თქვენ გგონიათ, ბაბაჯანას ქოშები თავიდანვე „ძველი და ჯღანა“ იყო? სულაც არა – ლამაზი, გაპრიალებული ქოშები ყოფილა, მაგრამ ახალ-ახალი ჯღანის დადებამ ერთიანად დაამახინჯა.
ვთქვათ, გაუცვდა ქოშებს ძირი,
ან საპირე დაძენძილი –
აიღებდა ახალ ტყავს და
ზედ იმ ძველზე დააკრავდა.
სხვა ქოშები არა სცმია,
იქნებოდა წელი ხუთი,
ზედ იმდენი ჯღანი ედო,
მოვიდოდა სამი ფუთი“.
სიტყვა „ჯღანის“ ეტიმოლოგია უთუოდ იმსახურებს სამეცნიერო კვლევას, მაგრამ პოლიტიკური თვალსაზრისით იგი პირველად 2006 წელს, მოჭიდავეების დაპატიმრების შემდეგ გაისმა. ქუჩაში საპროტესტოდ გამოსულ ხალხსა და პოლიტიკოსებს სულ „ჯღანას მეგობრები“ უძახეს. ჩვენში დარჩეს და, ტილიკასა და ზარალას ამხანაგები სხვისი მეგობრების სახელებს არ უნდა გამოეკიდონ, მაგრამ კნინობითი სახელებისკენ მიდრეკილებამ კიდევ არაერთხელ იჩინა თავი: ჯერ იყო და, ბადრი პატარკაციშვილს „არკადი“ უძახეს, მერე – ეროსი კიწმარიშვილს – „ერასტი“, ბოლოს კი ჯავშანმანქანებს, რომლითაც, მათივე მტკიცებით რუსი ჯარისკაცები უნდა შემოეყვანა ოქრუაშვილს, - „ზილები“ დაარქვეს.
თუმცა ბაბაჯანას და მის ჯღანებს დავუბრუნდეთ. ჩვენი ხელისუფლების პიარის თავიდან ლამაზ წკაპუნებს (ბაბუმ რომ უყიდა) ბზინვარება მალე დაეკარგა. სანამ თვალი ტყუვდებოდა, ხალხსაც სჯეროდა, რომ ეს წკაპუნები ნათელ მომავალში გაგვიყვანდა, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს გაირკვა, რომ მათი პაკაპუკის მიუხედავად, ყველაფერი არც ისე ლამაზი ყოფილა. ხელისუფლებაც, რის ხელისუფლებაა, თუ ხალხის განწყობას ვერ იგრძნობს?
დაიწყო წკაპუნებზე ჯღანების დადება. ერთ მარცხს მეორე ხმაურიან აქციას გადააკერებდნენ და ხალხის ყურადღებაც გადაჰქონდათ. წკაპუნების პროექტზე ნამუშევარმა შალვა რამიშვილმა ახლა თავის ნაპროექტალს დაუწყო „დარდუბალას“ კეთება და საგანგებოდ მისთვის დაკერებულ ჯღანს შეეწირა – დააპატიმრეს. თან რისთვის – ფულის აღებისთვის! ხელისუფლებამ კარგად იცის, რომ დასასრულის დასაწყისი მისი დაცინვაა.
შალვამ სასჯელი მოიხადა თუ არა, შევარდნაძეს შეხვდა. არ გვინდა ახლა იმაზე ლაპარაკი, რომ დღეს შალვა კი არა, თვით ერასტიც კი შევარდნაძის ქებაშია, - მაშინ დემოკრატია იყოო და ასე შემდეგ.
ეს აღარ არის საინტერესო. დღეს უკვე შეჯიბრი იმაშია გამოცხადებული, თუ ვინ უფრო ადრე მიხვდა, რომ ხელისუფლების წკაპუნები სინამდვილეში ბაბაჯანას ქოშები ყოფილა. დრო მიდიოდა და ჯღანს ჯღანი ემატებოდა. ოპოზიციას გაურიგდებოდნენ და მეორე დღესვე ახალ კანონს შემოაგდებდნენ, ან კიდევ ვინმეს ტელეკამერების წინ ხელებს ამოუგრეხდნენ. ახლა ამ ამბის გადასაფარად ახალ ჯღანს დააკერებდნენ – სომხურ ეკლესიას გაეთამაშებოდნენ. მერე ამის გადასაფარად სხვა ჯღანს – ჯაშუში ფოტოგრაფების სკანდალს დაადებდნენ ზედ და იყო საზოგადოებაში ერთი სჯა-ბაასი.
ჯღანებს მართლაც რომ მაგიური დატვირთვა აქვს პაირში. ბარი ლევინსონის ფილმში „კუდი ძაღლს აქიცინებს“ (ინგლისურიდან სიტყვა-სიტყვით სწორედ ასე ითარგმნება) პრეზიდენტის სექსუალური სკანდალის გადასაფარად პიარ-კოსულტანტებმა ასეთი სვლა მოიფიქრეს: ამერიკამ ალბანეთში სამხედრო ძალები გადასხა (ერაყის არ იყოს, ვითომ იქ იარაღი იყო), წარმატებული ოპერაცია ჩაატარა, მაგრამ სპეცრაზმელი შუმანი ვერ გამოიყვანა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი შეთხზული იყო, მაგრამ იდეის ავტორებმა კითხვაზე – მერე ამერიკელი ხალხი სიმართლეს რომ გაიგებსო? – უპასუხეს: საიდან უნდა გაიგოს, ჩვენ ხომ ამას ყველაფერს ტელევიზიებით გადავცემთო!
ჩვენთანაც ყველაფერი ტელევიზიების ხელით კეთდება, თუმცა შუმანს მივუბრუნდეთ. ინგლისური სიტყვა „შუზ“ რომ ფეხსაცმელს ნიშნავს, ყველამ ვიცით, თანაც ინგლისური ენის მასწავლებლების ჩამოყვანამდე დიდი ხნით ადრე. პიარკონსულტანტებმაც ახალი სლოგანი შექმნეს – თითქოს შუმანს მეგობრები „ძველ შუზს“ ეძახდნენ და დაიწყო ხეებსა თუ ელექტროსადენებზე ძველი ფეხსაცმელების, ჩვენებურად – ბაბაჯანას ქოშების ჩამოკიდება მისი ამერიკაში დაბრუნების მოთხოვნით. მთელმა ამერიკამ არჩევნებამდე დარჩენილი ათი დღე ლეინტენანტ შუმანის ალბანეთიდან გამოხსნის კამპანიაში გაატარა ისე, რომ პრეზიდენტის სექსუალური სკანდალი აღარავის გახსენებია.
შალვა რამიშვილისგან განსხვავებით, ამ იდეის ავტორი ციხეში არ გაუშვიათ, - საკუთარ აუზთან გარუჯვისას „ინფარქტი დაემართა“. რა ექნათ, არც იმან დააჭირა ენას კბილი. ერთი სიტყვით, ჯღანზე ჯღანის დაკერება ამერიკული პიარის გამოგონებაა, მაგრამ ჩვენს ხელისუფლებას იმდენის შესაძლებლობა არა აქვს, რომ ალბანეთში ომი დაიწყოს. სადაც შეეძლო, დაიწყო და „მოიგო“ კიდეც. ყოველ შემთხვევაში, ასე სჯერა. რწმენის საკითხებზე კი, როგორც ცნობილია, არ კამათობენ.
ბოლო ერთი თვე ლევინსონის ფილმივით, ბათუმის აუზის სკანდალზე დადებული ჯღანით – ჯაშუში რეპორტიორების საქმით გაგრძელდა. ხალხი უკვე იცინის. ძველი იგავი კი გვეუბნება – როცა ხალხი იცინის, ხელისუფლებას კარგი არაფერი ელის. ბაბაჯანასავით, მათაც იყიდეს უკვე ახალი წკაპუნები (სხვა ბევრ რამე-რუმეებთან ერთად), მაგრამ იმ ძველი ქოშების თავიდან მოცილებას ვერ ახერხებენ. სადაც არ გადააგდეს, ყველგან ახალი ზარალი ნახეს. არც ქოშებს ეთმობათ ძველი პატრონი და ჯიუტად უბრუნდებიან. იოსებ გრიშაშვილის გალექსილ ზღაპარში ბოლოს ქოშებს აპატიმრებენ, რომ კიდევ არ აზარალონ ვინმე:
ზედ დაადეს დიდი კლიტე:
არ აიდგას ფეხი კიდევ!
და ანდაზად დარჩა ხალხში
და გაისმის კიდით კიდე:
„ბაბაჯანას ქოშები ხარ,
ასე რისთვის ამეკიდე?“
ხალხმრავალი მიტინგების ხანა დამთავრდაო, ირწმუნება ჩვენი ხელისუფლება. „კრეატიულის“ ხომ ახლა იწყება? ჰოდა, ნუ გაუკვირდება, თუ ერთ მშვენიერ დღეს საკუთარი სახლების თუ კაბინეტების წინ ძირგავარდნილ ფეხსაცმელებს ჩამოუკონწიალებენ ამ სლოგანით:
„ბაბაჯანას ქოშები ხარ,
ასე რისთვის ამეკიდე?“