1897 წლის 24 ივლისს, თბილისში, ერევნის (ახლანდელი თავისუფლების) მოედანზე მდებარე თამამშევის ქარვასლიდან სასულიერო სამოსელში გამოწყობილი შუახნის მამაკაცი გამოვიდა და აუჩქარებელი ნაბიჯით განოვის ქუჩის მიმართულებით გაუყვა გზას. - ეი, შენ, ჩამობრანძულო მღვდელო, მოეთრიე აქ- მოესმა უცებ ხმამაღალი, ხრინწიანი შეძახილი.სასულიერო პირმა მოიხედა და ეპოლეტებიან ”ჩერკესკაში” გამოწყობილი პიროვნება დაინახა, რომელსაც მისი მიმართულებით ჰქონდა გაშვერილი ხელი და მედიდური იერით ანიშნებდა, უკან მობრუნდიო. მღვდელმა უცნობს ყურადღება არ მიაქცია და ნაბიჯს აუჩქარა. ასიოდე მეტრიც არ ჰქონდა გავლილი, რომ ვიღაცამ ანაფორაში ჩაავლო ხელი და უხეშად შეაჩერა. - შენ რა, არ გესმის ჩემი ხმა? რატომ არ მოდი, რომ დაგიძახე? - უკაცრავად, მე თქვენ არ გიცნობთ, გთხოვთ, თავი დამანებოთ, დაბნეულმა ამოილუღლუღა მღვდელმა და გაცლა დააპირა, მაგრამ ამაოდ. ეპოლეტებიანმა მოულოდნელად მთელი ძალით გააწნა სილა და ძირს დაცემულს წიხლიც მიაყოლა. მღვდელს სათვალე გაუტყდა და მინამ ცხვირი გაუჭრა. იგი რის ვაივაგლახით წამოდგა და მახლობლად მდებარე პოლიციის განყოფილებას მიაშურა, მაგრამ იქ არავინ დახვდა. მერე ისევ გარეთ გამოვიდა და დასახმარებლად სასულიერო სემინარიის წინ მდგარ ”ოკოლოდოჩნის” მიმართა. ამ უკანასკნელმა მოუსმინა, კეფა მოიქექა და გულგრილად უპასუხა; - შეგიძლიათ საჩივარი დაწეროთ... + + + ასეთია, მოკლედ, ხულიგნური ისტორია, რომლის თაობაზეც მოკლე ინფორმაცია გამოაქვეყნა გაზეთმა ”ცნობის ფურცელმა” (1897 წლის 25 ივლისი, # 264). ოთხი დღის შემდეგ, 29 ივლისს იმავე გაზეთში თვითონ დაზარალებულმა დაწვრილებით ამცნო საზოგადოებას მომხდარის თაობაზე. სასულიერო პიროვნება მიხეილ საბინინი იყო. ეპოლეტებიან ”ჩერკესკაში” გამოწყობილი უცნობი კი პოლიციის პრაპორშჩიკი გიორგი ყაზბეგი. ”მე ოცდაშვიდი წელი ვემსახურებოდი საქართველოს და ბრწყინვალე კარიერა, რომელიც მეძლეოდა ხელში, ამას შევწირე და ამათა ყოველთათვის გარდა უბედურობისა და შეურაცხმყოფობისა არა რა მივიღე... ამ შემთხვევამ მარცხენა თვალი სრულიად წამიხდინა და ბნელი წყალი მომგვარა... რაკი მე ბატონს ყაზბეგს არ ვიცნობ და არც სადმე მინახავს, არ მქონია შემთხვევა ლაპარაკისა, ჩემის აზრით ესენი არ არიან დამნაშავენი ამ ჩემის უბედურობისა, არამედ სხვა ვინმე უნდა იყოს მდომი ჩემი შეურაცხმყოფობისა”- აღნიშნავდა გაზეთში დაზარალებული. დღევანდელის მსგავსად, ჩანს, იმდროინდელ საქართველოშიც არავინ აქცევდა ყურადღებას პრესაში გამოქვეყნებულ მამხილებელ პუბლიკაციებს. საქმე, რაღა თქმა უნდა, ჩაიფარცხა და ვიღაც ახვარ პრაპორშჩიკს ხახვივით შერჩა უაღრესად დამსახურებული პიროვნების შეურაცხყოფა, ვისი სახელიც ოქროს ასოებითაა ჩაწერილი ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში. + + + ვინ იყო მიხეილ საბინინი და რა დამსახურება მიუძღვის საქართველოს წინაშე? საცა სამართალია, ამ კითხვას არც უნდა ვსვამდეთ. აღნიშნული პიროვნების შესახებ ინფორმაცია შეიძლება მოიპოვოთ ენციკლოპედიებში, ვიკიპედიაში, სხვადასახვა ხასიათის სამეცნიერო გამოკვლევასა და პოპულარულ სტატიებში (ბოლო ხანებში მას სპეციალური ნაშრომი მიუძღვნა პროფესორმა ვაჟა კიკნაძემ). მაგრამ, არის კი ეს საკმარისი? ვფიქრობ, არა. მიხეილ საბინინისთვის ქართველ ხალხს კუთვნილი ჯერაც არ მიუზღავს და ჯეროვანი ადგილი არ გამოუყვია ეროვნული მეხსიერების უძირო სალაროში. თუ ვინმეს ამ სიტყვებში ეჭვი ეპარება, წინამდებარე ბლოგტექსტის წაკითხვის შემდეგ, შეუძლია მინი-გამოკითხვა ჩაატაროს საახლობლოში, სანაცნობოში, სამეზობლოში. ეჭვიც არ მეპარება, რომ ყოველი ასიდან 95 უმწეოდ აიჩეჩავს მხრებს, განსაკუთრებით- ახალგაზრდაც თაობის წარმომადგენლები. ეს ჩვენი ეპოქის უცხადესი ტრაგედიაა. თინეიჯერები, რომლებმაც ზეპირად იციან, რა ფერის ბოტასებით გამოვიდა დილით სახლიდან ლექსენი და რომელი ფირმის სათვალეს ატარებს შავი პრინცი, ვერაფერს გეტყვიან ”საქართველოს სამოთხის” ავტორის შესახებ. განა მხოლოდ თინეიჯერები? ცოდვა გამხელილი ჯობს, საშუალო და უფროსი თაობის ადამიანებშიც ბევრი შეგხვდებათ ასეთი. არცოდნა არცოდვააო – ნათქვამია, მაგრამ ამ შემთხვევაში მხოლოდ უპრეტენზიო უცოდინარობასთან როდი გვაქვს საქმე. ეს არის ლამის ეპიდემიის მასშტაბამდე ასული უმადურობა და დაუფასებლობა, რომელსაც მეტნაკლებად მოუცავს საზოგადოების ყველა ფენა. წარსულის დავიწყება და უპატივცემულობა ეროვნული ცნობიერების კვდომის მკაფიოდ გამოხატული ნიშანია, მით უმეტეს, როცა ამას პერმანენტული ხასიათი გააჩნია. ესაა სენი, რომელიც მსახვრალი ხელით ანგრევს სახელმწიფოსა და საზოგადოების იმუნურ სისტემას და რომელიც განათლების უკუღმართად მოწყობილი სისტემიდან იკვებება. იმედი მაქვს, ჯერ კიდევ არაა გვიან. ამ ჭირსაც შეიძლება მოევლოს, ოღონდ ამისთვის საჭიროა ორი რამ, ნება და საკუთარ ფესვებთან მიბრუნების დაუცხრომელი ჟინი. თანაც ერთად, ერთდროულად, პარალელურ რეჟიმში. ცალკე ორივე მათგანი განწირულია წარუმატებლობისა და სრული ეროვნული ამნეზიისათვის. სანამ მიხეილ საბინინის დამსახურებაზე ვისაუბრებთ, მინდა, მხოლოდ ერთი, საწყისი წინადადება შემოგთავაზოთ 1899 წელს სანქტ-პეტერბურგში გამოცემული ეფრონისა და ბროკჰაუზის ცნობილი ენციკლოპედიური ლექსიკონიდან (ტომი 28-ე, გვ. 14) “საბინინ (მიხაილ პავლოვიჩ, გებრონ) - ისტორიკ გრუზინსკოი ცერკვი, პო პროისხოჟდენიუ გრუზინ”... დიახ, სიტყვა სიტყვით ასე წერია -“პო პროისხოჟდენიუ გრუზინ”... ვისთვისაც ზედმეტია, ბოდიშს მოვიხდი, მაგრამ ვინც არ იცის, შევახსენებ, რომ აღნიშნული გამოცემა იმ დროისათვის წარმოადგენდა მსოფლიოში ყველაზე ავტორიტეტულ ენციკლოპედიურ ლექსიკონს. მასში ცალკე სტატიის დათმობა თავისთავად მეტყველებს პიროვნების მასშტაბზე. ლექსიკონის შემდგენლები იყვნენ ლაიფციგელი ენციკლოპედისტი ფ. ბროკჰაუზი და პეტერბურგელი ი. ეფრონი. ისინი, საგანგებოდ, გამოწვლილვით არჩევდნენ პერსონალიას და მონაცემებს მათ შესახებ, ხოლო თუ პიროვნება ცოცხალი იყო, უშუალოდ მას სთხოვდნენ ავტობიოგრაფიული მონაცემების მიწოდებას. თუ გავითვალისწინებთ, რომ ხსენებული ენციკლოპედიის გამოცემის დროს (1899 წელი) მიხეილ საბინინი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, დამეთანხმებით, რა განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს ეროვნული კუთვნილების ასე ხაზგასმით მითითება. არადა, ხატი, რჯული- არ იყო ქართველი. რუსი იყო. უფრო სწორად, გვარით და წარმოშობით არ იყო, თორემ აღზრდით, განათლებით, მსოფლმხედველობით, მამულიშვილობითა და ნაკეთები საქმეებით საბინინის მსგავს რუსს დაენაცვლოს მთელი ჯიშგაყიდული და წინაპართა მიერ გათხრილი ჭის წამბილწველი ქართველობა. + + + მოკლე ბიოგრაფიული ცნობები: მიხეილის მამა, პავლე საბინინი მღვდელი იყო ტვერის ეპარქიიდან. არ ვიცი, სასულიერო უწყების გადაწვეტილებით თუ პირადი ინიციატივით, იგი საქართველოში გადმოსახლდა და ქართველ ქალზე, გვარად, სავარაუდოდ, მირზაშვილზე, დაქორწინდა. 1845 წელს ცოლ-ქმარს ვაჟი შეეძინა, რომელსაც სახელად მიხეილი დაარქვეს და ვისაც განგებამ ხვედრად არგუნა სიზიფესებური სიჯიუტით ეღვაწა ქართველი ხალხის, ქართული ეკლესიის საკეთილდღეოდ. ეღვაწა, იმის მიუხედავად, რომ, უმეტეს შემთხვევაში მხოლოდ ლანძღვა-გინებასა და პანღურებს იღებდა მუქაფად. საქართველოს ეკლესიის ისტორია, მისი წმინდანები და სასულიერო ძეგლები, იკონოგრაფია-აი, საბინინის ინტერესებისა და მომავალი საქმიანობის სფერო, რომლისადმი დაუოკებელი ლტოლვა მას, ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდას, თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში სწავლის დროს ჩაესახა. ყმაწვილი მიხეილი მონდომებით შეუდგა ეკლესია-მონასტრებში დაცული ძველი ხელნაწერების შესწავლას, აგროვებდა თქმულებებსა და გადმოცემებს, ეცნობოდა იმ დროსათვის ჯერ კიდევ უაღრესად მწირ სამეცნიერო ლიტერატურას, განსაკუთრებით- პლატონ იოსელიანის ნაშრომებს. გიმნაზიის დასრულების შემდეგ საბინინმა სწავლა პეტერბურგის სასულიერო აკადემიაში განაგრძო, რომელიც ღვისმეტყველის კანდიდატის ხარისხით დაასრულა 1875 წელს. სადიპლომოდ მან წარადგინა სამეცნიერო ნაშრომი ”საქართველოს ეკლესიის ისტორია VI საუკუნის ბოლომდე”, რომელმაც საგამოცდო კომისიის მაღალი შეფასება დაიმსახურა. იმ დროისათვის 30 წლის ახალგაზრდა მკვლევარი გახლდათ, რომელსაც უკვე სერიოზული ავტორიტეტი ჰქონდა მოხვეჭილი როგორც სასულიერო, ისე აკადემიურ წრეებში. ეს ავტორიტეტი მას მოუპოვა 1871 წელს, 26 წლის ასაკში შექმნილმა სამნაწილიანმა ნაშრომმა ”სრული აღწერა საქართველოს ეკლესიის წმინდანთა ცხოვრებისა VI საუკუნის ბოლომდე”. როგორც პირველი, ისე მეორე გამოკვლევა ქართულ პირველწყაროებს ეყრდნობოდა, რაც ხაზგასმითაა აღნიშნული ეფრონისა და ბროკჰაუზის ენციკლოპედიაში. პეტერბურგში სწავლის პერიოდში საბინინი დაუახლოვდა რუსეთში გადასახლებული სამეფო ოჯახის შთამომავლებს. მას განსაკუთრებით მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფის გიორგი XIII შვილიშვილ იოანე გრუზინსკისთან, აგრეთვე- მარი ბროსესთან და დავით ჩუბინაშვილთან, რომელთაც ხშირად მიმართავდა სამეცნიერო კონსულტაციების მისაღებად. პარალელურად, ახალგაზრდა მკვლევარი ინტენსიურად სწავლობდა პეტერბურგის ქართული არისტოკრატიის ოჯახებში დაცულ ხელნაწერებს, რომელთა მფლობელებს ხშირად მინიმალური წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ მათი სამეცნიერო მნიშვნელობის შესახებ. პეტერბურგში ყოფნის პერიოდში მიხეილ საბინინი ბერად აღიკვეცა და მეორე სახელად გობრონი აირჩია. ეს იყო სიმბოლური აქტი, შეიძლება ითქვას, ერთგვარი მისტიკური წინასწარმეტყველება. ქართული სიძველეების შესანიშნავმა მცოდნემ კარგად იცოდა X საუკუნის ავტორის სტეფანე მტბევარის აგიოგრაფიული თხზულება ”წამებაჲ გობრონისი”, რომელშიც აღწერილია 914 წელს არაბი სარდლის აბულ ყასიმის ლაშქრობის დროს მოწამეობრივად აღსრულებული ყველისციხის გმირი დამცველის მიქელ-გობრონის მარტვილობის ისტორია. მკვლევარმა, თითქოს, წინასწარ განჭვრიტა თავისი მომავალი ცხოვრება, რომლის მანძილზეც უამრავი განსაცდელის გადალახვა მოუხდა დასახული მიზნისკენ მიმავალ გზაზე. მას ბევრჯერ დასწამეს ცილი, ესროლეს ლაფი, ატკინეს გული და ბოლოს იქამდე მიიყვანეს, სამშობლოდან გადახვეწილმა უცხოეთში, მარტოობასა და გაჭირვებაში დალია სული. + + + მიხეილ საბინინის, საქართველოს ეკლესიის ისტორიისა და სასულიერო ლიტერატურის მკვლევარის შემოქმედების მწვერვალია რუსეთის სატახტო ქალაქში ქართულ ენაზე დაბეჭდილი კაპიტალური წიგნი, რომლის სრული სახელწოდებაა ”საქართველოს სამოთხე, სრული აღწერა ღვაწლთა და ვნებათა საქართველოს წმიდათა, შეკრებილი ხრონოლოგიურად და გამოცემული პეტერბურგის სასულიერო აკადემიის კანდიდატის ივერიელის გობრონ (მიხაილ) პავლის ძის საბინინის მიერ, პეტერბურღს, ჩყპბ (1882) წელსა”. მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, ამგვარი კრებულის დაბეჭდვას უაღრესად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა როგორც სამეცნიერო, ისე პრაქტიკული თვალსაზრისით. წინასიტყვაობაში აღნიშნულია, რომ ”არა სადა იპოების ასრე ვრცელი და შეკაზმული მშვენიერითა მხატვრობებითა, ვითარ წიგნი ესე... რომელნიც... დარჩომილნი ბატონიშვილთაგან,- რომელნიმე მათგანი მერვე, მეცხრე, მეათე და ჩამომავალთა საუკუნეთა არიან. აგრეთვე პარიჟის სამეფო საწიგნობელისგან- მოსკოვის დავით ბატონიშვილისა და რუმიანცევის საწიგნობელთა ხელნაწერთა წიგნთაგან...” მკვლევარმა ქრონოლოგიური რიგით დაალაგა და გამოაქვეყნა ქართული მწერლობის ხელიხელ საგოგმანები ძეგლები, რათა მკითხველს შესაძლებლობა ჰქონოდა მთლიანობაში აღექვა სასულიერო ლიტერატურის განვითარების უწყვეტი სურათი, ”ამისთვის ვითარმედ ჩუენი ეკლესია წილხვდომილია ყოვლად უბიწოჲსა ქალწულისა დედოფლისა მარიამისა, მოთხრობა ანდრია მოციქულისა, რამეთუ მან სანატრელმან, პირუელად იქადაგა სიტყვა ღუთისა ქუეყანასა ჩუენსა, მოთხრობა წმ. გიორგისა, რამეთუ დიდი გიორგი ახლო ნათესავი იყო წმ. ნინოსი”... ვისაც უნახავს 130 წლის წინ დაბეჭდილი ეს დიდფორმატიანი (650 გვერდი) , მაღალ პოლიგრაფიულ დონეზე გამოცემული და შესანიშნავად ილუსტრირებული წიგნი, შეუძლია წარმოიდგინოს, რა ტიტანური შრომა დასჭირდებოდა ავტორს განაზრახის სისრულეში მოსაყვანად. საბინინი განსაკუთრებით დიდ სირთულეს წააწყდა გრავიურა-ილუსტრაციების მომზადების დროა. დღეს, ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში, ეს არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ XIX საუკუნის 80-იან წლებში არსებული პოლიგრაფიის დონე, ცხადია, არ იძლეოდა გამურული კედლებიდან გამოსახულებათა სრულყოფილად გადმოღების შესაძლებლობას. ”მხატვრობები- წერდა საბინინი,- ზოგიერთი გადმოვიღე წმ. სუეტის ცხოვლის კედლებიდგან, ზოგი მიბოძა კნიაზმან გრიგორი გრიგორის ძემან გაგარინმან- და ზოგიერთი ბატონიშვილის ხელნაწერთაგან”. გამოსახულებათა დაბალი ხარისხის გამო (მექანიკური დაზიანებანი, ფერის გახუნება და ა.შ.) მკვლევარმა მიმართა სამხატვრო აკადემიის აღიარებულ სპეციალისტებს, რომლებმაც სათანადოდ დაამუშავეს და სრულქმნეს ხატწერის ნიმუშები. ილუსტრაციებისათვის საჭირო კლიშეები საბინინმა სპეციალურად დაამზადებინა გერმანიაში. ცხადია, ყოველივე ეს დიდ დროსთან და მატერიალურ დანახარჯებთან იყო დაკავშირებული. ”დიდი ჭირი და იწროება ვნახე მე ამ წიგნის შედგენასა შინა და უმეტეს დაბეჭვდასა, ვერ აღურიცხამ ყოველთა, ვითარ კაცი შევძრწუნდი და ლამის სასოწარკვეთილებას არ მივეცი თავი ჩემი- არა ვინ მყუანდა... შემწედ და გულ დამწველ”- აღნიშნავდა იგი. თუმცა, სიძნელეებმა ვერ შეაკრთო საქართველოზე ფანატიკურად შეყვარებული სწავლული. მას კარგად ჰქონდა გაცნობიერებული თავისი შრომის მნიშვნელობა ქართული ეკლესიის და, ზოგადად, კულტურისთვის - ”რათა არ წაირყუნას წმ. ენა ჩუენი და წმ. მამათა მოხსენებული და აღჭურვილი სულიერთა გონებათა და ტრფიალებათა, რათა არ დაგვკარგვოდა საქართველოს წმიდათა ცხოვრება”... ვიმეორებ - ეს სიტყვები ტვერელი მღვდლის შთამომავალ მიხეილ საბინინს ეკუთვნის. შემდგენელმა ”საქართველოს სამოთხეში” შეიტანა ქართული სასულიერო ლიტერატურის ისეთი პირველხარისხოვანი მნიშვნელობის ძეგლები, როგორებიცაა: მოთხრობა მიძინებისა ყ-დ წმიდისა ღუთისმშობლისა, ანდრია მოციქულის ქადაგება, წამება წმ. მთავარმოწამისა გიორგისი, ცხოვრება წმ. ნინოსი, ცხოვრება იოანე ზედაზნელისა, ცხოვრება და წამება წმ. მოწამისა კონსტანტინე მთავრისა, ცხოვრება ღირსი მამისა ილარიონ ქართველისა, ანდერძი გიორგი მთაწმინდელისა, ცხოვრება წმ. დიდებულისა მეფისა დავით III აღმაშენებლისა (მაშინდელი საისტორიო ტრადიციით აღმაშენებელი მესამე მეფედ ითვლებოდა დავითობით სახელდებულ ბაგრატოვან გვირგვინოსანთა შორის. იერ.), ანდერძი წმ. მეფისა დავითისა და გალობა სინანულისა მისივე, სიტყვისგება ბერისა ეფთვიმე გრძელისა, სოსთენისა მიმართ სომეხთ მოძღურისა და ა.შ. მათი რაოდენობა ხუთ ათეულ თხზულებას აღწევდა. + + + ახლა წინამდებარე ბლოგტექსტის ყველაზე უსიამოვნო და ჩემთვის, როგორც ავტორისთვის, მძიმედ დასაწერ ნაწილზე უნდა გადავიდე. მძიმედ დასაწერზე იმიტომ, რომ უნდა ვისაუბრო, რა გულგრილობა-უმადურობით შეხვდა ქართული საზოგადოებისა და საეკლესიო წრეების ერთი ნაწილი საბინინის უანგარო, მუხლჩაუხრელ შრომას. მეცნიერი ხელმოკლედ ცხოვრობდა და მუდმივ ფინანსურ პრობლემებს განიცდიდა. მის მიერ წამოწყებული გრანდიოზული საქმის ბოლომდე მიყვანას კი სერიოზული სახსრები სჭირდებოდა. ბუნებრივია, მას ჰქონდა კანონზომიერი მოლოდინი, რომ შეძლებული ქართველები მხარში დაუდგებოდნენ და ხელს გაუმართავდნენ ტექნიკური პრობლემების მოგვარების საქმეში. სამწუხაროდ, მოხდა სრულიად საპირისპირო რამ, რამაც გააოგნა და სასოწარკვეთამდე მიიყვანა საბინინი. მას იმდენად ატკინა გული საზოგადოების მხრივ გამოჩენილმა გულგრილობამ, არც უცდია ამის დაფარვა. ზემოთ მცირე ციტატა დავიმოწმე ”საქართველოს სამოთხის” წინასიტყვაობიდან, ოღონდ არასრული სახით. მრავალწერტილის ადგილზე შეგნებულად გამოვტოვე ერთი პასაჟი. ახლა კი, მინდა, სრული სრული სახით მოვახდინო აღნიშნული მონაკვეთის ციტირება, რათა მკითხველმა შეძლოს იმის წარმოდგენა, რა პირობებში უხდებოდა საბინინს ნაშრომზე მუშაობა: ”დიდი ჭირი და იწროება ვნახე მე ამ წიგნის შედგენასა შინა და უმეტეს დაბეჭვდასა შინა, ვერ აღურიცხამ ყოველთა, ვითარ კაცი შევძრწუნდი და ლამის სასოწარკვეთილებას არ მივეცი თავი ჩემი- არა ვინ მყუანდა ქ ა რ თ უ ე ლ თ ა გ ა ნ შემწედ და გულის დამწველ, ა რ ა მ ე დ მ რ ა ვ ა ლ ნ ი მ ტ რ ა დ დ ა მ ო მ ი ძ უ ლ ე ს ც უ დ ა დ”. ეს სიტყვები ”საქართველოს სამოთხის” წინასიტყვაობიდანაა ამოწერილი. მეცნიერის გულისტკივილის კიდევ ერთი ნათელი დასტურია მისი წერილი ცნობილი გამომცემლის ზაქარია ჭიჭინაძის მიმართ, რომელშიც აღნიშნულია: ”სრულად არ მეგონა, რომ მე ამ უბედურებას შევემთხვეოდი, თორემ სამსახურში შევიდოდი და გარდა ჩემი თავისა არა მეცოდინებოდა რა. ქუა ქუაზედაც ნუ იქნებოდა. გ ა ნ ა ჩ ე მ ზ ე დ მ ე ტ ი ქ ა რ თ უ ე ლ ე ბ ი ა რ ა ვ ი ნ ა რ ი ა ნ - რ ა ტ ო მ ი ს ი ნ ი ა რ ფ ი ქ რ ო ბ ე ნ თ ა ვ ი ა ნ თ ს ა მ შ ო ბ ლ ო ს თ ვ ი ს?” მეშურნეობის ნიადაგზე ზოგიერთების დამოკიდებულება იქამდეც კი მივიდა, რომ ხელისუფლების მიერ საქართველოდან გაძევებულ საბინინს ფიზიკური ანგარიშსწორებითაც ემუქრებოდნენ. შევიტყვე, ჩემს მტრებს უთქვამთ, ”თუ საბინინი აქ ჩამოვა, უთუოდ მოვკლამთო. თუ მომკლამენ, დიდ რამეს არ წაიღებენ? მე კი სასუფევლის მეკერძეს გამხდიან” წერდა ექსორიაში მყოფი და სამშობლოზე დაბრუნებაზე მეოცნებე მეცნიერი ზაქარია ჭიჭინაძეს. ის ინცინდენტი, რომლის თაობაზეც წინამდებარე ბლოგტექსტის დასაწყისში მოგახსენეთ, ასეთი დამოკიდებულების კიდევ ერთი, ნათელი დასტურია. საბინინს იმედი ჰქონდა, რომ მისი ნაშრომი დიდ პრაქტიკულ სარგებელს მოუტანდა საეკლესიო პირთ, მაგრამ შეცდა. სასულიერო უწყება ცივად შეხვდა აღნიშნულ გამოცემას. ცენზორმა მ. ხელიძემ უარყოფითი შეფასება მისცა ნაშრომს და დაასკვნა, რომ ”კნიგა ეტა ნე მოჟეტ ბიტ რეკომენდოვანა დლია პრიობრეტენია დუხოვენსტვომ გრუზინსკოგო ეკზარხატა, ვ ნასტოიაშჩემ ეიო ვიდე”. მიზეზს არ იკითხავთ? თურმე, ნუ იტყვით და ”პოდსტროჩნიე ზამეჩანია ვ კნიგე პოჩტი ნა კაჟდომ შაგუ სოდერჟატ სლოვა ი ვირაჟენია რეზკიე ი ოსკორბიტელნიე დლია ნინეშნიხ გრუზინ ი არმიან”. ცენზორს მხედველობაში ჰქონდა საბინინის არაერთგზისი მითითება ძველი ეკლესია-მონასტრების უნუგეშო მდგომარეობის შესახებ,რომლებიც, უყურადღებოდ მიტოვებული, ლამის ”ვირების ქართად” იყო გადაქცეული. სასულიერო უწყების ოფიციალური წარმომადგენლის ამგვარი შეფასების შემდეგ, რა გასაკვირია, რომ კონფორმისტულმა სამღვდელოებამ ბოიკოტი გამოუცხადა საბინინის ნაშრომს. დიმიტრი ჯანაშვილი გაზეთ ”დროებაში” გამოქვეყნებულ რეცენზიაში გაოგნებული შენიშნავდა, არცერთ ქართველ მღვდელს დღემდე ”საქართველოს სამოთხე” არ გამოუწერიაო. ამის მიზეზად მას სასულიეერო პირთა გაუნათლებლობა და გულგრილობა მიაჩნდა. ”ახლანდელ სამღვდელოებას, დაუდევრობის გამო, აღარა აქვს ისეთი სასოება, ღვთისმოყვარეობა და გულითადი სურვილი გაავრცელოს ხალხში წმიდათა მამათა ცხოვრებიდან მაგალითები სათნო ცხოვრებისა... ის იქამდე გულგრილია თავის მოვალეობაზე, რომ იშვიათად იპოვით მღვდელს, რომელმაც იცოდეს ზედმიწევნით წმ. ნინოს ცხოვრება მაინც” - აღნიშნავდა დიმიტი ჯანაშვილი, რომელმაც ”საქართველოს სამოთხე” მნიშვნელობით ”ქართლის ცხოვრებას” გაუტოლა. საბედნიეროდ, იყვნენ ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანები, ვისაც ესმოდა საბინინის ნაშრომის მნიშვნელობა ქართველი ერისათვის. ისინი აღშფოთებით შეხვდნენ მეცნიერის ღვაწლის თითიდან გამოწოვილი არგუმენტებით გაუბრალოების მცდელობას. მაგალითად, 1882 წლის პირველ დეკემბერს გაზეთ ”შრომაში” გამოქვეყნებულ ფელეტონში ავტორმა ”მგზავრი კაცი”-ს ფსევდონიმით მკაცრად გააკრიტიკა მ. ხელიძე და დაიცვა საბინინი- ”არც ერთი ქართველი უღირს შეურაცხებად არ მიიღებს, არამედ პირიქით აღიარებს, რომ იმგვარი სიწმინდენი, როგორც დავით აღმაშენებლის სამარხია, დღეს ოთხფეხთა ქართადაა შექმნილი და ამ ქართის კარებად დარუბანდის კარებია, რომელნიც ჩვენი მკლავძალის ნაშთად უნდა ითვლებოდეს”-ო. სამღვდელოების უსულგულო დამოკიდებულება სასტიკად გაამათრახა აკაკი წერეთელმა ლექსში ”ფარისეველი”. საინტერესოა, რომ ეს თხზულება 1862 წელს დაიწერა და მაშინ მას არ ჰყავდა მიძღვნის კონკრეტული ადრესატი. მოგვიანებით, 1886 წელს გადაწერილ ავტოგრაფზე უკვე აღნიშნულია, რომ იგი ეძღვნება მიხეილ საბინინს. ამით პოეტმა ცხადად გამოხატა მხარდაჭერა უსამართლოდ გარიყული სწავლულის მიმართ. მიხეილ საბინინის დამსახურებას ქართული ეკლესიის წინაშე მაღალ შეფასებას აძლევდა მომავალი კათოლიკოს-პატრიარქი და ტრაგიკულად აღსრულებული მამულიშვილი, იმ დროისათვის ეპისკოპოსი კირიონ საძაგლიშვილი. + + + XIX საუკუნეში ”რუსთავი 2” არ არსებობდა, არც ”იმედი” , რეალ. TV და საზოგადოებრივი მაუწყებელი, მაგრამ ხმის გავრცელების მანქანა შედარებით პრიმიტიულ პირობებშიც აკეთებდა შავ საქმეს. საბინინი არაერთგზის გახდა ბინძური ინსინუაციების მსხვერპლი. ჯერ იყო და არაკეთილმოსურნეებმა ხმა დაარხიეს, საბინინმა ძველი ხელნაწერები გადაწერისას შერყვნა და დამახინჯებული სახით დაბეჭდაო, მაგრამ დიმიტრი ჯანაშვილმა დამაჯერებლად გააბათილა ამ მტკიცების უსაფუძვლობა. რაკი მეცნიერული თვალსაზრისით კომპრომეტირება ვერ მოხერხდა, მტრებმა უფრო მძიმე ბრალდება ააფრიალეს. მთელ საქართველოში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საბინინმა პეტერბურგში სწავლის პერიოდში, ისარგებლა რა ბატონიშვილების ნდობითა და გულუბრყვილობით, უნიკალური ხელნაწერები მიითვისა და მამასისხლად გაყიდა კერძო კოლექციონერებზე. ეს იყო ბოროტი ცილისწამება, ან, სულ მცირე, სრული არაინფორმირებულობა. რეალურად- პირიქით იყო. საბინინის ცხოვრებიდან უამრავი მაგალითია ცნობილი მის მიერ საქართველოს ისტორიის დოკუმენტური მასალების მოპოვებისა და გადარჩენის შესახებ. ამის თაობაზე ”ივერია” წერდა კიდეც 1888 წლის 22 სექტემბერს. გაზეთის ცნობით, მას ვიღაც მეწვრილმანისგან შეუძენია ძველი გუჯრები, სამეფო განჩინებანი, საეკლესიო გადაწყვეტილებანი, დოკუმენტები საქართველოში კათოლიკობის გავრცელების, ანტონ კათოლიკოსისა და ზაქარია გაბაშვილის საქმიანობის შესახებ. საინტერესოა, რომ ეს დოკუმენტები თავის დროზე პლატონ იოსელიანს ჰქონია, მაგრამ მისი სიკვდილის შემდეგ, გაურკვეველ ვითარებაში ზემოთ ხსენებულ მეწვრილმანეს ჩავარდნია ხელში. რიგით ავყიებზე რომ არაფერი ვთქვათ, გაოცებას იწვევს ცნობილი სასულიერო მოღვაწის, გაზეთ ”მწყემსის” გამომცემლის, დეკანოზ დავით ღამბაშიძის აშკარად არაკეთილმოსურნე, (უფრო- მტრულიც კი) დამოკიდებულება საბინინის მიმართ. ამ პერიოდულ გამოცემაში დაიბეჭდა რამდენიმე ინფორმაცია, საიდანაც ჩანს, რომ რედაქტორ-გამომცემელს სრულიად უსაფუძვლოდ შეჰქონდა ეჭვი საბინინის პატიოსნებასა და საქველმოქმედო საქმიანობის უანგარობაში. მაგალითად, როდესაც ამ უკანასკნელმა ლამის მთელ რუსეთში ჩამოიმათხოვრა და შეაგროვა სოლიდური შემოწირულობა ბოდბის მონასტრის აღსადგენად, ”მწყემსის” პუბლიცისტმა დაუფარავი სკეპსისი გამოამჟღავნა და ორაზროვნად შენიშნა - ”ღმერთმა ჰქნას, რომ ეს შეწირულებანი მოხმარებული იყოს დანიშნულებისამებრ”-ო. მიხეილ საბინინმა დიდი წვლილი შეიტანა ბოდბის ტაძრის განახლებისა და იქ დედათა მონასტრის დაარსების საქმეში. მან ჯერ სათანადო ნებართვა გამოითხოვა წმინდა სინოდიდან, მერე შემოწირულობაც შეაგროვა და თვითონვე ითავა საორგანიზაციო საკითხების მოგვარება. მისივე ინიციატივით შეგროვდა ბოდბის კუთვნილი, სხვა ტაძრებში გაბნეული საეკლესიო ინვენტარი და ძვირფასი ნივთები. საბინინმა გაითვალისწინა, რომ ამგვარი წამოწყება მოშურნეთ შეიძლება კიდევ ავი მიზნით გამოეყენებინათ, ამიტომ შეგროვილი ინვენტარი სიონის წინ გამოფინა, წესისამებრ აკურთხებინა და ისევ ძველ მფლობელს დაუბრუნა. განახლდა ტაძრის სამრეკლოს გუმბათი და კვლავ დაიკიდა ცხრამეტფუთიანი ზარი. მოწესრიგდა წმინდა ნინოს საფლავი და გასუფთავდა პირუტყვის საბალახოდ ქცეული ეზო. საბინინის სახელს უკავშირდება ბოდბის მონასტერთან სახელსაქმო სკოლის გახსნა ადგილობრივ მკვიდრთა შვილებისთვის. განსაკუთრებით აღსანიშნავია საბინინის დამსახურება გარეჯის მონასტრის მოვლა-მოწესრიგებაში. მან, მის მიერვე მოკრებილი შემოწირულობით, რუსეთში შეიძინა უამრავი საეკლესიო ნივთი, მათ შორის ამერიკული ნიგვზის ხისგან დამზადებული, მოოქროულ-მომინანქრებული კანკელი, დავით გარეჯელის საფლავის შესამოსელი, ჯვრები, ბარძიმ-ფეშხუმები და ა.შ. მანვე მონასტერში გადაასვენა უყურადღებობოდ მიტოვებული წმინდა დოდოს ნეშტი. რამდენადაც გასაოცარი უნდა იყოს, ამ ნაბიჯსაც გამოუჩნდნენ მოწინააღმდეგენი და ვინმე ივანე ბერძენოვმა პრესაში გააკრიტიკა საბინინი, რასაც მწვავე რეაქცია მოჰყვა ამ უკანასკნელის მხრივ. სწავლულმა არგუმენტირებულად დაასაბუთა წმინდა დოდოს ძვლების გადასვენების მართებულობა. ”მაშ ისიც უნდა დაკარგულიყო , როგორც დაიკარგნენ საფლავნი წმიდათა გარეჰსჯისათა ლუკიანესი, პავლესი, თეოდოსესი, არსენისა, იოანესი, შიო-ახლისა და სხვათა”- წერდა ”დროებაში” საბინინი. მან ბერძენოვს ძველი ცოდვებიც გაუხსენა, კერძოდ, ის ფაქტი, რომ ამ უკანასკნელმა გარეჯიდან წამოიღო წიგნის- ”ჯვარშემოსილი”- ერთადერთი ეგზემპლარი, ”ვითარცა მპარავმა... სხვათა წიგნთა თანა” და იარმუკებში გაყიდა ისინი. ”განა თვითონ წინამძღვრები არ ცდილობენ მონასტრების მოსპობასა?.. ვინ გააუქმა წმ. შიოს ლავრა? ვინ გააუქმა წმ. სტეფანე ხირსელის მონასტერი? და ჰსპობს ქვათახევის მონასტერს?”- ეს სიტყვები ნამდვილი ბრალდებაა არა მხოლოდ ცილისმწამებელი ბერძენოვის, იმდროინდელი ქართული საზოგადოების დიდი ნაწილის მიმართაც, რომელიც გულგრილად ეპყრობოდა წინაპართაგან დატოვებულ საუნჯეს და არ ზრუნავდა მათ შესანარჩუნებლად მომავალი თაობებისათვის. + + + სიმართლის მთქმელი და მძებნელი მუდამ გვემული და ვნებულია, განსაკუთრებით მაშინ, თუ მას ქედის მოხრა არ სჩვევია და მზადაა, ყველას გასცეს ღირსეული პასუხი. საბინინი სწორედ ასეთი ადამიანი იყო. იგი არასოდეს იხევდა უკან მაღალი თანამდებობის პირების წინაშე და რადიკალური ფორმით გამოხატავდა პროტესტს. ამიტომ, შემთხვევითი როდია, რომ მას ერთნაირი გულმოდგინებით ებრძოდა და ლანძღავდა ყველა, უბრალოდ მოშურნენი, კონფორმისტი ქართველი სამღვდელოება და შოვინისტური პოლიტიკის გამტარებელი რუსი ეგზარქოსები. ”რუსები მქენჯნიან, რომ მათი- ქართველების მხარე გიჭირავსო და ქართუელები, ვითა რუსების აგენტი არისო. არ ვიცი ვის რა ვუყავი... ორივე პირთა ფრიად შემაწუხეს”- წერდა სასოწარკვეთილი საბინინი თავის გულითად მეგობარს ზაქარია ჭიჭინაძეს. საქართველოსა და ქართველობის გულმხურვალე დამცველი საბინინი კავკასიის რუსული ადმინისტრაციის (როგორც სამოქალაქო, ასევე სასულიერო) გაღიზიანებას იწვევდა. იგი არაკეთილსაიმედო პერსონად იყო მიჩნეული, ამიტომ ყოველნაირად დევნიდნენ და ავიწროებდნენ. თავისი ხანმოკლე სიცოცხლის მანძილზე მკვლევარი ორჯერ ადმინისტრაციული წესით გააძევეს საქართველოდან და, როგორც ზემოთ აღვნიშნე, მშობლიურ მიწაშიც არ ეღირსა დაკრძალვა. რუსი ჩინოვნიკები არა მხოლოდ ადგილზე ზღუდავდნენ საბინინის საქმიანობას, ცდილობდნენ მისთვის სახელი გაეტეხათ საიმპერიო ცენტრშიც, რადგან ეს უკანასკნელი ხშირად წერილობით მიმართავდა ხოლმე ხელისუფლების მაღალ მოხელეებს (იმპერატორის ჩათვლით) და ითხოვდა შემწეობას წამოწყებული საქმის ბოლომდე მისაყვანად. ამ მხრივ, ფრიად დამახასიათებელი დოკუმენტია პროფ. როინ მეტრეველის მიერ გამოქვეყნებული, რუსეთის ცენტრალურ საისტორიო არქივში დაცული წერილი, რომლის ავტორია საქართველოს ეგზარქოსი, ქართლისა და კახეთის არქიეპისკოპოსი ფლავიანი (ადრესატი - მისი იმპერატორობითი უდიდებულესობის კანცელარიის საქმეთა მმართველი). რადგან დოკუმენტი ფრიად ვრცელია და მისი მთლიანად თარგმნა ძალიან გაზრდის ბლოგტექსტის მოცულობას, ამიტომ მხოლოდ ცალკეულ მონაკვეთებს შემოგთავაზებთ კომენტარის გარეშე: ”მიხალ საბინინ... ნე იმელ ი ნე იმეეტ ვოზმოჟნოსტი პრინესტი კაკუიუ-ნიბუდ პოლზუ გრუზინსკოი ცერკვი”... ”საბინინ ნავსეგდა ლიშილ პოსლედნიე (საუბარია ძველ სიგელ-გუჯრებზე. იერ.) ეტოგო დოსტოიანია, ტაკ კაკ ონ ნე ოსტანოვლივალსია ნი პერედ ჩემ... დლია ზახვატა ი პრისვოენია იხ. მნოგო დოროგიხ მანუსკრიპტოვ ი გუდჟაროვ ისჩეზლი ნავსეგდა დლია გრუზინსკოი ცერკვი, მნოგიე დოროგიე ისტორიჩესკიე დუკუმენტი პერევეზენი საბინინიმ ვ ს.-პეტერბურგ ი პროდანი იმ ზა ბოლშუიუ ცენუ ვ ჩასტნიე რუკი. საბინინ, ვიმანივაია უ ვსეხ დოროგიე რუკოპისი ი ისტორიჩესკიე დოკუმენტი... იმელ ვ ვიდუ ისკლიუჩიტელნო სვოიუ ლიჩნუიუ პოლზუ”... ”საბინინ...რასტოჩალ ს სვოისტვენნოიუ ემუ სტრასტნოსტიუ ი უვლეჩენიემ სამუიუ ოტბორნუიუ ბრან ი რუგან პო ადრესუ ეკზარხოვ, ეპისკოპოვ ი დრუგიხ დუხოვნიხ ლიც გრუზიი. ტაკუიუ ბრან ი სსორუ ონ ვიოლ ს პოკოინიმი ეკზარხამი გრუზიი ევსევიემ ი პავლომ ი რავნო სო ვსემი, ზდრავსტვუიუშჩიმი ნინე მიტროპოლიტამი როსსიი იოანნიკიემ, პალლადიემ ი ვლადიმირომ. ნე პროშლო გოდა, კაკ ონ რუგალ ი პონოსილ სამიმი უნიზიტელნიმი, ოსკორბიტელნიმი ი ვოზმუტიტელნიმი სლოვამი ბივშეგო ეკზარხა გრუზიი, ნინე მიტროპოლიტა ვლადიმირა”... ”ნასტოიატელნიცა ბოდბიისკოგო სვ. ნინი მონასტირია იგუმენია იუვენალია დვუმია რაპორტამი... ობრატილას კ პრედმესტნიკუ მოემუ ეკზარხუ გრუზიი ვლადიმირუ ო პოკროვიტელსტვე ი ზაშიტე პროტივ საბინინა, კოტორიი ნანიოს ეი ოსკორბლენიე ზაოჩნო პრი სესტრახ ვვერენნოი ეი ობიტელი... ტაკ, ნაპრიმერ, ოსენიუ 1896 გოდა სტავ ნა ლესტნიცე დომოვოი ეკზარშესკოი ცერკვი ი პროპუსტივ მიმო სებია ჩეტირიოხ პოსლუშნიც, საბინინ, კაჟდოი იზ ნიხ პლიუნულ ვ ლიცო ს ბრანიუ, ა ოკოლო ტოგო ჟე ვრემენი ოდნუ იზ პოსლუშნიც, ბლიზ სიონსკოგო სობორა, ონ ტაკ სილნო ტოლკნულ, ჩტო ონა ედვა უდერჟალას ნა ნოგახ”... ”საბინინ ეშჩო ვ 1890 გოდუ ბილ ვისლან იზ ზაკავკაზსკოგო კრაია ვო ვნუტრენნიე გუბერნიი როსსიი ადმინისტრატივნიმ პორიადკომ ი პოიავივშის ვნოვ ვ ტიფლისე... ბივშიი ეკზარხ გრუზიი... პროსილ გოსპოდინა გლავნონაჩალსტვუიუშჩეგო გრაჟდანსკოიუ ჩასტიუ ნა კავკაზე სდელატ რასპორიაჟენიე ო ვისელენიი ვნოვ იზ პრედელოვ ეკზარხატა”... + + + კაცი, რომელსაც ხმები გაუვრცელეს, რომ ძველი მანუსკრიპტების სპეკულაციით დიდძალი ქონება დააგროვა, სინამდვილეში უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობდა და სამშობლოდან გაძევებულს იმის შესაძლებლობაც არ ჰქონდა, ლუკმაპურის ფული გაეგზავნა საქართველოში დარჩენილი მოხუცი დედისათვის. ”ძმაო, ზაქარიავ!.. მე დედისაგან საშინელი გოდების წიგნი მივიღე. ფრიად გაჭირვებული არის. მეც ახლა მეჭირება. არ ვიცი, რა ვქნა. ერთი-ორი წიგნი გაუყიდე (საუბარია ”საქართველოს სამოთხე”-ს ეკზემპლარებზე, რომლის ტირაჟის უმეტესი ნაწილი გაძევების შემდეგ საბინინმა საქართველოში დატოვა.იერ.) და ფული ჩააბარე... ხელი გამიმართე მამაშვილობას. ძმაო ზაქარია, თუ გინდა პორტრეტის ფული ჩააბარე დედას და მომწერე. მე აქ გავაკეთებ და გამოგიგზავნი, რომელიც დაგჭირდება” - წერდა დევნილი სწავლული მოსკოვიდან ზაქარია ჭიჭინაძეს. უკიდურესი ხელმოკლეობის მიუხედავად, საბინინმა არაერთ საზოგადოებრივ დაწესებულებას საჩუქრად გადასცა მის მიერ გამოცემული წიგნები. ამის თაობაზე ცნობები გაფანტულია იმდროინდელ პრესაში (მაგალითად, 1889 წლის 18 მაისს ”ივერიამ” გამოაქვეყნა კავკავის (ახლანდელი ვლადიკავკაზი) ქართული სკოლის ხაზინადარის ოლარიონ ბაქრაძის სამადლობელი წერილი საბინინისადმი). მანვე, 1898 წელს, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას შესწირა ივანე ბატონიშვილისეული ხელნაწერები, რომლებსაც დროებით თავისთან ინახავდა სამეცნირო შესწავლის მიზნით. წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ, რომელმაც კარგად იცოდა საბინინის მატერიალური ხელმოკლეობის შესახებ, გადაწყვიტა მისგან შეეძინა ”საქართველოს სამოთხეში” დაბეჭდილი წმინდანთა ილუსტრაციების კლიშეები. უკიდურეს მდგომარეობაში მყოფი მეცნიერი იძულებული გახდა, დათანხმებოდა მისთვის ესოდენ ძვირფასი რელიქვიის გაყიდვაზე. მან საზოგადოების გამგეობას შესთავაზა, თუ ამ კლიშეებით პორტრეტების დაბეჭდვას მოინდომებთ, პეტერბურგის ლითოგრაფიას არ მიმართოთ, ძვირი დაგიჯდებათო. მეცნიერმა, რომელმაც თავის დროზე მრავალი დაბრკოლება გადალახა, იცოდა, რომ ყველაზე მაღალი ხარისხის კლიშეებს შედარებით ხელსაყრელ ფასად ლაიფციგის ფაბრიკა ამზადებდა და მისცა კიდეც გამგეობას ამ დაწესებულების მისამართი. ჩანს, გავრცელებული ხმების გამო, ბევრი ვინმე უცქერდა საბინინს ეჭვის თვალით, მათ შორის, წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაშიც. ამის ნათელი დასტურია ის გარემოება, რომ გამგეობამ ხელშეკრულებაში საგანგებოდ შეიტანა მუხლი კლიშეების გაყიდვის შემდეგ ყოფილი მფლობელისთვის მისი გამოყენების უფლების აკრძალვის შესახებ (ამის გაკეთება მეცნიერს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლო, თუ გადაცემამდე ამ კლიშეთა ასლებს დაამზადებდა). კიდევ ერთხელ განმეორდა ძველი ისტორია. კიდევ ერთხელ ატკინეს გული დამსახურებულ ადამიანს, რომელიც ისედაც მზად იყო ხელი მოეწერა ყველა შემზღუდავ პირობაზე. + + + სამშობლოდან მეორედ გაძევებული მიხეილ საბინინი 54 წლის ასაკში, 1900 წლის 10 მაისს გარდაიცვალა მოსკოვში. გარდაიცვალა ფილტვების ანთებით, უკიდურეს გაჭირვებაში მყოფი, ყველასგან მიტოვებული და დავიწყებული. წავიდა სულში ჩაფურთხებული და გულნატკენი. დაკრძალეს იქვე, წმინდა დანიელის მონასტრის ეზოში. დღეს მისი საფლავი დაკარგულია. არადა, ცოცხალს ერთი სანუკვარი ოცნება ჰქონდა - სიკვდილის შემდეგ გარეჯის მონასტერში დაეკრძალათ, რომლის მოვლისა და გამშვენიერებისთვის ლამის ჯვარს აცვეს ქართველებმაც და რუსებმაც. ”ჭეშმარიტად ეკუთვნოდა იმ კაცს, სურვილისამებრ მისისა, ჰღირსებოდა... მონასტერში სამი არშინი ცივი დედამიწა. მაგრამ ვინ არის, სად არის, რომ დღეს უფასებდნენ ადამიანს ან საქმეს ან შრომას”-სინანულით წერდა მღვდელ-მონაზონი ტარასი ”ივერიაში” 1904 წლის 27 ოქტომბერს. მეც ამ სიტყვების გახსენებით და მოკძალებული სურვილით მსურს დავასრულო ეს ბლოგტექსტი- დღეს მაინც ვინ და რა გვიშლის ხელს, სათანადო პატივი მივაგოთ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის დიდებისთვის დამაშვრალ მარტვილს და თუ მისი ნეშტის მოპოვება შეუძლებელია, სიმბოლური სამარხი მაინც მოვუწყოთ დავით-გარეჯის მონასტრის წმინდა მიწაზე. ხამს, ამ საკითხზე დაფიქრდეს საპატრიარქო, რადგან კაცთათვის ჩვეულ მრავალ უკეთურობას შორის უმადურობა და დაუფასებლობა ერთ-ერთი ყველაზე მძიმე თვისებაა |