როკ-მუსიკაში აგრერიგად გაშინაურებულ ფსიქოდელიას უკვე სრულიად თავისუფლად ვიყენებთ ტერმინების - ჰარდ-როკი, ჰევი-მეტალი, პროგრესივი, ალტერნატივა, თუ სხვათა გვერდზე. ეს შეიძლება ზოგჯერ მოდურიც იყოს, რადგან იმდენჯერ გვაქვს მოსმენილი Pink Floyd, რომ მას მრავალ ასპექტში და ზოგჯერ უარყოფითადაც კი მოვიხსენიებთ, ჩვენთვის იმდენად ახლობელია და ათასში ერთხელ მომაბეზრებელიც ფსიქოდელიასთან გაიგივებული და განუშორებელი განუმეორებელი ხმოვანება... მაგრამ ამგვარ განწყობას და არავითარ შემთხვევაში სტილსა, თუ მიმდინარეობას, ხომ ადამიანები ქმნიან და უკვე შემდეგ სხვადასხვა ტიპის ქიმიური ნაერთები...
არიან მუსიკოსები, რომლებიც არასოდეს გამოირჩევიან სცენაზე გამომწვევი ქცევითა თუ პომპეზურობით. მათგან არ გვსმენია თვითგანდიდებით გამსჭვალული ინტერვიუები და გაუთავებელი სასიყვარულო თავგადასავლები და მიუხედავად ამისა, ისინი „ვარსკვლავები“ არიან; მით უმეტეს, როდესაც მუსიკოსის მსოფლმხედველობა შორს – უკიდეგანო სივრცეში სცილდება დედამიწას...
ფლოიდური ხმოვანების ერთ–ერთი ფუძემდებელი – რიჩარდ რაიტი ამის საუკეთესო მაგალითია. თავმდაბლობით იგი ჯგუფის სხვა წევრთაგანაც გამოირჩეოდა, რომ აღარაფერი ვთქვათ ჩვენგან მოწონებულ სახელგანთქმულ როკმენთა შესახებ, თავზე რომ იმხობენ ინსტრუმენტებს და პუბლიკის თავმოსაწონად სცენაზე კილომეტრებს გადიან...
მომავალში ლეგენდარულ ჯგუფს ხშირად გააკრიტიკებენ ზოგადად პროგრესივ–როკ ჯგუფებისათვის დამახასიათებელი მაინცდამაინც განსაკუთრებული საშემსრულებლო ტექნიკის არარსებობისა, თუ არგამოჩენისათვის, მაგრამ ეს ხომ კარგად ნაცადი და ურთულესი ხერხია საყოველთაო აღიარებისა, რაც Beatles–ისა, თუ Rolling Stones–ის მაგალითზე, ისედაც იცოდნენ მუსიკოსებმა; ერთი კია, რომ Rolling Stones როკ’ნ’როლია და „სამი აკორდითა და ცოტაოდენი ენერგიით“ ფონს გასვლა შესაძლებელია, ხოლო Pink Floyd –მა კი რეპერტუარში როკ’ნ’როლი ფაქტობრივად გამორიცხა, ასევე მინიმუმამდე დაიყვანა ბლიუზის ელემენტები და პროგრესივ–როკ ჯგუფების მნიშვნელოვანი პლაცდარმი – კლასიკური საწყისი. ამ მხრივ გამონაკლისი ხომ პრაქტიკულად მხოლოდ ერთი კომპოზიციის –Atom Heart Mother–ის შუა ნაწილია...
დღესდღეობით ფლოიდებზე საუბარი გვიადვილდება, რადგან თითქოს მარტივია მათი დანატოვარი – ადვილად აღსაქმელი და ამდენად ხომ არ პოპ–ორიენტაციისა? მართლაც, უცნაური ლიდერი ჰყავს მუსიკალურ შოუ–ბიზნესს ამ გამოთაყვანებულ სამყაროში. ფლოიდების კომპოზიციები თანაბრად მისაღებია დღევანდელ ჯაზ, რეპ, ელექტრულ თუ ალეტერნატივ–გრანჟ–მეტალ როკ–მსმენელთათვის და მათი ქავერებიც ყველა სტილში მოიძებნება.
რიჩარდ რაიტს, ჯგუფის ათეულობით სხვადასხვა ტიპის კლავიშებიან ინსტრუმენტებზე შემსრულებელს, მის თანამედროვე აღიარებულ პიანისტთაგან განსხვავებით, არასოდეს გამოუჩენია თავი გასაოცარი ტექნიკითა, თუ სოლოებით. სამაგიეროდ მუსიკალური ალღოსა და ზომიერების შეხამების თვალსაზრისით, მისი დონის მუსიკოსი, ალბათ ბევრი არც შეგვხვედრია. ყოველთვის რატომ გვსიამოვნებს ფლოიდებში ინსტრუმენტული მხარე, როგორ ახერხებდა ჯგუფი ასეთ საოცარ მუსიკალურ ფერთა გამის შექმნას...
გადავავლოთ თვალი ათწლეულების განმავლობაში რიჩარდ რაიტის მიერ შესრულებული კლავიშური პარტიების ისტორიას და მივხვდებით, რომ მის ხელში Farfisa, Brass, Mellotron, Wurlitzer, Hammond, თუ Moog ინსტრუმენტები არასოდეს დაძველებულა და მათი გამოყენების სპექტრი ფსიქოდელიური ფონის გაუფერულების მიუხედავად, დროთა განმავლობაში ეპოქის მუსიკალური ჟღერადობის პროპორციულად იშლებოდა. ამიტომაც Chapter 24–ისა თუ See Emily Play–ის ტიპის 60–ელთა კლავიშების ფსიქოდელიური ჟღერადობა, სულ რაღაც 7 წლის შემდეგ Shine On Your Crazy Diamond–ის კოსმოსურ Moog–ის სინთეზატორში გადაიზარდებოდა და „ჩრდილში მდგომ“ პიანისტ რაიტის იდეებს, ხშირად სახელგანთქმული ელტონ ჯონიც გამოიყენებდა...
უაღრესად მნიშვნელოვანია რაიტის როლი ჯგუფის ცენტრალურ ალბომ The Dark Side Of The Moon–ში. ამ ალბომის ორ კომპოზიციაში - Time და Us And Them, რაიტი გილმორთან დუეტში მღერის კიდევაც და ვინძლო ამ მიზეზით, საოცრადაა „გაშინაურებული“ ინსტრუმენტულ მხარესთან. Time–ის ცნობილი კლავიშურ–გიტარული შესავალი ხომ სადღაც შორს – მთვარის იდუმალი მხარის უკიდეგანო სამყაროში მიგვაფრენს, რასაც ალბათ ადამიანის გონებრივი შესაძლებლობების ფარგლებში, მეორეს მხრივ საკმაოდ მარტივად გვიხატავს. ეს კი ალბომის ზოგადად ჰუმანურობაზე მიგვანიშნებს... ალბომისა, რომლის თბური ენერგიაც ზღვარს „გვაქვს უთვალავი ფერითა“ კომპოზიციაში Any Colour You Like აღწევს. იგი The Dark Side Of The Moon–ის გრანდიოზული ფინალის შემამზადებელი ხიდია, რომელიც ქვეცნობიერად შესაძლოა კაცობრიობის გონებრივი განვითარების გზას გვიხატავს ბაბილონის გოდოლიდან დღევანდელ დღემდე და ალბათ ამიტომაც თითქოს ერთ ადგილზეა გაჩერებული და კულმინაციის მომენტი არ აღენიშნება.
ფლოიდური ფილოსოფიაც ხომ საბოლოოდ კვარტეტის ჟღერადობის მარადიულობასა და არა განვითარებაში აისახა, რასაც მხოლოდ მეცნიერულ–ტექნიკური პროგრესი უბამს მხარს, ეს კი მსმენელისათვის ნაკლებად მნიშვნელოვანია, რადგან ფლოიდური ხმოვანების მრავალი მოყვარულისთვის Astronomy Domine და Echoes, A Great Day For Freedom-ზე პროგრესულია...
ფლოიდური ხმოვანების „განვითარების“ შესახებ საუბრის ზედმეტობაზე პასუხი დევიდ გილმორის 2007 წლის საკონცერტო ჩანაწერმა – Remember That Night გაგვცა, რომელმაც ძველი და ახალი რეპერტუარი ჟღერადობის თვალსაზრისით ერთმანეთთან იდეალურად დააკავშირა, რამაც საბოლოოდ დაადასტურა ამ ჟღერადობის მარჯვე არქიტექტორის უმნიშვნელოვანესი როლი... სამწუხაროდ რიჩარდ რაიტისთვის ეს ალბომი უკანასკნელი გამოდგა, შესრულება კი როგორც ყოველთვის შთამბეჭდავი, რამაც კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ ამ მუსიკოსის დაკვრაში არაფერია განუმეორებელი, არამედ ჯონ ბონემისა არ იყოს, განუმეორებელია თვით რიჩარდ რაიტი, რომლის გარდაცვალებამაც ალბათ საბოლოოდ გამორიცხა მომავალში Pink Floyd–ის შეკრება. მაგრამ ვინ იცის, ერთი კონცერტისთვის ხომ Led Zeppelin–იც გაერთიანდა 2007 წელს...