წმინდა გიორგის სახელობის დიდი ნოემბრის ვარდების რევოლუცია

წმინდა გიორგის სახელობის დიდი ნოემბრის ვარდების რევოლუცია

პატარაობისას, ყოველ 7 ნოემბერს, ერთი კითხვა მაწუხებდა: რატომ ზეიმობდნენ ოქტომბრის რევოლუციის მორიგ წლისთავს ნოემბერში. მოგვიანებით, ძველი და ახალი სტილის გარდა დანარჩენსაც მივხვდი და შეკითხვებიც აღარ გამჩენია. 2003 წელსაც, რევოლუციის ბელადებმა გამარჯვება ჯერ წმინდა მიხეილს დაუკავშირეს (რამხელა სიმბოლოა ეს ამ წმინდანის სახელის მქონე სააკაშვილისთვის!), მაგრამ წმ. მიხეილის ხსენების დღე აგვისტოშია. იგი მთავარანგელოზ მიქაელში აერიათ (21 ნოემბერს კი სწორედ მთავარანგელოზობა აღინიშნება). მიქელ-გაბრიელის სახელთან რევოლუციის დაკავშირება მთლად კარგის მომტანი რომ ვერ იქნებოდა, მიხვდნენ და საბოლოოდ არჩევანი წმ. გიორგიზე შეაჩერეს, თუმცა რევოლუცია 22 ნოემბერს მოხდა და არა 23-ში, გიორგობას. საკუთარი მფარველი წმინდანის დღე ყველაზე ღირსეულად ისევ ედუარდ-გიორგი შევარდნაძემ აღნიშნა; მან პრეზიდენტის პოსტიდან გადადგომის შესახებ გიორგობას - 23 ნოემბერს განაცხადა. მანამდე კი, 24 საათის განმავლობაში, ორხელისუფლებიანობა გვქონდა. მიუხედავად ბევრი მცდელობისა, იმ პროცესების კონსტიტუციურ ჩარჩოებში ჩასმა მაინც ვერ მოხერხდა. სამაგიეროდ, თავისუფლების მოედანზე ოქროცურვილი წმინდა გიორგი დაავანეს. 


ბოლშევიკები პატარების იდეოლოგიურ დამუშავებას რევოლუციური ზღაპრებით ახერხებდნენ. დაუვიწყარია ბონჩ-ბრუევიჩის “მოთხრობები ლენინზე’’; ბავშვებისა და ზოგადად, ადამიანებისადმი ლენინის სიყვარულის მითი მეთოდურად ინერგებოდა. თუმცა, ყველა რევოლუციას თავისი ბონჩები და ბრუევიჩები ჰყავს, რომლებიც ქმნიან მითებს “დიდი ოქტომრის (ნოემბრის, თერმიდორის, ბრუმერის, ფორთოხლის, ტიტების და ა.შ.) რევოლუციებისა და მათი ბელადების შესახებ. 

თავისი ბონჩ-ბრუევიჩები “ვარდების რევოლუციასაც’’ ჰყავს. ისინი გულაჩუყებულნი წერენ თავიანთი ბელადის სიმამაცეზე, საკუთარ რევოლუციურ ღვაწლსა და საერთო-სახალხო მხარდაჭერაზე. 

“ტრიბუნის ქვემოთ ჩამოვჯექი და პატარა ბავშვივით ავტირდი. ირგვლივ დიდი გამარჯვება სუფევდა. დიდებული იყო ყველა წამი. დიდებული იყო მთელი დღე.’’ – ეს ხბოს აღტყინება 22 ნოემბრის დღის ბოლოს ასახავს. მაგრამ უშუალოდ რევოლუციის დღის ხოტბა არ კმარა. მას ღირსეული წინასიტყვაობაც სჭირდება: “სიტყვა რევოლუცია ქართულ პოლიტიკასთან მიმართებაში პირველად 22 ნოემბრამდე 6 თვით ადრე გავიგე. მაშინ, როდესაც ერთ-ერთ თათბირზე, სადაც იმას ვიხილავდით თუ როგორ დაგვეცვა თავი არჩევნების გაყალბებისაგან, მიშამ მოკლედ მოჭრა: “რა აზრი აქვს ამაზე ლაპარაკს? მაინც გააყალბებენ და მაინც რევოლუციური შედეგი დადგება. ამ პირობებში მნიშვნელობა ექნება არა იმას, გავიმარჯვებთ თუ არა არჩევნებში, არამედ იმას, შევძლებთ თუ არა რევოლუციის მოხდენას”. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ უკვე მიჩვეულები ვიყავით მიშასგან პოლიტიკური მომავლის უტყუარ პროგნოზებს, მისი სიტყვები მაინც ზედმეტად ველურ ფანტაზიად მოგვეჩვენა.’’ (სტილი დაცულია! – ნ.დ.)

ესეც ასე - მითოლოგიის პირველი თეზა მზადაა: “მიშა - უტყუარი პროგნოზისტი!’’ მაგრამ თეზებს დამაგრება სჭირდება; ერთი და იგივე თეზა სხვა სიტყვებით ხშირად უნდა გამეორდეს, რომ სამიზნე ჯგუფის ცნობიერებაში ჩაჯდეს. “მიშა მაგარია’’ ჯერ სიუჟეტურ იგავებში უნდა გამეორდეს არაერთხელ, რომ შემდეგ ლაკონურ და ტევად სლოგანად გადაიქცეს. ამიტომ თეზა მეორდება და ძლიერდება:

“მაშინ ჯერ არ ვიცოდი კიდევ რამდენჯერ გამახსენდებოდა ეს სიტყვები მომავალი თვეებისა და წლების განმავლობაში იმის დასტურად, რომ როგორც მერე გაირკვა, ერთადერთი მიშა იყო ვისაც ზუსტად ჰქონდა დანახული და წარმოდგენილი ის თუ საით მივდიოდით და რა გველოდა წინ’’ (სტილი აქაც დაცულია და ყველა მომდევნო ციტატაშიც, რადგან ნორჩ რევოლუციონერებს საკუთარი აზრების მწყობრად ჩამოყალიბების უნარი არც რევოლუციის შემდეგ შეუძენიათ და ყველა ციტატასთან ამის მითითება ზედმეტი იქნება). 

ახლა, საერთო-სახალხო მხარდაჭერის თეზაა ჩამოსაქნელი. რაკი ხალხთან ურთიერთობით ნაციონალები არც მაშინ იტკივებდნენ თავს და მით უფრო - არც რევოლუციის შემდეგ, “ხალხის ხმის’’ როლში საკუთარი ბებიის გამოყვანა ხდება საჭირო. 

“ჩემი ინტუიტიური რწმენა, რომ ხალხის დაკვეთა რევოლუცია იყო, არც მეტი არც ნაკლები ბებიაჩემმა გაამყარა. ბებია არ გამოირჩეოდა ორიგინალობით რადგანაც ისევე, როგორც ბებიათა უმრავლესობისათვის, მისთვისაც საკუთარი შვილიშვილის, ანუ ჩემი უსაფრთხოება იყო ცხოვრების უმთავრესი ამოცანა. . . მისთვის არანაირი ფასეულობა, არანაირი პრინციპი არასოდეს არ იდგა ჩემს კარგად ყოფნაზე მაღლა. არც დაფიქრდებოდა, ისე დაუმალავდა სტუმარს თეთრ ხორცს ჩემთვის შესანახად… და თუ საკუთარი ფოფინა ბებია მთხოვდა რევოლუციას, ჩემთვის სრულიად ცხადი იყო თუ რას ითხოვდა ხალხი ნაციონალური მოძრაობისა და მისი ლიდერისგან.’’ 

ბებიის პორტრეტი სრულ წარმოდგენას იძლევა იმაზე, თუ რა “პრინციპებით’’ გაზარდეს ჩვენი რევოლუციონერები, თუმცა ნუ დავწვრილმანდებით. ეს ხომ მითოლოგიის საფუძვლებია და არა მორალის წყარო! 

მითოლოგიის მეორე თეზაც ჩამოიქნა: “ეს მოთხოვნა და ეს განწყობა იგრძნობოდა ყველგან, ქუჩებში, ოჯახებში, უბნებში, სოფლებში, ქალაქებში და მთელ ქვეყანაში’’.

შემდეგი თეზა ის არის, რომ ამ საერთო განწყობამ მთელი ქვეყანა სპონტანურად ჩამოიყვანა თბილისში. “ტელეეკრანზე ნანახით მივხვდი თუ რა დიდი იყო ეს მომენტი. დაუვიწყარი იყო ის შემთხვევით დაჭერილი კადრი ჯვრის მონასტრიდან. დაუვიწყარი და სიმბოლურიც. წყვდიადით მოცულ საქართველოში როგორ მოდიოდა სინათლის ერთი სხივი უწყვეტ ნაკადად’’. 

რაკი ექვსი წლის შემდეგ რევოლუციური ხელისუფლების წინააღმდეგ ბევრად მეტი ხალხი გამოვიდა, ამიტომ საჭირო ხდება ამ მოვლენათა დამცირება: “სასაცილო და უსუსური იყო ამ მარშის 09-ში კალკირების ბედკრული მცდელობა ოპოზიციის მიერ, როდესაც ვითომ მარში (სინამდვილეში კი ნელა მოძრავი რამდენიმე მანქანის მიერ შეფერხებული ტრეფიკი), გაჩახჩახებულ და ახლად აშენებულ ავტობანზე მორცხვად მოიზლაზნებოდა.’’ 

მთელი ამ მონაკვეთის ხელოვნურ პათოსზე აღარ შევჩერდები, მაგრამ “ის შემთხვევით დაჭერილი კადრი ჯვრის მონასტრიდან’’ მართლაც შეუდარებელია. ახლა წარმოიდგინეთ, ნოემბრის შეღამებულზე რუსთავი 2-ის ჟურნალისტი, ოპერატორი და ტექნიკური პერსონალი (პირდაპირი ჩართვის უზრუნველსაყოფად) როგორ აღმოჩნდნენ “შემთხვევით” ჯვრის მონასტრის მიმდებარე უკაცრიელ მოედანზე და ასევე “შემთხვევით” ჩაერთნენ პირდაპირ ეთერში! 

სხვა რევოლუციონერის მოგონებებში რევოლუციური ტელევიზიის შტაბ-ბინა განსხვავებულად გამოიყურება: “ძალიან კარგად მახსოვს 21 თუ 22 ნოემბრის საღამო – რუსთავი 2-ის ლამის შეშლილი ოფისი. მე ეროსის კაბინეტში ვიყავი და ტელეფონით ვაშინგტონში ზეინო ბარანს ველაპარაკებოდი. დღემდე საოცარი სიცხადით მახსოვს მისი ბოლო სიტყვებიც - “ჩვენ ვერაფერს გავაკეთებთ, ახლა ყველაფერი თქვენს ხელშია.’’

შემდეგი თეზაც მოინიშნა: ამერიკელები (რუსების ხსენებაც არაა! – ნ.დ.) იმ ყველაფერთან კავშირში არ იყვნენ, ყველაფერი “ჩვენ’’ (იგულისხმე ქართველი ხალხი – ნ.დ.) განვახორციელეთ. მაგრამ იმავე მოგონებებში თანმიმდევრულად არის აღწერილი სრულიად საპირისპირო: “ჩემს შემაჯამებელ კვლევაში, რითაც ამერიკის ატლანტიკურ საბჭოში ჩემი ექვსთვიანი ყოფნა უნდა დამესრულებინა, ვამბობდი, რომ რევოლუცია გარდაუვალი იყო სწორედ იმიტომ, რომ საკუთარ მომავალს ვერ ვხედავდით ამ ქვეყანაში… მახსენდება ამერიკაში არასამთავრობო საქტორის წარმომადგენლების ვიზიტი – ჩემი მეგობრების გიგა ბოკერიას, თინა ხიდაშელის, გია ნოდიასა და კახა ლომაიას შეხვედრები და გამოსვლები სხვადასხვა ორგანიზაციებში. მახსენდება ჩემი ემოცია მათი ნახვისას და ერთი მიზნისათვის ბრძოლის სიხარული… მახსენდება ერთი და იგივე კითხვები, რომლითაც მაღალჩინოსან ამერიკელებს მივმართავდი და რომლებიც საშინლად მძულდა – დაგვეხმარებით თუ არა?.. რევოლუციიდან რამდენიმე კვირაში მოლოცვის წერილი მივიღე ატლანტიკური საბჭოს პრეზიდენტისაგან, სადაც უკვირდა, თუ როგორ ვიწინასწარმეტყველე ეს რევოლუცია. მე მივწერე, რომ ამის წინასწარმეტყველება არც ისე ძნელი იყო, რადგან რევოლუციის გარდა სხვა არჩევანი არ გვქონდა.’’

ასე და ამგვარად, რევოლუციას მხოლოდ ბელადები კი არა, თავისი “წინასწარმეტყველებიც’’ ჰყავს. რაც შეეხება ქვეყნის გარედან რევოლუციისთვის აღმოჩენილ დახმარებას, ამაზე უკვე იმდენი დაიწერა, რომ მკითხველის დრო შეგვიძლია დავზოგოთ. მხოლოდ აშშ-დან შემოსული თანხები მილიონებს ითვლიდა და განკუთვნილი იყო საქართველოში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დასაცავად, რის საჭიროებასაც დღეს დასავლეთში ვეღარ ხედავენ. რუსულ და ქურდულ ფულზე საუბარი არ ღირს, ისინი თვითონ მოიკითხავენ. ყოველ შემთხვევაში, რაიმე ოფიციალური წყაროები არ არსებობს, ხოლო სააკაშვილის ყოფილი თანამებრძოლები ამ დახმარებაზეც მიუთითებენ.

ასე იყო თუ ისე, 22 ნოემბრამდეც მივიდნენ და პარლამენტის შტურმიც დაიგეგმა. პარლამენტში შეჭრამდე ვუკოლ ბერიძის ქუჩაზე ნაციონალების ოფისში “სამთა თათბირი’’ შედგა, რომელზეც ზურაბ ჟვანიამ და ნინო ბურჯანაძემ ყოყმანი დაიწყეს. რევოლუციურ მოგონებებში ეს ეპიზოდი ასე გამოიყურება: “თავიდან მე ეს აღვიქვი, როგორც ნინოსა და ზურაბის გადამეტებული სიფრთხილე, ვითარების განწვავებისადმი შიში, გაუთვალისწინებელი მოვლენებისათვის თავის არიდების მცდელობა, სულაც როგორც გარკვეული გულუბრყვილობა… იქნებ ეს არც შიში იყო, არც სიფრთხილე და არც გულუბრყვილობა? იქნებ ეს იყო გაცნობიერება იმისა, რომ თუ პარლამენტში წავიდოდით და გავიმარჯვებდით, ეს იყო გარანტირებული პრეზიდენტობა და რევოლუციის ერთპიროვნული გმირობა მიხეილ სააკაშვილისთვის? იქნებ ეს იყო გამჭრიახ პოლიტიკოსში გაღვიძებული მორიელის ინსტიქტი, რომ თან სხვის ზურგზე მჯდარიყო და თან იმაზე ეფიქრა, როგორ არ მიეცა მისთვის გაღმა ნაპირზე ფეხის დადგმის საშუალება?’’ 

გაღმა ვინც გავიდა, ეს ძალიან კარგად დაინახა ყველამ, მაგრამ რა ღირს ის რევოლუცია, რომლის ბელადები ერთმანეთს მორიელებად თვლიან? თუმცა, ამ ეპიზოდშიც სულ სხვა – მითოლოგიური თეზაა მნიშვნელოვანი: არავითარი სამეული, რევოლუციას მხოლოდ ერთი ბელადი ჰყავს! 

ყველა დანარჩენი ბრბოა, უფრო ზუსტად კი – ბანდერლოგები: “მოკლედ ბანდერლოგებივით შევესიეთ პარლამენტის სხდომათა დარბაზს. აგერ-აგერ ლოკალური ჩხუბები (თუ უფრო ძიძგილაობები) მიმდინარეობდა. გადარბენისას ვიგრძენი, რომ მაგიდიდან მაგიდაზე გადახტომის დროს, ფეხქვეშ მაგიდის ხის ზედაპირი გვარიანად იდრიკებოდა და გატეხვის ან მინიმუმ გაბზარვის ხმას გამოსცემდა. ეს იყო ერთადერთი მატერიალური ზარალი რაც ქვეყანას იმ დღეს პირადად მე მივაყენე, ვინანე და მეტი მაგიდებზე აღარ მირბენია’’. 


ამ სტრიქონების ავტორმა, მას შემდეგ, ბევრ მაგიდას გადაურბინა და ზარალიც ბევრი მიაყენა ქვეყანას, მაგრამ მას არავითარი საფრთხე არ ემუქრება მანამ, სანამ ახსოვს, რომ ბელადი ერთია, ყველა დანარჩენი კი – მაიმუნი. ხოლო მითოლოგიური თეზის დონეზე ეს ასე გამოითქმის: რევოლუციის ერთადერთი ბელადი არის ყველაზე გამჭრიახი, ყველაზე ჭკვიანი, ყველაზე შორსმჭვრეტელი და კაცთმოყვარე. ამის შემდეგ ის-ღა დაგრჩენია, ციტატა გააგრძელო: Жить стало лучше. Жить стало веселее! და ყველაფერი თავის ადგილზე დადგება.  

რევოლუციის მემატიანე კიდევ უფრო აძლიერებს მითოლოგემას: “ვისაც მატრიცა გინახავთ გემახსოვრებათ ის ეპიზოდი სადაც ნეო (კიანუ რივსი) იგებს, რომ სწორედ იგია რჩეული. იმ ეპიზოდში ნეო ხვდება, რომ გარემო მთლიანად მის კონტროლს ექვემდებარება და კონცენტრაციის ძალით მის ირგვლივ ყველაფერი ტალღასავით იდრიკება. მოკლედ არ ვიცი მიგიქცევიათ თუ არა ყურადღება ამ მომენტისთვის. მაგრამ მიშა, რომ აფეთქდა ზუსტად ეგ ეპიზოდი წარმომიდგა თვალწინ. ვერ გეტყვით ოთახი გაიდრიკა თქო, მაგრამ მასთან მოდავეების პოზიციები კი გაცამტვერდა უმალ.” 

ამ სტრიქონების ავტორი ისევე ერკვევა პოლიტიკაში - ზოგადად და რევოლუციაში - კონკრეტულად, როგორც ორთოგრაფიასა და პუნქტუაციაში, მაგრამ ეს სულაც არ უშლის ხელს, იდეოლოგიურად გამართული მემუარები წეროს. მკითხველისთვის ალბათ საინტერესოა ამ მოგონებათა ავტორების ვინაობა, მაგრამ მათ ერთი კრებითი სახელი აქვთ - ბონჩ-ბრუევიჩი. 

ცნობისათვის: 1946 წელს, რევოლუციური მითოლოგიის შექმნის შემდეგ, ლენინის პირადი მეგობარი და მემატიანე ბონჩ-ბრუევიჩი ათეიზმის მუზეუმის დირექტორად დანიშნეს, სადაც ცხოვრების ბოლომდე იმსახურა. ქართველი ბონჩ-ბრუევიჩები კი ტელეეკრანებსა და გაზეთის ფურცლებზე კვლავაც თხზავენ მიქელ-გაბრიელის სახელობის დიდი ნოემბრის ვარდების რევოლუციის მითებს.