საქართველოში ძეგლებმა კარგა ხანია, ფეხი აიდგეს. იყო დრო, როცა ესა თუ ის ძეგლი ორიენტირად, ან პაემნის ადგილად გამოიყენებოდა. ყველაზე შორსმჭვრეტელი გიზო ნიშნიანიძე აღმოჩნდა, რომელმაც “პაემანი ვერაზე” დათქვა და არა რომელიმე ქანდაკებასთან. ვერას, სავარაუდოდ, ისე იოლად ვერ გადაიტანენ, როგორც დავით აღმაშენებლის ძეგლს.
ძეგლების თემა არ არის რევოლუციური ხელისუფლების გამოგონება. ამ თემაზე თავის დროზე ბოლშევიკებმა სერიოზულად იმუშავეს. თუმცა, 30-იანი წლების შემდეგ ამ მონდომებამ იკლო და ბევრი ძეგლი (როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით) - გადაურჩათ. სხვათა შორის, ნგრევა ყოველთვის შენების მოტივით ხორციელდებოდა.
1988 წელს მთავარი საინფორმაციო პროგრამის “მოამბისათვის” სიუჟეტი მოვამზადე, რომელშიც “დედა ენის” ძეგლზე ვსაუბრობდი. არა, სანაპიროს ძეგლზე კი არა, მაშინდელი ცეკას, ახლანდელი სახელმწიფო კანცელარიის შენობასთან რომ დადგეს ”ცოდნის სვეტის” სახით, რომელზეც ქართულიწარწერები იწონებდნენ თავს (ხომ არაფერი გეცნობათ?).
თითქოს რა უნდა ყოფილიყო ცუდი იმაში, რომ ქართულ ანბანს კიდევ ერთი ძეგლი მიუძღვნეს და თანაც ვინ? - თვით ყოველივე ეროვნულის მტერმა კომუნისტებმა! მიმდებარე ტერიტორიის გათავისუფლებას და მოედნის გაკეთებას მთელი კვარტალი შეეწირა თბილისური, აივნიანი სახლებისა. მოედანი თავისი სვეტით ცეკასა და გრიბოედოვის თეატრს ჰყოფდა.
თითქოსდა დიდი არაფერი ამბავი იყო, რომ არა მთავარი: სწორედ ამ ადგილას იდგა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახლი, რომლის კიბეებს ილიას, აკაკის, იაკობის და სხვა დიდ მოღვაწეთა ნაბიჯები ახსოვდა. აქვე იყო დაცული ამ საზოგადოების უნიკალური არქივი (არქივის თემას კვლავ მივუბრუნდები).
სიუჟეტი დღეს რომ ნორჩი ტელეჟურნალისტები “სტენდ აფ”-ს ეძახიან (ჰგონიათ, ეს მათი გამოგონებაა!), იმით დავამთავრე და ძეგლის პანორამის კვალდაკვალ ისიც ვთქვი, რომ დანაშაულია, დედა ენის ცოცხალი ძეგლი გაანადგურო და მის ადგილას უსულო “ცოდნის სვეტი” აღმართო.
ახლა თქვენ, ალბათ, ელით იმის შესახებ თხრობას, როგორ დამსაჯეს კომუნისტებმა ამ სიუჟეტისთვის. ვერ ვიტყვი, ძალიან გაეხარდათ-მეთქი ასეთი სიუჟეტი, თანაც “მოამბეში”, მაგრამ დიდი უსიამოვნება იმჯერად არა მქონია.
შესაძლოა, იმიტომ, რომ ამისთვის წინასწარ ვიყავი მზად, ან იქნებ იმიტომაც, რომ აღარც კომუნისტები იყვნენ ისეთი უტიფრები, როგორც დღევანდელი “ლიბერალი” ხელისუფლება. საბჭოთა პოეტს ეკუთვნის სიტყვები:
ისეთ კომუნისტს რა ვუთხრა,
რა ვუთხრა ისეთ ამხანაგს,
ვინც ვერ ახერხებს ქართულად
წერას, კითხვას და ლაპარაკს!
თემა დღესაც აქტუალურია; უბრალოდ, რუსულს ინგლისური ჩაენაცვლა, მაგრამ არის სხვაობაც: მაშინ ვერავინ გაბედავდა რომელიმე აბრაზე რუსული წარწერა ქართულზე წინ დაეყენებინა, ან უფრო დიდი ზომისა გაეკეთებინა (თურქულ წარწერებზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია!). თუმცა, დავანებოთ ეს თემა ლევან ღვინჯილიას, რომელიც ჩვეული ენაკვიმატობით ამათრახებს ინგლისურენოვან მდაბიოებს.
ყველაზე სასაცილო ის არის, რომ დღეს ქართული ლიბერალიზმის ქომაგთა უმეტესობა ან კომკავშირელი იყო და სისტემის დანგრევისთანავე დაკარგა პარტიული კარიერის გაკეთების შანსი, ან იმ წყობილების პრივილეგიებზეა გაზრდილი. პარაზიტოლოგიის ინსტიტუტის კომკავშირის მდივანზე რომ აღარაფერი ვთქვა, ყოფილი პრემიერ-მინისტრის მამის სახელი – ლესტანბერი (იშიფრება - ლენინი, სტალინი, ბერია) ნათლად მეტყველებს იმაზე, თუ რა წრიდან გამოვიდა ეს ნორჩი, “ეფექტური” და აგრესიული ხელისუფლება. თუმცა, ჩვენებს რას ვერჩით, როცა თვით ზბიგნევ ბჟეზინსკის, ტოტალიტარიზმთან დაუძინებელი მებრძოლის მამაც კი, ჰიტლერულ გერმანიასთან პოლონეთის მოკავშირეობას უჭერდა მხარს ომის დაწყების დღემდე!
დრონი მეფობენ და არა მეფენიო, ნათქვამია. იყო დრო, როცა დღეს უდიდეს ანალიტიკოსად და პროგნოზისტად აღიარებული ზბიგნევ ბჟეზინსკი წერდა: “კომუნისტური ბლოკი არ იშლება და ალბათ, არც არასოდეს დაიშლება. . . კომუნიზმი, თუმცა კი განიცდის ტრადიციული ნაციონალური აზროვნების გავლენას, თავისი ჩასახვის დღიდან აქცენტს საკუთარ ზენაციონალურ მიზნებზე აკეთებს.”
ეს 1962 წელს დაიწერა, რასაც სულ არ შეუშლია ხელი ბჟეზინსკისათვის, რომ საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი “დამშლელის” დაფნის გვირგვინი მოერგო. არც იმისთვის, რომ ახალი ზენაციონალური ”უკანასკნელი ფორმაცია” ჩანაცვლებოდა კომუნიზმს ლიბერალიზმის სახით.
მაშინ 34 წლის ბჟეზინსკი სტალინს “გადაღრძუებულ დიქტატორს” უწოდებდა. სტალინი 74 წლისა გარდაიცვალა, ბჟეზინსკი კი ახლა 82 წლისაა და სულაც არ მიიჩნევს, რომ “გადაღრძუვდა”. ის, დღესაც იწონებს თავს ექსტრავაგანტული გამონათქვამებით, რომელთა უმეტესობა ყურმოკრულ ინფორმაციას, ან პოლიტიკურ კონიუნქტურას ეფუძნება.
ეს იმ ამბავს ჰგავს, გენიალურ კარელ ჩაპეკს რომ აქვს აღწერილი: პრეზიდიუმი ხანდაზმულებითაა სავსე. დარბაზიდან გაისმის: - გზა მიეცით ახალგაზრდებს! პრეზიდიუმიდან იკითხეს: - რამდენი წლით? დარბაზიდან უპასუხეს: - ასე, ორმოცდაათი წლითო! ხომ არაფერს გაგონებთ ეს დიალოგი?
საბჭოთა სიმბოლიკასთან ბრძოლაც ამ მრუდე სარკეში ასახული კომკავშირული კამპანიაა, თორემ ამ იდეის ავტორებს კოდექსში დანაშაულის აღიარების მტკიცებულებად დაკანონება რომ გაეპროტესტებინათ, ეს უფრო იქნებოდა საბჭოთა სიმბოლოს ლიკვიდაცია; სსრკ გენერალურმა პროკურორმა ვიშინსკიმ ხომ გასული საუკუნის 30-იან წლებში აღიარებას “მტკიცებულებათა დედოფალი” უწოდა!
P.S. წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების არქივი შენობის დანგრევის შემდეგ პირველ საშუალო სკოლაში გადაიტანეს. რა შეემთხვა თავად სკოლის შენობას თბილისის ომის დროს, - ცნობილია.