ვინ ვისი ნაშთია დღევანდელ საქართველოში

ვინ ვისი ნაშთია დღევანდელ საქართველოში

ამის წინა ბლოგტექსტში ვინმე გიორგიმ ასეთი “ჩინებული” კომენტარი დატოვა: “(დეგენერატული) დათას შთამომავალი არ ხარ შენე (ნუ იბრალებ) – შევარდნაძის კომუნისტური ნაშთი ხარ შენე”. ეჰ, არც შენ ხარ გიორგი, მაგრამ ეს ამბავი იქით იყოს; ჩემი “სიყვარულით” დათას დეგენერატულობაზე წერისას კლავიატურა როგორ არ აგიფეთქდა? ან ეს იმერული “შენე” რა არის? თუმცა, ამ “ინტელექტუალის” ყველაზე მსხვილ მარგალიტს “შევარდნაძის კომუნისტურ ნაშთს” მივუბრუნდეთ და იმის გარკვევა ვცადოთ, თუ ვინ ვისი ნაშთია დღევანდელ საქართველოში.

ზოგიერთი წყაროს მიხედვით სააკაშვილის ბაბუა სტალინს მოსკოვში წაუყვანია და 19 წლის ასაკში ბოლშევიკური პარტიის წევრად მიუღია. შემდგომი მისი კარიერა სწორედ ჩეკისტური ხაზით წასულა. ერთ-ერთი პრემიერმინისტრის ბაბუას საკუთარი ხელით დაუნგრევია ეკლესია სოფელში, ხოლო შვილისთვის იბესტა დაურქმევია. ამ სახელს ინგლისურ best-თან (საუკეთესოს რომ ნიშნავს) საერთო არაფერი აქვს. იგი იოსებ ბესარიონის ძე სტალინის აბრევიატურაა. იმ პრემიერს კლასელები “რაიკომოვიჩს” ეძახდნენ, რადგან მამამისი – იბესტა რაიკომის მდივნობამდე “გაიზარდა”. სააკაშვილის დედა ლენინური კომკავშირის პრემიის ლაურეატი იყო. ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერი (2003-ში “ნაცების” მეგობარი) 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ შევიდა კომპარტიის რიგებში. 

კომუნისტური ნომენკლატურის ოჯახებში გაიზარდა დღევანდელი ხელისუფლებისა და ოპოზიციის ბევრი წარმომადგენელი. ბევრ მათგანს (ჩვენი კოლმეურნეობის თავმჯდომარესავით) კომკავშირული კარიერის დასაწყისში მოუსწრო საბჭოთა კავშირის დაშლამ (ზოგს თბილისში, ზოგსაც კიევში ან ყაზანში). ზოგჯერ ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ეს ახალგაზრდები სამაგიეროს უხდიან საზოგადოებას იმისთვის, რომ წარმატებული კომკავშირულ-პარტიული კარიერის შანსი დაკარგეს მაშინ.

1988 წლის ნოემბერში, როცა მთავრობის სასახლის წინ საპროტესტო მიტინგები და ახალგაზრდების შიმშილობა მიმდინარეობდა, ლიბერალური დემოკრატიისა და საბაზრო ეკონომიკის ერთი დღევანდელი ქომაგი, საუნივერსიტეტო კომკავშირის კომიტეტის წევრად იყრიდა კენჭს და აცხადებდა: “ჩემი აზრით, ყოველი სტუდენტი, მიუხედავად პროფესიული ორიენტაციისა და სპეციფიკისა, მტკიცედ უნდა უჭერდეს მხარს, უწევდეს კონკრეტულ დახმარებას კომკავშირის კომიტეტს... წლების მანძილზე კომკავშირელთა დიდ უმრავლესობას წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, თუ რა კონკრეტულ საქმიანობას ეწეოდა არათუ საუნივერსიტეტო, არამედ ბევრ შემთხვევაში, საფაკულტეტო კომკავშირის კომიტეტიც კი. საქმის ასეთი ვითარება, ცხადია, განაპირობებდა კომკავშირელთა მოწყვეტას კომიტეტებისაგან, იწვევდა გარკვეულ ანტიპატიასაც კი მათდამი, რაც განაპირობებდა სტუდენტთა ინდიფერენტულობას უნივერსიტეტის კომკავშირული ცხოვრებისადმი, საერთოდ, კომკავშირული საქმისადმი”. 

ჩემს ბავშვობაში მაშინდელი პიონერთა სასახლე ეროვნული ღირსების, ქართული ტრადიციების, სამშობლოს სიყვარულის მასწავლებელი იყო. ნორჩ შემოქმედთა სტუდიაში გაიზარდნენ ლაშა თაბუკაშვილი, დათო მაღრაძე, ლაშა ნადარეიშვილი, მაყვალა გონაშვილი, დათო ჯანელიძე, სხვები და სხვები. ბედმა მარგუნა ბედნიერება, რომ იმ სტუდიაში ფაცია პაიჭაძის წყალობით ქართული სიტყვის მადლს ვზიარებოდი. ღმერთმა გაანათლოს მისი სული! მაგრამ სასახლეში იყო პიონერულ-კომკავშირული კაბინეტიც, რომლის ზოგიერთი აღზრდილი დღეს ხელისუფლებაშია (ზოგი – ოპოზიციაში).

მარკ ალმონდი 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენების შემდეგ წერდა: “სააკაშვილის ვარდისფერ-რევოლუციური გუნდის საშუალო ასაკი მისი ჩათვლით 34 წელს შეადგენს. მაგრამ ახალგაზრდული ასაკი, სამწუხაროდ, არ ნიშნავს იმას, რომ კორუფციაზე აცრილები არიან... ანტროპოლოგის თვალსაზრისით არაფერია გასაკვირი იმაში, რომ ბრეჟნევისა და შევარდნაძის დრომ წარმოშვა ამბიციური ადამიანები, რომლებმაც კარგად იციან, როგორ აუჩუყონ გული დასავლელ სპონსორებს. საბჭოთა ადამიანები სიყრმიდანვე ისრუტავდნენ უნარს, ელაპარაკათ ის, რის მოსმენაც “უფროს ძმას” სურდა... როგორც ბევრმა არშემდგარმა რეჟიმმა, რომელიც დამოკიდებულია გარედან გაწეულ დახმარებაზე და ცხოვრობს ზესახელმწიფოების შეჯახების ხარჯზე, ქართველმა პოლიტიკოსებმა ძალიან სწრაფად გამოიმუშავეს უნარი, ილაპარაკონ ის, რის თქმასაც ძია სემი და ძია-ევროკრატები ჯერ მხოლოდ აპირებენ”.

დღეს ეს არშემდგარი კომკავშირლები ძია სემებს და ძია ევროკრატებს სტალინის ძეგლის აღებით უმტკიცებენ, რომ ბოლშევიზმთან არაფერი აქვთ საერთო. “მაესტროს” ერთმა წამყვანმა ზუსტი შეფასება მისცა მათ: “ისინი 50 წლის წინანდელ ავტორიტარიზმს ებრძვიან!” ამ “ბრძოლის” ავტორიტარული მეთოდები იმდენად ჰგავს იმას, რასაც ებრძვიან, რომ ზოგჯერ სიმწრით გაგეცინება. 

რევოლუციის ერთ-ერთი მონაწილე, რომელმაც შემდეგ სახელმწიფო სტრუქტურებსა და “დამოუკიდებელ’’ მედიაში ბევრი თანამდებობა დაიპყრო, თავის რევოლუციურ მოგონებებში წერს: “ჩემი ინტუიტიური რწმენა, რომ ხალხის დაკვეთა რევოლუცია იყო, არც – მეტი, არც - ნაკლები ბებიაჩემმა გაამყარა. ბებია არ გამოირჩეოდა ორიგინალობით რადგანაც ისევე, როგორც ბებიათა უმრავლესობისათვის, მისთვისაც საკუთარი შვილიშვილის, ანუ ჩემი უსაფრთხოება იყო ცხოვრების უმთავრესი ამოცანა... მისთვის არანაირი ფასეულობა, არანაირი პრინციპი არასოდეს არ იდგა ჩემს კარგად ყოფნაზე მაღლა. არც დაფიქრდებოდა, ისე დაუმალავდა სტუმარს თეთრ ხორცს ჩემთვის შესანახად... და თუ საკუთარი ფოფინა ბებია მთხოვდა რევოლუციას, ჩემთვის სრულიად ცხადი იყო, თუ რას ითხოვდა ხალხი ნაციონალური მოძრაობისა და მისი ლიდერისგან”.

ამ სტრიქონების ავტორმა არ იცის, რომ საქართველოში ბებიების უმრავლესობა სტუმარს თეთრ ხორცს არ უმალავს. ბებიაჩემს (დასავლეთ საქართველოში ცნობილი მღვდლის – გედეონ გაჩეჩილაძის ქალიშვილს) გერმანელი ტყვეები არაერთხელ დაუპურებია. ასე იქცეოდა ჩვენი ბებიების უმრავლესობა და არა ისე, როგორც ამ რევოლუციონერისა. ჩვენი ბებიები, მისი ბებიისგან განსხვავებით, რევოლუციას არასოდეს მოითხოვდნენ, რადგან საკუთარ თავზე იწვნიეს რევოლუციის “სიკეთე”! ამით განვსხვავდებით ჩვენც. 

“შევარდნაძის ნაშთებს” რაც შეეხება... მოიკითხეთ სააკაშვილი, ბურჯანაძე, ბარამიძე, ნოღაიდელი, წერეთელი, გოგორიშვილი, გაბაშვილი... იმდენი არიან, ვინმე ნამდვილად გამომრჩება და ამიტომ აქ გავჩერდები. “და სხვაში” დანარჩენებიც იგულისხმეთ. 

პატივისცემით, 

საეკლესიო აზნაურთა შთამომავალი, კათოლიკოს-პატრიარქის შვილიშვილი, რეპრესირებული ტექნიკური ინტელიგენციის ოჯახის წარმომადგენელი, რუსების მიერ დევნილი შერვაშიძეების შემფარებელი გვარის შვილი