პოპ–პორტრეტები: ბადი გაი – უცნაური კარიერა და საყოველთაო აღიარება

პოპ–პორტრეტები: ბადი გაი – უცნაური კარიერა და საყოველთაო აღიარება

ბლუზი გრძნობების მუსიკაა და და მრავალი „თეთრი“ მუსიკოსის ძალისხმევის მიუხედავად, ითვლება რომ უფრო მეტად შავკანიანთა საქმიანობაა.. 

ჩვენს წინა რუბრიკებში აღწერილი ბლუზმენებიდან გამომდინარე, ძნელია ამ აზრს დაეთანხმო, მაგრამ მეორეს მხრივ კანის ფერს ხომ არაერთი თეთრი ბლიუზმენი უჩიოდა და დიდი სიამოვნებით ჩაიდენდა მაიკლ ჯექსონის საპირისპირო ქმედებას. 

როგორც ჩანს, ბოლო ათწლეულების განმავლობაში თვით ბლიუზმა განიცადა მეტამორფოზა და კანის ნებისმიერი შეფერილობის მქონე მუსიკოსში უპირველეს ყოვლისა ადამიანის ფსიქოლოგიური მდგომარეობის აღმბეჭდად დაისადგურა. ანუ სულიერმა მდგომარეობამ „როდესაც კარგ ადამიანს უჭირს“, მართლაც რომ სულიერად დააკავშირა ერთმანეთთან სხვადასხვა მსოფლმხედველობის, კანის ფერისა, თუ სოციალური ფენის წარმომადგენლები, რამაც დიდწილად მოსპო კიდევაც ზღვარი შავ და თეთრკანიან ადამიანებს შორის, დააახლოვა, ერთიმეორის გულში ჩაახედა და საბოლოოდ დიდ ბლიუზის სამყაროდ გააერთიანა ისინი. 

მკვეთრად გამოხატული ბლუზური რეპერტუარი 60-ების წლების ბოლოსკენ მხოლოდ მსმენელთა ვიწრო წრისათვის იყო მისაღები. ერიკ კლაპტონის, ჯეფ ბეკის, ჯიმი პეიჯის, ჯეკ ბრიუსის, ჯონ მეიალის, ჯიმი ჰენდრიქსისა, თუ სხვათა რეპერტუარი არასოდეს მომწყდარა ბლიუზურ საფუძველს, მაგრამ ეს იყო ტექნიკურ-აპარატურული მხრიდან გამომდინარე მოდერნიზებული ბლუზური ჟღერადობა, ხშირად როკული დრაივითა და ელფერით. 

ბევრი შავკანიანი მუსიკოსი ჩრდილში აღმოჩნდა და მხოლოდ ლოკალურ პაბებსა, თუ კლუბებში ახერხებდა აუდიტორიის დაინტერესებას. ბლიუზური მუსიკის სამჭედლოდ ქალაქი ჩიკაგო იქცა, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა ჯერ კიდევ 60-იანი წლების დასაწყისში გიტარისტი ბადი გაი იყო.

როდესაც დღესდღეობით მუსიკოსის იმ პერიოდის დაკვრას ვისმენთ, გვიკვირს, რომ 60-ების დასაწყისის ჟღარუნა რიტმ-გიტარების ფონზე, არსებობდა სხვებთან შედარებით გაცილებით წინ წასული გიტარისტი, რომლის დაკვრაც სულ მალე გავლენას მოახდენდა ჯიმი ჰენდრიქსის, ერიკ კლაპტონის, სტივი რეი ვოუგენის და სხვა გიტარისტთა დაკვრაზე, ისე რომ, თავად დროებით ჩრდილში აღმოჩნდებოდა და მის მომავალ ალბომთა შორის დისტანცია, თითქმის 10 წელიწადსაც კი მიაღწევდა... 

თავდაპირველად კი მუსიკოსის მიმართ ყურადღება შავკანიანთა Chess Records-მა გამოიჩინა და 1967 წელს სადებიუტო ალბომი I Left My Blues in San Francisco გამოსცა. ალბომმა გააერთიანა ბლუზური სამყაროს კორიფეების - სანი ბოი უილიამსონის, ვილი დიქსონის, მადი უოტერსის, ასევე იმ დროისათვის უკვე 20 წლის მუსიკოსის - ბადი გაის რეპერტუარი... 

დამწყები მუსიკოსისთვის კი არა და, ზოგადად ბლუზური ალბომისთვის იყო უჩვეულო მასში მონაწილე შემსრულებელთა რიცხვი. გარდა ალბომის გარეკანზე მოყვანილი არაერთი დიდი ბლიუზმენისა, რეპერტუარის შექმნაში მონაწილეობდა კიდევ რამდენიმე მუსიკოსი, რომელთა გვარებიც ისტორიამ არ შემოგვინახა...

ალბომის გამოსვლის შემდეგ ბადი გაი ჩიკაგური ბლიუზის ეპიცენტრში მოექცა. გარდა სოლო კონცერტებისა, იგი სერიოზულ სესიურ მუსიკოსობასაც ეწეოდა ჩიკაგური ბლუზის მამათა გვერდში, პარტნიორობდა რა და იწერდა დისკებს შესანიშნავ ჰარპისტ - ჯუნიორ ველშთან ერთად. მაგრამ ნელ-ნელა დავიწყებას მიეცა გიტარასთან შეზრდილი ბადი გაის საოცრად იმპულსური და მრძნობიარე მღერის მანერა და რაც მთავარია ზეგავლენა ზემოთჩამოთვლილ გიტარისტებზე... 

ბადი გაიმ 70-იანები ინერციით განვლო და პოპულარობისათის, ჯიმი მორისონისა არ იყოს, 1979 წელს პარიზს მიაკითხა. 1981–ში სწორედ აქ გამოიცა საოცარი ბლუზურ-ფსიქოდელიური ალბომი Stone Crazy!.. იგი ბლუზური ჟანრის იშვიათად გამოხატული ექსპერიმენტული ნაწარმოებია. ზანგურმა Alligator Records-მა ყურები მოგვიანებით ცქვიტა, უკვე 80-იანების ბოლოს კი ბადი გაი პარტნიორობას იმ პერიოდში „გავარსკვლავებულ“ ერიკ კლაპტონს უწევდა. სწორედ ამ დროიდან იწყება მუსიკოსის აღმასვლა და მის მიერ ჩაწერილი ალბომების ხარისხის უცნაურად ადექვატური ასახვა გრემის ნომინაციებში. დღესდღეობით ბადი გაი ხუთგზის გრემის ნომინანტია, იგი შესანიშნავად გამოიყურება და გარეგნულად მას 76 წელს ნამდვილად ვერ მისცემთ... 

საყოველთაო აღიარება ბადი გაიმ 54(!) წლის ასაკში ჰპოვა. შეიძლება მისი მომავალი წარმატების საფუძველი გამართლებასაც კი დავუკავშიროთ. 1992 წელს ერიკ კლაპტონმა უფროს მეგობარს მსოფლიოს უდიდესი ბლუზ–გიტარისტი უწოდა. უფრო ადრე სტივი რეი ვოუგენმა ბლუზური სცენა ხელახლა შეანთო და ბადი გაიმ ალბომში Damn Right, I've Got the Blues, მის ხსოვნას შესანიშნავი ბლუზი მიუძღვნა. Damn Right, I've Got the Blues –ს, ბადი გაიმ 2 წლის შემდეგ ბლიუზ ბენდისათვის მაქსიმალურად მრავალფეროვანი Feels Like Rain მოაყოლა. ალბომის ჩაწერაში მონაწილეობას ღებულობდნენ ჯონ ჰაიატი, ჯონ მეიალი, ბონი რაიტი და სხვა მრავალი, რომელთა სახელებსაც გაუჩინარება ნამდვილად არ უწერია 1967 წლის ალბომისაგან განსხვავებით... უდიდესი აღიარება აქ პოლ როჯერსთან დუეტში შესრულებულ ცნობილ Some Kind Of Wonderful–ს მოჰყვა. 

ამ ალბომის გამოსვლის შემდეგ, ბადი გაის ია–ვარდით მოფენილი გზა უკვე გარანტირებული ჰქონდა, თანაც ბლუზი ხომ ახალი ტალანტების დეფიციტს განიცდის... Damn Right, I've Got the Blues –სა და Feels Like Rain–ის მსგავსად, 1995 წლის A Slippin’ In და 2003 წლის A Blues Singer გრემის ნომინანტებად იქცნენ. ტოპ ბლუზ–ალბომებად, აგრეთვე 2008 წლის Skin Deep და მუსიკოსისათვის ჯერჯერობით უახლესი, 2010 წლის ნამუშევარი – Living Proof აღიარეს. სუპერ ალბომში მონაწილეობას ბი ბი კინგი, კარლოს სანტანა, რიის ვაინიენსი და სხვა არაერთი ცნობილი მუსიკოსი ღებულობს.

აი ასე უცნაურად აეწყო მადი უოტერსის შემდეგ, ჩიკაგური ბლუზის უდიდესი მამის კარიერა და დისკოგრაფია. მუსიკოსი, რომლის ყოველი ბგერა გამორჩეული და თვითმყოფადია და რომლისგანაც გიტარის რაობა მრავალმა სხვა მუსიკოსმა შეიტყო, კინაღამ დავიწყებას მიეცა. 

დღესდღეობით ჩიკაგოში ბადი გაის საკუთარი კლუბი აქვს და იქ დაკვრა ნებისმიერი ბლუზმენისათვის უდიდესი პატივია. 2005 წელს სახელგანთქმული ბლუზმენი როკ–ნ–როლის დიდების დარბაზში შეიყვანეს. აღიარების მიღმა კი მარტივი სინამდვილეა... კერძოდ ბადი გაიმ ერთ–ერთმა– პირველმა დაუკავშირა ერთმანეთს ბლუზის საწყისი–აკუსტიკური და ელექტრული ჟღერადობა, მიანიჭა რა რეპერტუარს უჩვეულო სიმძაფრე, რაც ბლიუზის მრავალი მოყვარულისათვის გამაღიაზიანებელიც კია. 

ასეთი მსმენელის მოსარიგებლად პროდიუსერები ბადი გაის 21–ე საუკუნის ალბომებში ხშირად როკულ არანჟირებას სთავაზობენ, რაზეც მუსიკოსი თანახმაა. ამიტომაც ბოლოდროინდელი ალბომები საკმაოდ მძლავრი და არა „ზანგური“ ჟღერადობისაა. 

ასე და ამგვარად, თუკი 60–იან წლებში ბადი გაის გზას უამრავი თეთრკანიანი მუსიკოსი დაადგა, დღესდღეობით ასაკოვანი ბლუზმენი ხშირად იყენებს ისევ მისივე წინაპრების მიერ დანერგილ და შემდგომში უკვე თეთრების მიერ გადამღერებულ ბლუზურ წიაღსვლებს.