ადამიანი - მესიჯბოქსი

ადამიანი - მესიჯბოქსი

ამას წინათ ზაალ ანდრონიკაშვილის ბლოგს ვკითხულობდი, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს ოცწლიანი პერიოდს ეხება, საკმაოდ საინტერესო მიმოხილვა და ანალიზია და ალბათ, სერიოზულ განხილვასაც იმსახურებს, თუმცა, ჩემი ყურადღება განსაკუთრებით ერთმა ფრაზამ მიიპყრო. 


„არ მესმის რას ნიშნავს ფრაზა „ხელისუფლების მხარდამჭერი“: ადამიანს, რომელიც თავის თავად ხელისუფლებას (და არა რომელიმე კონკრეტულ პარტიას, ფასეულობათა სისტემას, კონკრეტულ პროგრამას) უჭერს მხარს? ასეთი დაყოფა „ხელისუფლების მომხრეებად“ და მის, ანუ სახელმწიფოს, ანუ ხალხის მოწინააღმდეგეებად თავისთავად არის სწორედ „ერთპარტიული თვითმპყრობელობისათვის“ დამახასიათებელი აზროვნების რელიქტი“.

სამართლიანი შენიშვნაა, მართალი გითხრათ ადრე სერიოზულად არც დავფიქრებულვარ, თუ რა ოდიოზურად ჟღერს „ხელისუფლების მხარდამჭერობა“. შეიძლება ამიტომაც, არცერთი ასეთი მხარდამჭერი ცოცხალი თავით არ აღიარებს იმას, რომ ყველანაირი „ფასეულობათა სისტემა“ და „კონკრეტული პროგრამა“ სულ ცალ ფეხზე ჰკიდია და მისთვის მნიშვნელოვანი მხოლოდ მმართველი ძალის უპირობო გამართლებაა. 

არა მგონია ამგვარი დამოკიდებულების უხერხულობა ბოლომდე გააზრებული ჰქონდეთ, უფრო ალბათ გრძნობენ, ხვდებიან....
თუმცა, რას ნიშნავს ხელისუფლების მხარდამჭერი? არსებობს კი საერთოდ ასეთი ტიპაჟი?

საქმეც ისაა, რომ არსებობს. ესაა ადამიანი, რომელიც მოცემულ ხელისუფლებას არა მარტო მიიჩნევს საუკეთესოდ (ან უმცირეს ბოროტებად, რაც პრინციპში ერთი და იგივეა), არამედ ყოველთვის ამართლებს მის ყველა ნამოქმედარს.

ბუნებრივია, ის ამას ასევე არ აღიარებს და ყოველთვის აღნიშნავს, რომ ხედავს ხელისუფლების ნაკლოვანებებს, თუმცა ამის აღნიშვნას ყოველთვის მოჰყვება მაგიური სიტყვა „მაგრამ“, რომლის შემდეგაც ირკვევა, რომ თურმე ის ნაკლოვანება ლამის ღირსებაა, ან სხვების ნაკლოვანებებთან შედარებით, საერთოდ არაფერი - ჰო ეს ცუდია, მაგრამ (რომელიმე ოპოზიციონერის გამონათქვამზე მითითებით). აი ის კიდევ უარესია! ან, ეს ცუდია, მაგრამ (ხელისუფლების სხვა ნამოქმედარხე მითითებით) ის ხომ კარგია? 

გეცნოთ არა სიტუაცია? ხომ ყოველთვის ასეთი, უკაცრავად და არგუმენტები გვესმის, რაზედაც არ უნდა ეკამათებოდე ხელისუფლების მხარდამჭერს? 

 

ერთი შეხედვით ამგვარი დამოკიდებულება არანორმალურია და არაჯანსაღი, მაგრამ აქ ცოტა სხვა ამბავია. 

უპირველეს ყოვლისა, ეს ნიშნავს, რომ ადამიანი ხელისუფლებას და სახელმწიფოს მთლიანად აიგივებს ერთმანეთთან და მისდამი ისეთივე დამოკიდებულებას აქვს, როგორც ყმას პატრონის მიმართ. ყმური ერთგულება პატრონის მიმართ არის ის საბაზისო ღირებულება, რაზედაც დაფუძნებულია ყველა სხვა ღირებულება და საერთოდ სამყაროს აღქმა. თუკი კონკრეტული ფაქტები აშკარად წინააღმდეგობაში მოდის ამ საბაზისო ღირებულებათან, მით უარესი ფაქტებისთვის.

ვერ ვიტყვი, რომ ეს არის მხოლოდ „ერთპარტიული თვითმპყრობელობისათვის დამახასიათებელი რელიქტი“. ასეთი დამოკიდებულება უფრო ღრმა წარსულის მემკვიდრეობაა, როცა პოლიტიკური პარტიები ბუნებაში არც არსებობდნენ და ვასალის მთავარ სიქველედ სუზერენის ერთგულება ითვლებოდა. ასე რომ, „ხელისუფლების მხარდამჭერობა“ საკმაოდ ძველი ფენომენია, შეიძლება ითქვას - ძირძველი და ტრადიციონალისტური...

პატარა ბედის ირონია ნამდვილად არის იმაში, რომ დღეს, სააკაშვილის ხელისუფლების მხარდამჭერები, რომლებიც ხშირად გამოდიან ახლებური მენტალობის, პროგრესულობის და „პრადვინუტობის“ პრეტენზიით, სწორედ მენტალურად იმყოფებიან ძალიან ღრმა წარსულში. რადგან არაფერი ისეთი კონსერვატიული და რეტროგრადული არაა ამქვეყნად, რაც ხელისუფლების უპირობო მხარდაჭერა. ეს არც მეტი, არც ნაკლები, აზროვნებაზე უარის თქმაა.

ფაქტის, მოვლენის თუ პროცესის გააზრება თავისთავად გამორიცხავს ბრმა მხარდაჭერას და ყველაფრის გამართლებას, ამიტომ ხელისუფლების მხარდამჭერი არ აზროვნებს, ის მხოლოდ მესიჯების მატარებელია - ცოცხალი კითხვარი, სადაც ყველა უხერხულ კითხვაზე წინასწარ გამზადებულ საპასუხო კლიშეა.

რაც თავი მახსოვს, საქართველოში ხელისუფლების მხარდამჭერები ყოველთვის იყვნენ. თუმცა, ის, რასაც ახლა ვუყურებ, განსაკუთრებული შემთხვევაა. სააკაშვილის ხელისუფლების მხარდამჭერი, ეს არ არის უბრალო ადამიანი, ეს არის ადამიანი-მესიჯბოქსი: პროპაგანდისტული ინფორმაციის შემგროვებელი და განმავრცელებელი. ისინი უბრალოდ ახმოვანებენ იმ მესიჯებს, იმ კლიშირებულ აზრებს, რომელსაც სახელისუფლო პროპაგანდა შეიმუშავებს. ისინი ისეთივე იარაღს წარმოადგენენ ამ პროპაგანდის, როგორც რუსთავი-2 და ტელეიმედი. 

როცა მათ ვუსმენ, სულ მგონია, რომ ერთი სული მელაპარაკება მრავალი პირით, რადგან ყველა აბსოლუტურად ერთი და იგივეს ამბობს, ყველა ერთნაირ აქცენტებს სვამს, ერთნაირად აღშფოთებულია ერთი რაღაცით და ერთნაირად აღფრთოვანებული სხვა რამით...

მაგალითად ავიღოთ 26 მაისის მოვლენები. აქ ხელისუფლების მხარდამჭერებს აქვთ სულ ოთხი მესიჯი, რომელსაც სხვადასხვა ვარიაციებში ატრიალებენ. ესენია: ა) ბურჯანაძე ცუდი ტიპია, პროვოკატორია და პრორუსული ძალაა; ბ) მიტინგებს ყველა ქვეყანაში არბევენ და ეს არსად არაა სასიამოვნო საყურებელი; გ) სახელმწიფო არის ერადერთი ინსტიტუცია, რომელსაც აქვს ძალის გამოყენების ლეგიტიმური უფლება; და დ) ძალის გადამეტების ცალკეული შემთხვევები თუ იყო, ეს უნდა გამოიძიონ, მაგრამ ამის განზოგადება არ შეიძლება. 

ეს არის და ეს. რამდენიც არ უნდა ელაპარაკო, რა ფაქტებიც არ უნდა მოიყვანო, იქნება ეს, ვთქვათ, მურმან დუმბაძის წამება, ან ვითომ დენით გარდაცვლილი მომიტინგეები, სხვა პასუხს ვერ მიიღებთ. გადაავლეთ თვალი ნებისმიერ პუბლიკაციას ან გამონათქვამს ამ თემაზე, ნახეთ დისკუსიები სოციალურ ქსელებსა და ფორუმებში და ვინც რამე სხვა აზრს იპოვის ხელისუფლების მხარდამჭერთა „ნააზრევში“, პირველი ქვა იმან მესროლოს.

თუ ვინმეს ეჩვენება, რომ ძალიან მკაცრად და უხეშად ვახასიათებ ამ პატიოსან ხალხს, მაშინ იქნებ ერთი შემთხვევა მაინც გაიხსენონ, როდესაც საქართველოს ხელისუფლების რომელიმე მხარდამჭერმა ცალსახად, ყოველგვარი მაგრამებისა და თუმცაღების გარეშე გაამტყუნა ამ ხელისუფლების რომელიმე ქმედება? ასეთი შემთხვევა არ ყოფილა, არცერთი, და დიდი ეჭვი მაქვს არც იქნება. თუკი ვინმე ამას გაბედავს, ის მკაცრ საყვედურს მიიღებს, ხოლო თუ კიდევ გაიმეორებს ასეთ უმსგავსობას, უბრალოდ გაირიცხება მხარდამჭერთა რიგებიდან და თავის თავზე იწვნევს ყველაფერს, რასაც შემდგარი ქართული სახელმწიფო უკეთებს იმ ხალხს, ვინც ხელისუფლების მხარდამჭერი არაა.

ხელისუფლების პრინციპი მარტივია: ვინც ჩვენთან არაა, ის ჩვენი მტერია. მაგრამ იქვე მოქმედებს მეორე პრინციპიც: ვინც ჩვენთანაა, მას თავისი აზრი არა აქვს, ის მესიჯბოქსია და არა ადამიანი, უფრო ზუსტად, ადამიანი-მესიჯბოქსი.

ასე რომ არჩევანი მარტივია: ან აზროვნებ, მაშასადამე მტერი ხარ, ან თუ მტერი არა ხარ, მაშასადამე მესიჯბოქსი ხარ! როგორც საქართველოს პირველი პრეზიდენტი იტყოდა, აირჩიე ქართველო ერო! 

დიდი სახარბიელო არჩევანი ვერ არის, მაგრამ პრობლემაც ისაა, რომ სხვა არჩევანი არ არის.