კომანდორი ბერიას ქუჩაზე

კომანდორი ბერიას ქუჩაზე

საქართველოში ძეგლებმა რომ ფეხი აიდგეს, ამაზე უკვე ვწერდი, მაგრამ ქუთაისში სტალინის ძეგლის გაუჩინარება მაინც განსაკუთრებული შემთხვევაა; ერთი ძველი საბჭოთა ანეკდოტის თანახმად, მკვდრეთით აღმდგარმა ლენინმა თვალი გადაავლო დიად საბჭოეთს და გაუჩინარებამდე მავზოლეუმში შემდეგი შინაარსის ბარათი დატოვა: “მივდივარ იატაკქვეშეთში, ყველაფერს ვიწყებ თავიდან’’.

სტალინის ძეგლის ადგილზე ბარათი არავის უპოვია, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მანაც იგივე გზა არ ირჩია. გასაკვირია, მაგრამ არც ადგილობრივმა, არც ცენტრალურმა ხელისუფლებამ მისი გაუჩინარების შესახებ არაფერი იცის. როგორც ირკვევა, არც ბიუჯეტში ყოფილა ძეგლის დემონტაჟის დაფინანსება გათვალისწინებული. ერთი სიტყვით, გამოდის, რომ კომანდორმა მართლაც ფეხი აიდგა და ვისთან მივა ხელის ჩამოსართმევად, უცნობია.

კულტურის მინისტრმა მხიარულად განაცხადა, რომ ძალიანაც კარგი უქნიათ, თუ ძეგლი აიღეს, ოღონდ თავად ხელი დაიბანა, - მე არაფერი ვიციო. სამაგიეროდ, დააყოლა, რომ ბერიას ქუჩები ყველგან გასაუქმებელია.  

აქ ერთ ამბავს შეგახსენებთ, რომელიც 1953 წელს სოფელ საბერიოში მოხდა; როცა ბერია დახვრიტეს, იქაურ კოლმეურნეობას, ცენტრალურ ქუჩას და კლუბს, რომლებიც ბერიას სახელობისა იყო, სასწრაფოდ გამოუცვალეს სახელები. თბილისიდან ჩასულმა კაცმა სოფელში გაიარა და კლუბის წინ მჯდომ მოხუცს გადაეყარა. ჰკითხა:
– ეს კლუბი ვისი სახელობისაა, ბიძია?
მოხუცმა ალმაცერად გახედა და, კალინინისო – უპასუხა.
–ეს ქუჩა? – ჩაეკითხა სტუმარი. 
მოხუცმა უპასუხა: 
– ქუჩაც კალინინისაა, ბიძია.
– კოლმეურნეობა ვისი სახელობისაა?
მოხუცმა ისევ ალმაცერად გახედა და ისევ უპასუხა:
– კალინინის, ბატონო.
სტუმარი არ მოეშვა:
– თქვენ რა გვარის ბრძანდებით, ბიძია?
მოხუცი წამოდგა და გაგულისებით მიუგო:
– კალინინი ვარ მე, ბიძია და დამანებე ახლა თავი!

ქუჩები, რომელთა სახელების შეცვლას აპირებს კულტურის მინისტრი, დიდი ხანია, სახელშეცვლილია. მეტიც – დღეს სანთლით არის საძებარი ადამიანი, რომელმაც ბერიას ნაცვლად სხვა გვარი არ მიიღო. მე ვიცნობდი ქალბატონს, რომელმაც პრინციპულად არ შეიცვალა გვარი და საიდა ბერიად დარჩა, მაგრამ იგი სწორედ გამონაკლისი გახლდათ.

მთავრობა გვპირდება: ჩვენ გავაუქმებთ ბერიას ქუჩებს იქაც კი, სადაც ისინი არ არის. თუ ჩვენი არ გჯერათ, მოდით და ნახეთ, რომ ბერიას სახელობის არც ერთი ქუჩა აღარ დარჩა!
  
პრობლემა ის კი არ არის, რომ კულტურის მინისტრმა ბერიას სახელის ამოძირკვაზე არაფერი იცის, არამედ ის, რომ იგი არარსებულთან ბრძოლას იწყებს და არც ერთ ჟურნალისტს ამასთან დაკავშირებით შეკითხვაც არ უჩნდება.

ჟურნალისტებს არც მაშინ გაუჩნდათ შეკითხვა, როცა “ჯაშუშური ქსელის გამოაშკარავების” ოპერაციის შემდეგ ერთ-ერთმა დაკავებულმა აღიარა, რომ მას რუსული სპეცსამსახურების მაღალჩინოსანმა ქართული საინფორმაციო გამოშვებების რუსულ ენაზე თარგმნა დაავალა (თითქოს რუსულ სპეცსამსახურებს სხვა შესაძლებლობა არ ჰქონდეთ!). “დავერბოვკებულ ჯაშუშს’’ დავალება პირნათლად შეუსრულებია და თარგმანებით გავსებული რვეულები “დამვერბოვკებელისთვის’’ გადაუცია. ახლა ჩვენ მაინც დავსვათ შეკითხვა: ამ თარგმანებს რვეულის გავსებამდე აგროვებდა ეს ჯაშუში და რომ გაავსებდა, მერე აწვდიდა რუსულ სპეცსამსახურს? თუ ყოველდღე თითო რვეულს ავსებდა? თუ ისე გაუჭირდათ რუსულ სპეცსამსახურებს, რომ ქართულიდან რუსულად ნათარგმნი ინფორმაცია ორი კვირის შემდეგაც აკმაყოფილებდათ? არადა, “ჩემი რვეულები ვიცანიო’’ – ამტკიცებს ქართული შეიარაღებული ძალების მფრინავი, რომელსაც უკეთესი გამოყენება ვერ მოუძებნეს, ვიდრე საინფორმაციო გამოშვებების თარგმნა! 

შემდეგ, ეს ისტორია კიდევ უფრო საინტერესოდ ვითარდება: იმ მაღალჩინოსანს მფრინავისთვის მისი ნათარგმნი ტექსტების რვეულებზე მიუთითებია და უთქვამს, რომ ეს მისი “ბილეთია ციხეში ჩასაჯდომად’’. რატომო – გაიკვირვა მოხალისე თარჯიმანმა. “იმიტომ, რომ შენ მხოლოდ კი არ თარგმნიდი, არამედ საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების ანალიზსაც აკეთებდიო!’’ – უპასუხა “დამვერბოვკებელმა’’.

ერთი სიტყვით, პოლიტიკური მოვლენების ანალიზი უკვე დასჯად ქმედებად ცხადდება (თუმცა, არც ეს არის ახალი: გაიხსენეთ კილაძისა და მაისაიას დაპატიმრება!), რომელიც ჯაშუშობასთან არის გაიგივებული. თუ არ გინდათ, ჯაშუშობის ბრალდებით დაგაპატიმრონ, არც იფიქროთ რაიმეს ანალიზით თავის შეწუხება. დაიჯერეთ ის, რასაც რუსთავი-2 გეუბნებათ!

მაგრამ არც ასე ცუდადაა ყველაფერი… აღიარების შემთხვევაში ქართული სპეცსამსახურები შენდობას პირდებიან მონანიე ჯაშუშებს. “მონანიება’’ ვახსენე და ამ ფილმის ერთი გმირი სწორედ ამ გზით წავიდა. “რაც უფრო მეტ ადამიანს დავასახელებთ ჯაშუშურ ქსელში ჩართულებად, მით უფრო მალე მიხვდებიან იქ, ზემოთ, რომ ეს ყველაფერი აბსურდია’’. 

“მე გამბედაობა არ მეყო, მოვსულიყავი და მეღიარებინა ჩემი დანაშაული’’ – სევდიანად დაასრულა აღიარებითი ჩვენება მფრინავ-თარჯიმანმა. 

ბერიას ქუჩებისგან განსხვავებით, სტალინის ძეგლი არ გაუჩინარებულა, ის იატაკქვეშეთში გადავიდა და ყველაფერი თავიდან დაიწყო.