ისინი ხშირად მოგზაურობენ.
ბევრი საოცრება აქვთ ნანახი.
სწავლობენ სიტყვებს, რომელიც ჰგონიათ, არავინ იცის.
ისინი დემოკრატიას არიან ნაზიარები.
მათ ზუსტად იციან, როდის არის რევოლუციის დრო.
ისიც ზუსტად იციან, ვის უნდა დაუდგნენ გვერდით.
როცა ამის შესახებ “იქ” ეუბნებიან, დემოკრატიას ყოველდღიური გარჯით აშენებენ.
როცა საჭიროა, “ჟურნალისტური გამოძიებებით” აგდებენ საზოგადოებას შოკის მდგომარეობაში.
როცა არ არის მითითება, ზოგადად, “მედიის განვითარებისთვის” იღვწიან. და ერთმანეთს “ავითარებენ”.
ისინი იღებენ ყველა გრანტს და არიან ყველა “ბორდში”.
ისინი სხედან ყველა ტელეეთერში: ნაციონალურშიც და ოპოზიციურშიც, რომელსაც პაწაწა გრანტების ნაკადულიც გაუხსნეს.
მათ იციან, როგორ უნდა იცხოვროს ყველა დანარჩენმა.
მატარებელი კი მიდის.
ისინი ხშირად გვიყვებიან იმ საოცრებათა შესახებ, რაც “იქ” საკუთარი თვალით ნახეს.
ჩემს ბავშვობაში მსოფლიოს იური სენკევიჩის თვალით ვხედავდით, ახლა – მათი თვალით ვხედავთ. ისეთს, როგორიც მათ უნდათ.
ზოგი მათგანი პოლიტიკოსია, ზოგი – ექსპერტი, ზოგიც – უფლებადამცველი. ნაწილს მედია აქვს ჩაბარებული “გადასარჩენად”, სხვანი იმ იდეოლოგიებს გვასწავლიან, “იქ” რომ კარგა ხნის წინ მოძველდა. თუმცა ეს დაყოფაც პირობითია: ისინი ადვილად ცვლიან ადგილებს საჭიროებისდამიხედვით.
“იქაც” გული უჩუყდებათ, როცა ხედავენ, როგორი გულმოდგინებით იცავენ დემოკრატიას არასამთავრობო და მედიაფრონტზე უშიშროების საბჭოს მდივნისა და მისი მოადგილის მეუღლეები.
ცრემლი ადგებათ თვალზე, როცა ხელისუფლების წევრთა ოჯახებში და საახლობლოში ბიზნესის გენია იწყებს ჩქეფას.
ესენიც - თავს იწყნარებენ, რომ მუბარაქამდე ჯერ კიდევ შორია (იმდენი ჯერ არ უშოვნიათ).
შუქურაა, აბა, რა!
ვინც ვერ ხედავს, ბრმაა უთუოდ.
ამ ვიწრო წრეში კი, ყველას თავისი ადგილი და ლუკმა აქვს. უბრალოდ, პირველ-მეორეზე გაითვალნენ და საჩვენებელ ორთაბრძოლებს მართავენ ხოლმე. ოღონდ ზედმეტობის გარეშე.
ზედმეტობაზე ნებართვა არ არის: არც ერთი მხარე არ უნდა დაზარალდეს ისე, რომ საპატიო მეორე ადგილს ჩამორჩეს. სათადარიგო სკამზე ყველა ადგილი მათ უნდა ეკავოთ. ისინიც და ესენიც “იმათი” ბიჭები (და გოგოები) არიან.
ისინიც და ესენიც, “იქიდან” ჩამოსულები, თავდავიწყებით გვიყვებიან: “სად არ ვყოფილვარ, მაგრამ ინდოეთში ყოფნისას პირველად ვმღეროდი ასეთი აუდიტორიის წინაშე – 300 ქალიშვილისა და ფარშევანგისთვის” (“ბეღურების გადაფრენა”).
უსმენ ამათ დაწყობილ და ბრტყელ ტერმინოლოგიას და სურვილი გიჩნდება, იმავე ფილმის გმირივით ჰკითხო: “ჰა, ნეხვი როგორ არი ფრანგულად?! თქვი!”
“ფეკალიებიო!” – გამოგეპასუხებიან პარიზიდან ან მიუნხენიდან. მერე კი დიდხანს იქნება ჩვენი მედია იმის რკვევაში, რომელმა რომელი გალახა და ვის უფრო ეტკინა. ნუ დარდობთ, ეგენი ერთმანეთის ტყავს არ დახევენ!
ამათგან განსხვავებით, “ბეღურების გადაფრენაში” იმ ტრიფონას გუჯა ბურდულის გმირი კარგად მიჟეჟავს, თანასოფლელი კი გაკვირვებული ეკითხება: “შენა, ტრიფონა არა ხარ? რავა სულ ნაცემი და დაგლეჯილი უნდა დადიოდე!”
ამათ როგორ არ მოეძებნათ ერთი გუჯა!
ამას წინათ დიდ სამებაში ვნახე გუჯა ბურდული. მომერიდა მისვლა; ტაძრის კედელთან იდგა და მხურვალედ ლოცულობდა.
“ლოცულობ, გიორგი? ილოცე, ილოცე!” (“ჯარისკაცის მამა”).
გადაფხეკილი ტრიფონა “მალიარი” აღმოჩნდა. ესენიც, რომ გადაფხიკო, უმწიფარი კომკავშირლები შეგრჩება ხელში, რომლებიც “მეცკომის” მაგივრად “ლიბერალური დემოკრატიის” კონსპექტებს იზუთხავენ ღამღამობით.
“მალიარი ხარ, ბიჭო?”
მალიარობა ცოდვა არ არის, ოღონდ სიმღერის გაკვეთილები არ უნდა ჩაუტარო სხვას. ვისაც ჰგონია, რომ “ბეღურების გადაფრენა” ამ ცნობილ რეპლიკაზე მთავრდება, უნდა შევახსენო, რომ არის ფინალური ეპიზოდი, რომელშიც ორივე გმირი ნახირთან ერთად საბარგო მანქანის ძარაზე აღმოჩნდება.
- საით მიდიხარ?
- რუსეთში.
- რუსეთში რა გინდა?
- საქმე მაქვს.
- რა საქმე?
- ფერმას ვაშენებ!
- ხალხი გჭირდებათ?
- ხალხს გააჩნია!
- მომღერლები? ხო, რა გაცინებს? ჩემ საქმეში პირველი ტენორი ვარ!
ისინი, რომლებიც გუშინ პრორუსულობას სხვას სწამებდნენ, დღეს იმ სხვებს ასწრებენ რუსეთში “ფერმის ასაშენებლად”. და ყველა მათგანი “პირველი ტენორია”. ესენიც იგივეს აკეთებენ, ოღონდ ამბობენ, რომ “ინდოეთში” იყვნენ.
ფილმის დასაწყისში ტრიფონა ამბობს: ”ბევრს ვმოგზაურობ, ოღონდ საერთო ვაგონით - არა! კუპირებულის ბილეთი სალაროში არ იყო. სადგურის უფროსთან შევედი, ფულიც გადავუხადე, მაგრამ მეჩქარებოდა და აღარ დავხედე. საერთო ვაგონის ბილეთი აღმოჩნდა”.
მთელი მისი მანერული და ტრაბახა ტექსტები შეგვიძლია დავივიწყოთ, რადგან ტრიფონამ უბილეთო გიჟსაც გადაუხადა ბილეთის საფასური და ცეცხლმოკიდებული საბარგო მანქანაც ჩააქრო მის ვიზავისთან ერთად..
ამათ ეს თვისებები არა აქვთ (თუნდაც - საჩვენებლად). ესენიც ბევრს მოგზაურობენ, მაგრამ საერთო ვაგონით – არა!
P.S. ისე, საინტერესოა, საერთო ვაგონის ბილეთი მართლა სადგურის უფროსმა გაუხაზირა ტრიფონს, თუ ესეც მოიგონა?
P.P.S. ვინც საერთო ვაგონს უკადრისობს, ნახირთან ერთად უწევს ხოლმე მგზავრობა.
P.P.P.S. ეს სადგურის უფროსი ვიღაა, კაცო, კუპირებულის ნაცვლად საერთო ვაგონში არიგებს რომ ბილეთებს?