25 ნოემბრის სახალხო კრების შემდეგ ოპოზიციური პარტიები ერთმანეთს ასწრებდნენ მისი ორგანიზატორების მიმართ ქვების სროლას. მით უფრო, რომ ნაციონალური არხები დიდი სიამოვნებით უთმობდნენ ეთერს. “ჩვენ ხომ ვამბობდით…” “გულუბრყვილობაა…” “უპერსპექტივო…” და ა.შ.
ზოგადად ოპოზიციურ ფლანგზე “დაუძინებელი მეგობრობა” რომ სუფევს, კარგა ხანია ვხედავთ, მაგრამ საქმე იქამდე მივიდა, რომ ხელისუფლებას მშვიდად შეუძლია იძინოს, ყოველ შემთხვევაში, ვიდრე ამ კასრში მხოლოდ ერთი ვირთაგვა არ დარჩება.
რა იქნებოდა, უფრო მეტი ადამიანი რომ მისულიყო კრებაზე? გარკვევით ამ კითხვას ვერავინ პასუხობს. ოპოზიციურ პარტიათა უმრავლესობას, რომელსაც ტაიმ-აუტი აქვს აღებული, ჰგონია, რომ როცა თვითონ იქნებიან მზად, ხალხიც მაშინ უნდა გამოვიდეს. სინამდვილეში, პრობლემა სულ სხვაგანაა. დღემდე ნებისმიერ საპროტესტო გამოსვლებს პარტიები უდგებოდნენ სათავეში. ქართულმა საზოგადოებამ ვერ მოახერხა თვითორგანიზება ისეთ საკითხებზეც კი, როგორიცაა წყლის გაძვირება, ერთიანი კომუნალური ქვითარი, განათლების სისტემაში მიმდინარე ქაოტური ცვლილებები და სხვა სოციალური ექსპერიმენტები.
სახალხო კრება უნდა გამხდარიყო ის მექანიზმი, რომელიც სამოქალაქო აქტივობის განვითარებას შეუწყობდა ხელს, მაგრამ აქაც პოლიტიკოსების ამბიციებმა იძალა. საინიციატივო ჯგუფი თავის დროზე სწორედ იმიტომ გაიყო, რომ ერთ ნაწილს მისი საზოგადოებრივი ფუნქცია მიაჩნდა გადამწყვეტად, მეორენი კი პოლიტიკოსების გარეშე კრების მუშაობას შეუძლებლად თვლიდნენ. ასეა თუ ისე, ხელისუფლებას ამ თვალსაზრისითაც არა აქვს სადარდებელი. ადამიანები, რომლებიც საკუთარ ჯიბეში ხელის ჩაყოფაზე ვერ ერთიანდებიან და სასურველ მიზანს ვერ აღწევენ, განა ხელისუფლების გადაყენებას შეძლებენ?
ვიდრე საქართველოს მოსახლეობა ვერ გააცნობიერებს, რომ პოლიტიკოსებმა სწორედ მის მოთხოვნებზე უნდა იარონ და არა - პირიქით, სავარაუდოა, რომ არაფერი შეიცვლება. სააკაშვილის ხელისუფლების ადვოკატად არ გამოვდგები, მაგრამ კეთილი ლოზუნგების გარდა, რომელმა პოლიტიკურმა პარტიამ შესთავაზა ალტერნატივა ხალხს? ერთი უდავოა: ყველამ კარგად იცის, რა არ უნდა გააკეთონ. მაგრამ რა და როგორ უნდა მოიმოქმედონ, ამის შესახებ ინფორმაცია არ არის.
სატელევიზიო გადაცემა “ბარიერში” ხელისუფლების აპოლოგეტმა დავით ამირეჯიბმა საკუთარ თავს აჯობა და განაცხადა: “ვინ უნდა მოვიდეს მიშაზე უკეთესი? თხუთმეტი ენა იცის!” შალვა რამიშვილს საბაბი მიეცა და “ბოლომდე მოგაწვებიო” – ჩამოთვლა მოთხოვა. ამირეჯიბმა, ცხადია, ვერ გაიხსენა ეს 15 ენა. “როიალზე ნამდვილად ვერ უკრავსო’’ - ბოლომდე “მიაწვა” რამიშვილი.
“მთელი სკოლა გამოეფინა მის შესახვედრად. სკოლა დაათვალიერებინეს და თან გზადაგზა ეკითხებოდნენ, რამდენი ენა იცის. მან მორცხვად უპასუხა, ინგლისური, ქართული, რუსული, გერმანული კარგად და ფრანგულს და ესპანურს ახლა ვსწავლობო. ახლა სპორტზე ჰკითხეს. მან ისევ ჩუმად უპასუხა, თხილამურები მიყვარს და ჩოგბურთიო (მოგებული ჰქონდა შეჯიბრებები). მუსიკაო? - ფლეიტაზე და ფორტეპიანოზე ვუკრავო”.
წინასწარ ნუ იზეიმებენ სააკაშვილის ფანები. მოგონებების ეს ფრაგმენტი მიშაზე არ არის, ერთ 14 წლის ქართველ გოგონაზეა. რა ვქნათ ახლა, მოვძებნოთ ეს ბავშვი და სახელმწიფოს მართვა ჩავაბაროთ?
ოფიციალურად ცნობილია, რომ სააკაშვილი ოთხ უცხო ენას ფლობს. ნუ ვიკამათებთ დავით ამირეჯიბთან იმაზე, 4 მეტია თუ 15 (იმიტომ, რომ იტყვის, გააჩნია რა შემთხვევაშიო!). ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულ ინტერვიუში სააკაშვილი თავად პასუხობს კითხვას:
- თქვენ სრულყოფილად ფლობთ ინგლისურ ენას…
- პლუს ფრანგული. სინამდვილეში, არც ისე ბევრი ენა მაქვს ნასწავლი. დედამ ხუთით მეტი იცის, ვიდრე მე და მასთან ყოველთვის მქონდა გარკვეული კომპლექსი…
აი, კიდევ ერთი კანდიდატურაც, ამირეჯიბს კი ჰგონია, რომ უკეთესს ვერ მოძებნის! მიშას დედასაც რომ თავი დავანებოთ, თუ პოლიგლოტობაზეა მოთხოვნა, მაგალითად, საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე რვა ენაზე ლაპარაკობს. რით არ არის საპრეზიდენტო კანდიდატურა?
ერთი სიტყვით, საქმის გამკეთებელს ვერ იშოვნი, თორემ საკადრისი ლიდერების დეფიციტი საქართველოს არც ჰქონია და არც ექნება. ახლა, კიდევ ერთი მარგალიტი. ვიდრე მიშას პოლიგლოტობაზე ილაპარაკებდა, დავით ამირეჯიბმა ესეც თქვა: “მეცნიერებათა აკადემიაში და ენათმეცნიერების ინსტიტუტში რომ შეიხედოთ, არც ერთი ენა არ იციან იქ!” მაშ, თამაზ გამყრელიძე? გაჩუმებული რომ არის, ეს განა იმას ნიშნავს, რომ ენები არ იცის? ან, რას ერჩოდა – ის ხომ არც კრებაში მონაწილეობს და არც ამ ხელისუფლებას ემდურის!
ამირეჯიბსა და რამიშვილს მიაჩნიათ, რომ კრების პრობლემა ცუდი პიარი და წარსულში ჩარჩენილობაა. ლიდერებიც არ მოსწონთ. და, საერთოდ, კარგად ჩაცმულ-დახურული ხალხი პლასიდო დომინგოს კონცერტზე უკეთესი “კარტინკაა”, ვიდრე – გაბრაზებული ხალხი მიტინგზე. მერედა, ვინ დავობს? ყველამ ვიცით, რომ სჯობს იყო ჯანმრთელი და მდიდარი, ვიდრე ღარიბი და ავადმყოფი. ხალხიც ამ მოთხოვნით გამოვიდა. ამას წინათ ახალგაზრდებმა ასეთი აქცია მოიფიქრეს: “ჩამაწობინე ოსტრში!” ჯერჯერობით ოსტრში მხოლოდ დავით ამირეჯიბის მეგობრები აწობენ პურს. ხოლო რაც შეეხება წარსულში ჩარჩენილობას, სულ მალე ისინი იმასაც გამოგვიცხადებენ, რომ მიშა როიალზეც უკრავს!
P.S. იმავე გადაცემაში დავით ამირეჯიბმა ამერიკასთან პარალელი გაავლო და განაცხადა: “ობამამ ინდაური შეიწყალა მადლიერების დღეს, ჩვენ კი - მიტინგი შევიწყალეთო!’’ ცნობისათვის: ყოველ მადლიერების დღეს აშშ პრეზიდენტი სიმბოლურად იწყალებს ინდაურს, ხოლო სტატისტიკური მონაცემებით იმავე დღეს ამერიკელები 50 მილიონ ინდაურს მიირთმევენ.