მეფე ერთობა!

მეფე ერთობა!

WikiLeaks-ის კომპრომატების წვიმა, რომელიც მსოფლიოს დაატყდა თავს, ზოგიერთმა ექსპერტმა 11 სექტემბერს შეადარა ამერიკული დიპლომატიისთვის. მითმა ამერიკის უძლეველობის შესახებ რღვევა სწორედ 2001 წლის 11 სექტემბერს დაიწყო. საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ მატიას რუსტის მიერ განხორციელებული აქცია, წითელ მოედანზე პაწია თვითმფრინავის დასმის სახით, ბავშვური სათამაშოა იმასთან შედარებით, თუ რა შოკი განიცადა 11 სექტემბერს ამერიკის მოსახლეობამ, რომელიც დარწმუნებული იყო, რომ ომი, აფეთქება, მსხვერპლი ყველა სხვა ქვეყნის ხვერდი შეიძლებოდა ყოფილიყო, ამერიკის შეერთებული შტატების გარდა. 


ექსპერტთა დიდი ნაწილი იმაზე საუბრობს, რომ ეს თავად ამერიკელების მიერ შექმნილი საიტია, რომელშიც საიდუმლო დოკუმენტები სწორედ მათ მიერ არის რეგლამენტირებული. ეს იმ მითის გამოძახილია, რომ “ამერიკელები ყველაზე მაგრები არიან’’ და სიტუაციას ფლობენ არა მარტო საკუთარ სახელმწიფოში, არამედ მთელს მსოფლიოში. როგორ ფლობენ, ეს მარტო 11 სექტემბერს კი არ გამოჩნდა, არამედ მაშინაც, როცა ჯ. ბუშმა-უმცროსმა ავსტრიაში ვიზიტად ყოფნისას მადლობა გადაუხადა ავსტრიელ ხალხს ერაყში საომარი კამპანიისას გაწეული დახმარების გამო. ნეიტრალური ავსტრიის მთავრობა და ხალხი გაოცებით შესცქეროდნენ მსოფლიოს ერთადერთი ზესახელმწიფოს პრეტენზიის მქონე ქვეყნის პირველ პირს; მას უბრალოდ ავსტრია და ავსტრალია ერთმანეთში აერია (ამან ხომ არ გაანაწყენა ავსტრალიელი ასანჟი?)! როგორ უნდა ფლობდეს სიტუაციას პრეზიდენტი, რომელმაც ისიც კი არ იცის, რომელ ქვეყანაშია ვიზიტად ჩასული?

ჩვენი ხელისუფლება ჭკუით მოიქცა და WikiLeaks-ის პირველ პუბლიკაციებს არ გამოეხმაურა (ლისაბონის სკანდალი ამ წყაროს არ ეფუძნებოდა, მაგრამ აქაც კომენტარს სასტუმროს მენეჯერის წერილის გამოქვეყნება არჩიეს), რაც იმაზე მოწმობს, რომ ჩვენები ამერიკელებსაც სჯობიან სიტუაციის ფლობაში. მათგან განსხვავებით აშშ სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ერთი კვირა იყო ჩამოკიდებული ტელეფონზე და ბოდიშებს უხდიდა უცხოელ კოლეგებს. 

პუტინმა ლარი კინგის უკანასკნელ შოუში განაცხადა, რომ ვერავითარ კატასტროფას ვერ ხედავს, რადგან ინფორმაციის ამგვარი გაჟონვა ადრეც არაერთხელ მომხდარა. WikiLeaks-ის შემოქმედი ჯულიან ასანჟი 5 დეკემბერს HTB-ს გადაცემაში “ცენტრალური ტელევიზია” პირდაპირი ჩართვისას დაპირდა რუსებს, რომ მათ შესახებ დოკუმენტების გამოქვეყნება სულ მალე დაიწყება, ასეთი დოკუმენტი კი ათეულობით ათასი აქვთ. ორიოდე დღით ადრე მედვედევმა იხუმრა: “მათ (ამერიკელებმა) რომ იცოდნენ, როგორ მოიხსენიებენ მათ ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტროს და სპეცსამსახურების თანამშრომლები, ერთობ ნასიამოვნები დარჩებოდნენ”! 

ვინ როგორ ისიამოვნებს, სულ მალე გახდება ცნობილი.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა არის ამ მასალებში განსაკუთრებული, ეს ხომ ისედაც ვიცოდითო, ასანჟმა უპასუხა: “ერთია ჭორი და მეორეა დოკუმენტი, რომელიც ამტკიცებს მის ნამდვილობას!” 

ჩვენთანაც ასე არ არის? ყველამ ვიცით, რომ არჩევნები ყალბდება, მაგრამ “ვარდების რევოლუციის’’ შემდეგ ამას ვერც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ამტკიცებს და ვერც “სამართლიანი არჩევნები’’ იმიტომ, რომ დოკუმენტი არა აქვთ! დოკუმენტები ამერიკელებს აქვთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ოდესმე მათ ასანჟი გამოაქვეყნებს. ჩვენთვის, როგორც ყოველთვის, ახლაც არავის სცალია; ჯერ ლომების პარადია! დოკუმენტების გამოქვეყნებისას ჩვენი და ჩვენნაირი ქვეყნების ჯერი რომ მოვა, მერე გაირკვევა, როგორ ამზადებდნენ აშშ სახელმწიფო დეპარტამენტი და სხვა სამთავრობო თუ არასამთავრობო სტრუქტურები ამ ქვეყნების ტერიტორიებზე გადატრიალებებს “ფერადი რევოლუციების’’ სახელით, როგორ ერეოდნენ მათ შიდა საქმეებში უხეშად და როგორ იცავდნენ საკუთარ მარიონეტებს, რათა ამ უკანასკნელებს ძალაუფლება არ დაეკარგათ. 

ასანჟი საკუთარ პროექტს “სიტყვის აბსოლუტურ თავისუფლებას” უწოდებს. ჩვენ აქაც ვაჯობეთ; ჩვენთან სიტყვის თავისუფლება იმდენად აბსოლუტურია, რომ ამას წინათ “რუსთავი-2”-ზე გაშვებულ კინოფილმ “მონანიებაში” ის ფრაგმენტიც კი არ ამოუღიათ, რომელშიც ციხის კარზე ბავშვიანი ქალი რიგს მიარღვევს და იძახის: “ბავშვიანებისთვის ურიგოა!” ხოლო სარკმელთან მისული, ციხის თანამშრომელს პატიმრის გვარს ეუბნება: “სააკაშვილი! მიხეილი!” არადა, ახალ ნარევოლუციევზე ეს ფრაგმენტი, როგორც წესი, ამოღებული იყო ხოლმე! ამის მერე ვინმე იტყვის, რომ სიტყვის თავისუფლების ინდექსით ჩამოვქვეითდით?

ჩვენი თავისუფლება ზოგადად იმდენად შორს არის წასული, რომ არანაირ დოკუმენტს არ შეუძლია “ჩამოშალოს” ჩვენი “ეფექტური” ხელისუფლება. თუ ასანჟს ჰგონია, რომ ჩვენ არ ვიცით, რით იყო დაკავებული ჩვენი სახელისუფლებო ვერტიკალი 2008 წლის აგვისტოში, მწარედ ცდება. ვიცით და, თანაც, ჭორად კი არა - დოკუმენტურად. ვიცით და, მიუხედავად ამისა, ჩვენთან ისევ ის ხელისუფლებაა, რომელიც ორი წლის წინ იყო. განა ეს თავისუფლების აპოთეოზი არ არის? 

თუ მის ხელში პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციის საპროექტო დოკუმენტები და ხარჯთაღრიცხვა მოხვდა, ვერც ამით გაგვაკვირვებს. ქართველები სხვის ჯიბეში ფულს არ ითვლიან მაშინაც კი, როცა საკუთარ ჯიბეში დასათვლელი აღარაფერი დარჩათ! 

თუ ჩვენი პრეზიდენტის რომელიმე ლამაზმანთან გართობის ამსახველ ვიდეომასალას გამოაქვეყნებს, ჩვენ ამაყად განვაცხადებთ: “მერე რა, ქალები უყვარს, კაცები ხომ არა!”

ერთი სიტყვით, დაველოდოთ, რას გამოუქვეყნებს ასანჟი რუსებს. ისინი კი, როგორც ჩანს, სერიოზულად შეშინდნენ და სააკაშვილის საავტორო რეფორმებს სასწრაფო წესით ატარებენ რუსეთში, რომ შემდგომი ომი მაინც არ წააგონ ჩვენთან!

ვიქტორ ჰიუგოს აქვს პიესა სახელწოდებით “რუი ბლაზ” - “მეფე ერთობა”. მსოფლიოში ახალი გასართობი გაჩნდა WikiLeaks-ის სახით. დაახლოებით ისეთი, როგორიც “პერესტროიკის’’ დროს “კუბიკ-რუბიკი” იყო. მთავარია, მისი აწყობა შეძლო. ამას, ამერიკაშიც კი, ყველა ვერ ახერხებს. 

მეფე კი, ერთობა!