თუმცა, ცხადია, აზროვნებისა და შეფასების მეტრად არავის დაუნიშნავს. შესაბამისად - მისი აზრის გაზიარება (ან, პირიქით) სავალდებულო სულაც არაა. საქართველოში დღესაც ბევრია ისეთი, ვინც თვლის, რომ 210 წლის წინანდელი აქტი და რუსულ ორბიტაზე გასვლა ისლამურ რკალში მოქცეული ქვეყნის ხსნა იყო. სხვები მზად არიან, საქართველოს ყველა უბედურების დასაბამი წელთაღრიცხვის ათვლა 1801 წლიდან დაიწყონ. ლიტერატურასა და საისტორიო მეცნიერებაში უკვე გაჩნდა “დიდი თურქობის” ჯუფთი ტერმინი - “დიდი რუსობა”. ჩანს, ეს თემა კიდევ დიდხანს იქნება აქტუალური და ქართველთა მომდევნო თაობები ძველი თუ ახალი არგუმენტების მოშველიებით ეცდებიან დაამტკიცონ საკუთარი მოსაზრების მართებულობა.

შესაძლოა, შეფასებათა ამგვარი პოლარულობა იმის ბრალია, რომ ფართო საზოგადოებამ ბევრი რამ არ იცის აღნიშნული საკითხის შესახებ.

ეს ნამდვილად არაა ისეთი შემთხვევა, როცა არცოდნა შეიძლება არცოდვად ჩაითვალოს. საკუთარი ისტორიის დავიწყება სწორედ ის ცოდვაა, რომელიც იყო, არის და რჩება უკვე დაშვებული თუ მომავალში დასაშვები შეცდომების მკვებავ წყაროდ. სათანადო ინფორმაციის არმქონე, თუნდაც ინტუიციური ჭვრეტისა და ანალიზის გენიალური უნარით დაჯილდოებული ადამიანიც კი არაა დაზღვეული ტყემალზე ჯდომისგან. ხატოვნად, მისი მდგომარეობა უდაბნოში ხეტიალითა და წყურვილით გათანგული მოგზაურის განცდებს შეიძლება შევადაროთ, რომელსაც მირაჟმა ზღაპრული პანორამა დაუხატა, მაგრამ ადგილზე მისულს სრულიად განსხვავებული სურათი წარმოუდგა თვალწინ.

მთავარ სათქმელს რომ დავუახლოვდეთ, პირდაპირ ვიტყვით - წინამდებარე პუბლიკაციით "presage.tv" იწყებს წერილების სერიალს პირობითი სათაურით -“ქართველები და რუსები”. ჩვენი მიზანია, მკითხველს პოპულარული ენით მივაწოდოთ მაქსიმალური ინფორმაცია იმის შესახებ, როდის ჩაისახა ქართულ-რუსული ურთიერთობანი და როგორი გამოვლინება ჰქონდა მას; იყო ეს ურთიერთობანი სტაბილური, დინამიური პროცესი, თუ ეპიზოდური ხასიათის მქონე ეკლექტურ კრებულს წარმოადგენდა; საზოგადოებრივი ცხოვრების რომელ სფეროში გამოვლინდა ყველაზე ინტენსიურად ეს ურთიერთობანი; რა არის რეალური და რა - ლეგენდით მოსილი ამ ურთიერთობათა ცალკეული, ყველაზე გახმაურებულ ეპიზოდებში; როგორ იჩოჩა ორთავიანმა არწივმა კავკასიონის გავლით სამხრეთისკენ და როდის გააცნობიერა ქართულმა საზოგადოებამ, რომ ერთმორწმუნე მფარველის ნაცვლად ერთმორწმუნე დამპყრობი, თანაც განსხვავებული კონფესიის მქონე მომხდურებზე ბევრად სასტიკი ასიმილატორი შერჩა ხელთ... 

ერთი სიტყვით, ჩვენ გავაშუქებთ ყველაფერს, რაც ეხება თემას - “ქართველები და რუსები”. ძირითადად, ფაქტოლოგიით შემოვიფარგლებით, შიგადაშიგ მოსაზრებებსა და შეფასებებსაც შემოგთავაზებთ, ცხადია - არა ამ შეფასებათა უტყუარობისა და სავალდებულოდ მიღების პრეტენზიით. ჩათვალეთ, რომ ეს არის ინფორმაცია განსჯისათვის, საბოლოო დასკვნის გაკეთება კი თქვენთვის მოგვინდია. დარწმუნებული ვართ, რომ თავსდატეხილი კატაკლიზმების მიუხედავად, ქართველო კაცს კიდევ შერჩა ინფორმაციის კრიტიკული გაანალიზების, თეთრისა და შავის გარჩევისა და მართებული შეფასების უნარი.

+ + + 

მიიჩნევენ, რომ ქართველი ხალხი და ქართული სახელმწიფო თავისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიით უნიკალურ ფენომენს წარმოადგენს მსოფლიო ცივილიზაციაში. ამ უნიკალურობას მრავალი მომენტი განსაზღვრავდა, რაც კარგადაა შემჩნეული და გაანალიზებული საისტორიო მეცნიერებაში, მაგრამ მრავალთა შორის ერთი მომენტის გამოყოფა უდაოდ შეიძლება. ჩასახვის მომენტიდან ქართული სახელმწიფოებრიობა მსოფლიოს უდიდეს იმპერიებთან უშუალო კონტაქტში ვითარდებოდა და ეს ურთიერთობანი, როგორც წესი, მკაფიოდ გამოხატულ მტრულ ხასიათს ატარებდა. საუკუნე საუკუნეს ცვლიდა. ისტორიის ულმობელი ლოგიკა მსახვრალი ხელით ასამარებდა ერთ იმპერიას, მაგრამ მის ადგილს უმალ სხვა იკავებდა. იცვლებოდა ეპოქა, გადაადგილდებოდა მსოფლიოს პოლიტიკური სიმძიმის ცენტრები, ვითარდებოდა სამეცნიერო-ტექნიკური აზროვნება, მაგრამ უცვლელი რჩებოდა საქარველოს მიმართ დიდი იმპერიების იმთავითვე მყარად გამოკვეთილი პოზიცია. ხატოვნად რომ ვთქვათ, ყველა ეს მონსტრუოზული გაერთიანება, თითქოსდა, იმას ცდილობდა, საქართველოთი ყოფილიყო მეტი კონკურენტებზე. ასე მოიგერია და უკუაგდო ქართული გენის შეუპოვარმა წინააღმდეგობამ ჯერ კიდევ არგონავტული ეპოქიდან ჩვენდა სამტროდ აღერღილი ასურეთი და ელინისტური ეპოქის ძლევამოსილი ფალავანი - რომი, მსოფლიო ბატონობაზე მეოცნებე კოჭლი მიზანთროპი თემურ-ლენგი... დაშლილ-დაქუცმაცებული საქართველო მაქსიმალური ძლიერების პერიოდშიც კი მოუნელებელ ლუკმად იქცა სეფიანთა ირანისა და ოტომანთა ოსმალური სახელმწიფოსთვის...

საქართველოს მღელვარე ისტორიაში უკანასკნელი, ყველაზე ვერაგი და საშიში დამპყრობელი ერთმორწმუნე რუსეთის იმპერია აღმოჩნდა, რომელმაც ხელის ერთი დაკვრით გააუქმა ქართული სახელმწიფოებრიობაც და საქრთველოს სამოციქულო ეკლესიის იმ დროისათვის თოთხმეტსაუკუნოვანი ავტოკეფალია.

როგორც ქართული სახელმწიფო, ისე ქართველი ხალხის ხასიათი ამ მრისხანე იმპერიებთან ჭიდილში ჩამოყალიბდა და გამოიწრთო.

თითოეულმა მათგანმა წარუშლელი, განუმეორებელი კვალი დატოვა ჩვენი ქვეყნის მრავალსაუკუნოვან მატიანეში.

საქართველოს სრულყოფილი ისტორიის დაწერა ამ იმპერიებთან ურთიერთობის დეტალური შესწავლის გარეშე წარმოუდგენელია.

არ შევცდებით, თუ ვიტყვით, რომ ყველა ზემოთ ჩამოთვლილ იმპერიას შორის ქართულ-რუსულ ურთიერთობებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. არცერთ უცხოელ დამპყრობელს არ მოუხდენია ისეთი ძალუმი ზემოქმედება ქართველი ხალხის პოლიტიკურ, კულტურულ და სოციალურ-ეკონომიურ განვითარებაზე, როგორც რუსეთს. არცერთ დამპყრობელს არ შეუმუშავებია და განუხორციელებია ქართული გენის დედაბუდიანად ამოძირკვის ისეთი მასშტაბურ-კომპლექსური პროგრამა, როგორც მხსნელის მისიით მოვლენილ ჩრდილოელ მეზობელს. და ბოლოს, არავის გაუყალბებია ჩვენი ეროვნული ისტორია ისე ურცხვად, როგორც ტირანულ-დიქტატორული მეთოდებით აღჭურვილ რუსულ-საბჭოურ საისტორიო მეცნიერებას.

არც იმის მიჩქმალვას აპირებს ვინმე, რომ ქართულ-რუსულ ურთიერთობათა ისტორიაში მოიძებნება, მართალია, თითზე ჩამოსათვლელი, მაგრამ მაინც ნათელი წერტილები და თარიღები.

არც იმაზე შეიძლება თვალის დახუჭვა, რომ თავის დროზე, 500 წლის წინ საქართველოს საგარეო პოლიტიკაში ჩასახული პრორუსული ორიენტაცია (იმ ეპოქისთვის) ობიექტურად სწორი და გამართლებული ნაბიჯი იყო.

სამწუხაროდ, აღნიშნული ორიენტაციისა და ქართულ-რუსულ ურთიერთობათა შემდგომმა განვითარებამ სრულიად სხვა სურათი გვიჩვენა. დღევანდელი გადასახედიდან ამ ურთიერთობათა ნათელ მომენტებს ზემოდან ვეებერთელა ლოდებივით დასწოლია შავბნელი თარიღები—1801, 1810-11, 1832, 1921, 1924, 1937, 1956, 1989, 1992-93 და 2008 წლები.

გამადიდებელი შუშით დაკვირვება სულაც არაა საჭირო, რომ შეამჩნიო— თითოეული ეს თარიღი პირშეუკრავი ჭრილობაა საქართველოს დაჩეხილ სხეულზე და თითოეული მათგანიდან დღესაც მოწვეთავს სისხლი, სისხლი წინაპართა და თანამედროვეთა.

რუსეთთან ურთიერთობა დღესაც ერთ-ერთი განმსაზღვრელი მომენტია ქართული სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკაში. მსოფლიოს უკანასკნელი იმპერია ვერა და ვერ ეგუება გავლენის დაკარგვას ამიერკავკასიაში და პრობლემას პრობლემაზე უქმნის დამოუკიდებელ ქართულ სახელმწიფოს. სწორედ რუსეთის კავკასიური პოლიტიკით იკვებება ჩვენი სამშობლოს უკანასკნელი ოცწლეულის ისტორიაში განვითარებული “ეთნოკონფლიქტები”. მოსკოვის იმპერეიულ ზრახვებს შეეწირა ათასობით ჩვენი თანამემამულე და ჯერ კიდევ არავინ უწყის, როდის დასრულდება ეს უკანასკნელი სატანური სამსჯავრო ღვთისმშობლის წილხვედრ მიწაზე.

აქედან გამომდინარე, ქართულ-რუსულ ურთიერთობათა ისტორიაში გარკვევას უაღრესად დიდი მნიშვნელობა ენიჭება არა მხოლოდ შემეცნებითი, არამედ წმინდა პრაგმატულ-პოლიტიკური თვალსაზრისითაც. თანამედროვე ქართველებმა ზედმიწევნით უნდა იცოდნენ ამ ურთიერთობათა ყველა წვრილმანი ნიუანსი, მისი პოზიტიური და ნეგატიური მხარეები, განსაკუთრებით - ის შეცდომები, რომლებიც მოყვრულად მოსულ დამპყრობელთან დაუშვეს სხვადასხვა ეპოქისა და თაობის ქართველმა პოლიტიკოსებმა. ამ შეცდომათა ობიექტური ანალიზი დაგვეხმარება სწორი სამომავლო ორიენტირების შერჩევასა და ახალ შეცდომათა თავიდან აცილებაში.

ზემოთ საგანგებოდ აღვნიშნეთ, რომ რუსულ-საბჭოურმა ისტორიულმა მეცნიერებამ იდეოლოგიურ წნეხში მოაქცია ქართულ-რუსულ ურთიერთობათა ისტორიის შესწავლა და უღმერთოდ გააყალბა იგი. საბჭოთა ეპოქის ქართველი მეცნიერნი იძულებული იყვნენ ხარკი გადაეხადათ იდეოლოგიური კონიუნქტურისთვის და ისე გაეშუქებინათ ამ ურთიერთობათა საკვანძო მომენტები, რომ ეჭვქვეშ არ დამდგარიყო უფროსი ძმის პროგრესული მისია, ზოგადად, კავკასიასა და კერძოდ - საქართველოში. ამის მიუხედავად,ზოგიერთი ქართველი ისტორიკოსი მაინც ახერხებდა ცენზურის მოდარაჯე თვალისათვის გამოეპარებინა ცალკეული ობიექტური დასკვნა თუ მოსაზრება. ასეთი მცდელობანი, სამწუხაროდ, ერთეულ ხასიათს ატარებდა და სრულიადაც ვერ ცვლიდა საერთო სურათს. 

თუმცა, აქვე უნდა ითქვას, რომ გაყალბებას ექვემდებარებოდა არა იმდენად ქართულ-რუსულ ურთიერთობათა ისტორიის ფაქტოლოგიური მხარე, რამდენადაც რუსეთის საქართველოში დამკვიდრების სამართლიანობისა და ისტორიული მნიშვნელობის ძირითადი ასპექტები. ამიტომ, თანამედროვე ისტორიკოსთა წინაშე დგას არა იმდენად ახალი წყაროების მოძიებისა და ფაქტოლოგიური კვლევის (თუმცა, ამის საჭიროება კვლავაც არსებობს და ყოველთვის იარსებებს), არამედ იდეოლოგიურად გაყალბებულ დებულებათა ობიექტური ანალიზისა და ახლებურად შეფასების ამოცანა.

აქ კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენოთ “ქართლის ცხოვრების” ასწლოვანი მატიანის ავტორის ცნობილი შეგონება იმის თაობაზე, რომ “ჟამთააღმწერლობა ჭეშმარიტის მეტყუელება არს და არა თუალ ახმა ვისთვისმე”.

წერილების სერიალი, რომლის პუბლიკაციაც დღეს იწყება, სწორედ ჟამთააღმწერლის ზემოთ მოყვანილი დებულების გათვალისწინებით დაიწერა. ყოველ შემთხვევაში, მე, როგორც ავტორს, ნამდვილად მაქვს საამისო განზრახვა და, თუ გნებავთ, ამბიციაც.

ცხადია, შეგვეძლო პირდაპირ საქმეს შევდგომოდით, ყოველგვარი შესავლისა და მოთელვის გარეშე, მაგრამ, ნუ გვიწყენს მკითხველი და მაინც ასე ვარჩიეთ. ჯერ ერთი, სულგანათლებულma ილიაm დაგვიბარა - “რიტორიკაში სწერია: ყველაფერი შესავლით უნდა დაიწყოს კაცმაო”. ჰოდა, ჩვენც ილიას გზით სიარული ვამჯობინეთ. მოდით, უშუალოდ საქმის დაწყებამდე ეს არასავალდებულო შესავალი გაცნობად და ხელის ჩამორთმევად ჩავთვალოთ. ახლა კი, რაკი რუსულ-ქართული ურთიერთობების გაცნობა გადავწყვიტეთ, ქართველთან ერთად გენიალური რუსი მწერალი ფიოდორ დოსტოევსკი გავიხსენოთ და მისი სიტყვებით დაგემშვიდობებით - “სულ ეს არის ჩემი წინასიტყვაობა. გეთანხმებით, სავსებით ზედმეტი იყო ამის დაწერა, მაგრამ, რადგან ის უკვე დაიწერა, დე, ასე დარჩეს” (“ძმები კარამაზოვები”).