მეორე დღესვე გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კოჰი „გეი–გარჩევებს ემსხვერპლა“. არც ერთ იმ ადამიანს, რომელიც სექსუალურ უმცირესობათა უფლებათა დამცველობას დღეგამოშვებით კისრულობს, კომენტარიც არ გაუკეთებია. არადა, ეს ხომ პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მკვლელობას ჰომოსექსუალური საფანელი ედება!
ახლო წარსულში სულ ცოტა, სამი ასეთი შემთხვევა იყო, როცა საზოგადოებისთვის ცნობილი და წარჩინებული ადამიანის გაურკვეველ ვითარებაში დაღუპვა სწორედ ამ თემას დაუკავშირეს.
საზოგადოების მდუმარე თანხმობით, ისეთი სურათი იქმნება, რომ თუ მკვლელობა სწორედ ჰომოსექსუალიზმს უკავშირდება, ეს მკვლელობა ერთგვარად, აღარ არის ისეთი მძიმე, როგორც სხვა შემთხვევაში.
განა შეიძლება ადამიანი მოკლა იმიტომ, რომ ის ჰომოსექსუალია? ან მისი ორიენტაცია ამართლებს მკვლელობას?
რატომ დუმს ქართული ლიბერალური საძმო? ისიც, დანარჩენი ქართული საზოგადოების მსგავსად მორცხვად „არ იმჩნევს“ ამ „ომერტას“, – ურჩევნია „ჰომოფობების“ საპატიო წოდებით დააჯილდოვოს ის ადამიანები, ვისთვისაც ჰომოსექსუალიზმი რელიგიური თვალსაზრისით მიუღებელია. და, რომლებიც, სხვათა შორის, აზრის გამოხატვის იქით არასოდეს წასულან.
ვინაიდან პირადად მაქვს განცდილი ამგვარი „წოდებების“ (ფაშისტი, ჰომოფობი და ა.შ.) სიტკბო, ყველას გასაგონად მინდა ვთქვა: მართლმადიდებელი ადამიანისთვის ჰომოსექსუალიზმი ცოდვაა, მაგრამ მართლმადიდებელი ცოდვილს არ კლავს, არ ანადგურებს, არა მარტო ფიზიკურად, არამედ - მორალურადაც. სხვათა შორის, სწორედ მორალურმა ტერორმა მიიყვანა 8 წლის წინ თვითმკვლელობამდე ერთ–ერთი ცნობილი პიროვნება, მაგრამ ჩვენი ლიბერალებისგან არც ამის შეფასება გაუგონია ვინმეს.
ხელოვნურად დამკვიდრებული პოლიტკორექტულობა საქართველოში ისეთივე მახინჯ სახეს იძენს, როგორც ადამიანის უფლებებისთვის „მოღვაწე“ იმ პირთა ავტორიტარული მართვის სტილი, არასამთავრობო სექტორიდან პირდაპირ ხელისუფლებაში რომ ისკუპეს.
რამდენი რეზოლუცია ან რეკომენდაციაც უნდა მიიღოს ევროსტრუქტურებმა, მორწმუნეს ვერ დაავალდებულებ, „პატივი სცეს“ იმას, რასაც მისი მრწამსით ცოდვა ეწოდება. თუ ცოდვას პატივსაცემ მოვლენად ჩათვლი, იგი ცოდვა აღარ იქნება. როცა ცოდვაზე ვლაპარაკობ, სულაც არ ვგულისხმობ, რომ თავად უცოდველი ვარ, მაგრამ სახელის დარქმევა ცოდვისთვის (და არა ცოდვილთან ანგარიშსწორება!) ჩვენი რწმენის საფუძველია.
ათი მცნება ყველა ქრისტიანისთვის ერთნაირად ჟღერს, მაგრამ რელიგიური პრაქტიკა სხვადასხვა გვაქვს. ცოდვის ცნების გამორეცხვა თვალსაჩინოა თანამედროვე მსოფლიოში. იგი სულ უფრო მისაღები ხდება. მეტიც - ცოდვასა და ე.წ. „ნორმას“ შორის საზღვარი იშლება.
ჩვენ ყველანი ცოდვილები ვართ. განსხვავება მხოლოდ იმაშია, ვაღიარებთ ამას, თუ - ჩვენი ადამიანური ბუნების ყველაზე ბნელ და ბინძურ გამოვლინებებს „ნორმად“ ჩავთვლით. მოკლედ რომ ვთქვა, ახალგაზრდა ადამიანის მოკვლას არანაირი გამართლება არა აქვს. მოგვწონს და შევიწყნარებთ თუ არა მის ცხოვრების წესს, ამაზე კი შეგვიძლია ვიკამათოთ.
P.S. ქართული საზოგადოება ამ საკითხებზე საუბარს გაურბის. ერთი ნაწილი თუთიყუშივით იმეორებს სექსუალურ უმცირესობათა უფლებების დაცვის ზოგად ლიბერტარიანულ ფორმულებს (მათ „ლიბერასტები“ შეარქვეს), ხოლო მეორე - ამ თემაზე საუბრის სრულ მიუღებლობას ავლენს (თავის მხრივ, „ლიბერასტები“ მათ „ჰომოფობებს“ და „ფაშისტებს“ უწოდებენ). ჩემი ღრმა რწმენით, ერთმანეთისთვის მორალის კითხვას და ზედწოდებების შერქმევას ამ საკითხებზე საზოგადოების მსჯელობა აჯობებდა