უცნაურია, მაგრამ როდესაც „ოცდაშვიდიანელთა კლუბზე“ ვსაუბრობთ, არ გვახსენდება ხოლმე როგორც ქრონოლოგიურად, ასევე იდეურად ამ კლუბის ზოგიერთ წევრზე აშკარა ზეგავლენის მქონე მუსიკოსი რობერტ ჯონსონი, რომლის ხანმოკლე სიცოცხლე ისევე ბურუსითაა მოცული, როგორც ბლიუზური ჟანრის უმნიშვნელოვანი შედევრების შექმნის ისტორია...
გაცილებით „სანდოა“ ლეგენდა რობერტ ჯონსონის შესახებ, რომლის თანახმადაც მუსიკოსმა გზაჯვარედინზე სული მიჰყიდა ეშმაკს გიტარაზე დაკვრის ტექნიკისა და სიმღერების მოგონების ნიჭის დაუფლების სანაცვლოდ... ათწლეულების განმავლობაში სხვადასხვა მუსიკოსების მიერ დაკრული, თუ ფილმი Crossroads ხომ ამის შესახებ მოგვითხრობს...
სხვა მხრივ მე-20 საუკუნის ფაუსტის შესახებ ცნობილია, რომ თითქოს 1911 წლის 8 მაისს დაიბადა და აღესრულა 1938 წლის 16 აგვისტოს ფრიად უცნაურ ვითარებაში. ვისკის ფასად კარდაკარ მოარული და ქალების მოყვარული რობერტ ჯონსონი, თითქოს მორიგი სასიყვარულო თავგადასვლის შემდეგ, საყვარლის ეჭვიანმა ქმარმა მოწამლა...
მომავალში ლეგენდარული ბლიუზმენი სანი ბოი უილიამსონი იხსენებდა, თუ როგორ არიდებდა ახალგაზრდა მეგობარს უცნობ ადგილებში ვისკის სმასა და შიგ სტრიქნინის გარევას, მაგრამ სტრიქნინით მოწამვლის ვერსიას გამორიცხავს როგორც წიგნის „ბლიუზის ლეგენდის – რობერტ ჯონსონის ამქვეყნიური და გარდაცვალების შემდგომი ცხოვრება“ ავტორი ტომ გრეივსი, ასევე ჯონსონის თანამედროვე დიდი ბლიუზმენი დევიდ „ჰანიბოი“ ედვარდსი, რომლებიც ამბობენ, რომ სტრიქნინით მოწამვლის შემთხვევაში, მუსიკოსი სამი დღე აღარ იწვალებდა და უფრო ადრე მოკვდებოდა.
მრავალი ნიჭიერი ადამიანის მსგავსად, რობერტ ლეროი ჯონსონი ცხოვრებაში აღიარებას არ ღირსებია, თუმცა იგი შეუმჩნეველი არ დარჩენია მისისიპის დელტა ბლიუზის მამამთავარ სან ჰაუსს. იგი მომავალში აღნიშნავდა, რომ ჯონსონი შესანიშნავად უკრავდა ჰარმონიკაზე, მაგრამ ჯეროვნად ვერ ფლობდა გიტარაზე დაკვრის ტექნიკას. ამას თავად ჯონსონიც ამჩნევდა და ამიტომაც შეხვდა კიდევაც გზაჯვარედინზე „დიდ შავ კაცს“... ჯონსონის მუსიკოსად ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშა გიტარისტმა და მომღერალმა ვილი ბრაუნმაც, რომლის დაკვრის ტექნიკაც გზაჯვარედინზე გასვლამდე რობერტ ჯონსონისთვის მიუღწეველი რჩებოდა...
„ვარსკვლავად“ მუსიკალურმა შოუბიზნესმა რობერტ ჯონსონი 1986 წელს აქცია, როდესაც იგი როკ’ნ’როლის დიდების დარბაზის წევრად შეირაცხა, ხოლო 2003 წელს კი ჯონსონი ჟურნალ Rolling Stone–მა მსოფლიოს 100 საუკეთესო გიტარისტის სიაში მეხუთე ადგილზე დააყენა...
ბლიუზურ ენციკლოპედიაში შემავალი რობერტ ჯონსონის შედევრები უკვე მუსიკოსის გარდაცვალების შემდეგ ქვეყნდებოდა კანტიკუნტად და მიმობნეულად სხვადასხვა კრებულებში. ძნელი სათქმელია, როგორი იქნებოდა თანამედროვე ბლიუზ–როკ სამყარო Crossroads –ის გარეშე, მაგრამ არამარტო ეს შედევრი გადაურჩა სამუდამო გაუჩინარებას. კიდევ კარგი, რომ რობერტ ჯონსონი 1936 წელს მუსიკალური ტალანტების მაძიებელმა სპერ ჯექსონმა შენიშნა და ტეხასის შტატ ქალაქ სან ანტონიოში ხმის ჩამწერ სტუდიაში მიიყვანა. სწორედ აქ გააკეთა მუსიკოსმა თავისი პირველი ჩანაწერები, რომელთა უმრავლესობაც Columbia Records-ის მიერ1961 და 1970 წლებში ორ ნაწილად სახელწოდებით King of the Delta Blues Singers გამოცემულ კრებულებში შევიდა.
1941 წელს კი ამერიკელმა ფოლკლორისტმა ალან ლომაქსმა უკვე მადი უოტერსისაგან შეიტყო რობერტ ჯონსონის კლარკსდეილში მოღვაწეობის შესახებ. 1990 წელს გამოქვეყნებულ The Complete Recordings-ში, როგორც იქნა თავი მოუყარეს მუსიკოსის აღმოჩენილ თითქმის ყველა სიმღერას. მათი უმრავლესობა განსხვავებული ვერსიებითაა წარმოდგენილი. მოდით გავიხსენოთ ზოგიერთი სიმღერა და წარმოვიდგინოთ, თუ მომავალში როგორ მრავლდებოდა მათი ვერსიები...
Sweet Home Chicago ზოგადად მე-20 საუკუნის ამერიკული მუსიკის ჰიმნად იქცა. ამ სიმღერის ელექტროვერსია განსაკუთრებით ეფექტურად ჟღერს ფილმში „The Blues Brothers“, ხოლო აურაცხელი აკუსტიკური შესრულებებიდან აღსანიშნავია Peter Green’s Splinter Group-ის ვერსია. პიტერ გრინმა DVD-ზე აღბეჭდილი 2003 წლის ცნობილი კონცერტი ნახევრად რობერტ ჯონსონის ნაწარმოებებს დაუთმო. Sweet Home Chicago-ს გარდა აქ შესრულდა Little Queen of Spades, Drunken Hearted Man, Milkcow's Calf Blues, I'm a Steady Rollin' Man, They're Red Hot...
რობერტ ჯონსონმა განსაკუთრებული ზეგავლენა კიდევ ერთ თეთრკანიან ბლიუზმენზე - ერიკ კლაპტონზე მოახდინა. კლაპტონმა შეიძლება მრავალი სიმღერა დაივიწყოს, მაგრამ კონცერტზე ყოველთვის შეასრულებს Rambling on My Mind-სა და Crossroads-ს. მის მიერ მოწყობილი Crossroads Guitar Festival ხომ პრაქტიკულად რობერტ ჯონსონის სახელს ატარებს...
ქანთრი ბლიუზის ანა-ბანა Come On In My Kitchen საკმაოდ განსხვავებული ხელწერის მქონე მუსიკოსებმა შეასრულეს, რომელთა სპექტრიც The Allman Brothers Band-სა და Simply Red-ს შორის მერყეობს. ბევრს ვხედავთ საერთოს ამ ჯგუფებს შორის? მოდით სიას დავუმატოთ Keb' Mo', Johnny Winter, Vivian Campbell, Taj Mahal, The Doors, Climax Blues Band, Rory Block, Charlie Patton, Bob Dylan, Grateful Dead, John Mayall, Luther Allison, Red Hot Chili Peppers, The White Stripes... ეს არასრული ჩამონათვლია მუსიკოსებისა, რომლებიც არამარტო ქანთრი-ბლიუზ იდეებით საზრდოობენ.
რობერტ ჯონსონი, რომელიც მე-20 საუკუნის ბლიუზური იდეების ერთ-ერთი უმთავრესი დონორია, თავადაც წინამორბედთა იდეებით სარგებლობდა, რომელთა ვინაობაც ხშირად დაუდგენელია. ბავშვობიდანვე ყოველივე ახლის შეცნობისაკენ ლტოლვამ პატარა რობერტს მე-20 საუკუნის ზანგური ოჯახისათვის საკმაოდ მაღალი დონის სასკოლო განათლებისთვის მიაღწევინა. მაგრამ მისი ბავშვობისა კი არადა, ყმაწვილკაცობის შესახებაც ძალზედ მწირია ბიოგრაფიული ცნობები. ამას ცნობილი კინორეჟისორი მარტინ სკორცეზეც აღნიშნავს. წინააღმდეგ შემთხვევაში აუცილებლად იარსებებდა მუსიკოსის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი სრულმეტრაჟიანი ფილმი, ხოლო Love In Vain უპირველეს ყოვლისა Rolling Stones-ის ვერსიითაა აღსანიშნავი. იგი კიტ რიჩარდსის უსაყვარლეს სიმღერად იქცა... Led Zeppelin-მა კი მოგვიანებით საკმაოდ ეფექტურად Travelling Riverside მოარული ბლიუზი მოირგო.
მსმენელთა ფართო სპექტრისთვის რობერტ ჯონსონი უმთავრესად რეჟისორ უოლტერ ჰილის 1986 წელს გადაღებული ფილმით Crossroads არის ცნობილი. ფილმში გაცოცხლებული ეშმაკზე სულის მიყიდვის ლეგენდას მუსიკალურად შესანიშნავი გიტარისტი რაი კუდერი აცოცხლებს, ხოლო ფილმის დასასრულ მოწყობილ გიტარ დუელში ორივე პარტიას სტივ ვეი ასრულებს. საინტერესოა, რომ დუელში ბიჭუნა იუჯინის გიტარ პარტიის თემად პაგანინის ნაწარმოებია შერჩეული, რაც კიდევ უფრო მეტ ხიბლს სძენს გიტარ–შერკინებას.
ამ ორ პიროვნებას ხელოვნებასთან დამოკიდებულებაში ხომ ბევრი რამ აკავშირებს: ფაუსტისეული წარსული, ინსტრუმენტისადმი გიჟური ლტოლვა და რაც მთავარია არაერთი გაუჩინარებული ნაწარმოები, რომელთაც ვინ იცის ეპოვნათ კიდევაც ერთმანეთთან ბევრი რამ საერთო.
ლეგენდარული მუსიკოსის მოღვაწეობის შესახებ ამომწურავ ინფორმაციას ისევ მისი საფლავის ქვა გვაწვდის: Robert Johnson – Resting In The Blues. ხოლო გარდაცვალების თარიღი – 16 აგვისტო, რობერტ ჯონსონს როკ’ნ’როლის მეფესთან – ელვის პრესლისთანაც აკავშირებს...