რაკი ბლოგის წინა თემას ტექნიკური და სხვა მიზეზების გამო დროულად ვერ გამოვეხმაურე, მინდა, ზოგიერთ მნიშვნელოვან კომენტარს მივუბრუნდე და თემა მხოლოდ შემდეგ განვაგრძო (ამ ჩვენი ჩიქორთებული მედიაენის გამო კინაღამ “გავაგრძელო’’ წამომცდა!).
თავდაპირველად ხაზგასმით გეტყვით, რომ ჩემს მიერ გამოთქმული მოსაზრებები ეხება არა რომელიმე კონფესიის (მიმდინარეობის, დენომინაციის) რიგით თუ არარიგით აღმსარებელს, არამედ რელიგიის, როგორც პოლიტიკური ინსტრუმენტის გამოყენებას.
ერთ-ერთი კომენტარის ავტორი მიიჩნევს, რომ ე.წ. “განვითარებული’’ სახელმწიფოების “წარმატების ფორმულა’’ შრომისადმი პროტესტანტული დამოკიდებულებაა. იგი სიტყვა-სიტყვით იმეორებს გაბატონებულ აზრს, რომ “პროტესტანტული ეთიკა” კაპიტალიზმისა და დემოკრატიის ძრავია. ნებისმიერი თეორიის ხატად დასვენებას რაც მოაქვს, მარქსიზმ-ლენინიზმის დოგმებზე აშენებულმა სსრკ-მ ნათლად გვაჩვენა. რაკი ვებერის ნაშრომი “პროტესტანტული ეთიკა და კაპიტალიზმის სული’’ შეუვალ ჭეშმარიტებად ჩაითვალა, შემდგომმა “კვლელა-ძიებებმაც’’ არ დააყოვნა;
მეტად ანგარიშგასაწევი ამერიკელი მეცნიერი, სეიმურ მარტინ ლიპსეტი თავის სტატიაში “პოლიტიკური კულტურის როლი” პირდაპირ წერს:
“სტაბილურ დემოკრატიათა უმრავლესობა უფრო მდიდარ და პროტესტანტულ ქვეყნებშია. ნაკლებად სტაბილური - კათოლიკურ და ღარიბ ქვეყნებში. დემოკრატიის, პროტესტანტობის და ბრიტანეთთან ძველი კავშირები ხაზს უსვამს კულტურულ ფაქტორს. კანადაში, კვებეკში (ფრანგულენოვანი, კათოლიკური პროვინცია) 60-იან წლებამდე არ იყო პირობები პლურალისტური პარტიული სისტემისათვის. ხოლო კანადის ინგლისურენოვანი პროტესტანტული ნაწილი უკვე 100 წელი ფლობდა მრავალპარტიულ სისტემას.
1958 წელს პიერ ტრიუდო (16 წლის განმავლობაში კანადის პრემიერ-მინისტრი) ამბობდა: “ფრანგი კანადელები კათოლიკეები არიან, ხოლო კათოლიკე ხალხები ყოველთვის როდი იყვნენ დემოკრატიის მგზნებარე მომხრეები. სასულიერო საკითხებში ისინი ავტოკრატულნი არიან და ხშირად არ სურთ საერო საკითხების გადაწყვეტა ხმების უმრავლესობით”.
იქვე ლიპსეტი ისლამსაც ეხება: “ისლამი მეტად აძნელებს დასავლური ნიმუშის პოლიტიკური დემოკრატიის მიღწევას, ვინაიდან იგი არ ცნობს სასულიერო და საერო ხელისუფლების გაყოფას”.
როცა იგი ტრიუდოს 1958 წლის გამონათქვამს ეყრდნობა, ურიგო არ იქნებოდა, ისიც გაეხსენებინა, რომ ამერიკული დემოკრატიის მიღწევა, - პრეზიდენტს მხოლოდ ორი ვადით ჰქონდეს არჩევის უფლება (შესწორება კონსტიტუციაში) 1951 წლით თარიღდება, მანამდე კი, მაგალითად რუზველტი 4 ვადითაც კი იყო არჩეული. 50 წლის წინანდელი პოლიტიკური რეალობებით ოპერირება და მათზე დაყრდნობით პოლიტიკური კულტურის რომელიმე ერთ აღმსარებლობაზე მიბმა უკვე იმას ნიშნავს, რომ სხვა აღმსარებლობის ადამიანები დემოკრატიის მიღმა დგომისათვის არიან განწირული. ამას სოციალური დარვინიზმის სუნი ასდის.
მაგრამ, მოდით, გავიზიაროთ ლიპსეტის ეს მოსაზრება და მივიჩნიოთ, რომ დასავლური დემოკრატია “არ გამოსდით” პროტესტანტების გარდა არავის. სადაც კათოლიკეებს უთხრეს ამაზე უარი, იქ მართლმადიდებლები რაღა მოსატანი არიან! აქედან ალბათ ლოგიკურად გამოდის დასკვნა, რომ იმ ქვეყნებს, სადაც პროტესტანტიზმი “არ ყვავის”, დემოკრატიის შენეული მოდელი თავს არ უნდა მოახვიო. სინამდვილეში პირიქით ხდება: მათ თავს ახვევენ “ხელსაყრელ” აღმსარებლობას, რომელიც, მათივე ლოგიკით, გამოიწვევს კაპიტალიზმისა და, მისი გარდაუვალი შედეგის - დემოკრატიის გაფურჩქვნას.
როდესაც ვამბობ, “თავს ახვევენ-მეთქი’’, სწორედ იმას ვგულისხმობ, რომ თანმიმდევრულად ინერგება აზრი, თითქოს დემოკრატიულ, მდიდარ სახელმწიფოს აშენებას მხოლოდ პროტესტანტები მოახერხებენ და სხვა არავინ. აქვე სხვა მაგალითსაც მოვიტან:
ფრენსის ფუკუიამას (ბოლოდროინდელ სტატიაში “ფუნდამენტალიზმის მომავალი”) აზრით, ქრისტიანობა არ არის მტრული კაპიტალიზმის, ლიბერალური დემოკრატიის, ნაციონალიზმისა და თანამედროვე ლიბერალური საერო სახელმწიფოს მიმართ. პროტესტანტული ფუნდამენტალიზმი “მესამე სამყაროში” არა მარტო არაა მტრული დასავლური დემოკრატიული ღირებულებების მიმართ, არამედ აქტიურად უწყობს ხელს იმ გარემოს შექმნას, რომელშიც ეს ღირებულებები ყვავის. საბოლოო ჯამში ფუკუიამა დაასკვნის, რომ რელიგიური ფუნდამენტალიზმი ახლო აღმოსავლეთში და სამხრეთ აზიაში მტრულია ლიბერალური დემოკრატიის მიმართ, ხოლო იგივე ფუნდამენტალიზმი აღმოსავლეთ ევროპასა და ლათინურ ამერიკაში მხარს უჭერს დემოკრატიას.
მოკლედ, გლეხურად რომ ვთქვათ, პროტესტანტული ფუნდამენტალიზმი კარგია, ხოლო სხვათა ფუნდამენტალიზმი ცუდი, დაუშვებელი და საშიში!
აი, ასეთი მარტივი ფორმულა გამოჰყავს თანამედროვე დასავლური პოლიტოლოგიის მეტრს - ფ.ფუკუიამას. თუმცა, სამართლიანობისათვის უნდა ითქვას, რომ იგი ამ საქმეში სულაც არ არის გამონაკლისი. ეს თუნდაც მ.ს.ლიპსეტის მოყვანილი ფრაგმენტიდანაც ჩანს. ამ ფორმულაში რომ მთელი სამყარო “არ ეტევა”, ამას თვით ფუკუიამაც ხვდება და გულისტკივილით ამბობს: “ახალი მსოფლიო მოწყობის ერთ-ერთი გამაღიზიანებელი საფრთხე იმაშია, რომ სპეციფიური რეგიონის მიღმა ზოგადი კანონზომიერებანი ძალას კარგავენ!”
უკაცრავად, თუ თქვენს ფორმულაში ვერ ჩავეწერეთ, ბატონო! _ იტყოდა, ალბათ, მსოფლიოს დიდი, არადასავლური ნაწილი. არადა, რა მომხიბვლელია, საკუთარ კაბინეტში მოიფიქრო ეს “კანონზომიერებები” და მერე ეცადო, მთელი მსოფლიო მათ მიხედვით აცხოვრო! ეს “უმადური” მსოფლიო კი ყოველ ფეხის ნაბიჯზე ეწინააღმდეგება შენს მიერ ტანჯვით ნაშობ კანონზომიერებებს.
ჩვენი დასავლელი მეგობრები არ მალავენ ხოლმე აღშფოთებას მართლმადიდებლობის განსაკუთრებული ისტორიული როლის შესახებ ჩანაწერის გამო საქართველოს კონსტიტუციაში. თუმცა, ეს მათ ხელს არ უშლით, სრული სერიოზულობით ამტკიცონ პროტესტანტიზმის განსაკუთრებული ისტორიული როლი და თითქმის განმაპირობებელი ფაქტორი კაპიტალიზმისა და დემოკრატიის მშენებლობის საქმეში.
ერთი სიტყვით, ფორმულა ასეთია _ სადაც პროტესტანტობაა, იქ დემოკრატიაა, სადაც კათოლიციზმია, იქ სიღარიბე და დაბალი ხარისხის დემოკრატია, ხოლო ისლამი და დემოკრატია საერთოდ შეუთავსებელია (უხერხულობისგან თავის დასაღწევად აქ სიღარიბეზე აღარაფერს ამბობენ). მართლმადიდებლები სადღაც კათოლიციზმსა და ისლამს შორის ვივარაუდებით, - ღარიბულ დემოკრატიასა და არადემოკრატიულობას შორის.
სქემა რომ მანკიერია, თუნდაც იქიდან ჩანს, რომ აღმოსავლური რელიგიები (მათ აღმსარებელთა შორის კი მსოფლიო მოსახლეობის თითქმის სამი მეოთხედია), - მასში არ ფიგურირებენ;
ერთის მხრივ, სწორედ ამ მრავალრიცხოვნების მიზეზით, დიდწილად კი იმის გამო, რომ დასავლეთში მათ სათანადოდ არც იცნობენ (კონფუცისაც კი, ვაჭრობასთან მიმართებაში განიხილავენ ძირითადად). ისლამსაც მხოლოდ იმიტომ “გაუღიმა ბედმა”, რომ ქრისტიანულ სამყაროს უშუალოდ ესაზღვრებოდა.
ამ თემას კიდევ ერთხელ მხოლოდ იმიტომ მივუბრუნდი, რომ ხშირად უწყინარი ფორმულები, რომელთაც თავში გვიდებენ, საკითხის არსს კი არ გვაახლოებენ, - გვაშორებენ. არც ის არის გასაკვირი, რომ ამერიკელს (იგულისხმე ინგლისელს, ჰოლანდიელს და სხვ) ურჩევნია რელიგიური მრწამსი დაასახელოს საკუთარი მაძღარი ცხოვრების მიზეზად და არა ის, რომ ადგილობრივი მოსახლეობა უმოწყალოდ ჟლიტეს, კოლონიებიდან გამოზიდეს ყველაფერი, რის გამოზიდვაც შეიძლებოდა და მონებით ვაჭრობაზე ძლივს თქვეს უარი!
ქურდები და ექსპლოატატორები ვართო, ხომ არ იტყვიან? ამიტომ ამბობენ, - პროტესტანტულმა ეთიკამ გვასწავლა ისეთი შრომა, სხვას რომ არავის შეუძლიაო.
გჯერათ თქვენ ეს ამბავი? პირადად მე, - არა, რადგან შრომით გამდიდრებული არც ერთი პროტესტანტი არ მინახავს, ღარიბი და იმის მრწმენი, რომ ოდესმე გამდიდრდება, - ბევრი.
აქვე რამდენიმე საინტერესო გამონათქვამსაც დავურთავ, საბოლოოდ რომ დარწმუნდეთ, თუ რას ემსახურება რელიგიური “საფანელი’’, როცა მთელი მსოფლიო საკუთარ უპირატესობაში ღმერთის სახელით გინდა დაარწმუნო:
1845 წელს ჯონ ო’სალივანი თავის ჟურნალში “Democratic Review” აღფრთოვანებით წერდა: “გვაქვს უფლება, ბედით წერილი, დავასახლოთ კონტინენტი, რომელიც განგებამ გვაჩუქა წლიდან წლამდე მზარდი მრავალმილიონიანი ერის თავისუფალი განვითარებისათვის. ეს უფლება ისეთივე ბუნებრივია, როგორც ხის უფლება, - დაიკავოს თავისი ფესვებით და ვარჯით სივრცე ჰაერში და მიწაში. . . ვინ გაბედავს შეგვიზღუდოს წინ მოძრაობა? ჩვენთან არს განგება და ვერც ერთი მიწიერი ძალა ხელს ვერ შეგვიშლის. მსოფლიოს სხვა ქვეყნების მიმართ, ვისთვისაც დაფარულია ჭეშმარიტების სინათლე, კურთხეული მისიის შესასრულებლად ამერიკაა რჩეული”.
პრეზიდენტმა ტრუმენმა ერთხელ განაცხადა: “ღმერთმა შეგვქმნა ჩვენ, მოგვიყვანა დღევანდელ ძლიერებამდე დიადი დანიშნულების გამო”. თქვა და ხელი არ აკანკალებია, ისე გასცა ჰიროსიმის ატომური დაბომბვის ბრძანება!
1999 წელს პრეზიდენტობის დღევანდელმა კანდიდატმა მაკკეინმა ბრძანა: “აშშ შეუცვლელი ერია, რადგან ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ისტორიის უდიადესი სიკეთის ძალა ვართ... ჩვენ მტკიცედ ვაპირებთ გამოვიყენოთ ჩვენი წამყვანი პოზიციები მსოფლიო საქმეებში კაცობრიობის სასიკეთოდ”. 2000 წელს კი მან განმარტა ამ “სასიკეთო” ჩარევის ხასიათი: “მე შევაიარაღებ, გავწვრთნი და მოვამარაგებ გარედან და შიგნიდან ძალებს, რომლებიც საბოლოო ჯამში, დაამხობენ რეჟიმებს და შექმნიან თავისუფალ და დემოკრატიულად არჩეულ მთავრობებს”.
P.S. ბატონ იერემიას რეპლიკას შევეხმიანები მზეჭაბუკ ათაბაგთან დაკავშირებით. მის შესახებ მეცნიერთა აზრი იყოფა. მათ შორის არის ასეთი მოსაზრებაც, რომ ლუთერანობის მიმღები არა ათაბაგი, არამედ მისი სეხნია ძმისშვილი იყო. ასეა თუ ისე, გეთანხმებით, რომ გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი ამ ისტორიაში თავად ეკლესიის გაყოფის მცდელობა იყო და კიდევ, ჩემი აზრით, იმ საკითხების გააზრება, რაზეც ზემოთ მოგახსენეთ.