შორეულ ხანას რომ არ მივუბრუნდეთ, სულ ახლახანს, სამასი წლის წინ ლუდოვიკოს კარზე სულხან საბას იმ ვიზიტით დავიწყოთ, რომლითაც, დიდი პოეტის ნათქვამის მიხედვით, „რაც შეიტანა, ის გამოიტანა“. საქართველოს საგარეო ურთიერთობების ზოგჯერ კურიოზული ხასიათი ამ ვიზიტში თვალსაჩინოდ გამოვლინდა. ამბობენ, სულხან საბა ევროპის წამყვანი სახელმწიფოს მხარდაჭერის სანაცვლოდ, საქართველოს კათოლიკურ სამყაროში ინტეგრაციას პირდებოდა საფრანგეთის მეფესო. ლუდოვიკოს ამ ისტორიულ პერსპექტივაზე ფიქრით თავი არ შეუწუხებია. სამაგიეროდ, შინ დაბრუნებული სულხან საბა სულ წვერით უთრევიათ, ქვეყნის გაკათოლიკებას შენ ვინ გეკითხებოდაო!
ჩანს, ამ ისტორიული გამოცდილების კვალდაკვალ, დიპლომატებმა წვერის ტარებაზე უარი თქვეს, თუმცა მათგან ყველაზე გამოუცდელნი ულვაშზე მაინც არ ამბობენ უარს. გამოთქმაც - „ამისთვის გაგიშვი პარიზში?“ - უთუოდ ამ ისტორიულ მეხსიერებას უნდა ეფუძნებოდეს. ერთ დროს ულვაში სინდისის და სიტყვის ფასის ეკვივალენტი იყო, მაგრამ ამ პარადიგმამაც ამოწურა თავი და გაპარსული ულვაშისა და გაყიდული სინდისის ეპოქაც დადგა.
საგულდაგულოდ გაპარსული სააკაშვილის მისვლა-მოსვლა უთუოდ ცალკე ტომს დაიკავებს ბედკრული საქართველოს დიპლომატიის ისტორიაში. დასაწყისში, გაღმა გასული ბორის ელცინის მაგალითით, ისიც სარეისო თვითმფრინავის ეკონომ-კლასით კმაყოფილდებოდა. ელცინმა სულ მალე დაანება თავი ამ პიარ-აქციებს და უცხოური ვიზიტებისას ცეკვა-თამაშსა და დირიჟორობას მოუხშირა.
სააკაშვილსაც მალე მოყირჭდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ჯერ მოკრძალებულ საპრეზიდენტო თვითმფრინავში გადაჯდა. მერე და მერე, როცა საგარეო უწყება „კვალიფიცური კადრებით“ დაკომპლექტდა, ჰარუნ ალ-რაშიდის მაგვარი „ხალხში გადაცმული სიარულის“ აუცილებლობაც მოიხსნა და საკუთარმა „ბორტმა N1“ სააკაშვილს იმის საშუალებაც მისცა, რომ ოკეანის გაღმა მიმავალს, გზად გრენლანდიაში ან ისლანდიაში შეევლო.
თუმცა დიდი საქმეები „შევლით“ არ კეთდება და ამიტომ 2005-ში ახალი წელი სააკაშვილმა უკრაინიდან მოგვილოცა. მისი იქ ხანგრძლივად ყოფნა, არაკეთილმოსურნეთა ქირქილის მიუხედავად, მხოლოდ „საქართველოს ინტერესებით“ იყო ნაკარნახევი. „ნარინჯისფერ“ იუშჩენკოსთან „ვარდისფერი“ სააკაშვილის ნათელ-მირონობამ ამ ინტერესებს ვერ აჯობა და მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებში ნაწნავიანი უკრაინელის მხარდაჭერა გახდა აუცილებელი. უკრაინაში უკვე სხვა ქართველები გაემგზავრნენ „არჩევნებზე დაკვირვების“ მისიით. თუმცა მისია Mission impossible გამოდგა. საარჩევნოდ ნარჩევი ქართველი ბიჭები უკან გამოაბრუნეს, ხოლო ყოვლისშემძლე მერაბიშვილისა და გივი თარგამაძის სატელეფონო თათბირები ინტერნეტში გამოფინეს.
იანუკოვიჩის ინაუგურაციაზე 11 სახელმწიფოს მეთაური, 15 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, 4 გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელი და 4 პარლამენტის თავმჯომარე იმყოფებოდა, მათ შორის – დავით ბაქრაძე. ბევრი იქილიკეს არაკეთილმოსურნეებმა, მაგრამ სააკაშვილის იქ არყოფნა მხოლოდ იანუკოვიჩის პრორუსულობის ბრალი იყო და არა იმისა, რომ იგი არ დაუპატიჟებიათ.
ზოგადად, დაუპატიჟებელი სტუმრების თემა დიპლომატიაში მეტად მტკივნეულია, მაგრამ არანკლებ დატვირთვას დაპატიჟებაზე უარის თქმა ატარებს. ეს თუნდაც იმით დასტურდება, რომ იმავე წლის 9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების 65-ე წლისთავისადმი მიძღვნილ აღლუმზე სააკაშვილი დაპატიჟეს, ისევე, როგორც სარკოზი, მერკელი და კიდევ 20 სახელმწიფოს მეთაური, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ ისინი მოსკოვში ჩავიდნენ, „ბორტი N1“ კი „საქართველოს ინტერესების“ კარნახით ამ დღეს კოსტა-რიკის ახლადარჩეული პრეზიდენტის – ლაურა ჩინჩილია მირანდას ინაუგურაციაზე გაემგზავრა. გზად კი რომის პაპთან – ბენედიქტე მეთექვსმეტესთანაც შეიარა.
შემდეგ იყო ბოგოტა: 7 აგვისტოს კოლუმბიის ახლადარჩეული პრეზიდენტის, ხუან მანუელ სანტოს კალდერონის ინაუგურაცია. აქაც, როგორც კოსტა-რიკაში, იგი ერთადერთი არალათინური ამერიკის ქვეყნის „ბორტი N1“ იყო. „იმ ადამიანებისთვის, რომელთათვისაც დემოკრატიული ღირებულებები ფასეულია, კოლუმბია მნიშვნელოვანი ქვეყანაა. ამიტომ დიდი სიამოვნებით დავთანხმდი ამ შემოთავაზებას და ვესწრები ინაუგურაციის ცერემონიას“, - განაცხადა სააკაშვილმა.
შემდეგ პრეზიდენტი ერთდღიანი ვიზიტით ცოლოურს, კარიბის ზღვის კუნძულ არუბაზე გაემგზავრა (ეს კუნძული ნიდერლანდების სამეფოს შემადგენლობაშია). ამბობენ, რომ იქიდან „ბორტი N1“ ერთი დღით „სტრატეგიულ პარტნიორ“ ქვეყანაში გადაფრენილა, მაგრამ ამის შესახებ ოფიციალური დიპლომატიური მატიანე დუმს.
რამდენიც უნდა იქირქილონ არაკეთილმოსურნეებმა იმის შესახებ, რომ აშშ-ს პირველი ფერადკანიანი პრზიდენტის ინაუგურაციაზე სააკაშვილი არ მიუწვევიათ, საქმეში ჩახედული ადამიანები იოლად ხვდებიან, რომ აქ უფრო დიდ თამაშთან უნდა გვქონდეს საქმე: თუკი პრეზიდენტს ლათინურ ამერიკაში იწვევენ, „სტრატეგიულ პარტნიორთან“ როგორღა არ მიიწვევენ? მე შენ გეტყვი და, ეს ჩამოთვლილი ქვეყნები ისევე არ არის აშშ-ს პროტექტორატის ქვეშ, როგორც საქართველოს მმართველი ხელისუფლება!
ვინც ამ თამაშის წესები არ იცის, ვერც იმას მიხვდება, თუ როგორ იცვლება საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულება თუნდაც ბელარუსის მიმართ. ბელარუსში რევოლუციის ექსპორტის წარუმატებელი მცდელობების შემდგომ სააკაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოცხადებამდე მიულოცა მეოთხედ გაპრეზიდენტება ალექსანდრე ლუკაშენკოს. სულ ახლახანს კი, ანაკლიის ბანაკში მან ბელარუსი „სუპერ ევროპულ სახელმწიფოდ“ გამოაცხადა.
ტრაქტორებსა და ქალებზე რომ არ შევჩერდეთ, დიპლომატიის ისტორიაში ვისაც კი ჩაუხედავს, უმალ მიხვდება, რომ ვიდრე ამერიკული ეკონომიკა სულს ღაფავს, სააკაშვილი მსოფლიოს პოლიტიკურ-ეკონომიკურ რუკას თანმიმდევრულად ცვლის. ჩვენთვის ამერიკა ახლა უკვე ლათინური ამერიკაა, ევროპა – ბელარუსი, საქართველო კი მსოფლიოში ყველაზე გახსნილი სახელმწიფო. ჩვენუვიზო მიმოსვლა დავუწესეთ ყველას (თურქეთს, ირანს, მთელ აფრიკას, ჩრდილოეთ კავკასიას და დანარჩენებს), საქართველოდან ნებისმიერი თანხის გატანა 2013 წლიდან ნებადართულია. გამოიცანით, ვისა აქვს საქართველოდან გასატანი ფული?
სულ ახლახანს „ბორტი N1“ პერუში დაეშვა. ახლადარჩეული პრეზიდენტის – ოლანტა ჰუმალას ინაუგურაციაზე სააკაშვილმა განაცხადა: „ჩვენ დიდ იმედებს ვამყარებთ ლათინურ ამერიკაზე!“ სავარაუდოდ, ფულსაც სწორედ იქ გაიტანენ. თავის დროზე იქ სხვა ნაცებს გაჰქონდათ ფული და მეორე მსოფლიო ომის წაგების შემდეგ სწორედ იქ დაივანეს. ნაწნავიანმა უკრაინელმა კი სულ სხვაგან დაივანა – ციხეში. მასაც ფულის მოპარვასა და გატანას ედავებიან. იულიას დაპატიმრებამ საფრანგეთისა და აშშ-ს ელჩების გარდა, თვით რუსეთიც კი შეაშფოთა, მაგრამ სააკაშვილი ის უიშვიათესი გამონაკლისი აღმოჩნდა, რომელმაც მის სასარგებლოდ სიტყვაც არ დაასველა. რას იზამ, დიპლომატია „ვეფხისტყაოსანი“ არ არის, რომ მასში რაინდობის, მეგობრობისა და სიყვარულის მოტივები ეძიო.
P.S. ერთმა ჩემმა უფროსმა მეგობარმა ამას წინათ იხუმრა: - ჩვენს თაობაში თავმოჭრილი „ბაში-აჩუკი“ რომ სააკაშვილის ფანია, ამასდიდი ფსიქოანალიზი არ ჭირდება, მაგრამ არც ერთი და არც მეორე აბდუშაჰილის დამმარცხებლები რომ არ არიან, უკვე ყველამ გაიგოო! მისვლა-მოსვლისა და შეტან-გამოტანის მოტივები ქართული დიპლომატიის ისტორიაში კვლავაც გრძელდება, მაგრამ არშემდგარ ბაში-აჩუკებს დღეს უკვე შეგიძლიათ შეუბრუნოთ: „ახლა გინდ შეიტანე, გინდ გამოიტანე ეს შენი გაგორებული ფალავანი“!